31 მარტი, 2016 წელი,
№ას-996-940-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ა. შ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ზ. შ-ი, მ. შ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა. შ-მა (შემდეგში - მოსარჩელემ ან აპელანტმა) სარჩელით მიმართა სასამართლოს ზ. შ-ისა და მ. შ-ის (შემდეგში - მოპასუხეების) მიმართ და მოითხოვა 03.09.2013 წლის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 2080 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სააპელაციო სასამართლოში წარდგენა (ტომი 2, ს.ფ. 125-126).
5. 2015 წლის 20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე (ტომი 2, ს.ფ. 132-133).
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა, მას ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 14 დღით (ტომი 2, ს.ფ. 134-136).
7. 2015 წლის 17 ივნისს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აპელანტმა განცხადებას თან დაურთო სსიპ შემოსავლების სამსახურის 10.05.2015 წლის ცნობა იმის თობაზე, რომ მას დასაბეგრი შემოსავალი არ გააჩნდა, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.05.2015 წლის ცნობა, რომლის თანახმად, მოსარჩელეს საკუთრებაში არ ერიცხებოდა უძრავი ქონება (ტომი 1, ს.ფ. 142-143).
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განჩინებით:
- მოსარჩელის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 48-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულებები მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობისა და სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობის თაობაზე.
10. პალატის მოსაზრებით, შუამდგომლობაზე დართული მტკიცებულებები, არ გამორიცხავდნენ მოსარჩელის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციისა და დაუბეგრავი შემოსავლის არსებობის ფაქტს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
11. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის საფუძვლები:
- აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად არანაირი შემოსავალი არა აქვს: იგი უმუშევარია და რაიმე სახის უძრავი ქონება არ გააჩნია;
- მხედველობაშია მისაღები, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
14. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას აღნიშნული მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
16. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’. (იხ., Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვამ პირის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ უნდა შეამციროს იმდენად ან იმ ფარგლებით, რომ დაირღვეს ძირითადი უფლების არსი. გარდა ამისა, შეზღუდვა არ იქნება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის შესაბამისი, თუ იგი არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და თუ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არ იქნება დაცული გონივრული პროპორციულობა (Ashingdane v. the United Kingdom საჩივრის #8225/68,28.05.1985, შდრ. საქმე # სუსგ ას-30-30-2016, 23.02.16).
17. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა სსსკ-ის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ შეღავათზე დაყრდნობით (მძიმე ქონებრივი მდგომარეობა) სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე დაუსაბუთებელია, კერძოდ, სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
18. საქმის მასალების მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ განცხადებას აპელანტმა თან დაურთო: ა) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 19 მაისის ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ აპელანტს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით 2010 წლიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება (იხ. ტ.2, ს.ფ. 141); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27 მაისის წერილი, რომლის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, აპელანტის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ტ.2, ს.ფ. 142).
19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს დამაჯერებლად არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ იყო საკმარისი აპელანტის მიერ წარდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ამ უკანასკნელს, მისი ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მით უფრო, როცა იგი მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას გადაწყვეტილების გამოტანამდე და არა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შესაძლებელია, ტექნიკური ბიუროს მონაცემებით, აპელანტს გააჩნდეს უძრავი ქონება და, შესაბამისად, გადახდისუნარიანიც იყოს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრედ ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ მესაკუთრე ამ ქონებიდან აუცილებლად იღებს შემოსავალს. უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (იჯარის ან ქირის თანხა), როგორც წესი, აისახება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში. ამ უკანასკნელის მონაცემებით კი, როგორც ითქვა, აპელანტს დასაბეგრი შემოსავალი არ გააჩნია.
20. ზემოხსენებული მსჯელობის გთვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა რამდენად ისახავს ლეგიტიმურ მიზნებს და რამდენად არსებობს გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის.
21. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა: „ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება:... სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა, მათ შორის, ფინანსური, არ უნდა იყოს გადაჭარბებული და არაგონივრული. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია“ (იხ. სუსგ, საქმე #597-565-2015, 23.02.16).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
23. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი (იხ. სუსგ: #ას-148-138-2015, 27.11.2015; #ას-937-887-2015, 10.11.2015; ას-121-117-2016, 17.03.2016). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, სარჩელის მიხედვით, მდგომარეობს სადავო ქონებაზე მისი უფლების აღდგენაში, ანუ ამ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნებაში, რისთვისაც მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრაა საჭირო. ეს საკითხი სააპელაციო პალატამ იმ შემთხვევაში უნდა გამოიკვლიოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, თუ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს დასაშვებად მიიჩნევს და წარმოებაში მიიღებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. შ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი