Facebook Twitter

21 მარტი, 2017 წელი

№ას-62-58-2017 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა:

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – შპს "ე" (ს/კ ...), შპს "ე" (ს/კ ..)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ლ.ბ."

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით, სს "ლ.ბ–ს" (შემდეგში მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს "ე–ს" (ს/კ ....) (შემდეგში პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 200 000 ლარის გადახდა; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 78035.81 ლარის გადახდა; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 3000 ლარის გადახდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა 27 000 ლარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; აღნიშნული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დადგინდა პირველი მოპასუხისა და შპს "ე–ის" (ს/კ ...) (შემდეგში მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების სარეალიზაციოდ მიქცევა: ა) მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, თბილისი, მიმდებარედ, ....., დაზუსტებული ფართი 2318.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ....., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .....; ბ) პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე, თბილისი, ......, კორპუსი 1, დაზუსტებული ფართობი - 3970 კვ.მ, საკადასტრო კოდი .......

2. საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, მათ დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 8 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

6. 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით, კასატორების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით მათ ხარვეზის შევსების ვადა დამატებით 5 დღით გაუგრძელდათ.

7. 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით, კასატორების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ კვლავ არ დაკმაყოფილდა. კასატორებს, ამავე განჩინებით დამატებით 5 დღით გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით, კასატორებს უკანასკნელად გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

11. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება კასატორების დირექტორს - ი. მ–ეს ეცნობა 2017 წლის 27 თებერვალს.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 28 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 6 მარტს. ამდენად, კასატორები ვალდებულნ იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2017 წლის 6 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.

13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 299-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ე–სა" (ს/კ ....) და შპს "ე–ის" (ს/კ ...) საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა