№020211416700016620
საქმე №ას-1038-999-2016 01 თებერვალი , 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,D--”(დ--ი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საბანკო გარანტიის თანხის - 15600 ლარის დაკისრებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საბანკო გარანტიის თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2014 წლის 28 მარტს შპს ,,D--”-სა (შემდეგში: მოსარჩელე) და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდეგში: მოპასუხე) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №02-02/37 ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისათვის მიეყიდა 80 ერთეული მრავალფუნქციური მოტობლოკი ნიადაგის დამამუშავებელი აგრეგატებითა და სათიბელით. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 312 000 ლარი.
2. მოსარჩელემ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მოპასუხეს წარუდგინა სს ,,ლიბერთი ბანკის” (შემდეგში: ბანკი) 15 600 ლარის გარანტია {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 879-ე, 880-ე 881-ე მუხლები }.
3 ხელშეკრულება მიწოდების ვადების დარღვევისათვის შეიცავდა შეთანხმებას პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ი, რაც შეადგენდა დღეში 624 ლარს {სსკ-ის 416-ე, 417-ე მუხლები) .
4. ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვრა 50 კალენდარული დღე. ხელშეკრულების შესრულების ბოლო დღე იყო 2014 წლის 17 მაისი.
5. მოსარჩელემ მრავალფუნქციური მოტობლოკი ნიადაგის დამამუშავებელი აგრეგატებითა და სათიბელით, მოპასუხეს მიაწოდა 2014 წლის 20 მაისს, მაგრამ მოტობლოკებს არ ახლდა მარაგნაწილები - 240 ერთეული ფრეზის დანა, რის გამოც, მოპასუხემ მიწოდებული საქონელი არ მიიღო.
6 . მოსარჩელემ ხელშეკრულება სრულყოფილად შეასრულა 2014 წლის 30 მაისს.
7. მოპასუხემ ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, მოსარჩელეს მოსთხოვა 7488 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა. მოთხოვნილი თანხა მოსარჩელემ სრულად გადაიხადა 2014 წლის 7 ივნისს.
8. მოპასუხემ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ბანკს მოსთხოვა საბანკო გარანტიის თანხის გადარიცხვა.
9. ბანკმა მოპასუხეს გადაურიცხა საბანკო გარანტიის თანხა 15 600 ლარი.
10. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 15 600 ლარის დაკისრება {სსკ-ის 976.1.„ა“ მუხლი}.
11. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესრულების ვადად განისაზღვრა 50 კალენდარული დღე. ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო საბანკო გარანტიით. მიწოდების ვადების დარღვევისათვის ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს. მოსარჩელემ ვალდებულება სრულად შეასრულა 10 დღის დაგვიანებით, რის გამოც, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, გადაიხადა პირგასამტეხლო. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ ბანკისაგან მოითხოვა წარდგენილი საბანკო გარანტიის 15 600 ლარის გადახდაც. ბანკმა მოპასუხეს გადაუხადა 15 600 ლარი. ამ თანხით მოპასუხე გამდიდრდა უსაფუძვლოდ, რაც უნდა დაუბრუნოს მოსარჩელეს.
12. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შედავება და განმარტა, რომ პირგასამტეხლო 7488 ლარის ოდენობით მოსარჩელემ გადაიხადა ვადის დარღვევის გამო. გარდა ვადის დარღვევისა, მოსარჩელემ დაარღვია სხვა პირობებიც კერძოდ, მიაწოდა ნაკლიანი ნივთი. ეს ხარვეზი მოსარჩელემ გამოსწორა 2014 წლის 29 მაისს, რის შემდეგაც მოპასუხემ შესრულება მიიღო. ხელშეკრულების 12.2 პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდენ, რომ ხელშეკრულების ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა უპირობოდ გადაეცემოდა შემსყიდველს. იმის გამო, რომ მოპასუხემ დაარღვია როგორც მიწოდების ვადები, ასევე მიაწოდა ნაკლიანი ნივთი, გაუჩნდა ვალდებულება გადაეხადა, როგორც პირგასამტეხლო (ვადის დარღვევისათვის), ისე საბანკო გარანტია (ნაკლიანი ნივთის მიწოდებისათვის). შესაბამისად, ბანკმა ეს თანხა მოპასუხეს გადაურიცხა საფუძვლიანად.
13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15600 ლარის გადახდა.
14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
16. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა წინამდებარე განჩინების პპ: 1-9. ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენებოდა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. აღნიშნულ გარანტიას შემსყიდველი გამოიყენებდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პორობების დარღვევის, შეუსრულებლობის ან/და არასრულად შესრულების შემთხვევაში. მიმწოდებლის მიერ, წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული საგარანტიო თანხა უპირობოდ გადაეცემა შემსყიდველს. აღნიშნული თანხის ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს შეტყობინების მიღებიდან 5 საბანკო დღის ვადაში, შეტყობინებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე და მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადასახადო დავალების დედანი ან ბანკის მიერ დამოწმებული ასლი).
17. სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით გამოიყენა სსკ-ის 477-ე მუხლი და მხარეთა შორის არსებული სამართლებრივ ურთიერთობას მიანიჭა ნასყიდობის სამართლებრივი კვალიფიკაცია. იმავდროულად, აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოსარჩელემ სრულად შეასრულა, თუმცა ვადის გადაცილებით, რისთვისაც 2014 წლის 7 ივნისს გადაიხადა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ამ დროიდან სკ-ის 427-ე მუხლის შესაბამისად, მათ შორის, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყვეტილია.
18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ მხოლოდ მიწოდების ვადა დაარღვია, რისთვისაც გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, რაც 7488 ლარის ოდენობით გადაიხადა, დამატებით ხელშეკრულების 12.1-12.2 პუნქტებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის 15600 ლარის გადახდა ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს და იწვევს მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სსსკ-ის 879-ე, 880-ე, 881-ე მუხლების თანახმად, საბანკო გარანტია წარმოადგენს გარანტიის გამცემის გამოუთხოვად ვალდებულებას, გადაიხადოს საგარანტიო თანხა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას, დამოუკიდებელი ვალდებულებაა და მისი პირობების თანახმად, გარანტიის გამცემი ვალდებულია, გადაიხადოს თანხა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. საბანკო გარანტიის, როგორც ძირითადი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების მიზანია, დაიცვას ბენეფიციარი იმ რისკისაგან, რომელიც დაკავშირებულია ვალდებულების არაჯეროვან ან საერთოდ შეუსრულებლობასთან. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო გარანტია გამოუთხოვად ვალდებულებას წარმოადგენს და გარანტორს ეკისრება ბენეფიციარის წინაშე მისი შესრულების ვალდებულება, თუკი ბენეფიციარის დაკმაყოფილების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა შესრულდა (პრინციპალმა დააკმაყოფილა ბენეფიციარის მოთხოვნა), შეწყდა სხვა საფუძვლით, ან ბათილია, წარმოიშობა ვითარება, როდესაც ბენეფიციარი საბანკო გარანტიიდან იღებს დაკმაყოფილებას ისე, რომ საერთოდ არ გააჩნია ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. საბანკო გარანტიის არააქქცესორული ხასიათი არ ნიშნავს იმას, რომ ბენეფიციარი უფლებამოსილია დაიტოვოს მსგავსი შესრულება. ასეთ შემთხვევაში დგება უსაფუძვლოდ გადახდილის უკან დაბრუნების საკითხი, რომლის მოთხოვნის უფლებაც პრინციპალს გააჩნია სკ-ის 976 „ა“ მუხლის საფუძველზე.
19. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.
20. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას საბანკო გარანტიის გადახდის მოთხოვნის საფუძველთან დაკავშირებით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მხარეთა შორის 2014 წლის 28 მარტს დადებული ხელშეკრულებასა და წარმოდგენილი საბანკო გარანტიის პირობებზე, რომელთა მიხედვითაც მოწოდების ვადის დარღვევისთვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე, ხოლო მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის, შეუსრულებლობის ან/და არასრულად შესრულების შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა საბანკო გარანტია. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში საგარანტიო თანხა უპირობოდ გადაეცემოდა შემსყიდველს. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების ნებისმიერი დარღვევის ფაქტი წარმოშობს საგარანტიო შემთხვევას, რაც გარანტიის გამოყენების საფუძველია და სხვა დათქმა ან/და პირობა საგარანტიო შემთხვევებისა და საგარანტიო თანხის ანაზღაურების შესახებ აღნიშნულ გარანტიაში არ ყოფილა. ის, თუ როდის არის გარანტი ვალდებული უზრუნველყოს ბენეფიციარზე გარანტიის თანხის გადახდა დამოკიდებულია საბანკო გარანტიის პირობებზე, ამიტომ საგარანტიო თანხის გადახდისას უნდა ვიხელმძღვანელოთ უშუალოდ საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულებით და არა იმ ძირითადი ვალდებულებით, რის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია, ეს კი არ გამხდარა სასამართლოს მსჯელობის საგანი. კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა საბანკო გარანტია უსაფუძვლო გამდიდრებად, ვინაიდან არ არსებობს საბანკო გარანტიის შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულების უსაფუძვლო გამდიდრებად ცნობის საფუძვლები. უსაფუძვლო გამდიდრებისთვის აუცილებელია სარგებლის მიღების იურიდიულად ნამდვილი საფუძვლის არ არსებობა და ამავდროულად, პირი სარგებლის სახით უნდა იღებდეს იმ სიკეთეს, რომელიც სხვას ეკუთვნის. კონკრეტულ შემთხვევაში საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდა მოხდა შესაბამისი იურიდიული საფუძვლით, რაც გამორიცხავს მისი უკან დაბრუნების ვალდებულებას.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 28 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც კასატორს სადავოდ არ გაუხდია:
23.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისათვის მიეყიდა 80 ერთეული მრავალფუნქციური მოტობლოკი ნიადაგის დამამუშავებელი აგრეგატებითა და სათიბელით.
23.2. მოსარჩელემ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მოპასუხეს წარუდგინა ბანკის მიერ გაცემული 15 600 ლარის გარანტია.
24.3 ხელშეკრულება მიწოდების ვადების დარღვევისათვის შეიცავდა შეთანხმებას პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ი, რაც შეადგენდა დღეში 624 ლარს.
25.6 . მოსარჩელემ ხელშეკრულება სრულყოფილად შეასრულა 2014 წლის 30 მაისს.
25.7. მოპასუხემ ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, მოსარჩელეს მოსთხოვა 7488 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა. მოთხოვნილი თანხა მოსარჩელემ სრულად გადაიხადა 2014 წლის 7 ივნისს.
25.8. მოპასუხემ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ბანკს მოსთხოვა საბანკო გარანტიის თანხის გადარიცხვა. ბანკმა მოპასუხეს გადაურიცხა საბანკო გარანტიის თანხა 15 600 ლარი.
26. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის იხელმძღვანელა სსკ-ის 976-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელემ მხოლოდ მიწოდების ვადა დაარღვია, რისთვისაც გადაიხადა პირგასამტეხლო 7488 ლარი, ამით მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა და საბანკო გარანტიის თანხის მიღებით მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. სწორედ აღნიშნულ სამართლებრივ შეფასებას ხდის კასატორი სადავოდ და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს შეფასება ეწინააღმდეგება საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნებას და მის ფუნქციონალურ დანიშნულებას სახელშეკრულებო ურთიერთობებში.
27. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, კასატორმა წარმოადგინა სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გამოიხატა სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 976-ე მუხლის არასწორ გამოყენებასა და განმარტებაში.
28.საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს ზოგადად საბანკო გარანტიის სამართლებრივ ბუნებაზეც და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება.
საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია. (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბანკო გარანტიის თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები, საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის, შესაბამისად, დამატებით ამ საკითხზე იხილეთ: MüKo HGB/ Welter, Zahlungsverkehr, Rn.3; Sorgel/Heuser Vorb. zu §765-778 BGB, Rn.64; MüKo BGB, Habersack Vorb. zu §765-778 BGB, Rn.20; BGH WM 1999, 73; Graf von Westphalen/Jud/Westphalen, Die Bankgarantie im internacionalen Handelsverkehr, S.166; Staudinger/ Horn Vorb. zu zu §765-778 BGB, Rn.320; Goode, Guide to the ICC Uniform Rules for Demand Guarantees, S.55).
საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი” (იხ. სუსგ 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-562-871-09).
საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გარანტის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გარანტს წარუდგენს მოთხოვნას ფულადი თანხის გადახდის შესახებ. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა. მოთხოვნის წარდგენის ფორმალური წინაპირობების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება „პირველივე მოთხოვნისთანავე გადახდის გარანტიის“ დროს ექცევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება გააჩნია, რისი კომპენსირებაც სწორედ ამ ფორმალურ პროცედურაზე აქცენტის გადატანით ხდება.
სამოქალაქო კოდექსის 885.I მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტს წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს. საბანკო გარანტიის ჯეროვანი მოთხოვნისათვის აუცილებელი წინაპირობაა იმის დადგენაც, რომ, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარდგენა უფლებამოსილი პირის მიერ ხდება. სწორედ ამას ემსახურება წერილობითი ფორმა. იგი მიზანდ ისახავს ბანკის დარწმუნებას, რომ მოთხოვნის წარმდგენი ნამდვილად ბენეფიციარია. ბენეფიციარის მოთხოვნას თან უნდა დაერთოს გარანტიაში მითითებული დოკუმენტები. როგორც წესი, გარანტს ეს დოკუმეტები ორიგინალში უნდა წარედგინოს. ასლების წარდგენა არ არის საკმარისი. გარდა ამისა, მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ასევე ის, თუ რაში გამოიხატა ეს დარღვევა. იმის მტკიცება, ნამდვილად წარმოეშვა თუ არა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებიდან მოთხოვნა პრინციპალის მიმართ, ბენეფიციარს არ ეკისრება.
როგორც წესი, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განსაზღვრა კონკრეტული თარიღის მითითებით ხდება. ვადის მიზანია ბენეფიციარის მოთხოვნის განხორციელების დროში შეზღუდვა. ბენეფიციარს გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ მაშინ ჩაეთვლება დროულად, თუკი გარანტს მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით გარანტიაში მითითებული ვადის გასვლამდე წარედგინება (სსკ-ის 885.III მუხლი). ვადის გაშვების რისკი ბენეფიციარს ეკისრება. თუკი მოთხოვნა დროულად იქნა წარდგენილი, მაგრამ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ბენეფიციარი უფლებამოსილია გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე ჯეროვანი წესით ხელახლა წარადგინოს მოთხოვნა და მოითხოვოს დაკმაყოფილება.
ბენეფიციარის მოთხოვნა არ გულისხმობს იმას, რომ გარანტმა ყველა შემთხვევაში, უპირობოდ უნდა დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. ბენეფიციარის მოთხოვნის მიღებისთანავე, გარანტი ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრინციპალს და გადასცეს მას მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ.
დაუყოვნებელ შეტყობინებაში იგულიხმება შეტყობინება „ბრალეული გაჭიანურების გარეშე“ და იგი, როგორც წესი, მომდევნო საბანკო სამუშაო დღეა. ამ რეგულირებას ის გარემოება უდევს საფუძვლად, რომ საბანკო გარანტია სხვისი, კერძოდ, პრინციპალის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გაიცემა. გარანტი პრინციპალის ვალდებულებას ასრულებს ბენეფიციარის მიმართ და შემდეგ ამ უკანსკნელის მიმართ რეგრესული წესით ითხოვს იმ თანხის გადახდას, რომელიც მან გადაუხადა ბენეფიციარს.
სსკ-ის 887.I მუხლის თანხმად, გარანტი უფლებამოსილია (და ვალდებულიც) შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკ-ის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სსკ-ის 885-ე მუხლი ავსებს სსკ-ის 887.I მუხლის დანაწესს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის შესახებ“ (იხ. სუსგ 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-781-996-08). თუ შემოწმების შედეგად გარანტი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ან ისინი გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტს უფლება არა აქვს სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტმა უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს. გარანტის უარი არ ნიშნავს, რომ გარანტის ვალდებულება წყდება. ბენეფიციარს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საბანკო გრანტიის მოქმედების დარჩენილი დროის განმავლობაში ხელმეორედ წარადგინოს მოთხოვნა გარანტის მიმართ და მოსთხოვოს მას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.
თუკი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისთვის ცნობილი გახდა, რომ პრინციპალმა განახორციელა ბენეფიციარის დაკმაყოფილება, ე.ი. ძირითადი ვალდებულება შესრულდა, შეწყდა რაიმე სხვა საფუძვლით, ან ბათილია სსკ-ის 887.II მუხლის შესაბამისად, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. მხოლოდ ამგვარი შეტყობინება არ წარმოადგენს ვალდებულებისგან გარანტის გათავისუფლების საფუძველს. თუ ბენეფიციარის მოთხოვნა განმეორდა, მაშინ საბანკო გარანტიის არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, გარანტი ვალდებულია დააკმაყოფილოს ბენეფიციარის მოთხოვნა. გარანტის შეტყობინება უზრუნველყოფს იმას რომ, გარანტი არ ჩაითვლება ვადის გადამცილებლად ბენეფიციარის წინაშე, ვიდრე იგი ბენეფიციარისგან არ მიიღებს ხელმეორე მოთხოვნას და მისი განხილვის გონივრული ვადა არ ამოიწურება. გარანტს რეგრესული ანაზღაურების უფლება არ წარმოეშობა მაშინ, თუკი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურება გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ განახორციელა.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით _ არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება _ ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობას ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), განაპირობებს მისი არააქცესორული ბუნება. თავად საბანკო გარანტია წარმოადგენს დამოუკიდებელ ვალდებულებას [სსკ-ის ის 881-ე მუხლი}. პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.(იხ., სუსგ Nას-749-709-2015 , 25 სექტემბერი, 2015 წელი),
30. განსახილველ საქმეში, გარანტი ბენეფიციარის წინაშე კისრულობდა უპირობო ვალდებულებას „მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე 5 საბანკო დღის განმავლობაში გადაეხადა გარანტიით გათვალისწინებული თანხა 15 600 ლარი. ამასთან, ნებისმიერი მოთხოვნის წარდგენის ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2015 წლის 03 მარტისა“. აღსანიშნავია, რომ საბანკო გარანტია რაიმე დათქმას პირგასამტეხლოს ჩათვლის ან გაქვითვის შესახებ არ ითვალისწინებდა.
31. ამდენად, დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, მოსარჩელეს მოსთხოვა 7488 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა, რომელიც მოსარჩელემ სრულად გადაიხადა 2014 წლის 7 ივნისს, ხოლო ხელშეკრულების პირობის ერთი და იგივე დარღვევის ფარგლებში თანხის მიღებით, წარმოიშვა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სარჩელში დავის ფაქტობრივი გარემოება), ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, რადგან, გარანტი ბენეფიციარის წინაშე კისრულობდა უპირობო ვალდებულებას „ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღების მომენტიდან ხუთი საბანკო დღის ვადაში გადაეხადა გარანტიით გათვალისწინებული თანხა“. დადგენილია, რომ ბენეფიციარმა გარანტიის მოქმედების ვადაში წარუდგინა გარანტს წერილობითი მოთხოვნა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დარღვევის გამო და მოითხოვა საგარანტიო თანხის ანაზღაურება, რითაც შეასრულა გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულება [სსკ-ის 885-ე მუხლის პირველი ნაწილი]. ამდენად, მოცემულ საქმეში სახეზეა საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულების განმაპირობებელი ყველა წანამძღვარი:
ა) საბანკო გარანტიის ხელშეკრულების არსებობა, რომლითაც ბანკი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულებას პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
ბ) პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც საკმარი საფუძველია საბანკო გარანტიის ამოქმედებისათვის;
გ) საბანკო გარანტიით დადგენილ ვადაში ბენეფიციარის მოთხოვნის წარდგენა გარანტორისათვის.
32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რაც შეეხება პირგასამტეხლოს ანაზღაურებას პრინციპალის მიერ, აღნიშნული არ წარმოადგენს საბანკო გარანტიის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარისთქმის საფუძველს, რადგან ამგვარ შეთანხმებას გარანტია არ ითვალისწინებდა და იგი არც საბანკო გარანტიის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარეობს.
33. სსკ-ის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ამავე კოდექსის 976–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; სსკ-ის 991-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
34. მოხმობილ ნორმათა სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, კონდიქციური სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა დადგინდეს: არსებობდა თუ არა შესრულების მიღების საფუძველი.
35. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მიმწოდებლის ვალდებულებები უზრუნველყოფილი იყო საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით. სსკ-ის 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. სსკ-ი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სპეციფიკურ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ძირითადი ვალდებულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. ამდენად, მოსარჩელის მითითება მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებისა და მისი მხრიდან 15600 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე, მოკლებულია ვარგის სამართლებრივ საფუძვველს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
36. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველია.
37. სსსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
38. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.
39. სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
40. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო კასატორი (მოპასუხე). აღნიშნული თანხა შეადგენს სააპელაციო და საკასაციო საჩივრის ღირებულების ( 15 600 ლარი) 4% -სა და 5%-ს - 1404 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,D----” -ის („დ-ი“) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს ,,D---”-ს („დ--ი“) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 1404 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე