Facebook Twitter

16 იანვარი, 2017 წელი,

№აs-1189-1149-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს "ს.ს.ე." (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ა.დ." (მოპასუხე)

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს "ა.დ."

მოწინააღმდეგე მხარე - სს "ს.ს.ე."

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

სს "ა.დ–ის" საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

1. 2012 წლის 2 ივლისს სს „ს.ს.ე–სა“ (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი, ბენეფიციარი ან პირველი კასატორი) და შპს „ჯ.ი.გ–ს“ (შემდეგში: მესამე პირი, პრინციპალი, მყიდველი ან მესამე აპელანტი) შორის დაიდო დემონტირებული ელექტრომოწყობილობების ნასყიდობის ხელშეკრულება # 60-7-112-704 (შემდეგში ნასყიდობის ხელშეკრულება), {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477- ე მუხლი}.

2. ნასყიდობის საგნები განთავსებული იყო 13 სხვადასხვა ობიექტზე და მათი სავარაუდო ღირებულება 2 221 626 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) შეადგენდა.

3. ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველის მიერ აუქციონზე ბე-ს სახით გადახდილი 120 000 ლარი ასანაზღაურებელი თანხის ანგარიშში ჩაითვლებოდა. მყიდველს ნასყიდობის ფასი 2013 წლის 27 ივლისამდე უნდა გადაეხადა.

4. სს „ა.დ–მ“ (შემდეგში: მოპასუხე, გარანტი, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) 2013 წლის 17 მაისს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრინციპალის ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ბენეფიციარზე 400 000 ლარის საბანკო გარანტია გასცა, რომლის მოქმედების ვადა 2013 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა {სსკ-ის 879-ე და მომდევნო მუხლები}.

5. 2013 წლის 20 სექტემბერს, მოპასუხემ წინამდებარე განჩინების პ.1-ში აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იმავე პირობებით კვლავ 400 000 ლარზე გასცა საბანკო გარანტია. გარანტია ძალაში 2013 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით იყო.

6. მყიდველმა ნასყიდობის საგნის განთავსების ერთ-ერთი ობიექტიდან ("რუსთავი .....) 699 122 ლარისა და 12 თეთრის ღირებულების დემონტირებული ელექტრომოწყობილობები გაიტანა. მან გადაიხადა ღირებულების ნაწილი - 299 120 (239 120 + 60 000) ლარი; შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 400 002 ლარი და 12 თეთრი.

7. 2013 წლის 20 ნოემბერს ბენეფიციარმა წერილობით მიმართა გარანტს. მან, პრინციპალის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გარანტს მოსთხოვა დაუყოვნებლივ გადაეხადა საბანკო გარანტიის მთლიანი თანხა - 400 000 ლარი, რადგანაც პრინციპალმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება. გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 2013 წლის 18 დეკემბერს ამ უკანასკნელმა განმეორებით მიმართა გარანტს თანხის გადარიცხვის შესახებ, თუმცა კვლავ უშედეგოდ {სსკ-ის 885.1, 885.2.}.

8. 2014 წლის 11 მარტს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ. მან 400 000 ლარის, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით 25 179.20 ლარისა და სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, საგარანტიო თანხის (400 000 ლარის) წლიური 6.55%-ის, დაკისრება მოითხოვა.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, იმ საფუძვლით, რომ საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა გარანტიის წარდგენის შემდგომ წარმოშობილ ვალდებულების შესრულებას. მხარეთა შორის პერიოდულად უნდა მომხდარიყო პროდუქციის შეძენა და საფასურის გადახდა. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის ფასის გადახდა ან საბანკო გარანტიის წარდგენა ხორციელდებოდა შესყიდვამდე. გარანტიის წარდგენის შემდეგ, საქონელი არ მიუწოდებიათ, შესაბამისად, პრინციპალს თანხის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებოდა, რაც, მისი მოსაზრებით, გამორიცხავდა გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის უფლებას.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 400 000 ლარის გადახდა; მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 361-ე, 411-ე, 484-ე, 491-ე, 495-ე, 879-ე, 880-ე, 881-ე, 885-ე, 887-ე მუხლები; „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2.2, მე-5, მე-11, მე-40, 46-ე მუხლები.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

11.1. პირველმა აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნის უარყოფის ნაწილში, იმ დასაბუთებით, რომ ფულადი თანხა წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ყველაზე გავრცელებულ ობიექტს და მოპასუხისათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო, რომ ფულადი სახსრების ორი წლის განმავლობაში გამოუყენებლობა მეწარმე სუბიექტისათვის წარმოშობდა გარკვეული სახის ზიანს მიუღებელი შემოსავლის სახით.

11.2. მეორე აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, შემდეგი საფუძვლებით:

11.2.1. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ საბანკო გარანტიის ხელმეორედ გაცემის შემდეგ ხელშეკრულება არ დარღვეულა და შესაბამისად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის საფუძველი არ არსებობდა;

11.2.2. .... ქვესადგურიდან გატანილი მოწყობილობების მთლიანი ღირებულება 400 000 ლარზე გაცილებით ნაკლები იყო;

11.2.3. მოსარჩელემ საბანკო გარანტიის თანხის გადახდა მოითხოვა .... ქვესადგურის დემონტირებული მოწყობილობების ღირებულების დავალიანების გამო, რაც, მოსარჩელის განმარტებით, წარმოიშვა 2013 წლის მაისიდან, შესაბამისად, 2013 წლის 20 სექტემბერს, მაშინ, როდესაც საბანკო გარანტია ხელმეორედ გაიცა, ბენეფიციარმა იცოდა, რომ გარანტიით უზრუნველყოფილი დარღვევა უკვე არსებობდა, აღნიშნული კი, მიუთითებს იმაზე, რომ დარღვეულ ხელშეკრულებაზე გაიცა გარანტია, რაც უფლების ბოროტად გამოყენებაა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.1. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ბენეფიციარმა სსკ-ის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარადგინა მოთხოვნა, კერძოდ, საქმეში არსებული წერილებით ირკვეოდა, რომ მოსარჩელემ გარანტისაგან საგარანტიო თანხა მოითხოვა და მიუთითა პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი, რასაც თან დაურთო ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა შეესაბამებოდა გარანტიაში გათვალისწინებულ პირობებს და წარდგენილი იყო გარანტიით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სსკ-ის 887-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი ამ შემთხვევაში არ არსებობდა.

12.2. პალატამ არ გაიზიარა გარანტის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ბენეფიციარი ვალდებული იყო, დაესაბუთებინა პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების უტყუარობა, რომლის სარწმუნოობაზეც იქნებოდა დამოკიდებული საგარანტიო თანხის გაცემა.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

13.1. პირველმა კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, სააპელაციო საჩივარში მითითებული ყველა საფუძვლით.

13.2. მეორე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

13.2.1. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ თქვა უარი საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის დართვაზე. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გასული ჰქონდა საბანკო გარანტიის მოთხოვნის ვადა, რაც თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი იყო;

13.2.2. მოსარჩელეზე მოპასუხის მხრიდან გაცემული იყო 5 საბანკო გარანტია, ხელშეკრულების სხვადასხვა პერიოდის მიხედვით, აქედან თითოეული გარანტია უზრუნველყოფდა პრინციპალის მიერ მოპასუხის თითოეული ობიექტიდან ამოღებული მასალების ღირებულების ანაზღაურებას. მყიდველი ახდენდა სხვადასხვა ობიექტიდან ამოღებული მეტალის ჯართის ამოღებასა და რეალიზაციას; მას შემდეგ, რაც ის გადაინაცვლებდა ახალ ობიექტზე, წინსწრებით თანხის გადახდის სანაცვლოდ, ყოველი კონკრეტული ობიექტისათვის გარანტს საბანკო გარანტიის გაცემის თხოვნით მიმართავდა.

13.2.3. მოსარჩელე საბანკო გარანტიის თანხის - 400 000 ლარის, ანაზღაურებას ითხოვდა, .... ქვესადგურიდან დემონტირებული მოწყობილობების ღირებულების დავალიანების გამო, რომელზეც გარანტია გაიცა 2013 წლის 17 მაისს და მისი მოქმედება 2013 წლის 20 სექტემბერს შეწყდა, საგარანტიო მოთხოვნა კი, წარდგენილ იქნა ვადის დარღვევით - 2013 წლის 20 ნოემბერს {სსკ-ის 889.1 „ბ“ ქვეპუნქტი}.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრისა და 2017 წლის 10 იანვრის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ)სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

18.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18.2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება, სააპელაციო პალატის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ გარანტის გადახდის ვალდებულება დამოკიდებულია არა ბენეფიციარის მიერ იმის უტყუარად დასაბუთებაზე, თუ რამდენად შესრულდა სახელშეკრულებო ვალდებულებები, არამედ იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება წარდგენილი მოთხოვნა გარანტიის პირობებს და ბენეფიციარმა დადგენილ ვადაში წარადგინა თუ არა ის. ამ დასკვნის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ სწორად მიუთითა სსკ-ის 881-ე და 885-ე მუხლების დანაწესზე.

18.3. სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ გარანტის მიერ გაცემული საბანკო გარანტია ემსახურებოდა ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის დადებული 2012 წლის 2 ივლისის ხელშეკრულების პრინციპალის მხრიდან შესრულების უზრუნველყოფას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარმა გარანტიით გათვალისწინებულ ვადაში წერილობითი მიმართა გარანტს საბანკო გარანტიით შეთანხმებული თანხის გადახდის თაობაზე, მოთხოვნის საფუძვლად მიეთითა პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაც და წარდგენილ იქნა ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული მასალები. ასეთი მოთხოვნა გარანტის მიმართ განმეორებითაც იქნა წარდგენილი. შესაბამისად, პალატამ სწორად დაასკვნა, რომ ბენეფიციარმა საბანკო გარანტიის მოთხოვნის ფორმალური წესები და მისი წარდგენის ვადა დაიცვა.

18.4. სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მეორე აპელანტის არგუმენტი (პრინციპალის 18.09.2013წ N258 წერილზე დაყრდნობით, ტ.1, ს.ფ 280), რომ 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო გარანტია გაიცა ნავთლუღის ქვესადგურთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნულ ობიექტზე ელექტროდანადგარების ღირებულება (ხელახალი შეფასების შემდეგ) არ აღემატებოდა პრინციპალის მიერ ბე-ს სახით გადახდილ 120 000 ლარს, საიდანაც დაიფარა კიდევაც ნავთლუღის ობიექტიდან გატანილი ელექტომოწყობილობების ღირებულება. პალატის შეფასებით, აღნიშნული გარემოება დასტურდებოდა, როგორც პრინციპალის 02.12.2013წ N459 წერილით (ტ.1, ს/ფ 281), ისე - პრინციპალის პარტნიორის, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ბ.მ–ას ჩვენებითაც, რომელმაც აღნიშნა, რომ 2013 წლის 21 სექტემბრის საბანკო გარანტია იყო 17 მაისს გაცემული საბანკო გარანტიის გაგრძელება, რადგან ნავთლუღის ქვესადგურზე საბანკო გარანტიის წარდგენის საჭიროება არ არსებობდა (02.09.15წ სხდომის ოქმი). ამასთან, საგულისხმოა, რომ .... ქვესადგურიდან გატანილი მოწყობილობების ღირებულების ნაწილი, კერძოდ, 60 000 ლარი სწორედ 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში - 2013 წლის 25 სექტემბერს გადაიხადეს (ტ.1, ს/ფ 20, 23), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა წინა გარანტიის მოქმედების პერიოდში შესასრულებელ ვალდებულებებსაც.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგები: ას-562-871-09, 20.10.09; ას-781-996-08, 17.03.09; ას-161-151-2015, 04.05.15).

20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დაადგინა :

1. სს "ს. ს.ე–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს "ს.ს.ე–ას" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 3930 ლარის 30%-ის -1179 ლარის გადახდა;

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. სს "ა.დ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

5. სს "ა.დ–ს" (ს/კ ....) დაუბრუნდეს JSC .... მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადახდო დავალება # 2267), გადახდის თარიღი: 29.12.16 სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია“), 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი