№330210014467225
საქმე №ას-9-9-2017 01 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ ჯ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ- თ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ-- თ-იამ ( შემდგომში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ-ის“ (შემდგომში: მოპასუხე საზოგადოება) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ,ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე საზოგადოების გენერალური დირექტორის 2014 წლის 14 თებერვლის №02-0015/14 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია - 14 თვის ხელფასი - 6300 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით). სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხპოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
კასატორის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 315 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, აგრეთვე სსსკ-ის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. 2017 წლის 25 იანვარს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა კასატორის სახელით საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. იმავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 დღიანი ვადის 5 დღით გაგრძელება იმ მოტივით, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილ 7-დღიან ვადაში ვერ მოესწრო ხარვეზის შევსება, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომლის გადარიცხვა გარკვეულ პროცედურებთანაა დაკავშირებული.
8. საკასაციო პალატამ 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა კასატორს გაუგრძელდა 3 დღით.
9. 2017 წლის 30 იანვარს კასტორმა კვლავ მომართა საკასაციო პალატას ხარვეზის შესავსებად დადგენილი და გაგრძელებული ვადის დამატებით გაგრძელების შესახებ, იმ მოტივით, რომ დანიშნულ ვადაში ვერ მოხერხდა ხარვეზის შევსება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 315 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აგრეთვე, სსსკ-ის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
12. საკასაციო პალატას 2017 წლის 25 იანვარს შუამდგომლობით მომართა კასატორის წარმომადგენელმა მზია პატარაშვილმა (წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია წერილობითი რწმუნებულით, რომელიც ერთვის შუამდგომლობას) და მოითხოვა 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით იმ მოტივით, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილ 7-დღიან ვადაში ვერ მოესწრო ხარვეზის შევსება, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომლის გადარიცხვა გარკვეულ პროცედურებთანაა დაკავშირებული.
13. 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით დააკმაყოფილა კასატორის შუამდგომლობა და ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა გაგრძელდა 3 დღით.
14.2017 წლის 31 იანვარს კასატორის წარმომადგენელმა კვლავ მომართა საკასაციო სასამართლოს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ იმ მოტივით, რომ დადგენილ ვადაში ვერ მოესწრო ხარვეზის შევსება.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს მის მიერ დანიშნული ვადა მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კასატორს ერთხელ უკვე გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადა, რომლითაც გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობად განესაზღვრა 315 ლარით და კასატორს დაევალა დასაბუთებული საკასაციო საჩივარის წარმოდგენა.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე, შესაბამისად მოდავე მხარეების ინტერესები სამართალწარმოების პროცესში ექვემდებარება დაცულობის თანაბარ სტანდარტს, რაც მოიაზრებს, როგორც გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას ისე, საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურების თავიდან აცილებას.
17. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადის 3-დღით გაგრძელების შემდეგ წარმოდგენილი განმეორებითი შუამდგომლობა ვადის გაგრძელების შესახებ გამოიწვევს სამართალწარმოების პროცესის უსაფუძვლო გაჭიანურებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კერძო სამართლის იურიდიულ პირს/კასატორს დაკისრებული აქვს კომპენსაციის გადახდა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის სასარგებლოდ. იმავდროულად, ყურდსაღებია, რომ კასატორის მიერ დადგენილი ხარვეზი არ არის აღმოფხვრილი არამხოლოდ სახელმწიფო ბაჟის, არამედ დასაბუთებული საკასაციო საჩივრის (პრეტენზიის) წარმოდგენის ნაწილშიც.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
19. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომიდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ--ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ჯ--ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი