Facebook Twitter

საქმე №ას-44-40-2017 17 თებერვალი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ხ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ე. ხ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოსარგებლე) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ ქ.თბილისში, მ-ას ქ#...ში მდებარე 94,54 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ მოპასუხისათვის 31 040 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ.თბილისში, მ-ას ქ#...ში მდებარე საცხოვრებელ სადგომში მოსარჩელე შესახლებულია ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე და წარმოადგენს სადგომის მოსარგებლეს. 2015 წლის 26 აგვისტოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიერ მოსარგებლე გამოსახლებულ იქნა დაკავებული სადგომიდან, რის გამოც, მოითხოვა კომპენსაციის გადახდა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სარჩელში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს. სსრ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, საქმეში ასევე არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც მოსარგებლის მიერ სადგომის კეთილსინდისიერ და ფაქტობრივ ფლობას დაამტკიცებდა, რაც შეეხება ქ.თბილისის პირველი მაისის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებასა და ორდერს, ისინი საქმეში წარმოდგენილია ხარვეზიანი სახით, კერძოდ, მასზე დასმული ბეჭედი იმდენად მკრთალად არის გამოხატული დოკუმენტზე, რომ შეუძლებელია მისი ნამდვილობის დადგენა. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ სადავოდ გახადა კომპენსაციის ოდენობის სისწორე და მოსარგებლის მიერ დაკავებული ფართის ოდენობა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარგებლის სასარგებლოდ დაეკისრა 31 040 აშშ დოლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. ქ.თბილისის პირველი მაისის რაიონის მშრომელთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო სამმართველოს 1967 წლის 31 იანვრის ინფორმაციით, რაისაბჭოს 1967 წლის 14 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით, ქ.თბილისში, ძ-ის ქუჩა (ამჟამად მ-ას ქუჩა) #...ში მდებარე ვ. ა-ეს ძე ხ-ის სახელზე რიცხული 17 კვ.მ ერთი ოთახი გადაფორმდა გ. ვ-ის ძე ხ-ის სახელზე;

1.2.2. ქ.თბილისის პირველი მაისის რაიონის მშრომელთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის 1977 წლის 7 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით ქ.თბილისში, ა.მ-ას ქუჩა #...ში, მოქალაქე კ-ის მიერ გათავისუფლებული 17 კვ.მ ერთი ოთახი მიეცა დამატებით საცხოვრებელ ფართად გ. ვ-ის ძე ხ-ს ოჯახის ხუთ წევრზე (თვითონ, მეუღლე (მოსარჩელე) და სამი შვილი). აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გ. ვ.ის ძე ხ-ის სახელზე 1977 წლის 19 დეკემბერს გაიცა ბინის ორდერი #...;

1.2.3. კომუნალური გადასახადის ქვითრებითა და სს „თ-ის“ ინფორმაციის საფუძველზე, გ. ხ-ი რეგისტრირებულია კომუნალური გადასახადების გადამხდელ აბონენტად მისამართზე: ქ.თბილისში, ა. მ-ას ქუჩა #...ში. თბილისის ცენტრალური არქივის მიერ 2011 წლის 2 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად კი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების #- სერვის-ცენტრის დოკუმენტებში დაცული მობინადრეთა მოძრაობის პირად ბარათში მოსარჩელე რეგისტრირებულია ამავე მისამართზე;

1.2.4. ვ. ხ-ი გარდაიცვალა 1982 წლის 1 თებერვალს, მისი შვილი, გ. ხ-ი _ 2005 წლის 7 დეკემბერს, რომელიც მოსარჩელის მეუღლე იყო, თანახმად ქორწინების მოწმობისა;

1.2.5. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, მ-ას ქუჩა №...ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ #... რეგისტრირებულია ამხანაგობა „გ-ის“ საკუთრებად;

1.2.6. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს განყოფილების 2015 წლის 26 ოქტომბრის ოქმის საფუძველზე აღსრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 4 ივნისს გაცემული #... სააღსრულებო ფურცელი და მოსარგებლე სააღსრულებო ფურცელში მითითებულ სხვა პირებთან ერთად გამოსახლდა ზემოხსენებული სადგომიდან;

1.2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარგებლის სარჩელი ქალაქ თბილისის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის მიმართ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს ქ.თბილისში, მ-ას ქუჩა #...ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ბინა საბინაო ფონდის შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენდა და მასზე არ ვრცელდებოდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულება.

1.2.8. მოპასუხის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 15 მარტის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ დაკავებული შენობა-ნაგებობი 94.54 კვ. მეტრია და მათი საბაზრო ღირებულება 2016 წლის 7 მარტის მდგომარეობით საორიენტაციოდ 31040 აშშ დოლარს შეადგენს (ეროვნულ ვალუტაში გაცვლითი კურსით (1 აშშ დოლარი = 2.4716 ლარი) 76 718 ლარი).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ ახალი საბინაო კოდექსის 23-ე პუნქტისა და საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, მოქალაქის საცხოვრებელ სადგომში შესახლების საფძველს წარმოადგენს ორდერი, რაც „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირის მოსარგებლედ მიჩნევის საფუძველია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: ქ.თბილისის პირველი მაისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო სამმართველოს 1967 წლის 31 იანვრის აქტის თანახმად, რაისაბჭოს 1967 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გ. ვ-ის ძე ხ-ის სახელზე გახსნა პირადი ბარათი და დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იგი ვალდებული იყო, ფართში შესახლების სანაცვლოდ ეხადა ქირა, ამის შემდგომ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1977 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ხ-ს გადაეცა გამოთავისუფლებული 17 კვ.მ ოთახი, რის თაობაზეც გაიცა ორდერი, შესაბამისად, დასტურდება, რომ თავდაპირველად პირი ქირავნობის საფუძველზე შესახლდა ფართში და ამ ურთიერთობაზე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლბისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება არ დაიშვება, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მფლობელობის ფაქტის დადასტურება ეკისრებოდა მოსარჩელეს.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ დასტურდება (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (18.07.2016წ. რედაქციით) შესაბამისად, მართებულად მიიჩნიეს მოსარჩელე ამ კანონით განსაზღვრულ მოსარგებლედ (უფლებამონაცვლედ) და ამ დასკვნას საფუძვლად სწორად დაუდეს საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის პირველი მაისის რაიონის მშრომელთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო სამმართველოს 1967 წლის 31 იანვრის ინფორმაცია, ქ.თბილისის პირველი მაისის რაიონის მშრომელთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის 1977 წლის 7 დეკემბრის ... გადაწყვეტილება და 1977 წლის 19 დეკემბერს გაცემული #... ბინის ორდერი. პალატა ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაძლია მოსარჩელესთან ქირავნობის ხელშეკრულების დადების მტკიცების ტვირთი (იხ. ასევე, ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.3. პუნქტი). ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სსრ-ის საბინაო კოდექსის 142-ე და 154-ე მუხლებით რეგულირებული ქირავნობის ინსტიტუტი, რომლის წინააღმდეგაც კასატორს დასაშვები შედავება არ წარმოუდგენია. იმ პირობებში კი, როდესაც მოსარგებლეს გადაწყვეტილების აღსრულების გზით იძულებით შეუწყდა სადგომზე მფლობელობა, მოპასუხეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სწორად დაეკისრა ფაქტობრივად დაკავებული სადგომისათვის კომპენსაციის გადახდა.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ №ას-1033-1226-08, 28 მაისი, 2009 წელი).

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური