Facebook Twitter

№აs-1052-1013-2016 28 თებერვალი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.ს. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ი.გ.ს.თ.ს.ს. (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ეთიკის კომიტეტის სხდომის ოქმების ბათილად ცნობა, ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. მ.ს–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, პირველი აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) და სსიპ ი.გ.ს.თ.ს.უ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, უნივერსიტეტი ან დამსაქმებელი) შორის 2013 წლის 31 დეკემბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე დაინიშნა {„საქართველოს შრომის კოდექსის“ შემდეგში: სშკ-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი}.

2. დასაქმებულთან ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე გაფორმდა, ხოლო ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოდ 400 ლარი განესაზღვრა {სშკ-ის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი}.

3. 2013 წლის 8 ოქტომბერს, უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა - თ. ს–მა განცხადებით მიმართა უნივერსიტეტის ეთიკის კომიტეტს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ეთიკის კომიტეტი ან კომიტეტი) და მოითხოვა მოსარჩელის მხრიდან მისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე რეაგირება.

4. ეთიკის კომიტეტის 2013 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე, მოდავე მხარეებმა მიაღწიეს კომპრომისს, და აქედან გამომდინარე, დასაქმებულის მიმართ რაიმე სახის სანქცია არ გამოყენებულა.

5. მოსარჩელის მიმართ მსგავსი სახის პრეტენზია გააჩნდა უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ ლ.ტ–საც. ამ უკანასკნელის საჩივარში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის გამო, 2014 წლის 20 მარტს ეთიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება შუამდგომლობით მიემართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისათვის დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების მოთხოვნით.

6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 24 მარტის #2/238 ბრძანებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანება) მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური.

7. 2014 წლის 30 აპრილს, უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლებმა, მათ შორის პროფესორმა ქ. გ–მაც, რეაგირების მიზნით, ერთობლივი განცხადებით მიმართეს ეთიკის კომიტეტს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მოსარჩელე მათ სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ნორმალური სასწავლო პროცესის წარმართვაში ხელს უშლიდათ.

8. 2014 წლის 1 მაისს ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ამავე კომიტეტის დადგენილების საფუძველზე, № შუამდგომლობით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შუამდგომლობა) მიმართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.

9. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 2 მაისის №.. ბრძანებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გათავისუფლების ან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება), სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის შინაგანაწესის მე-16 მუხლისა და ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსარჩელეს ვადამდე შეუწყდა ხელშეკრულება.

10. 2014 წლის 28 მაისს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა: უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ მისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა; ეთიკის კომიტეტის 2014 წლის 20 მარტის №8 და 30 აპრილის №9 სხდომის ოქმების ბათილად ცნობა; ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარის შუამდგომლობის ბათილად ცნობა; უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული, მოსარჩელესთან შრომითი ერთიერთობის შეწყვეტისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა; სახელფასო განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა.

11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარმოდგენილი შესაგებლით გამორიცხა მოთხოვნა და მიუთითა, რომ მოსარჩელე სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას უნივერსიტეტის პროფესორ-თანამშრომლებს, რითაც არღვევდა ეთიკის წესებს, შესაბამისად, სახეზე იყო შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ყველა წინაპირობა, მით უფრო, რომ მის მიმართ მსგავსი სახის დარღვევაზე უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური სახდელი - საყვედური.

12. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული, მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანება; უნივერსიტეტს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 7 თვისა და 28 დღის ხელფასის (თვეში 400 ლარის გათვალისწინებით) - 3188 ლარის გადახდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 30-ე მუხლი; სშკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები, 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი; სსკ-ის 408-ე, 411-ე პუნქტები და ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პირველმა აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მეორე აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

13.1. პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

13.1.1. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, უარი ეთქვა მოსარჩელისათვის სამსახურში აღდგენაზე, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, ვინაიდან, აღნიშნულით, იგი მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებში ჩაერია, რისი უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა;

13.1.2. ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მოსარჩელის გათავისუფლების უფლება წარმოეშობოდა მოპასუხე მხარეს მას შემდეგ, როდესაც მოსარჩელე აღდგენილი იქნებოდა თანამდებობაზე;

13.2. მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

13.2.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ეთიკის კომიტეტმა 2013 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე მოსარჩელის მიმართ რაიმე სანქცია არ გამოიყენა. მან დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ თ. ს–ის მიმართ ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტი ეთიკის კომიტეტის სხდომის ოქმში აისახა, თუმცა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელის მიმართ რაიმე სახდელი არ გამოყენებულიყო და იგი მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გააფრთხილეს. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებითაც;

13.2.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოებაც, რომ დასაქმებულს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის - ლ.ტ–ის მიმართ ეთიკის ნორმები არ დაურღვევია. ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტი დაადასტურეს როგორც ეთიკის კომიტეტის წევრებმა, ისე ლ.ტ–მაც. სასამართლო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას დაეყრდნო და ამასთან დაკავშირებით მოწმეთა ჩვენებები უსაფუძვლოდ არ გაიზიარა;

13.2.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოსარჩელემ საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების თაობაზე მოპასუხის შესაგებლიდან შეიტყო. სასამართლო ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას არ უნდა დაყრდნობოდა, მას უნდა გაეზიარებინა მოწმის სახით დაკითხული უნივერსიტეტის კადრების განყოფილების უფროსის განმარტება, რომელმაც დაადასტურა, რომ საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანება მოსარჩელეს 2014 წლის 24 მარტს გააცნო და პირადად გადასცა, რაზედაც შეადგინა ოქმიც, თუმცა მოსარჩელემ მას ხელი არ მოაწერა;

13.2.4. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა იმ პირთა ჩვენებები, რომლებმაც დეტალურად აღწერეს, თუ რა სიტყვებით მიმართავდა მოსარჩელე უნივერსიტეტის პროფესორებსა და თანამშრომლებს სტუდენტებისა და სხვა თანამშრომლების თანდასწრებით.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

14.1. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტი დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, შესაბამისად, არ არსებობდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები;

14.2. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტი, გარდა დაზარალებულთა განცხადებების, 28 პირის საჩივრისა და ეთიკის კომიტეტის სხდომის ოქმებისა, დადგინდა უშუალოდ სასამართლო პროცესზე მოწმედ დაკითხულ პირთა ჩვენებებითაც, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელემ ვერ შეძლო;

14.3. პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიმართ დამსაქმებლის მხრიდან გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ჩადენილი დარღვევების ადექვატური იყო;

15. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

15.1. სააპელაციო პალატამ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტიცების ტვირთი და არასწორად დააკისრა მოსარჩელეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობის მტკიცება;

15.2. განმცხადებლების მტკიცება შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებზე დასტურდება მხოლოდ მათ მიერ მიცემული განმარტებებით. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მათ პირადი ინტერესები გააჩნდათ მოსარჩელის მიმართ, რასაც სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია;

15.3. სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ შეაფასა ეთიკის კომიტეტის სხდომაზე ყველა პირის მიერ მიცემული განმარტება, ვინაიდან, მათი უმეტესობის განმარტებით, პირდაპირ არ ირკვეოდა, რომ მოსარჩელემ რაიმე სახის გადაცდომა ჩაიდინა;

15.4. სააპელაციო პალატამ საერთოდ არ შეაფასა 2014 წლის 20 მარტის ეთიკის კომიტეტის სხდომის მიმდინარეობა, რომელიც საქმისათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო;

15.5. გამომდინარე იქიდან, რომ საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანება ყოველგვარი საფუძვლის გარეშეა გამოცემული, გათავისუფლების შესახებ ბრძანებაც მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს;

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ)სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

20. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

20.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, და სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მიანიჭა მათ.

21.1. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

21.2. საკასაციო პალატა აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ სარჩელში და შესაგებელში ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტი სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების, დაზარალებულთა განცხადებებისა და ეთიკის კომიტეტის სხდომის ოქმების საფუძველზე. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საპირისპიროდ, სასამართლოს ვერ წარუდგინა დასაშვები და სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტს და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს გააბათილებდა ან დაადასტურებდა გარემოებას, რომ მოპასუხე მას არასათანადოდ ეპყრობოდა. ამ კუთხით ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ზემოხსენებული მოწმეები თავად მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაიკითხნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, თითოეულმა მოწმემ (მოწმე თ. მ–ის გარდა) ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა მოსარჩელის მიერ ეთიკის ნორმების არაერთგზის დარღვევის ფაქტი, მათ შორის თ.ს–სა და ლ.ტ–ის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები.

21.3. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი ბალანსი შრომის უფლებასა და დამსაქმებლის უფლებას შორის გონივრული სტანდარტიდან უნდა გამომდინარეობდეს. იმ პირობებში, როდესაც დასაქმებული სამსახურიდან ვალდებულების დარღვევის ელემენტზე მითითებით თავისუფლდება, დამსაქმებელი ორგანიზაცია ვალდებულია, დაადასტუროს გარემოებები იმის შესახებ, რომ გათავისუფლებული თანამშრომელი თავს ვალდებულებებს ჯეროვნად ვერ ართმევდა. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, მათ შორის, სშკ-ის 37-ე მუხლის “თ“ ქვეპუნქტით ხელშეკრულების შეწყვეტისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი.

21.4. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა მოსარჩელის მიერ ეთიკის ნორმების არაერთგზის დარღვევის ფაქტი, რაც უნივერსიტეტის აკადემიური წრის წარმომადგენელთა მიმართ არაერთხელ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში გამოიხატა. ამასთან, შეურაცხყოფის ფაქტები ხშირად სტუდენტთა და დამსწრე პირთა თანდასწრებით ხდებოდა, ბუნებრივია, უარყოფითად აისახებოდა სასწავლო დაწესებულების პრესტიჟსა და რეპუტაციაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მომსახურების გამწევ ისეთ საპასუხისმგებლო სეგმენტში, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, სამუშაოს გულისხმიერად, კეთილსინდისიერად და მაღალი ეთიკური სტანდარტით შესრულების ფაქტორს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პალატა დასაქმებულის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასებისას, ითვალისწინებს დარღვევების სიმძიმეს, მათი ჩადენის სიხშირეს (ეთიკის ნორმების არაერთგზის დარღვევა) და მიიჩნევს, რომ დასაქმებულმა ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესით დადგენილი ქცევის სტანდარტების იმგვარი დარღვევა ჩაიდინა, რომელიც მისთვის ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას გამორიცხავდა.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ სამსახურიდან პირის განთავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ "Ultima Ratio"-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებული სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული (იხ. სუსგები: Nას-242-230-2016, 2016 წლის 6 მაისის განჩინება; Nას-602-577-2016, 2016 წლის 2 სექტემბრის განჩინება).

23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და

დაადგინა:

1. მ.ს–ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.ს–ს დაუბრუნდეს მ.ე–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადახდო დავალება # 1), გადახდის თარიღი: 19.12.16 სს ბანკი "რესპუბლიკა“), 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი