16 ივნისი, 2016 წელი,
№ას-337-322-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – მ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – გ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ. ი-მა (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-ის (შემდეგში პირველი მოპასუხის) და გ. ბ-ის (შემდეგში მეორე მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა:
- მოპასუხეების სახელზე გაცემული 02.11.2012 წლის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობა;
- პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული სამკვიდრო ქონების - მარნეულის რაიონის სოფელ წ-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №...) 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობა;
- მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული სამკვიდრო ქონების - მარნეულის რაიონის სოფელ წ-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №...) 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობა.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მეორე მოპასუხის მიმართ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი მეორე მოპასუხის სახელზე გაცემული 02.11.2012 წლის სამკვიდრო მოწმობა და მოსარჩელე ცნობილ იქნა მეორე მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ასევე, პირველი მოპასუხის მიმართ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი პირველი მოპასუხის სახელზე გაცემული 02.11.2012 წლის სამკვიდრო მოწმობა და მოსარჩელე ცნობილ იქნა პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ასევე, ამავე სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით:
- პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით მეორე მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის გადახდა.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
9. 2016 წლის 10 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მეორე მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა ამავე სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით დაკისრებული თანხის - 200 ლარის აღსრულების განაწილვადება.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განჩინებით:
- განცხადება დაკმაყოფილდა;
- მეორე მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით დაკისრებული თანხა - 200 ლარი გაუნაწილვადდა 4 თვეზე - 2016 წლის 22 მარტიდან 2016 წლის 22 ივლისამდე და თითოეულ თვეზე გადასახდელ თანხად განისაზღვრა 50 ლარი.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-10 მუხლზე და განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გადადების და შეჩერების საკითხები მკაცრად იყო რეგლამენტირებული მოქმედი კანონმდებლობით და გამოიყენებოდა მხოლოდ გამონაკლის, განსაკუთრებულ შემთხვევებში და შეზღუდული ვადით.
12. პალატამ ასევე მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვთ აღსრულების გადადების განაწილვადების შესახებ ან აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების თაობაზე მიმართონ სასამართლოს, ხოლო, სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
13. პალატამ განმარტა, რომ დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა გადაავადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე, შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების პირობები და საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტური გარემოების არსებობას ან მიუთითებს თავის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, რაც საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოხსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას.
14. სასამართლომ განმარტა, რომ აღსრულების განაწილვადება ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების ეტაპობრივად აღსრულების დადგენას, რა დროსაც სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის, ისე მოვალის ინტერესებს. სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების განაწილვადება უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების აღსრულებას და იგი დასაშვებია, თუ არსებობს ამისათვის გონივრულის საფუძველი.
15. პალატამ აღნიშნა, რომ სააღსრულებო წარმოება ხორციელდება კრედიტორის ინტერესების დასაკმაყოფილებლად მოვალის ქონებისა თუ სხვა მატერიალური ხარჯების განკარგვის გზით. მხარეთა ამგვარ მდგომარეობას ლეგიტიმურს ხდის ის გარემოება, რომ კრედიტორს, რომლის უფლებრივი მდგომარეობა მართლმსაჯულების კანონიერ ძალაში შესული აქტით არის დადგენილი, ჰქონდეს უფლების რეალიზაციის რეალური გარანტია, თუმცა სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებლობა გარკვეულ ბალანსს ადგენს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს შორის და კრედიტორის უფლებრივი მდგომარეობის უპირატესი გათვალისწინებით, დასაშვებად მიიჩნევს მოვალის უფლებების დაცვასაც, რათა მოვალეს არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი.
16. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მხედველობაში მიიღო განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ იგი სოციალურად დაუცველია, ჰყავს უმუშევარი მეუღლე და ორი სტუდენტი შვილი, ასევე ბანკიდან გამოტანილი აქვს სესხი 4000 ლარის ოდენობით და მიზანშეწონილად მიიჩნია დაეკმაყოფილებინა მოვალის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების 4 თვით განაწილვადების შესახებ.
17. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ, მას აქვს მიწის ნაკვეთი, რომელსაც ამუშავებს და იღებს სარგებელს, აქვს გაპროცენტებული ფული, შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა დაკისრებული თანხა გადაიხადოს ერთიანად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
19. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმება, რომლითაც მოვალეს გაუნაწილვადდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ხასიათდება მუდმივობის პრინციპით, რადგან სსსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. სასამართლოს შემაჯამებელი აქტის ამგვარი განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობაში სპეციალური ნორმის - 263-ე მუხლის შემოღების აუცილებლობა, რომლითაც განსაზღვრულია გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა.
21. აღნიშნულ ნორმა ემსახურება სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება და წესი.
22. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოვალის ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტი), მოცემულ შემთხვევაში, გამართლებული იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის განაწილვადება.
23. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოვალის ქონებრივი მდგომარეობა არ იძლეოდა გადაწყვეტილების განაწილვალების შესაძლებლობას, ვინაიდან ამ უკანასკნელს საკმარისი შემოსავალი გააჩნდა ვალის ერთდროულად დასაფარად.
24. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებულ პრეტენზიას, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც, სსსკ-ის 102.1 და 103.1 მუხლების მიხედვით, საჩივრის ავტორს ევალებოდა.
25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
26. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი