Facebook Twitter

საქმე №ას-803-770-2016 5 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ხ. ბ-ე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ გ-ი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მესამე პირი _ მ. პ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში), შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ხ. ბ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან დამსაქმებელი) მიმართ დამსაქმებლის 2013 წლის 1 აპრილის #... ბრძანების ბათილად ცნობის, იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი იურისტის ტოლფას თანადებობაზე (იურისტი) აღდგენის, 2013 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის დაყოვნების ყოველი დღისათვის მისი 0,07%-ის ანაზღაურების მოთხოვნით (იხ. დაზუსრებული სასარჩელო მოთხოვნა).

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 1 მარტიდან მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციის იურიდიული სამსახურის იურისტად. 2012 წლის 3 სექტემბრიდან 2012 წლის 25 დეკემბრამდე კი ამავე დაწესებულების მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტორად. 2012 წლის 25 დეკემბრიდან გადაყვანილ იქნა იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი იურისტის პოზიციაზე და თანამდებობრივი სარგო, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, შეადგენდა 1 050 ლარს (დარიცხული), ხოლო დამსაქმებლის შიდა სტანდარტებით გამომუშავებული თანხებიდან _ 850 ლარს. 2013 წლის 1 აპრილს დამსაქმებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის #... ბრძანებით გათავისუფლდა ამავე ჰოსპიტლის იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი იურისტის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების საფუძველი იყო საქართველოს თვადაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2013 წლის 29 მარტის #...- წერილი. ვინაიდან მხარისთვის გათავისუფლების დღეს უცნობი იყო გენერალური ინსპექციის დასკვნის შინაარსი, შესაბამისად, უცნობი იყო გათავისუფლების მიზეზიც. დასაქმებულს უარი ეთქვა გათავისუფლების ბრძანების გადაცემაზე, რადგან სამუშაო საათები უკვე დასრულებული, ხოლო ბრძანება კი მზად არ იყო. წერილობითი მოთხოვნის შემდეგ ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი ბრძანება გათავისუფლების თაობაზე მას ჩაბარდა 2013 წლის 12 აპრილს, ხოლო გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის გადაცემაზე ეთქვა უარი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაეცა. გენერალური ინსპექციის მოხსნებითი ბარათიდან ირკვეოდა, რომ ორგანიზაციის დირექტორის 2011 წლის 6 იანვრის #... ბრძანებით, ამავე ჰოსპიტლის ორი თანამშრომლის მიმართ არამართლზომიერად იქნა გამოყენებული დისიპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „საყვედური“. ეს ბრძანება მომზადდა საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისა და ჰოსპიტლის იურისტის მიერ, რომლის ქმედებაშიც ნათლად იკვეთებოდა დაბალი პროფესიული კვალიფიკაცია და დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა. გენერალური ინსპექციის მოხსენებითი ბარათი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მხოლოდ იგი არ არის საკმარისი მუშაკის თანამდებობიდან გასათავისუფლებად, ამასთან, ეწინააღმდეგება რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურს დავალებული არ ჰქონია მოხსენებით ბარათში მითითებულ თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების შესახებ პროექტის მომზადება. გენერალურ ინსპექციას იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურში არანაირი დარღვევა არ გამოუვლენია, ამასთან, იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურს ცალკე გაწერილი ფუნქცია-მოვალეობები არ გააჩნდა, შესაბამისად, მხარისთვის უცნობია, რომელ ფუნქცია-მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების გამო მოხდა მისი გათავისუფლება.

1.2. სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა დამსაქმებელმა და მოითხოვა მოსარჩელის უფროს ოურისტად დანიშვნის შესახებ მხარეთა შორის 2012 წლის 25 დეკემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხის (შეგებებულ სარჩელზე) განცხადებისა და დამსაქმებლის 2012 წლის 25 დეკემბრის #...- ბრძანების საფუძველზე ძირითადი მოსარჩელე დაინიშნა იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის უფროს იურისტად. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2012 წლის 29 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ერთეულზე დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ დროებითი მოვალეობის შემსრულებლად გარკვეული ვადით, რის შემდეგაც იმ დროს მოქმედი 2009 წლის 5 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის #46 ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად, საჯარო კონკურსის გზით უნდა შერჩეულიყო ამ თანამდებობაზე დასანიშნი პირი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებული 2012 წლის 25 დეკემბერს დაინიშნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ამდენად, უფროს იურისტად დანიშვნის მიუხედავად, დასაქმებულს შეეძლო, განეხორციელებინა მხოლოდ უფროსი იურისტის დროებითი შემსრულებლის მოვალეობა ამ ვაკანტურ თანამდებობაზე საჯარო სამსახურის ბიუროს მეშვეობით გამოცხადებული საჯარო კონკურსის შედეგებამდე.

2. მოპასუხეებისა და მესამე პირის პოზიცია:

2.1. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ ძირითადი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობის დაკავების წესსა და პირობებს, შესაბამისად, დამსაქმებლის ნება არის ბათილი, გარდა ამისა, დასაქმებულმა დაარღვია შრომის პირობები. მას გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ნება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, ხოლო მისი გასაჩივრების ვადა დარღვეულია მოსარჩელის მიერ;

2.2. შეგებებული სარჩელი არ ცნო მოპასუხემაც იმ დასაბუთებით, რომ თანამდებობაზე მისი გამწესება კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა, შესაბამისად, არ არსებობს ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, მით უფრო სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით დადგენილი წესით;

2.3. ძირითადი სარჩელი არ ცნო მ. პ-მა (შემდგომში _ მესამე პირი) და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მესამე პირის განმარტებით, დასაქმებულის გათავისუფლება მოხდა კანონით დადგენილი წესით. ამასთან, მესამე პირმა მიიღო კონკურსში მონაწილეობა და ამჟამად უკავია ს-ში იურისტის თანამდებობა, რომელზეც პრეტენზია გააჩნია მოსარჩელეს. დამსაქმებელ ორგანიზაციაში 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე სამი იურისტის შტატი იყო, ამჟამად კი, მხოლოდ ერთია და ისიც მესამე პირის მიერ კონკურსის შედეგად დაკავებული. მისი სამუშაო განსხვავდება ძირითადი მოსარჩელის მიერ უფროს იურისტად მუშაობის დროს განსახორციელებული ფუნქციებისგან, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება ტოლფას თანამდებობად, რაც შეეხება დამსაქმებლის შეგებებულ სარჩელს, იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2013 წლის 1 აპრილის #... ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი იურისტის თანამდებობაზე 2013 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ხოლო 2013 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 3 ოქტომბრამდე _ უფროსი იურისტის მოვალეობის შემსრულებლად, მოპასუხეს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2013 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 3 ოქტომბრამდე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში დარიცხული 1 050 ლარისა და დამსაქმებლის შიდა სტანდარტებით გამომუშავებული თანხებიდან ასანაზღაურებელი თანამდებობრივი სარგოს _ 850 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით ასევე არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებულმა მოსარჩელემ _ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე იძულებითი განაცდურის, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში დარიცხული 1 050 ლარისა და მოპასუხის შიდა სტანდარტებით გამომუშავებული თანხებიდან ასანაზღაურებელი თანამდებობრივი სარგოს - დარიცხული 850 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მოთხოვნა უფროსი იურისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და 2013 წლის 1 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 2013 წლის 1 ოქტომბრიდან ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2012 წლის 25 დეკემბრის #...- ბრძანება მოსარჩელის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურის უფროს იურისტად დანიშვნის თაობაზე, დანარჩენ ნაწილში შეგებებული მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელე მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობაში იყო 2010 წლიდან, მოპასუხის 2010 წლის 1 მარტის #... ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა ჰოსპიტალში იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის იურისტის თანამდებობაზე;

1.2.2. დამსაქმებლის 2012 წლის 3 სექტემბრის #...- ბრძანებით მოსარჩელე, მისივე განცხადების საფუძველზე, გადაყვანილ იქნა მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტორის თანამდებობაზე 2012 წლის 3 სექტემბრიდან;

1.2.3. მოპასუხის 2012 წლის 25 დეკემბრის #...- ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი იურისტის თანამდებობაზე 2012 წლის 21 დეკემბრიდან და ამავე ბრძანებით გათავისუფლდა მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტორის თანამდებობიდან;

1.2.4. მოპასუხის 2013 წლის 1 აპრილის #... ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან გენერალური ინსპექციის უფროსის 2013 წლის 29 მარტის #...- წერილის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდა, რომ მოსარჩელის მითითების შესაბამისად, კადრების სამსახურის უფროსმა ერთ-ერთ ბრაძანებაში მიუთითა გაუქმებული ნორმა;

1.2.5. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი იურისტის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში შეადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, ყოველთვიურად დარიცხულ 1 050 ლარს, ხოლო დანამატი - კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან, შეადგენდა დარიცხულ 850 ლარს;

1.2.6. დამსაქმებლის 2013 წლის 22 ივნისის #...- ბრძანებით დაწესებულების საშტატო ნუსხაში შევიდა ცვლილებები და 2013 წლის 1 ივლისიდან საშტატო ნუსხით განისაზღვრა მხოლოდ ერთი „იურისტის“ თანამდებობა, ამასთან, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის #... განკარგულებით დამსაქმებელს გაეზარდა სახელფასო ფონდი და დაფინანსება გამოეყო ორი იურისტის შტატზე;

1.2.7. მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა მესამე პირი, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობს დღემდე და ეს თანამდებობა დაკავებული აქვს კონკურსის წესით;

1.2.8. გამოვლენილ კანონდარღვევასთან დაკავშირებით მოხსენებითი ბარათი უფლებამოსილი ორგანოს მიერ არის შედგენილი, თუმცა რეკომენდაციები დამსაქმებლის მიმართ არ ატარებდა სავალდებულო ხასიათს და შეეძლო არ გაეთვალისწინებინა, ამასთანავე, საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ აღნიშნული ბრძანების პროექტის შედგენაში მონაწილეობდა მოსარჩელე. ბრძანების პროექტის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსი, ბრძანების სისწორეზე კი, უშუალოდ პასუხისმგებელი იყო დირექტორი, რომელიც ბრძანებას აწერდა ხელს. იმ შემთხვევაშიც კი, მოსარჩელისთვის ზეპირად რომ ყოფილიყო დავალებული შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსისთვის, მისი წილი პასუხისმგებლობა დაშვებულ დარღვევასთან დაკავშირებით, დანარჩენი ორი პირების პასუხისმგებლობასთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იქნებოდა, შესაბამისად, სამუშაოდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება იყო არამართლზომიერი;

1.2.9. დამსაქმებლის მიერ მოსარჩელის უფროს სპეციალისტად დანიშვნის შესახებ ბრძანებაში გამოვლენილი ნება არ შეესაბამებოდა 2012 წელს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად ჩამოყალიბებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მოთხოვნებს (დასაქმებული უფროს იურისტად 2012 წლის 25 დეკემბრიდან დაინიშნა და 2013 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა მითითებულ თანამდებობაზე). დაკავებულ თანამდებობაზე მოსარჩელის დანიშვნის დროისათვის პირის დასანიშნად კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრებოდა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის N46 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2012 წლის 29 ივნისს #-611-რს კანონით განხორციელებული ცვლილების თანახმად, რომელიც ამოქმედდა 2013 წლის 1 ივლისიდან, თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა შესაძლებელია დროებით მოვალეობის შემსრულებლად იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, არა უმეტეს 3 თვის ვადით. იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია (30.2 მუხლი). ეს წესი სრულად ვრცელდებოდა მოსარჩელის მიმართ და მიუხედავად შრომითი ხელშეკრულების გაფორმების ფაქტისა, მას, როგორც უკონკურსოდ დანიშნულ თანამშრომელს უფლება ჰქონდა, დაკავებული თანამდებობა 2013 წლის 1 ივლისიდან შეენარჩუნებინა მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, რის შემდეგ იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელი იყო. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს 3-თვიანი ვადა ამოეწურა 2013 წლის 1 ოქტომბერს, რის შემდეგ ის დროებით მოვალეობის შემსრულებლად სხვა თანამდებობაზე არ დანიშნულა და არც კონკურსში მიუღია მონაწილეობა რომელიმე ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობდა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები მოსარჩელის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღსადგენად. შესაბამისად, ამ პერიოდიდან (2013 წლის 1 ოქტომბერი) დამსაქმებლის 2012 წლის 25 დეკემბრის ბრძანება იურიდიული ძალის არ მქონეა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის არასწორი განმარტების გზით, სააპელაციო სასამართლომ მცდარად შეაფასა მის მიერ დადგენილი გარემოება, რომ 2012 წლის 25 დეკემბრის #...- ბრძანების საფუძველზე დასაქმებულის უფროს იურისტად დანიშვნის ფაქტის მიმართ არაფერს ცვლიდა ის, ბრძანებაში მიეთითებოდა თუ არა პირის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, რადგანაც ბრძანების გამოცემისას სწორედ დამსაქმებელს ევალებოდა მისი მართლზომიერების დაცვა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც კასატორი 2010 წლიდან იმყოფებოდა შრომით ურთიეროთბაში მოპასუხესთან და იგი ვადიან შრომით ურთიერთობაზე უნდა გადასულიყო, სწორედ დამსაქმებლის ვალდებულებას წარმოადგენდა აღნიშნულის შესახებ კასატორის წინასწარი ინფორმიერება. ამ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორად არ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-2 მუხლით და არ გაითვალისწინა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე დასაქმებულის უფლება, სცოდნოდა შრომითი პირობების შეცვლის შესახებ. შრომითი პირობების არსებითად შეცვლით მოპასუხემ გააუარესა კასატორის მდგომარეობა. მხარეთა თანასწორობის ფარგლებში სასამართლომ არ შეაფასა ის საკითხი, რომ მოსარჩელის 2012 წლის 25 დეკემბრის განცხადების შესაბამისად, დამსაქმებელს ნება მისი უფროსი იურისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანის შესახებ არ გამოუხატავს. სასამართლომ ამ შემთხვევაში, არასწორად არ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-10 ნაწილით;

1.4.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, პირი თანამდებობაზე 2012 წლის 29 ივნისს დაინიშნა თუ 2013 წლის 1 ივლისიდან, ყველა უკონკურსოდ დანიშნული პირი ახალი კანონით განსაზღვრულ რეგულაციას დაექვემდებარა, არასწორია, რადგანაც ამგვარი განმარტებით გაუარესდა დასაქმებულის მდგომარეობა;

1.4.3. სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ დამსაქმებლის მიერ პირის ახალ პოზიციაზე დანიშვნის ნება 2013 წლის 1 ოქტომბრიდან იყო ბათილი, რასაც შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, ხოლო ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე სარჩელის ნაწილობრივ დაუკმაყოფილებლობა მოჰყვა. ამგვარი მიდგომა არღვევს მხარეთა შორის სამართლიან ბალანსს;

1.4.4. სასამართლომ შეგებებული სარჩელის განხილვისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამ სარჩელს არ ჰყავდა მოპასუხე, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელიც, ამასთან, თუკი სასამართლო მას აღიარებითი სარჩელის კონტექსტში განიხილავდა, მაშინ უნდა გაეთვალისწინებინა ის, რომ ამგვარი სარჩელის წარდგენა უფლების დარღვევამდე დაიშვებოდა;

1.4.5. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ თუკი დამსაქმებელი სადავოდ ხდიდა მის მიერ გამოვლენილი ნების კანონიერებას, მას შეეძლო გამოეყენებინა შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული დავის გადაწყვეტის შესაძლებლობა, ამასთანავე, სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ბრძანება სადავო გაეხადა შეცილების საფუძვლის შეტყობიდან ერთ თვის ვადაში.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლებითაც შრომით ურთიერთობებში მოწესრიგებულია სამართლის ნორმათა გამოყენების პრინციპი, კერძოდ, შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, იმ უდავო გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომ დამსაქმებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელთან შრომითი ურთიერთობების რეგულაციისათვის სპეციალური წესებია დადგენილი, სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებით. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის კერძო გამოხატულებას წარმოადგენს შრომის კოდექსის მე-6 მუხლით რეგლამენტირებული შრომითი ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა, რომელიც ზემოხსენებულ ნორმასთან ერთობლიობაში განიმარტება, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონით დადგენილ იმპერატიულ წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არარა გარიგებაა და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს (სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს). იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოპასუხე მხარე უფროს იურისტად მოსარჩელის დასაქმების შესახებ გამოვლენილი ნების ნამდვილობას მხოლოდ შესაგებლით შეედავებოდა, მაინც არ იარსებებდა ამ გარიგების ნამდვილად მიჩნევის წინაპირობა, ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ნების ბათილობის შესახებ სარჩელი აღიარებითი კატეგორიისა და იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის ფარგლებში ექვემდებარება შეფასებას (სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს). რაც შეეხება შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულ შედავების ერთთვიან ვადას, იგი სპეციალური დანაწესია და ადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების შეცილების ვადას და არა დამსაქმებლის მიერ საკუთარი ნების შეცილების ვადას, სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე კი, მისი, როგორც საგამონაკლისო (სპეციალური) ნორმის ანალოგიით გამოყენებას კრძალავს კანონი. როგორც უკვე აღინიშნა, დამსაქმებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მართალია, იგი კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში აღჭურვილია სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით, თუმცა მისი შექმნისა და საქმიანობის რეგულირება ხდება სპეციალური ნორმატიული აქტების საფუძველზე _ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით (იხ. მუხლი 2), შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სახელმწიფო ამოცანათა განსახორციელებლად შექმნილი ორგანიზაციული წარმონაქმნის ფუნქციონირებისათვის გამოსაყენებელ ნორმათა სპექტრი სამოქალაქო კანონმდებლობით არ შემოიფარგლება. საკანონმდებლო დანაწესთა შორისაა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმადაც, ამ კანონის 29-ე–32-ე მუხლების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას, და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნის წესისა. ის გარემოება, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარე კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისში არ მოიაზრება (ნორმაში ჩამოთვლილი სუბიექტები), მხარეთა შორის სადავო არაა. კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს. ნორმის მე-2 პუნქტი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პირის უკონკურსოდ დანიშვნის ვადას, რომელიც „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ კონკურსის წესით დასაკავებელი ვაკანტური თანამდებობისას არა უმეტეს 1 წლით, ხოლო, კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვით განისაზღვრება. ამდენად, კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან შრომითი პირობების შეცვლა წარმოადგენდა კანონისმიერი რეგულაციით განპირობებულ ჩარევას შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რაც არ შეიძლება განხილულ იქნას შრომის კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებულ მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევად.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სრულად შეესაბამება მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ №ას-354-339-2016, 1 ივლისი, 2016 წელი).

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 22.09.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ხ. ბ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 22.09.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური