Facebook Twitter

საქმე №ას-849-815-2016 5 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ხ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქორწინების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. გ. ხ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ მხარეთა შორის 2007 წლის 27 იანვარს #... ქორწინების სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1996 წლის 24 იანვრიდან 2014 წლის 11 ივნისამდე მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. მ-ესთან, რის თაობაზეც ცნობილი იყო მოპასუხისათვის. 2007 წლის 27 ივნისს იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა მოპასუხესთანაც ისე, რომ ლ. მ-ესთან რეგისტრირებული ქორწინება არ შეუწყვეტია, რაც განმეორებითი ქორწინების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველია.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისთვის მეუღლის პირველი ქორწინების რეგისტრაციის შესახებ არ იყო ცნობილი, მან სადავო ქორწინება დაარეგისტრირა ოჯახის შექმნის მიზნით, თანაცხოვრების პერიოდში მხარეები ცხოვრობდნენ მოსარჩელის მშობლებსა და ძმასთან ერთად, შეეძინათ ორი შვილი, რაც მოწმობს მხარეთა შორის საოჯახო ურთიერთობის არსებობას. შესაგებლის თანახმად, ვინაიდან აღმოფხვრილია ქორწინების ბათილად ცნობის წინაპირობები, სასამართლოს შეუძლია იგი ნამდვილად მიიჩნიოს ამ გარემოების აღმოფხვრის მომენტიდან.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩიბების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. აპელანტს ლ. მ-ესთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარესთან თანაცხოვრებისას, ასევე, ორი შვილი. 1996 წლის 24 იანვრიდან 2014 წლის 11 ივნისამდე იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. მ-ესთან. 2002 წლიდან ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ. მათი საერთო შვილებიდან ერთი შვილი ცხოვრობდა დედასთან, ლ. მ-ესთან, ხოლო მეორე, მამასთან _ გ. ხ-ასთან;

1.2.2. 2004 წლიდან მოსარჩელე ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. 2007 წლის 27 ივნისს მოხდა ქორწინების რეგისტრაცია ისე, რომ 1996 წლის 24 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება შეწყვეტილი არ იყო;

1.2.3. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურეს ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ქორწინების რეგისტრაციის დროს მოპასუხისათვის ცნობილი იყო მისი მეუღლის რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი. მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე მ. ხ-ამ, რომელიც მოსარჩელის დედაა და რომელიც ირწმუნებოდა, რომ მოპასუხემ იცოდა პირველი ქორწინების ძალაში ყოფნის შესახებ. მოსამართლის შეკითხვაზე განმარტა, რომ მას თავად მ-თან ამ თემაზე არ უსაუბრია, მაგრამ მისმა მშობლებმა, ძმებმა იცოდნენ ამ ფაქტის თაობაზე. მ.ხ-ა განმარტავს შემდეგს: „მ-ის ოჯახში როდესაც მივედით დასალაპარაკებლად, იქ მ.ის მშობლებს, ძმებს ვუთხარით, რომ გ. იყო დაოჯახებული, თავდაპირველად ამ მიზეზით გოგო არ გამოგვატანეს, თუმცა რამოდენიმე დღეში გამოგზავნეს ხალხი და დაგვთანხმდნენ, რომ გოგოს გამოგვატანდნენ. ჩაშლილი საქმე შემობრუნდა... თავად მ-ისთვის ეს პირადად არ გვითქვამს... მ-ი ხშირად ეჩხუბებოდა გ-ს, რომ ხელი მოეწერათ, კონკრეტული სიტყვები, რომ ხელი გააწერე და მერე მოვაწეროთ, ასე არ გამიგია, თუმცა, მან იცოდა, რომ გ. ქორწინებაში იმყოფებოდა პირველ მეუღლესთან. გ.მ მ.ი შეირთო ოჯახის შექმნის მიზნით“. მოწმე ა. ა-ემ განმარტა, რომ ის თავად იყო გ-სა და მ-ის „მაჭანკალი“, „როცა ოჯახში მივედით და ქორწინებაზე იყო საუბარი მე თავად ვუთხარი ოჯახს, რომ გ. იყო დაქორწინებული, იქ მ-ი არ იყო. მე თავად მ-ისთვის არ მითქვამს, მაგრამ მილიონჯერ ყოფილა ოჯახში ჩხუბი იმის შესახებ რომ მეუღლეებს მოეწერათ ხელი. მ-ი თხოვდა გ-ს ხელის მოწერას“. მოწმე ი. ხ-ამ (მოსარჩელის ძმა) განმარტა, რომ მ-მა იცოდა ქორწინების რეგისტრაციის არსებობის შესახებ, მეუღლეები ხშირად ჩხუბობდნენ ხელისმოწერის მიზეზით. რაც შეეხება მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, ყველა მოწმემ აღნიშნა, რომ მ-მა და მისმა ოჯახმა არ იცოდნენ მოსარჩელე კვლავ რეგისტრირებულ ქორწინებაში თუ იმყოფებოდა მის პირველ მეუღლესთან, მათ, ცხადია, იცოდნენ პირველი ქორწინების თაობაზე, პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი გ. ხ-ასთან ცხოვრობდა კიდეც, თუმცა არც მ.მა და არც მისმა ოჯახმა არ იცოდა, რომ აპელანტი კვლავ რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მის პირველ მეუღლესთან;

1.2.4. აპელანტსა და ლ. მ-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2014 წლის 11 ივნისს და საქმის განხილვის დროისათვის მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება აღარ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხისათვის ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ სარჩელის აღძვრამდე არ იყო ცნობილი, ხოლო 2014 წლის 11 ივნისს ისედაც შეწყდა მ. მ-ესა და გ. ხ-ას შორის რეგისტრირებული ქორწინება, აღარ არსებობს მისი გაბათილების აუცილებლობა, რადგან აღნიშნული ვერანაირ იურიდიულ შედეგს ვერ მოუტანდა მხარეებს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლი ვინაიდან მასში მითითებული გარემოების დარღვევის თაობაზე ქორწინებამდე იყო ცნობილი მოწინააღმდეგე მხარისათვის. ფაქტობრივად სახეზე იყო ორი რეგისტრირებული ქორწინება 2007 წლის 27 იანვრიდან 2014 წლის 11 ივნისამდე, რაც დაუშვებელ. და სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლით დადგენილი პირობების დარღვევის გამო, ბათილად უნდა იქნას ცნობილი მეორე ქორწინება.

1.4.2. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის პირველი ნაწილი, მაგრამ მოცემულ დავასთან მიმართებით არასწორად განმარტა იგი;

1.4.3. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, რამდენადაც დავის საგანს მხარეთა 2007 წლის 27 იანვრის ქორწინების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა წარმოადგენს. მ. მ-ეს არ შეუტანია სასამართლოში შეგებებული სარჩელი, მიუხედავად ამისა, პალატამ განმარტა, რომ შეფასების საგანს წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების ცოდნის ფაქტი;

1.4.4. მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა, მათ შორის, პირველმა მეუღლემ დაადასტურა, რომ მან პირადად უთხრა მოწინააღმდეგე მხარეს რეგისტრირებული ქორწინების შესახებ, მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულმა ყველა მოწმემ ასევე მოახსენა სასამართლოს, რომ მ.ი სთხოვდა გ. ხ-ას, „გააწერე ხელი პირველ ცოლთან და ჩემთან მოაწერეო“, რომ აღნიშნულზე სულ კამათი იყო მხარეთა შორის, თუმცა ეს გარემოებები არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ შეუმოწმებია, რითაც სასამართლო ცდილობს, დაამკვიდროს ორმაგი ქორწინება.

1.4.5. კასატორის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს მის მიერ კანონის დარღვევით რეგისტრირებული ქორწინების ჩანაწერის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე, კასატორის კუთვნილ 600 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული სადავო საკითხების მოგვარება;

1.4.6. გასაჩვრებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან: №ას-574-545-2015; №ას-1229-1174-2013; №ას-441-832-06.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად განმარტა ქორწინების დამაბრკოლებელი კანონისმიერი გარემოებები (სკ-ის 1107-ე, 1108-ე, 1120-ე მუხლები) და სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლით, თუმცა, ვინაიდან საქმის განხილვის დროისათვის აღარ არსებობდა ზემოხსენებული გარემოებებიდან არც ერთი, უფრო მეტიც, თავად სადავო ქორწინებაც კი შეწყვეტილი იყო განქორწინებით, სამოქალაქო კოდექსის 1143-ე მუხილს მე-2 ნაწილზე დაყრდნობით სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, ამასთან, მართებულად დაადგინა სამოქალაქო კოდექსის 1141-ე მუხლის შემადგენლობა. რაც შეეხება იმ საკითხს, შეგებებული სარჩელის აღუძვრელად არსებობდა თუ არა ქორწინების ძალაში დატოვების შესაძლებლობა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ სამართლებრივი ურთიერთობის ბათილად აღიარების შესახებ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელი ამ საკითხის თაობაზე საკმარის შედავებას წარმოადგენდა. მოწმეთა ჩვენებების კვლევასთან მიმართებით, პალატა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის არსებითად სწორი განმარტებით, როგორც ურთიერთწინააღმდეგობრივი, სწორად არ გაიზიარა ისინი.

1.6. რაც შეეხება კასატორის პოზიციას გასაჩივრებული განჩინების სასამართლო პრაქტიკასთან წინააღმდეგობრიობის თაობაზე, პალატა მას არ იზიარებს და განმარტავს, რომ მის მიერ მოხმობილი გადაწყვეტილებები, განხილულ დავათა ფაქტობრივი გარემოებების ინდივიდუალური ბუნების გათვალისწინებით, განსხვავდება განსახილველი საქმისაგან, ამასთანავე, პალატა მიუთითებს მსგავსი ფაქტობრივი აღწერილობის საქმეებზე საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, სადაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1143-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით არ ცნო ბათილად ქორწინება, როდესაც საქმის განხილვის დროისათვის აღარ არსებობდა ქორწინების ბათილობის წინაპირობები (იხ. სუსგ-ებები: №3კ/628-03, 12 ივნისი, 2003 წელი, №3კ/933-09, 1 ივლისი, 2003 წელი).

1.7. გარდა ზემოხსენებულისა, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას პროცესუალურ საკითხზეც გაამახვილებს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებით სარჩელში უნდა მიეთოთოს მხარის იურიდიული ინტერესი, რამდენადაც ამ კატეგორიის სარჩელის წარმატებას, ამავე კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობა განაპირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი იურიდიული ინტერესი არანამდვილი/უსაფუძვლო აღმოჩნდება, სასამართლო დავის სხვა ფაქტობრივი გარემოებების საფუძვლიანობის კვლევასაც კი არ შეუდგება. საქმეში წარმოდგენილი სარჩელით, ასევე, საქმის მოსამზადებელი ეტაპის შესწავლით დასტურდება, რომ მოსარჩელეს არა თუ დასაბუთებულად, იურიდიული ინტერესის არსებობაზე საერთოდ არ მიუთითებია (სსსკ-ის 219.1 მუხლი), რასაც, ბუნებრივია, ვერ შეცვლის მხარის მიერ ამ ინტერესის თაობაზე საკასაციო საჩივარში მითითება, რამეთუ პალატა მის ნამდვილობას ვერ შეამოწმებს იმ საფძვლით, რომ ქვემდგომ სასამართლოებს მასზე არ უმსჯელიათ (სსსკ-ის 407.1 მუხლი).

1.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. კასატორმა სასამართლოს მომართა #... განცხადებით, რომელსაც დაურთო ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადების, ქორწინების აქტის ჩანაწერისა და საკასაციო სასამართლოს #ას-195-186-2016 განჩინების ასლები.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რაც შეეხება საქმეში ისედაც არსებულ მტკიცებულებებს, მათი განმეორებით წარდგენის საჭიროებას საერთოდ არ ითვალისწინებს კანონი, არამედ, საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში სასამართლო ამოწმებს მათ შინაგანი რწმენით (სსკ-ის 105-ე მუხლი). ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ოთხ ფურცლად.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს რ. ხ-ას მიერ კასატორის სახელით 24.09.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ გ. ხ-ას (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) ი. ხ-ას მიერ კასატორის სახელით 24.09.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. კასატორს დაუბრუნდეს #... განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 4 (ოთხი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური