Facebook Twitter

№010290116700025498

საქმე №ას-21-19-2017 17 თებერვალი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – სს „ს--ი“; შპს „პ--ს ე-ორი“

მოწინააღმდეგე მხარე - „აგ-“ (A-.)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – აღსრულების შეჩერების თაობაზე მიღებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სს „ს-ისა“ (შემდეგში: კერძო საჩივრის ავტორი ან ბანკი) და შპს „პ-ს ე-ორის“ (შემდეგში: კერძო საჩივრის ავტორი) განცხადება მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „დ-ი „ც-ის“ 2016 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით, რომლითაც საარბიტაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „რუსთავის აზოტსა“ (შემდეგში: საარბიტრაჟო მოპასუხე) და A-.-ს (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე), ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 170 000 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა 168 559,64 აშშ დოლარი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი – 1 440,36 აშშ დოლარი) და საარბიტრაჟო მოსაკრებლის – 35 000 ლარის გადახდა. აგრეთვე დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორების საარბიტრაჟო სარჩელი საარბიტრაჟო მოპასუხის და მოწინააღმდეგე მხარის მიმართ და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 1 093 453.08 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა) გადახდა.

2. 2016 წლის 01 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, ასევე მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დროებით შეჩერება განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. განმცხადებელმა მიიჩნია, რომ თუ არ მოხდებოდა აღსრულების შეჩერება მოწინააღმდეგე მხარეს მიადგებოდა გამოუსწორებელი ზიანი, ვინაიდან წილის რეალიზაცია წარმოადგენდა ბანკის მართლსაწინააღმდეგო სქემის ნაწილს, რომლის საფუძველზეც გასხვისდებოდა მოწინააღმდეგე მხარის ქონება აუქციონის გზით და წილის რეალიზაციით ყოველგვარი კავშირი გაწყდებოდა მოწინააღმდეგე მხარესა და საარბიტრაჟო მოპასუხეს და მის ქონებას შორის, რომლის რეალიზაცია მოხდა მოჩვენებითი (თვალთმაქცური) გარიგებების მეშვეობით.

4. განმცხადებლის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 06.12.2016წ. ასევე წარდგენილი იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 19 162.37 აშშ დოლარის ეკვივალენტი 49 051.83 ლარის განთავსების დამადასტურებელი მტკიცებულების დედანი. განმცხადებლის გაანგარიშებით აღნიშნული თანხა წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწინაარმდეგე მხარის განცხადების ორთვიანი განხილვის ვადის განმავლობაში, აღსრულების დაყოვნებით ბანკისა და კერძო საჩივრის ავტორისათვის შესაძლო მიყენებული ზიანის ოდენობას.

5. სააპელაციო პალატამ განიხილა შუმდგომლობა აღსრულების შეჩერების შესახებ და მიიჩნია, რომ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინების შეჩერების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 35612, 35613, 424.1, 432-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები.

6. სსსკ-ის 432-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების განახლების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს. დასახელებული ნორმით გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკმაყოფილებს მოთხოვნას, თუ გადაწყვეტილების აღსრულების შეუჩერებლობით შეილახება მხარის პატივსადები ინტერესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს ეტყვის მოთხოვნას დაკმაყოფილებაზე. ამავე ნორმით დადგენილია ისიც, რომ აღსრულების შეჩერების მომთხოვნმა პირმა შუამდგომლობა შესაბამისი გარანტიის წარდგენით უნდა გაამყაროს, რითაც დაცული იქნება იმ მხარის ინტერესი, რომლის სასარგებლოდაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.

7. შესაბამისად, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო ერთჯერადად დროებით შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტური გარემოების არსებობას და წარმოადგენს შესაბამის გარანტიებს, რაც სასამართლოს შეფასებით საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოხსენებულ ღონისძიების გამოყენებას.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარედგინა სასამართლოს.

9. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ იმ გარემოებებზე, რომელსაც ეფუძნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება:

10. 1) მხარეები არ იყვნენ შეთანხმებულნი საარბიტრაჟო წარმოებაზე/გ. შეყრილაძე იყო და არის C კლასის დირექტორი და მას არ გააჩნდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

11. 2) მოწინააღმდეგე მხარეს არ ჩაბარებია საარბიტრაჟო წარმოების საქმის მასალები, რითაც უკანონოდ შეეზღუდა უფლებებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. მართალია, საქმის მასალები გაგზავნილ იქნა ლუქსემბურგში, მაგრამ არა რეგისტრირებულ, არამედ სხვა არასწორ მისამართზე და ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს (გ--ი), რომელიც სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომენტში აღარ იყო კომპანიის დირექტორი ან სხვაგვარად დაკავშირებული პირი.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის №2ბ/5357 განჩინების აღსრულება (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დ-–ი ც-ის“ 2016 წლის 05 ოქტომბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ) მოწინააღმდეგე მხარის მიმართ აღსრულების ნაწილში, მოწინააღმდეგე მხარეს მიმართ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

13. კერძო საჩივრის ავტორები განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას თან არ ახლავს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა განმცხადებლის მიერ მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს და იმას, რომ მხარეები არ იყვნენ შეთანხმებულნი საარბიტრაჟო წარმოებაზე. მხარის მიერ არ არის შეცილებული საკრედიტო ხელშეკრულებები, მათ შორის მოწინააღმდეგე მხარის სახელით ხელისმომწერ პირთა უფლებამოსილებები, დათქმა, საარბიტრაჟო განხილვის უფლებამოსილების შესახებ ნამდვილია და არ არსებობს მისი ეჭვქვეშ დაყენების ან უკანონოდ მიჩნევის რაიმე ლეგიტიმური საფუძველი. რიგ შემადგენელ საკრედიტო ხელშეკრულებებს მოწინააღმდეგე მხარის სახელით ხელს აწერს კომპანიის ერთ–ერთი დირექტორი და შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი – გ. შეყრილაძე (რომელიც ამავდროულად, ამავე გარიგების შესაბამისად წარმოადგენდა კომპანიის მხრიდან საკონტრაქტო პირს). საქმეში წარმოდგენილია მოცემული პირის განცხადება, რომლის შესაბამისად, კომპანია ადასტურებდა თანხმობას, საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავა განსახილველად გადაცემოდა დასახელებულ მუდმივმოქმედ არბიტრაჟს. გარდა სახელშეკრულებო დათქმისა, სახეზეა კომპანიის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული და შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის თანხმობა, საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავა განსახილველად გადასცემოდა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ – შპს „დ–ი „ც-ს“. ამდენად, პრეტენზია მასზედ, რომ მხარეები არ იყვნენ შეთანხმებულნი საარბიტრაჟო წარმოებაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს სააპელაციო სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საარბიტრაჟო თუ სააპელაციო წარმოების სტადიაზე მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუყენებია ეჭვქვეშ არბიტრაჟის უფლებამოსილება და კომპეტენცია.

14. კერძო საჩივრის ავტორები არც საარბიტრაჟო წარმოების საქმის მასალების მიუღებლობის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებას იზიარებენ და განმარტავენ, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს და ასევე წარმოადგენს სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობას, კერძოდ: ა) გ. შეყრილაძე წარმოადგენდა და დღემდე წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარე კომპანიის ერთ–ერთ დირექტორს, რომელიც გარდა იმ გარემოებისა, რომ კომპანიის სახელით აწერს ხელს ბანკთან გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებებს, ამავდროულად, ამავე გარიგებების შესაბამისად, წარმოადგენდა კომპანიის მხრიდან გამოყოფილ საკონტრაქტო პირს. საარბიტრაჟო წარმოების პროცესში, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მხრიდან, კანონით დადგენილი წესით, მას ჩაბარდა როგორც საარბიტრაჟო გზავნილი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ასევე უწყება საარიტრაჟო განხილვის სხდომის თარიღის შესახებ. ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცესში, გიორგი შეყრილაძეს 2–ჯერ ჩაბარდა შესაბამისი გზავნილი და მიეცა ვადა მოსაზრებების წარსადგენად. რაც შეეხება კომპანიის მისამართს, საკრედიტო ხელშეკრულებებში კომპანიის იურიდიულ მისამართად მითითებულია „ლუქსემბურგი 5, მონტერეის გამზირი, სახლი/კორპუსი ნომერი L–2163“. საკორესპოდენციო/ფაქტობრივ მისამართად – „5, მონტერეის გამზირი, L–2163., ლუქსემბურგი“.

15. სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცესში, სააპელაციო გზავნილი ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი იქნა ფაქტობრივ მისამართზე (L--, 5 avenue Monterey), რომელიც ჩაბარებული იქნა გ--ის მიერ. წარმოადგენდა თუ არა, იმ პერიოდისათვის ვ-ია გ-ი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელს (დირექტორს), აღნიშნული ვერ იქნებოდა სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანი, ვინაიდან როგორც აღნიშნა, არსებითია ის გარემოება, რომ გზავნილი და ჩაბარებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებებში მითითებულ კომპანიის ფაქტობრივ/საკორესპოდენციო მისამართზე.

16. გამომდინარე იქიდან, რომ კერძო საჩივრის ავტორები სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადებას, აღსრულების შეუჩერებლობით მიყენებულ მოსალოდნელ ზიანზე მითითებაც სრულიად უსაფუძვლოდ მიაჩნიათ და აღნიშნავენ, რომ სასამართლოში დავა შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, ხოლო დეპოზიტზე განთავსებული თანხა მოსალოდნელი ზიანის პროპორციული არა არის. .

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა და შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინების აღსრულება, რომლითაც განხორციელდა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „დ-–ი „ც-ის“ 2016 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება. აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით საარბიტაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა და საარბიტრაჟო მოპასუხესა და მოწინააღმდეგე მხარეს, ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 170 000 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა 168 559,64 აშშ დოლარი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი – 1 440,36 აშშ დოლარი) და საარბიტრაჟო მოსაკრებლის – 35 000 ლარის გადახდა. აგრეთვე დაკმაყოფილდა საარბიტრაჟო სარჩელი და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 1 093 453.08 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა) გადახდა.

20. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე მიღებული ამავე სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის პრეტენზია ძირითიდად იმ მოსაზრებითაა გამყარებული, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ წარდგენილი განცხადება არ შეიცავს დასაბუთებულ და არგუმენტირებულ მითითებას მასზე თუ რატომ უნდა გაუქმდეს კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინება (იხ., წინამდებარე განჩინების პპ: 9-15).

21. განსახილველი კერძო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მისი მოტივები წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე მხარის შეპასუხებას (იხ., წინამდებარე განჩინების პპ: 9-15), რომლის განხილვა აღსრულების შეჩერების ეტაპზე არ ხდება. საქმის განხილვის ამ ეტაპზე არც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების პერსპექტიულობის შეფასება ხდება.

22. რაც შეეხება იმაზე აპელირებას, რომ დეპოზიტზე განთავსებული თანხა არ უზრუნველყოფს მხარისათვის მოსალოდნელი ზიანის გარანტიას, ვერ იქნება გაზიარებული. სსსკ-ის 432-ე მუხლის მიხედვით, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ განმცხადებლის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსდა 19 162.37 აშშ დოლარის ეკვივალენტი 49 051.83 ლარი, რომელიც საქმის წარმოების ამ ეტაპზე შესაძლოა მიჩნეული იქნეს შესაძლო, სავარაუდო ზიანის ანაზღაურების გარანტიად.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს--ისა“ და შპს „პ-ს ე-ორის“

კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე