3გ-ად-16-კს-03 10 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: მორიგების აქტის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 11 აგვისტოს ა. ც.-მ სარჩელი აღძრა ვ. ს.-ის მიმართ გურჯაანის რაიონის სასამართლოში და სკ-ს 1426-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ხანდაზმულობის ვადის საპატიოდ ცნობა მისი მეუღლის – ა. ს.-ის კუთვნილ ქონებაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა სოფ. ...-ში. ამხანაგური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული შრომის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1982წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით, აწ გარდაცვლილი მეუღლე ა.ს.-ი ცალკე კომლად აღირიცხა და საკომლო წიგნში შეტანილი იქნა ცვლილებები. ა.ს.-ის გარდაცვალების შემდეგ დავა წარმოიშვა სამკვიდრო ქონებაზე მასსა და მის დედამთილის – ვ.ს.-ს შორის, რის გამოც სამკვიდროს მისაღებად მიმართა სანოტარო ბიუროს, მაგრამ უარი ეთქვა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ა.ც.-ის სარჩელი არ ცნო ვ.ს.-მ და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოსარჩელისა და მისი შვილების ამოწერა საკომლო წიგნიდან. მოპასუხის განმარტებით ა.ც.-ის მოთხოვნა ემყარება სოფ. ...-ის გამგეობის 2000წ. 2 აგვისტოს ¹263 ცნობას, რომლის მიხედვით ა.ც.-ის სახელზე ირიცხება 25 კვ.მ ფართი, რაც მოპასუხემ არასწორად მიიჩნია, რადგან ა.ს.-ი ცალკე კომლად აღრიცხული იქნა ფართის გამოყოფის გარეშე.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა.ც.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გარდაცვლილი მეუღლის დანაშთ ქონებაზე მას გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა, ხოლო ვ.ს.-ის შეგებებულ სარჩელს ა.ც.-ის საკომლო წიგნიდან ამოწერის შესახებ უარი ეთქვა, უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.ს.-მ და მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 25 დეკემბრის განჩინებით ვ.ს.-ის სააპელაციო საჩივარი მისი შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში (საკომლო წიგნიდან ამოწერა), განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, ხოლო ვ.ს.-ის სააპელაციო საჩივარი ა.ც.-ის ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შეჩერდა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში ს.-ის სააპელაციო საჩივრის განხილვამდე.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მორიგების აქტი შედგა ვ.ს.-სა და ა.ც.-ს შორის, რომლის მიხედვით ვ.ს.-მ იკისრა ვალდებულება ა.ც.-ისა და ა.ს.-ისათვის სოფ. ...-ში მათ სახელზე რიცხულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში 20 კვ.მ საცხოვრებელი ფართის აშენების შესახებ. აღნიშნული პირობის შესრულების შემდეგ, მორიგების აქტის მიხედვით, მხარეები უარს აცხადებდნენ სასარჩელო მოთხოვნებზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივნისის განჩინებით მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი დამტკიცდა და საქმის წარმოება რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სარჩელის ნაწილში შეწყდა, თანახმად სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტისა.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 4 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ.ს.-მა, რომელიც მორიგებას არ დაეთანხმა იმ მოტივით, რომ მას მორიგების აქტში აღნიშნული პირობის შესასრულებლად თანხები არა აქვს და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 დეკემბრის განჩინებით ვ.ს.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე მასალებთან ერთად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის მორიგება მიღწეულ იქნა გარკვეული დათმობებისა და შეთანხმების საფუძველზე. კერძოდ, ც.-მა უარი განაცხადა სარჩელზე სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენისა და სოფ. ...-ში მდებარე სახლში სამკვიდრო წილის გამოყოფის თაობაზე, ხოლო ს.-მ იკისრა ვალდებულება ც.-ისათვის 20 კვ.მ საცხოვრებელი ფართის აშენების შესახებ. ამდენად, მორიგების პირობებით გარკვეულწილად გათვალისწინებული იქნა ორივე მხარის ინტერესები. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მას მშენებლობის საშუალება არ გააჩნია, სააპელაციო სასამართლოს აზრით, არ წარმოადგენს მხარეთა მორიგების თაობაზე მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველს, რადგან იგი არ შეიცავს გასაჩივრებული განჩინების კრიტიკას უკანონობის თვალსაზრისით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ს.-ის კერძო საჩივარი, უსაფუძვლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივნისისა და 27 დეკემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 4 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, რომლის მიხედვით კერძო საჩივრის ავტორი ვ.ს.-ი კისრულობდა ვალდებულებას, რომ აუშენებდა ა. ც.-სა და ა. ს.-ს სოფ. ...-ში ა. ც.-ის სახელზე რიცხულ საკარმიდამო ნაკვეთში 20 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ ოთახს, თავისი შესასვლელით. მორიგების შედეგად მხარეები უარს აცხადებდნენ თავიანთ მოთხოვნებზე. კერძოდ, მოსარჩელე ა.ც.-ი უარს აცხადებდა სამემკვიდრეო დავის თაობაზე აღძრულ სარჩელზე, ხოლო ვ.ს.-მ უარი თქვა საკომლო წიგნიდან ა.ც.-ის ამოწერის შესახებ შეგებებულ სარჩელზე.
ამდენად, მორიგება შედგა მოდავე ფიზიკურ პირებს – ა.ც.-სა და ვ.ს.-ს შორის და მორიგება არ შემდგარა ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირებს შორის, ამიტომ განსხვავებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლისა, რომლის მიხედვითაც სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული მორიგების კანონიერება, სსკ-ს მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროცესის დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მხარეთა უფლება მორიგებაზე შეუზღუდავი და სასამართლოსათვის სავალდებულოა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა პროცესუალურად ვალდებული იყო დაემტკიცებინა მხარეთა მიერ მიღწეული მორიგების აქტი, მით უფრო, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამ მორიგებაში არაფერია მითითებული, მორიგება კომპრომისულია, მასში გათვალისწინებულია მოდავე მხარეთა ინტერესი და საკასაციო პალატის აზრით, არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მოტივს – ფართის მშენებლობისათვის საჭირო თანხების უქონლობას, საკასაციო პალატა არ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განჩინებების გაუქმების საფუძვლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ს.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივნისისა და 27 დეკემბრის განჩინებები;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.