Facebook Twitter

საქმე №ას-1116-1073-2016 13 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ნ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. წ-ი, ე. ჯ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ნ. წ-მა და ე. ჯ-მა (შემდგომში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან კრედიტორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში თ. ნ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ მოპასუხისათვის 15 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხესთან, როგორც შპს „ა-ის“ უფლებამოსილ პირთან, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, საცხოვრებელი ფართის შეძენის მიზნით, მოსარჩელეების შვილმა, დ. წ-მა (შემდგომში _ მამკვიდრებელი), რომელიც 2008 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა, 2007 წლის 5 თებერვალს მოვალის პირად ანგარიშზე ჩარიცხა 30 000 აშშ დოლარი. ამ თანხის სა.ცვლოდ მამკვიდრებლისათვის შპს „ა-ს“ ბინა არ გადაუცია, შესაბამისად, მოსარჩელეები, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები, მოითხოვენ ჩარიცხული თანხის ნახევრის დაბრუნებას.

2. მოპასუხის პოზიცია:

კვალიფიციური/მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას და მამკვიდრებელს შორის არსებობდა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის თანახმადაც, მოპასუხემ მას ასესხა 30 000 აშშ დოლარი. 2007 წლის 5 თებერვალს ეს თანხა ჩარიცხულ იქნა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესასრულებლად. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამწლიან სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2007 წლის 5 თებერვალს მამკვიდრებელმა აპელანტს ჩაურიცხა 30 000 აშშ დოლარი;

1.2.2. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2008 წლის 1 ოქტომბერს;

1.2.3. 2009 წლის 13 ივნისს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეების: ნ. წ-ის, ე. ჯ-ის, ა. ბ-იასა და მ. წ-ის სახელზე;

1.2.4. სასარჩელო განცხადებით მოსარჩელეები მოითხოვენ მოვალისათვის მამკვიდრებლის მიერ გადარიცხული 30 000 აშშ დოლარიდან 15 000 აშშ დოლარის დაკისრებას. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად კი, მიუთითებენ უსაფუძვლო გამდიდრებით მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებზე;

1.2.5. მოპასუხემ მას და მამკვიდრებელს შორის სასესხო-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ვერ დაადასტურა, კერძოდ, მან ამ თვალსაზრისით მიუთითა იმ მტკიცებულებაზე, რომელზედაც თავად მოსარჩელე ამყარებს მოთხოვნას, კერძოდ კი, მის ანგარიშზე 30 000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელ ქვითარზე, თუმცა მასში რაიმე მინიშნება/მითითება არ არის მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაზე. სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობაზე მითითებისას კი, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა;

1.2.6. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2015 წლის 8 მაისს, ხოლო თანხა მოპასუხის ანგარიშზე გადარიცხულია 2007 წლის 5 თებერვალს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო თანხის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადარიცხვა, რის გამოც არასწორად გამოიყენა მატერიალური სამართლის ნორმა, საგულისხმოა ის გაქტი, რომ სამკვიდროში არ შეიძლება შევიდეს კრედიტორის წინაშე მამკვიდრებლის მიერ შესრულებული მოვალეობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს არ ჰქონდა მითითებული დანიშნულება, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 385-ე და 976-ე მუხლებით;

1.4.2. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, რადგანაც მოსარჩელეებისაგან არ მოითხოვა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ თანხა მოპასუხეს სწორედ შპს „ა-ის“ ბინის მშენებლობის მიზნით გადაეცა;

1.4.3. იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილია თანხის გადაცემის ფაქტი, თუმცა არ დასტურდება გადაცემის საფუძველი, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით სარჩელის დაკმაყოფილება არასწორია, რადგანაც ამ შემთხვევაში მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა, რომ სასესხო ურთიერთობა არ დგინდება მოპასუხესა და მამკვიდრებელს შორის, დაუსაბუთებელია, რადგანაც სამართლის ორ დამოუკიდებელ სუბიექტს შორის ზეპირად დადებული სესხის რეალური ხელშეკრულების მოწმეები არსებობენ, ხოლო, მამკვიდრებლის მიერ თანხის ჩარიცხვის გამო, მის სიცოცხლეში პრეტენზია არ წარმოშობილა. გარდა ამისა, სასამართლო მსჯელობს კასატორის უსაფუძვლო გამდიდრებაზე, თუმცა ყურადღებას არ ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თანხა მის ანგარიშზე ჩაირიცხა იმ დღეს, როდესაც მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ბინის ღირებულება მამკვიდრებელმა ჩარიცხა შპს „ა-ის“ ანგარიშზე. თუკი მხარეთა შორის მართლაც არსებობდა შეთანხმება მეორე ბინის შეძენის თაობაზე, მაშინ, საინტერესოა ამ ბინის ღირებულებაც კომპანიის ანგარიშზე რატომ არაა ჩარიცხული;

1.4.4. არასწორია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული, რადგანაც სადავო სამართლებრივი ურთიერთობა მან არასწორად მიიჩნია უსაფუძვლო გამდიდრებად, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ვრცელდება 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე (სსსკ-ის 102-ე მუხლი) და განმარტავს, რომ მოსარჩელეები მოითხოვდნენ კონდიქციური ვალდებულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას (სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა, კანონისმიერი ამ ვალდებულების მთავარი მიზანი იმ ქონებრივი ბალანსის აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვითომ კრედიტორის გამდიდრება. კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ/არამატერიალურ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფძვლობა/გაუმართლებლობა (იხ. სუსგ №ას-344-329-2016, 22 აპრილი, 2016 წელი). ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სარჩელი დასაბუთებულია. მოპასუხემ მის წინააღმდეგ კვალიფიციური შედავება წარადგინა და სადავო გახადა არა თანხის მიღება, არამედ, მოსარჩელეების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც, მოპასუხის მტკიცებით, თანხა სასეხო ურთიერთობის ფარგლებში მიღებულ შესრულებას წარმოადგენდა. კვალიფიციური შედავების პირობებში კი, სწორედ მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა შესაგებელში მითითებული გარემოების არსებობის დადასტურება. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის _ გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება), რომელიც, თავის მხრივ, მიიღო მსესხებელმა. მატერიალური სამართლის ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ნივთის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. საგულისხმოა თავად მტკიცების სტანდარტიც, კერძოდ, მატერიალური სამართალი ადგენს თუ არა ხელშეკრულების დადების ფაქტის გარკვეული მტკიცებულებით დადასტურების ვალდებულებას (როგორიცაა, მაგ: სკ-ის 312-ე მუხლი _ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება). სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული (იხ. სუსგ №ას-1245-1168-2015, 20 მაისი, 2016 წელი). სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დაშვებული პრეზუმფციის გაზიარების შესაძლებლობა კი, გამორიცხულია, რადგანაც მოსარჩელე მხარემ შეძლო ამ პრეზუმფციის გაქარწყლება. რაც შეეხება საკითხს, შედის თუ არა სამკვიდრო მასაში სადავო თანხა, პალატა აღნიშნავს, რომ როდესაც შესრულების მიმღები ვერ ადასტურებს შესრულების სამართლებრივი საფუძვლით მიღებას, ბუნებრივია, სახეზე გვაქვს მოთხოვნა, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივია. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების არსის გათვალისწინებით, ვინაიდან შესრულებას არ გააჩნია საფუძველი, სააპელაციო პალატამ მართებულად გაავრცელა მოთხოვნის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული 10-წლიანი ვადა (იხ. სუსგ №ას-472-448-2013, 5 დეკემბერი, 2013 წელი).

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ვ. ლ-ის მიერ კასატორის სახელით 28.11.2016წ. #... საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 877 ლარის 70% _ 1 313,9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ თ. ნ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ვ. ლ-ის მიერ კასატორის სახელით 28.11.2016წ. #... საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 877 ლარის 70% _ 1 313,9 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე