№აs-1082-1039-2016 14 თებერვალი, 2017 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ჯ.მ., გ.მ., ლ.მ., ნ.მ. (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ბ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი :
1. ქ. ბათუმში, ..... მდებარე # 12 და # 22 ბინები (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება ან სადავო ბინები) წარმოადგენს დ.ბ–ს (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებას (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტომი1, ს.ფ. 15-16) {საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი}.
2. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სადავო უძრავ ქონებას ჯ, გ, ნ.მ–ბი და ლ.რ–ძე (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) ფლობენ.
3. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხეები არ ათავისუფლებენ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
4. 2015 წლის 11 ნოემბერს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მათი შესაგებელი შემდეგ არგუმენტაციას ეყრდნობა: მართალია, ისინი მოსარჩელის სახელზე რიცხულ სადავო ბინას დღემდე ფლობენ, მაგრამ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ მათ ბინა დაკარგეს სესხის დაუბრუნებლობის გამო. მათი აზრით, რადგანაც ამ ბინის გარდა, მათ სხვა თავშესაფარი არ გააჩნიათ, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა განსაზღვრულ ვადაში გამოისყიდონ ის.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; აღკვეთილ იქნა მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ამ მიზნით ისინი გამოსახლებულ იქნენ სადავო უძრავი ქონებიდან. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17.1. მუხლი, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის # 1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის 21.1, 42.1 მუხლები, სსკ-ის 311.1, 312.2, 170.1, 155, 172.2 მუხლები.
7. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7.1. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სადავო ბინები ყოფილი მესაკუთრეების (აპელანტების) თანხმობის გარეშე მალულად შეიძინა;
7.2. დავის განხილვისას სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა თუ ვისგან და რა ფასად შეიძინა მოსარჩელემ სადავო უძრავი ქონება, ასევე თუ რა გზით მოიპოვა მან საკუთრების უფლება და მხოლოდ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ მიეღო საქმეზე გადაწყვეტილება;
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას, ხოლო მოპასუხეებს ბინების ფლობის უფლება არ ჰქონდათ, ანუ ისინი აღნიშნულ ქონებას არამართლზომიერად ფლობდნენ;
8.2. სააპელაციო პალატის განმარტებით, მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება, მათ შორის უფლება მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა {სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი}, მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა ყველა ის წინაპირობა, რომელიც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისათვის იყო საჭირო, კერძოდ: მოსარჩელე იყო ნივთის მესაკუთრე, მოპასუხეები ფლობდნენ უძრავ ნივთს და მოპასუხეთა მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი;
9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, სააპელაციო საჩივარში მითითებული ყველა საფუძვლით (იხ. წინამდებარე განჩინების პ.7).
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ)სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა. სახელდობრ:
14.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
15.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
15.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
15.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ აპელანტები (მოპასუხეები) წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგები #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).
17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ჯ.მ–ის, გ.მ.ის, ლ.მ–სა და ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ჯ.მ–ს, გ.მ–ს, ლ.მ–სა და ნ.მ–ს დაუბრუნდეთ ჯ.მ–ის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადახდო დავალება # 12128587), გადახდის თარიღი: 04.01.2017 სს ,,ლიბერთი ბანკი“), 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი