Facebook Twitter

საქმე №ას-1138-1094-2016 20 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს მთავარი პროკურატურა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. დ-ა (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ თ. დ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 (2016) წლის 3 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ი. დ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს მთავარი პროკურატურისა (შემდგომში _მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კრედიტორი) და თ. დ-ას (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხე ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა 2014 წლის 12 თებერვლის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების (პიანინო, ხუთი სკამი, „სამსუნგის“ ფირმის ვერცხლისფერი ტელევიზორი, ტელევიზორის შავი მაგიდა, ღია ყავისფერი მაგიდა, კომპიუტერის კომპლექტი: მონიტორი, კლავიატურა, პროცესორი, მაუსი, ორი დინამიკი, ვიდეოთვალი და ერთი ხმის გამაძლიერებელი) ყადაღისაგან გათავისუფლება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განაჩენით თანამოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 55 227 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების მიერ დაყადაღებულ იქნა მოსარჩელის დედის _ ა. კ-ის (შემდგომში _ მამკვიდრებელი) საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული ნივთები, რომელიც გარდაიცვალა და სამკვიდრო მიიღო მოსარჩელემ. გამომდინარე იქიდან, რომ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენენ მოსარჩელის და არა მოვალის საკუთრებას, არსებობს ამ ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების წინაპირობები.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მარტივი შედავების ფარგლებში კრედიტორმა სარჩელი არ ცნო იმაზე მითითებით, რომ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, მას არ წარუდგენია ამ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

2.2. მოვალემ სარჩელი ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2014 წლის 12 თებერვლის აქტში მითითებული ნივთები: პიანინო, 5 ცალი სკამი; „სამსუნგის“ ფირმის ვერცხლისფერი ტელევიზორი; შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა; ღია ყავისფერი მაგიდა; კომპიუტერის კომპლექტი: მონიტორი, კლავიატურა, პროცესორი, მაუსი, 2 ცალი დინამიკი, ვიდეოთვალი და 1 ცალი ხმის გამაძლიერებელი გათავისუფლდა ყადაღისაგან.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 (2016) წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2014 წლის 12 თებერვალს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა შეადგინა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, რომლითაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განაჩენით მოვალისათვის დაკისრებული თანხის უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ იქნა ქ.ფოთში, კ-ას ქ#...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული ნივთები (პიანინო; 5 ცალი სკამი; „სამსუნგის“ ფირმის ვერცხლისფერი ტელევიზორი; შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა; ღია ყავისფერი მაგიდა; კომპიუტერის კომპლექტი: მონიტორი, კლავიატურა, პროცესორი, მაუსი, 2 ცალი დინამიკი, ვიდეოთვალი და 1 ცალი ხმის გამაძლიერებელი);

1.2.2. ქ.ფოთში, კ-ას ქ#...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც დაყადაღებულ იქნა სადავო ნივთები, წარმოადგენდა მამკვიდრებლის საკუთრებას, რომელმაც ეს უძრავი ქონება, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცა მოსარჩელეს;

1.2.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა პირებმა: თ. კ-ემ და ნ. ნ-ამ აჩვენეს, რომ მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში არსებული ნივთები მის და არა მოვალის მიერ იყო შეძენილი, ყადაღის აქტში დაფიქსირებული ნივთებიდან 5 ცალი სკამი მოსარჩელისადმი მისი ბიძის საჩუქარია, კომპიუტერი თავად მოსარჩელემ შეიძინა, ტელევიზორის მაგიდა კი, რძალმა მიიტანა;

1.2.4. ნივთების დაყადაღების დროს, 2014 წლის 12 თებერვალს, ქ.ფოთში, კ-ას ქ#...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მამკვიდრებლის საკუთრებას წარმოადგენდა, რაც 2014 წლის 5 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მოსარჩელეს;

1.2.5. მამკვიდრებელი 2014 წლის 20 მარტს გარდაიცვალა და სამკვიდრო მთლიანად მიიღო მოსარჩელემ;

1.2.6. მოვალე მესაკუთრესთან ერთად ცხოვრობს ქ.ფოთში, კ-ას ქ#...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. მხარეთა ახსნა განმარტებით დასტურდება, რომ მოსარჩელე და მოვალე არიან ახლო ნათესავები (და-ძმა) და ცხოვრობენ ერთსა და იმავე მისამართზე, რაც სადავო ნივთების თანასარგებლობასა და მათი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ ქონებისადმი დაქვემდებარებაზე მიუთითებს. გასათვალისწინებელია, რომ მოვალეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ეკისრება თანხის გადახდა და გარდა სადავო მოძრავი ნივთებისა, სხვა ქონება და შემოსავალი ვერ იქნა მის მიმართ მოძიებული;

1.4.2. სასამართლო მოძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დადგენის მიზნით მსჯელობს მხოლოდ მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღების ფაქტზე, რაც სადავო საკითხზე გავლენას ვერ იქონიებს;

1.4.3. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნები, რადგანაც მოსარჩელე მხოლოდ ზეპირი განმარტებით შემოიფარგლა ქონებაზე საკუთრების უფლების არსებობის შესახებ, მაშინ, როდესაც ამ მოძრავი ნივთების კუთვნილების დამადასტურებელი მტკიცებულებები მას საქმეში არ წარმოუდგენია.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, ასევე, სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სამოქალაქო კოდექსის 151-ე, ასევე, 158-ე მუხლის დისპოზიციის გათვალისწინებით, მთავარ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების ნამდვილი უფლებიდან გამომდინარე, აღსრულების საგანზე, როგორც საკუთვნებელზე მართებულად დაუშვა მოსარჩელის საკუთრების არსებობის პრეზუმფცია. ამ ვარაუდის გამაქარწყლებელ გარემოებებზე კი, კრედიტორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება.

1.6. საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (იხ. სუსგ-ებები №ას-262-253-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; №ას-305-293-2012, 7 მაისი, 2012 წელი; №ას-1522-1529-2011, 29 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-1777-1755-2011, 4 ივნისი, 2012 წელი; №ას-1101-1050-2014, 6 თებერვალი, 2015 წელი).

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე