Facebook Twitter

საქმე №ას-933-898-2016 5 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს „V.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ქ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ქ-მა“ შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „V.-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მყიდველი) მიმართ ნასყიდობის დავალიანების _ 110 607,08 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 1 089 ლარის (0,01%) მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის მიერ 2015 წლის 25 მარტს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა მოპასუხემ, რის შესაბამისადაც, 2015 წლის 20 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა მოცვის შესყიდვის ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესაბამისად, 2015 წლის 8 ივლისიდან დაიწყო მოცვის კრეფა, რომელსაც ესწრებოდა მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი და საქონლის თითოეული ერთეულის მიწოდებაზე მხარეთა შორის ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელზე ხელმოწერითაც დასტურდებოდა შეძენისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო პროდუქტის მოპასუხისათვის მიწოდება შეთანხმებულ დროსა და ადგილას. შემძენი ვალდებული იყო, ანგარიშსწორება განეხორციელებინა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერიდან სამ სამუშაო დღეში. მოპასუხემ მიწოდებული საქონლის ნაწილის ღირებულება _ 180 366,5 ლარი აანაზღაურა, ხოლო 110 607,08 ლარი არ გადაუხდია, რის გამოც, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მას ეკისრება პირგასამტეხლო, ამ თანხის 0,01% _ 1 089 ლარი. მიუხედავად გამყიდველის მხრიდან ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულების მოთხოვნისა, მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხის მიერ შესაგებელი სასამართლოში წარდგენილ იქნა დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 111 696,08 ლარის გადახდა;

3.2. ამავე სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით შემძენის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. გამყდიველმა სარჩელით მოითხოვა მოპასუხისათვის ნასყიდობის საგნის საფასურის _ 111 696.08 ლარის გადახდა;

1.2.2. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა რეგისტრირებულ მისამართზე და 2015 წლის 10 ნოემბერს ჩაბარდა საზოგადოების დირექტორის მეუღლეს _ ვ. ფ-ას;

1.2.3. წერილობითი შესაგებლის წარსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა, რომელიც ამოიწურა 2015 წლის 20 ნოემბერს. მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა დანიშნულ ვადაში (წარმოადგინა დაგვიანებით, 2015 წლის 30 ნოემბერს), არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის და არც ამ საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავს, შესაბამისად, 2015 წლის 7 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

1.2.4. 2015 წლის 31 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა მოპასუხემ, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2015 წლის 7 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ:

ა) სარჩელის ჩაბარება განხორციელდა კანონით დადგენილი წესის დარღვევით, კერძოდ, სარჩელი ჩაიბარა კომერციულმა მენეჯერმა ვ. ფ-ამ, რომელმაც არ იცის ქართული ენა და ვერ გაერკვა გზავნილის შინაარსში, დროულად ვერ გადასცა იგი საწარმოს უფლებამოსილ პირებს, რამაც გამოიწვია შესაგებლის დაგვიანებით წარდგენა. ამდენად, შესაგებლის დაგვიანებით წარდგენა საპატიო მიზეზითაა გამოწვეული, გზავნილი უნდა ჩაბარებოდა საწარმოს კანცელარიას ან მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირს. ვ. ფ-ა კი, არ არის გზავნილის მიღებაზე საწარმოს უფლებამოსილი პირი, ამიტომაც, მისთვის ჩაბარება არ უნდა ჩაითვალოს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარებად;

ბ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას;

1.2.5. საჩივრის ავტორის განმარტებით, ვ. ფ-ა იმავდროულად არის აპელანტის კომერციული მენეჯერი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სადავო თანხის _ 111 696,08 ლარის ანაზღაურებაზე კასატორმა უარი იმ დასაბუთებით განაცხადა, რომ პროდუქტი იყო წუნდებული, შესაბამისად, მან არ მოაწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტზე და პოზიცია წერილობითაც დააფიქსირა, რაც მოსარჩელემ წარადგინა დოკუმენტის სახით;

1.4.2. სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა მოპასუხე კომპანიის კომერციულ დირექტორს, რომელსაც კომპანიის დირექტორისათვის გზავნილი დროულად არ გადაუცია, სწორედ ამან განაპირობა შესაგებლის წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევა. სასამართლოს მხრიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარი ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას. სამართლიანი სასამართლოს უფლება, როდესაც მხარეს გააჩნია მაღალი მატერიალური დაინტერესება საქმისადმი, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საპროცესო ინსტიტუტის _ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება;

1.4.3. შესაგებლის დაგვიანებით წარდგენის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ის, რომ გზავნილის უშუალო მიმღები არ ფლობს ქართულ ენას. სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ გზავნილის მიმღებს იგი არა გასაცნობად, არამედ, უფლებამოსილი პირისათვის გადასაცემად ჩაბარდა არასწორია, ამასთანავე, ეწინააღმდეგება სასამართლოს დასკვნას დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე, სადაც პალატა ადგენს, რომ გზავნილი ჩაბარდა უფლებამოსილ პირს. სწორედ მიმღების მიერ ქართული ენის არასათანადო ცოდნამ განაპირობა ის, რომ მისთვის უცნობი იყო გზავნილის მნიშვნელობა;

1.4.4. სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევას წარმოადგენს ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან პროპორციულობის დარღვევა, კერძოდ, სასამართლომ საპროცესო წესებს და შესაბამისად, შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე იმას, რომ დადგენილიყო უფლების დარღვევის საკითხი და ამ გზით გადაწყვეტილიყო დავა.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის კერძო გამოხატულების თვალსაჩინო მაგალითია, რამდენადაც სასამართლო იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს სასამართლოს მითითებებს, გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს სასამართლოს ვარაუდი, რომ მხარე ეთანხმება მის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნას. ის გარემოება, რომ მხარე საპროცესო წესის დარღვევით ასრულებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედებას, უნდა შეფასდეს სამოქალაქო საპროპესო კოდექსის 241-ე მუხლის კონტექსტში. ამგვარი მიდგომა წარმოადგენს საკანონმდებლო დანაწესს და იგი არ შეიძლება სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევად იქნას მიჩნეული. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. თავის მხრივ, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ასევე ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი:

ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი).

1.6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საწარმოს კომერციული დირექტორისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების გადაცემა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისადაა განხორციელებული, ამ თვალსაზრისით პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს მიმღების მიერ ქართული ენის არცოდნის თაობაზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული. ქვეყნის უზენაესი კანონით რეგლამენტირებული აღნიშნული დებულება, ბუნებრივია, ასახულია ასევე საპროცესო კანონმდებლობაშიც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. აღნიშნული ნორმის განმარტებით დასტურდება, რომ სამართალწარმოების ენა სახელმწიფო ენაა და სასამართლოს არ გააჩნია რაიმე უფლება ან ვალდებულება, სახელმწიფო ენის არმცოდნე საქართველოს მოქალაქეს შეტყობინება არასახელმწიფო ენაზე გაუგზავნოს, კანონის დათქმა, რომ სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი, ვრცელდება საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის და არა საქმის განსახილველად მომზადების ეტაპზე, აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო დანაწესს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შესაბასმისად, ეს საკითხი ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფძველი (იხ. სუსგ-ებები: №ას-102-97-2013, 7 მაისი, 2013 წელი; №ას-682-648-2013, 10 მარტი, 2015 წელი), ხოლო ორგანიზაციის საქმიანობის შიდა სტრუქტურული ხარვეზები (კომერციული დირექტორის მიერ გზავნილის დროულად გადაუცემლობა უფლებამოსილი პირისათვის) სამოქალაქო საპროცესო კოდექსით საპროცესო უფლების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს და მსგავსი არგუმენტები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ასევე არ მიიჩნევა (იხ. სუსგ №ას-959-1238-09, 28 დეკემბერი, 2009 წელი). გარდა ზემოაღნიშნულისა, წინამდებარე განჩინების აღწერილობითი ნაწილის 1.2. პუნქტში მითითებული გარემოებები სრულად ამართლებს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებულ აბსტრაქტულ შემადგენლობას, რის გამოც პალატა თვლის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიული თვალსაზრისითაც ამართლებდა მოთხოვნას.

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს შპს „ს. +-ის“ მიერ კასატორის სახელით 17.10.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 585 ლარის 70% _ 3 909,5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „V.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „V.-ს“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) შპს „ს. +-ის“ მიერ კასატორის სახელით 17.10.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 585 ლარის 70% _ 3 909,5 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური