საქმე №ას-1073-1031-2016 27 იანვარი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვება
დავის საგანი – განკარგულების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ. გ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამსაქმებელი) მიმართ ა(ა)იპ „ს-ის“ დირექტორის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბრის #... განკარგულების ბათილად ცნობის, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და 2015 წლის 2 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე განაცდურის, თვეში 2 400 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ დასაქმებული საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის მოტივით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვება.
6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე ჩაბარდა სასამართლო კანცელარიის მიერ, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა კანონით განსაზღვრული იმ დღიდან, როდესაც მხარე არ ცხადდება სასამართლოში, არამედ, მხარის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა 1 ოქტომბერს დაიწყო და ვინაიდან უკანასკნელი დღე, 14 ოქტომბერი, იყო უქმე _ მცხეთობა, ხოლო შემდეგი ორი დღე შაბათი და კვირა, სააპელაციო საჩვარი წარდგენილია კანონით დადგენილ ვადაში. ამასთანავე, საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლოს მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში, ვადის უკანასკნელი დღე მაინც 14 ოქტომბერი გამოდის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს განჩინების უსწორობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვიოსტოს სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოსარჩელე;
1.2.2. სასამართლო სხდომაზე მხარეებს ამომწურავად განემარტათ გადაწყვეტილების ჩაბარების, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის, ასევე, ამ წესის დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე;
1.2.3. საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, დასაქმებულმა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მიმართა 2016 წლის 30 სექტემბერს და იმავე დღეს ჩაიბარა იგი;
1.2.4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი შპს „საქართველოს ფოსტას“ ჩაბარდა 2016 წლის 17 ოქტომბერს;
1.2.5. უდავოა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო 2016 წლის 29 სექტემბერი.
1.3. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
1.5. კერძო საჩივრის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტი არაა. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხზე: მართალია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში ფიზიკური პირები ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან, თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ვინაიდან იძულებითი მოცდენის დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა, როგორც მეორადი, წარმოადგენს უკანონოდ გათავისუფლების შესახებ ბრძანების თანმდევ სამართლებრივ შედეგს, სასამართლოს არ წარმოეშობა ვალდებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩააბაროს მხარეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ სრულად ვრცელდება ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწით განსაზღვრული რეგულაცია (იხ. სუსგ №ას-886-836-2015, 25 ნოემბერი, 2015 წელი).
1.6. შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
1.7. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა მის მიმართ გადაწყვეტილების ფაქტობრივად ჩაბარების მომენტიდან უნდა ათვლილიყო და ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.5. და 1.6. პუნქტებში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ 14-დღიანი ვადის დენა ამოიწურა 2016 წლის 13 ოქტომბერს, ხუთშაბათს, რომელიც არც უქმე და არც დასვენების დღე არ ყოფილა. მხარემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2016 წლის 17 ოქტომბერს ჩააბარა (იხ. 1.2.6. პუნქტი), შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლებით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 63-ე მუხლით და სწორად უთხრა უარი დასაქმებულს სააპელაციო საჩივრის მიღებაზე. კერძო საჩივარი კი, არ შეიცავს ამ განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გაუქმების საფუძვლებზე მითითებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე