Facebook Twitter

საქმე №ას-1111-1068-2016 27 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. ბ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ. გ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ბ-ას (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მფლობელი) მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი, ქ.თბილისში, უ.ჩ-ის ქ#...ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #...) გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 17 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ მოპასუხეს ოთხი თვით ასესხა 35 000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 3,5%-ის გადახდის პირობით. ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის (მოპასუხის) უძრავი ქონება. მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებით აუქციონზე შეიძინა იპოთეკის საგანი (სადავო ქონება), რომელსაც ფლობს მოპასუხე.

2. მოპასუხის პოზიცია:

სარჩელში მითითებული გარემოებების თაობაზე მოპასუხეს არსებითი შედავება არ წარუდგენია, არამედ, შესაგებელში აღნიშნა, რომ აპირებს სარჩელის აღძვრას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის, იძულებითი აუქციონის შედეგების გაუქმების, საჯარო რეესტრში იპოთეკის საგნის მესაკუთრის ცვლილებისა და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. მოპასუხის განმარტებით, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მან მოსარჩელეს გადაუხადა 6 478 აშშ დოლარი, თუმცა სააღსრულებო ფურცელი გაიცა სესხის სრულ თანხაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, უ.ჩ-ის ქ#...ში მდებარე უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა #2, 117,52 კვ.მ საერთო სარგებლობის ფართი, მათ შორის 77,33 კვ.მ საცხოვრებელი, ს/კ #...) საერთო ფართით 55,46 კვ.მ გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომაროებაში გადაეცა მესაკუთრეს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე, არ დაკმაყოფილდა მფლობელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2016 წლის 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც საქმის განხილვაზე მიწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სსსკ-ის 74.1 მუხლის შესაბამისად, 2016 წლის 2 ივლისს უწყება ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს, შვილს), ამასთან, გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა (წარმომადგენელმა), მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება;

1.2.2. მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას გამორიცხავდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ, აპელანტის მიერ მითითებული, დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას (სკ-ის 170.1, 172.1, 183-ე, 311-ე და 312-ე მუხლები), კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მესაკუთრის გამოუცხადებლობის გამო (სსსკ-ის 230.1, 387.2 მუხლები), დადგენილად მიიჩნეოდა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარსა და ახსნა-განმარტებაში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ა) მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არის ბათილი, ვინაიდან, საპროცენტო განაკვეთი აღემატებოდა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ოდენობას;

ბ) სადავო ბინა წარმოადგენს აპელანტის საკუთრებას და სწორედ ის არის უფლებამოსილი, ამ ბინით ისარგებლოს. რაც შეეხება ქონების ამჟამინდელ მესაკუთრეს, ის ბინის მესაკუთრედ დარეგისტრირდა სხვადასხვა უკანონო მანიპულაციების შედეგად, რასაც უახლოეს მომავალში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

1.2.3. საჯარო რეესტრის ამონაწერით არ დგინდებოდა სადავო უძრავ ქონებაზე მფლობელის საკუთრების უფლება, უფრო მეტიც, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, უ.ჩ-ის ქ#...ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ #...) 117.52 კვ.მ საერთო სასარგებლო ფართის შენობა-ნაგებობა #2 (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 77.33 კვ.მ, აქედან საერთო ფართობით 55.46 კვ.მ) რეგისტრირებული იყო აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებად (რეგისტრაციის საფუძველი: თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 21 დეკემბრის #... განკარგულება). რეგისტრაციის საფუძველი აპელანტს სადავოდ არ გაუხდია, ხოლო მხოლოდ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობაზე მითითება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მოთხოვნა, რამდენადაც მან არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც სასამართლო უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა. სასამართლომ არც საქმის განხილვა გადადო სხვა დროისათვის, რაც მხარეთა მორიგების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა, ხოლო გადაწყვეტილების მიღებით დაირღვა აპელანტის უფლება, დავა ზეპირი მოსმენით განხილულიყო;

1.4.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, კერძოდ ის, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, ასევე, სადავო ქონებაზე მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების მოპოვება მოხდა არაკანონიერი გზით, თუმცა, მიუხედავად ამ ფაქტებისა, მხარეთა ახსნა-განმარტების გარეშე მან ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ დასტურდება (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე; ბ) გამოცხადებული აპელანტი უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. ამ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სააპელაციო მოთხოვნას არ ამართლებდნენ და ამავე ნორმის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მართებულად არ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მოწინააღმდეგე მხარის საკუთრების წარმომშობი დოკუმენტის შეუდავებლობა ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად ჩათვალა რეგისტრირებული უფლების შეუდავებლობად, რაც, ბუნებრივია, აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა, პალატა აქვე განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის პრინციპებიდან გამომდინარე, დამკვიდრებული მართლწესრიგის გათვალისწინება, მათ შორის, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოსათვის სავალდებულოა. სააპელაციო სასამართლომ ამ შემთხვევაში, საპროცესო წესებთან შედარებით, სწორად მიანიჭა უპირატესობა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლს და რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, სწორად დაემყარა რეგისტრირებულ ჩანაწერს მოსარჩელის უფლების თაობაზე. რაც შეეხება კასატორის პოზიციას საქმის განხილვის გადადების თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა სახეზე არ გვაქვს, სხვა მხრივ, მხარეს, თუკი რეალურად ჰქონდა სურვილი/პერსპექტივა დავის მორიგების გზით დასრულების თაობაზე, შეეძლო შუამდგომლობით საკასაციო სასამართლოსათვისაც მოემართა, რაც არ განუხორციელებია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის შესწავლით დასტურდება ის გარემოება, საქმე ზეპირი მოსმენითაა განხილული, შესაბამისად, კასატორის პოზიცია იმის თოაბაზე, რომ მას წაერთვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის უფლება, საფუძველსაა მოკლებული.

1.6. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებით _ სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით განსაზღვრული ვინდიკაციური სარჩელის ფაქტობრივი ელემენტების არსებობის პირობებში (რომლის წინააღმდეგაც დასაბუთებული შედავება არ ჰქონია წარდგენილი აპელანტს), ქვემდგომმა სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაცო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო პასუხს (შესაგებელს) დაურთო მტკიცებულებები 18 (თვრამეტი) ფურცლად.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რაც შეეხება საქმეში უკვე არსებულ მტკიცებულებებს, მათი განმეორებით წარმოდგენა საპროცესო მიზნებს არ ემსახურება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმისათვის დართვის წინაპირობები, შესაბამისად, ისინი უნდა დაუბრუნდეს წარმომდგენს.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ნ. ზ-ის მიერ 28.12.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ გ. ბ-ას (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ. ზ-ის მიერ 28.12.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. მ. გ-ს დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებები 18 (თვრამეტი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური