16 სექტემბერი, 2016 წელი,
№ას-588-563-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – მ. ხ-ე, მ. ხ-ე, თ. ხ-ე, ე. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ბ-ია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ქ-ს გამზირის №...-ში მდებარე №31-ე ბინა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ...) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ. ბ-იას (შემდეგში მოსარჩელის) სახელზე.
2. ზემოხსენებულ ბინაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობენ მ. ხ-ე (შემდეგში პირველი მოპასუხე), ე. ხ-ე (შემდეგში მეორე მოპასუხე), თ. ხ-ე (შემდეგში მესამე მოპასუხე) და მ. ხ-ე (შემდეგში მეოთხე მოპასუხე).
3. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა მათი უკანონო მფლობელობიდან მის საკუთრებაში არსებული ბინის გამოთხოვა.
4. მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ზემოხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრე, სადაც უკანონოდ ცხოვრობენ მოპასუხეები. მოსარჩელის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეები არ ათავისუფლებენ ბინას და მესაკუთრეს თავისი საკუთრებით სარგებლობის საშუალებას არ აძლევენ.
5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და თავიანთ შესაგებელში აღნიშნეს, რომ მოსარჩელემ სადავო ქონებაზე საკუთრება თაღლითურად მოიპოვა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. მოპასუხეებმა მიუთითეს, ასევე, რომ მათ ბინაში ცხოვრების მართლზომიერი საფუძველი გააჩნიათ.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი დაკმაყოფილდა;
- უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან.
7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 172.1 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა მოპასუხეთა გამოსახლება მისი კუთვნილი უძრავი ქონებიდან.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით:
- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მესამე და მეოთხე მოპასუხის პრეტენზია იმის შესახებ, რომ ისინი მოსარჩელის ბინაში არ ცხოვრობენ. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შესაგებელზე, სადაც მოპასუხეები თავად მიუთითებენ თავიანთ საცხოვრებელ მისამართად მოსარჩელის ბინის მისამართს, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმას ნიშნავს, რომ ისინი ცხოვრობენ მითითებულ ბინაში.
11. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 172.1 მუხლი და სწორად დააკმაყოფილა სარჩელი.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოთ დასახელებულ განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი.
13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მესამე და მეოთხე მოპასუხე სადავო ქონების მფლობელია. ისინი, მართალია, რეგისტრირებულნი არიან შესაგებელში მითითებულ მისამართზე, მაგრამ სხვა საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ;
- პირველი და მეორე მოპასუხე ბინის მართლზომიერი მფლობელები არიან, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავო ბინაზე მოსარჩელემ საკუთრების უფლება კანონდარღვევით მოიპოვა, რაზეც მიმდინარეობს სისხლის სამართალწარმოება საგამოძიებო ორგანოში, შესაბამისად, სანამ არ დადგინდება მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების მართლზომიერება, სადავო ქონებაზე მოპასუხეთა მართლზომიერი მფლობელობის შეწყვეტა უკანონოა.
14. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მოპასუხეების საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სწორია.
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-2, 10 პუნქტები) სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორებს მათ წინააღმდეგ დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ასეთ პრეტენზიად ვერ მიიჩნევა კასატორების მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელემ საკუთრების უფლება კანონდარღვევით მოიპოვა.
21. სსკ-ის 312-ე მუხლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე. ეს ჩანაწერი ითვლება სწორად, ვინაიდან არაა დამტკიცებული მისი უზუსტობა. საგამოძიებო ორგანოში მიმდინარე გამოძიება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვერ აქარწყლებს საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუმფციას და ვერც მოსარჩელის ბინაში მოპასუხეთა ცხოვრების ფაქტს ამართლებს.
22. დაუსაბუთებელია, ასევე, კასატორების პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის ბინაში მესამე და მეოთხე მოპასუხის ცხოვრების ფაქტი. კასატორების აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში.
23. მოსარჩელეს აღძრული აქვს ვინდიკაციური სარჩელი, შესაბამისად, მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:
ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე;
ბ. მოპასუხე უნდა ფლობდეს ნივთს;
გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება.
25. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე არის უძრავი ნივთის მესაკუთრე, მოპასუხეები - ნივთის მფლობელები და მათ ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნიათ, შესაბამისად, არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლის ყველა წინაპირობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის სარჩელი დასაბუთებულია და დაკმაყოფილებას ექვემდებარება.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ, #ას-379-360-2015, 28.07.2015).
27. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი, რის გამოც მათ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ საკასაციო საჩივარზე მ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
30. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ხ-ის, მ. ხ-ის, თ. ხ-ისა და ე. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს - მ. ხ-ეს, მ. ხ-ეს, თ. ხ-ესა და ე. ხ-ეს დაუბრუნდეს მათ საკასაციო საჩივარზე მ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 08.07.2016) 70% – 210.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი