№060210016001302826
საქმე №ას-1099-1056-2016 01 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ-- ვ-ე (მოსარჩელე,აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს--ა“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, ტოლფას სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა- განყოფილების უფროსის 1991 წლის 12 მარტის №74 ბრძანებით, დ- ვ-ე (შემდეგში: მოსარჩელე) მიღებული იქნა სადგურ კოპიტნარის მორიგედ; 2013 ნოემბრიდან-2014 წლის 13 მარტის ჩათვლით, დროებით დაინიშნა სს,,ს-ის“ (შემდეგში: მოპასუხე საზოგადოება) ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ სატვირთო გადაზიდვების რის სადგურ ს-იის უფროსის თანაშემწის თანამდებობაზე; 2014 წლის 14 მარტიდან, შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა, ხოლო ყოველთვიური სარგო განისაზღვრა 1000 ლარი.
2. მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ დირექტორის, მიერ 2014 წლის 15 აპრილს, მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალში“ მართვის სისტემების გაუმჯობესების მიზნით, გამოცემულ იქნა №400 ბრძანება, რომლის თანახმად, მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ”სატვირთო გადაზიდვების ფილიალში”, 2014 წლის 15 აპრილიდან გამოცხადდა რეორგანიზაცია და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს დაევალათ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სტრუქტურული ცვლილებების პროექტის (დაქვემდებარებული დეპარტამენტების სტრუქტურა და შესაბამისი საშტატო განრიგი) შემუშავება და მოპასუხე საზოგადოების დირექტორთა საბჭოზე განსახილველად წარდგენა.
3. მოპასუხე საზოგადოების დირექტორთა საბჭოს მიერ, 2014 წლის 08 ოქტომბერს გამოცემულ იქნა №26/53 დადგენილება მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სადგურ ს----ის გაუქმება და სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საშტატო განრიგებში ცვლილების შეტანა დანართი №1 შესაბამისად. ამავე დადგენილებით, ეკონომიკურ დეპარტამენტს დაევალა მოპასუხე საზოგადოების 2014 წლის ბიზნეს-გეგმის კორექტირება, ხოლო ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის ადამიანთა მართვისა და განვითარების სამსახურს - შესაბამისი ბრძანებების მომზადება.
4. მოპასუხე საზოგადოების დირექტორთა საბჭოს 2014 წლის 08 ოქტომბრის №26/53 დადგენილების საფუძველზე, მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ დირექტორის, მიერ, 2014 წლის 17 ოქტომბერს გამოცემული იქნა №1176 ბრძანება, რომლითაც, გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სადგური ს--ი და შეტანილ იქნა ცვლილებები სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში წარმოდგენილი დანართი №1 შესაბამისად, კერძოდ: სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის საშტატო განრიგიდან სადგურ ბ---ში, სადგურ ს---იაში, სადგურ გ-–ი, სადგურ თბილისის სატვირთოში, სადგურ თბილისის მახარისხებელში, სადგურ თბილისის საკვანძოში, სადგურ რ---სა და სადგურ გ--ში ამოღებულ იქნა სადგურის უფროსის თანაშემწის 7 საშტატო ერთეული, მათ შორის, ს--იის სადგურის უფროსის თანაშემწის საშტატო ერთეული, რომელზედაც დასაქმებული იყო მოსარჩელე.
5. მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ დირექტორის მ/შ მიერ, 2014 წლის 23 ოქტომბერს გამოცემულ იქნა №2490 ბრძანება მოსარჩელის მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის სადგური ბ--ის სადგურ ჩ--ი 2014 წლის 22 ოქტომბრიდან-2015 წლის 22 იანვრის ჩათვლით, სადგურის მორიგედ სამუშაოზე გამოსაცდელი ვადით მიღების შესახებ, თვიურ სარგოდ განისაზღვრა 750 ლარი. აღნიშნულის გამოცემამდე, ამ ფაქტობრივმა გარემოებამ წინსწრებით ასახვა ჰპოვა დანართ №1-ში, სადაც რეორანიზაციის შემდგომ განსახილველ საშტატო განრიგში მოსარჩელე მონიშნულ იქნა სადგური ჩაქვის სადგურის მორიგედ.
6. რეორგანიზაციის შემდგომ, მოსარჩელე დ- ვ-ის მსგავსად, შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე, მოპასუხე საზოგადოებაში სხვადასხვა სახის ახალ სამუშაოზე მიღებულ იქნენ მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალში“ რეორგანიზაციის განხორციელებამდე სადგურის უფროსის თანაშემწის თანამდებობაზე დასაქმებული პირები, სახელდობრ: სადგურ ბ-ის უფროსი თანაშემწე ჯ. ჩ-–ი - სადგურ ბ-ის სატვირთო მომსახურების სპეციალისტად, მის თვიურ სარგოდ განისაზღვრა 750 ლარი; სადგურ გარდაბნის სადგურის უფროსის თანაშემწე ზ. კ--ა - სადგურ გარდაბნის სატვირთო მოსახურების სპეციალისტად, მის თვიურ სარგოდ განისაზღვრა 750 ლარი; სადგურ რ-ის სადგურის უფროსის თანაშემწე მ. ბ--ი - სადგურ რ--ის სადგურის ინჟინრად, მის თვიურ სარგოდ განისაზღვრა 750 ლარი; სადგურ თბილისის მახარისხებლის სადგურის უფროსის თანაშემწე გ. მ-–ი - სადგურ თბილისის მახარისხებლის სადგურის ინჟინრად, მის თვიურ სარგოდ განისაზღვრა 750 ლარი; სადგურ თბილისის მახარისხებლის სადგურის უფროსის თანაშემწე ბ. ს--ე - სადგურ თბილისის მახარისხებლის ტექნიკური აღრიცხვის ოპერატორად მის თვიურ სარგოდ განისაზღვრა 550 ლარი;
7.მოსარჩელეს სადგურ ჩაქვის მორიგედ გადაყვანის თაობაზე ეცნობა 2014 წლის 20 ოქტომბერს, მოპასუხე საზოგადოების ადამიანთა მართვისა და განვითარების (კადრების) სამსახურის უფროსის მოადგილის ზეპირსიტყვიერი, სატელეფონო შეტყობინების გზით მიწოდებული ინფორმაციით.
8. მოსარჩელემ, ასევე, ს-ელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ წერილობით მიმართეს მოპასუხე საზოგადოების გენერალურ დირექტორს და მოითხოვეს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლების წერილობითი დასაბუთება და ყველა ის დოკუმენტი, რაც საფუძვლად დაედო მისი საშტატო ერთეულის გაუქმებას. პროფესიული კავშირის თავმჯდომარის წერილის პასუხად მათ ეცნობათ, რომ სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში სადგურის უფროსის თანაშემწეთა საშტატო ერთეულების შემცირება განხორციელდა საწარმოში მიმდინარე ეკონომიკური გარემოებებისა და ორგანიზაციული ცვლილებების გათვალისწინებით, რამაც აუცილებელი გახადა სამუშაო ძალის შემცირება. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს შრომის კოდექსის (შმდეგში: სშკ-ი) 37.1.„ა“ პუნქტი.
9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:
ა) მოპასუხე საზოგადოების ფილიალ „ს---ის სატვირთო გადაზიდვების ფილიალში“ მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით მოპასუხე საზოგადოების სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 2014 წლის 15 აპრილის N400 ბრძანების ბათილად ცნობა;
ბ) მოპასუხე საზოგადოების დირექტორთა საბჭოს 2014 წლის 08 ოქტომბრის დადგენილების N26/53 მოპასუხე საზოგადოების ფილიალ „ს---ის სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ ბათილად ცნობა;
გ) მოპასუხე საზოგადოების სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 2014 წლის 17 ოქტომბრის N1176 ბრძანების ბათილად ცნობა მოპასუხე საზოგადოების ფილიალ „ს--ის სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ მოსარჩელის ნაწილში;
დ) მოპასუხე საზოგადოების სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დ-- გ-ის 2014 წლის 23 ოქტომბრის N2490 ბრძანების მოსარჩელის სამუშაოზე მიღების შესახებ ბათილად ცნობა.
10. ს-იის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე საზოგადოების სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 23 ოქტომბრის № 2490 ბრძანება მოსარჩელის სამუშაოზე მიღების შესახებ; მოპასუხე საზოგადოებას დაევალა მოსარჩელისათვის კომპესაციის გადახდა 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით; მოპასუხე საზოგადოებას დაევალა მოსარჩელისათვის ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის (კომპესაციის სახით მისაღები 2 თვის შრომის ანაზღაურების) 0,07 პროცენტის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარდგინა მოსარჩელემ და მოითხოვა:
ა) მოპასუხე საზოგადოების სატვირთო გადაზიდვების დირექტორის, ა.ნიკოლეიშვილის 2014 წლის 15 აპრილის №400 ბრძანების ბათილად ცნობა;
ბ) მოპასუხე საზოგადოების დირექტორთა საბჭოს 2014 წლის 08 ოქტომბრის დადგენილების №26/53 ბათილად ცნობა;
გ) მოპასუხე საზოგადოების სატვირთო გადაზიდვების დირექტორის, ა.ნიკოლეიშვილის 2014 წლის 17 ოქტომბრის № 1176 ბრძანების მოსარჩელის ნაწილში საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ ბათილად ცნობა;
დ) მოპასუხე საზოგადოების მიერ მოსარჩელის უზრუნველყოფა მოპასუხე საზოგადოებაში მის მიერ დაკავებული თანამდებობის - სადგურ ს--იის სადგურის უფროსის თანაშემწის ტოლფასი სამუშაოთი იგივე ანაზღაურებითა და იგივე ტერიტორიულ ერთეულში;
ე) იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან გადაწყვეტილების აღრულებამდე.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო სასამართლომ დამატებით დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ დეპარტამენტის საშტატო განრიგის მიხედვით, სადგურ ს--იაში, 2014 წლის 17 ოქტომბრის რეორგანიზაციამდე ვაკანტური იყო, მხოლოდ ღამის ცვლის მებუნიკეს ორი საშტატო ერთეული თვეში 590 ლარის ხელფასით, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ, იმავე ტერიტორიულ ერთეულში ვაკანტური საშტატო ერთეული აღარ არსებობდა.
11. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა მიერ დადასტურებული იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის, როგორც სადგურის უფროსის თანაშემწის შრომით ვალდებულებას წარმოადგენდა სადგურის მორიგეთა საქმიანობის ზედამხედველობა. რეორგანიზაციის შემდეგ, აღნიშნული ფუნქცია აღარავის დაკისრებია.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა და მოითხოვა:
ა) მოპასუხე საზოგადოების სატვირთო გადაზიდვების დირექტორის, ა.ნიკოლეიშვილის 2014 წლის 15 აპრილის №400 ბრძანების ბათილად ცნობა;
ბ) მოპასუხე საზოგადოების დირექტორთა საბჭოს 2014 წლის 08 ოქტომბრის დადგენილების №26/53 ბათილად ცნობა;
გ) მოპასუხე საზოგადოების სატვირთო გადაზიდვების დირექტორის, ა.ნიკოლეიშვილის 2014 წლის 17 ოქტომბრის № 1176 ბრძანების მოსარჩელის ნაწილში საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ ბათილად ცნობა;
დ) მოპასუხე საზოგადოების სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მშ-ს დ. გ-ის 2014 წლის 23 ოქტომბრის ბრძანების ბათილად ცნობა;
ე) მოპასუხე საზოგადოების მიერ მოსარჩელის უზრუნველყოფა მოპასუხე საზოგადოებაში მის მიერ დაკავებული თანამდებობის - სადგურ ს-იის სადგურის უფროსის თანაშემწის ტოლფასი სამუშაოთი იგივე ანაზღაურებითა და იგივე ტერიტორიულ ერთეულში;
ვ) იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან გადაწყვეტილების აღრულებამდე.
ზ) ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის დაკისრება მოპასუხისთვის.
13. საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და დარღვევებზე:
13.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს გადაწყვეტილება, რაც არ იქნა უზრუნველყოფილი ს--იის რაიონული სასამართლოს მიერ.
13.2. სასამართლომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დაუსაბუთებლად მიიჩნია მართლზომიერად და არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე იგი გაფრთხილებული არ იქნა წინასწარ წერილობითი ფორმით, როგორც ამას ადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 38–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტები. წინასწარი გაფრთხილების მიღების უფლება ასევე დაცულია ევროპის სოციალური ქარტიის მე–4 მუხლის მე–4 პუნქტით.
13.3. ასევე სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლად მითითებული საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ი) 37–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი მოხსენიებული ვერც ერთი გარემოება, კერძოდ ვერ ახსნა ადგილი ჰქონდა თუ არა ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ცვლილებებს და თუკი ასეთს ადგილი ჰქონდა რამდენად იყო მისი საჭიროება და აუცილებლობა. მეორეს მხრივ, სასამართლომ არ გამოიკვლია, თუ რატომ იყო აღნიშნული რეორგანიზაციის შედეგად აუცილებელი კადრების შემცირება, რა იყო ის საწარმოო აუცილებლობა, რომელიც წარმოადგენდა რეორგანიზაციისა და კადრების შემცირების ლეგიტიმურ მიზანს და აღნიშნული მიზნის მიღწევისთვის დამსაქმებელმა რამდენად იმოქმედა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. დამსაქმებელს აქვს უფლება თუნდაც ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების საფუძველზე გაათავისუფლოს დასაქმებული, თუკი ეს ცვლილებები თავისთავად, გარდაუვალ შედეგად არ იწვევს სამუშაო ძალის შემცირებას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე საზოგადოებაში კერძოდ ფილიალ „სატვირთო გადაზიდვების ფილიალში მართვის სისტემების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე დაინერგა ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები, დოკუმენტბრუნვის ახალი სისტემების სამატარებლო და კომერციული მუშაობის კომპიუტერული პროგრამები, რომელმაც შესაძლებელი გახადა სტრუქტურულ ერთეულებში კადრების შემცირება, მაშინ როდესაც საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი არც ერთიმტკიცებულება არ არსებობს.
ევროპის სოციალური ქარტიის 24–ე მუხლის მიხედვით დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზების გარეშე.
შსო–ს 158–ე კონვენციის „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ მე–4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითიურთიერთობის შეწყვეტა თუ არ არსებობს შრომითიურთიერთობის შეწყვეტის გონივრული საფუძველი. ამავე კონვენციის მე–9 მუხლის მიხედვით სასამართლოები აღჭურვილნი უნდა იყვნენ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზის კანონიერების შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებით.
სასამართლომ არ გამოიკვლია რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეირჩა გასათავისუფლებელი პირები, მაშინ როდესაც შსო–ს №166 რეკომენდაციის დასაქმების შეწყვეტის შესახებ 23–ე პუნქტი მიუთითებს, რომ ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებების დროს დასათხოვ პირთა შერჩევა უნდა განხორციელდეს რამდენადაც ეს შესაძლებელია წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რა დროსაც სათანადოდ იქნება გათვალისწინებული როგორც საწარმოს, დაწესებულების ან სამსახურის, ასევე დასაქმებულთა ინტერესები.
სასამართლომ ვერ დაადგინა მოსარჩელის მიმართ პროფკავშირული საქმიანობის გამო (რ---ელთა ახალი პროფესიული კავშირის გამგეობის წევრობის გამო) დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, მაშინ როდესაც წარმოდგენილი დოკუმენტაციით ცალსახად დგინდება, რომ კომპანიაში მის ანალოგიურ პოზიციაზე (სადგურის უფროსის თანაშემწე) დასაქმებულ ყველა სხვა ადამიანს ს--ამ შესთავაზა გაცილებით ხელსაყრელი პირობები ვიდრე აპელანტს, კერძოდ, ყველა მათგანი დასაქმდა იმავე ტერიტორიულ ერთეულში და იმავე ანაზღაურებით, რაც მანამდე ჰქონდათ და შესაბამისად უსამსახუროდ არ დარჩენილან. ამასთან, მოსარჩელე ერთადერთი დასაქმებულია მოპასუხე საზოგადოებაში, რომელსაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანება საერთოდ არ მიუღია მიუხედავად არაერთი თხოვნისა და ის მოპასუხეს არც საქმის განხილვის ეტაპზე წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ არ იხელმძღვანელა მთელი რიგი საერთაშორისო და ეროვნული აქტებით და მიიღო ყოვლად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და აღადგინა ის მდგომარეობა, რომელიც არსებობდა შრომის კოდექსში 2013 წლის ცვლილებამდე (კოდექსის 37–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის სახით, რომელიც დამსაქმებელს უფლებას აძლევდა ყოველგვარი წინასწარი შეტყობინებისა და დასაბუთების გარეშე, თვითნებურად შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება. ასეთი მოცემულობა კი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ასევე ზემოაღნიშნული საერთაშორისო აქტების სულიკვეთებას.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ს---იის ტერიტორიულ ერთეულში რეორგანიზაციის შემდეგ ვაკანტური საშტატო ერთეული აღარ არსებობს (გვ.9, 10), თუმცა სასამართლო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა. მით უმეტეს, რომ საქმეში არ არსებობს მოპასუხე საზოგადოების არც საერთო საშტატო განრიგი და არც ს--იის რეგიონის, შესაბამისად გაუგებარია სასამართლო როგორ მივიდა ასეთ დასკვნამდე.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის ფუნქციები საერთოდ გაუქმდა და სხვა საშტატო ერთეულზე, მით უფრო, იმავე ტერიტორიულ ერთეულში (ს---------იის სადგური) არ გადანაწილებულა. მოპასუხეს არ წარმოუდგენია და შესაბამისად საქმეში არ არსებობს კომპანიაში დასაქმებულ პირთა სამუშაო აღწერილობები, შესაბამისად გაუგებარია როგორ დაასკვნა სასამართლომ ზემოაღნიშნული. მითუმეტეს, რომ მოსარჩელის, როგორც სადგურის უფროსის თანაშემწის, შრომით ვალდებულებას წარმოადგენდა სადგურის მორიგეთა საქმიანობის ზედამხედველოლბა და თუნდა ლოგიკიდან გამომდინარე შეუძლებელია აღნიშნულ კომპანიაში, არავინ ახორციელებდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
15. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია ემყარება ძირითადად იმავე საფუძვლებს რასაც ემყარებოდა სააპელაციო საჩივარი. 17. იმავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მითითება გასაზიარებელია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დასაქმებულის წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში, დაცული არ ყოფილა დამსაქმებლის მხრიდან, თუმცა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სშკ-ის 38–ე მუხლი ითვალისწინებს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობას, თუმცა, აღნიშნული წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პროცედურულ წესს და მისი დაუცველობა გავლენას ვერ მოხდენს უშუალოდ შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძვლიანობაზე.
18. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მისი საშტატო ერთეულის გაუქმების უმართებულობასთან მიმართებით. აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ როგორც ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებათაა დადგენილი მოპასუხე საზოგადოების დირექტორთა საბჭოს მიერ, 2014 წლის 08 ოქტომბერს გამოცემულ იქნა №26/53 დადგენილება მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სადგურ ს----ის გაუქმება და სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საშტატო განრიგებში ცვლილების შეტანა დანართი №1 შესაბამისად. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ დირექტორის, მიერ, 2014 წლის 17 ოქტომბერს გამოცემული №1176 ბრძანებით გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სადგური ს-ი და შეტანილ იქნა ცვლილებები სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში წარმოდგენილი დანართი №1 შესაბამისად, კერძოდ: სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის საშტატო განრიგიდან სადგურ ბ--ში, სადგურ ს--იაში, სადგურ გ-ი, სადგურ თბილისის სატვირთოში, სადგურ თბილისის მახარისხებელში, სადგურ თბილისის საკვანძოში, სადგურ რ--სა და სადგურ გ---ში ამოღებულ იქნა სადგურის უფროსის თანაშემწის 7 საშტატო ერთეული, მათ შორის, ს-იის სადგურის უფროსის თანაშემწის საშტატო ერთეული, რომელზედაც დასაქმებული იყო მოსარჩელე. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ცვლილებების ფაქტობრივ საფუძველს სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში სადგურის უფროსის თანაშემწეთა საშტატო ერთეულების შემცირება წარმოადგენდა რაც განპირობებული იყო საწარმოში მიმდინარე ეკონომიკური გარემოებებისა და ორგანიზაციული ცვლილებებით, რამაც აუცილებელი გახადა სამუშაო ძალის შემცირება.
იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა მიერ დადასტურებული იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის, როგორც სადგურის უფროსის თანაშემწის შრომით ვალდებულებას წარმოადგენდა სადგურის მორიგეთა საქმიანობის ზედამხედველობა. რეორგანიზაციის შემდეგ, აღნიშნული ფუნქცია აღარავის დაკისრებია (იხ., გასაჩივრებული გადაწყვეტილების პ: 4.4).
ამასთან, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხე საზოგადოებაში ამჟამადაც არსებობს იმავე სამუშაოს აღწერილობებით (სამსახურეობრივი ფუნქციები) საშტატო ერთეული ეკისრება მოსარჩელეს/დასაქმებულს, რომელმაც ამ ნაწილში, მისი პროცესუალური ვალდებულების სათანადოდ რეალიზება ვერ შეძლო.
19. ვარგის სამართლებრივ საფუძველსა მოკლებული კასატორის პრეტენზია მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყობასთან მიმართებით, სახელდობრ, კასატორი აღნიშნავს, რომ კომპანიაში მის ანალოგიურ პოზიციაზე (სადგურის უფროსის თანაშემწე) დასაქმებულ ყველა სხვა ადამიანს ს---ამ შესთავაზა გაცილებით ხელსაყრელი პირობები ვიდრე კასატორს, კერძოდ, ყველა მათგანი დასაქმდა იმავე ტერიტორიულ ერთეულში და იმავე ანაზღაურებით, რაც მანამდე ჰქონდათ და შესაბამისად უსამსახუროდ არ დარჩენილან.
აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი რეორგანიზაციის შემდგომ, მოსარჩელე დ-- ვ--ის მსგავსად, შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე, მოპასუხე საზოგადოებაში სხვადასხვა სახის ახალ სამუშაოზე მიღებულ იქნენ მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალში“ რეორგანიზაციის განხორციელებამდე სადგურის უფროსის თანაშემწის თანამდებობაზე დასაქმებული პირები, სახელდობრ: სადგურ ბ-ის უფროსი თანაშემწე ჯ. ჩ–ი - სადგურ ბ-ის სატვირთო მომსახურების სპეციალისტად, მის თვიურ სარგოდ განისაზღვრა 750 ლარი; სადგურ გარდაბნის სადგურის უფროსის თანაშემწე ზ. კ--ა - სადგურ გარდაბნის სატვირთო მოსახურების სპეციალისტად, მის თვიურ სარგოდ განისაზღვრა 750 ლარი; სადგურ რ-ის სადგურის უფროსის თანაშემწე მ. ბ--ი - სადგურ რ--ის სადგურის ინჟინრად, მის თვიურ სარგოდ განისაზღვრა 750 ლარი; სადგურ თბილისის მახარისხებლის სადგურის უფროსის თანაშემწე გ. მ-–ი - სადგურ თბილისის მახარისხებლის სადგურის ინჟინრად, მის თვიურ სარგოდ განისაზღვრა 750 ლარი; სადგურ თბილისის მახარისხებლის სადგურის უფროსის თანაშემწე ბ. ს-ე - სადგურ თბილისის მახარისხებლის ტექნიკური აღრიცხვის ოპერატორად მის თვიურ სარგოდ განისაზღვრა 550 ლარი.
20. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ ს--იის ტერიტორიულ ერთეულში რეორგანიზაციის შემდეგ ვაკანტური საშტატო ერთეული აღარ არსებობს, თუმცა, სასამართლო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა. მით უმეტეს, რომ საქმეში არ არსებობს მოპასუხე საზოგადოების არც საერთო საშტატო განრიგი და არც ს--იის რეგიონის, შესაბამისად გაუგებარია სასამართლო როგორ მივიდა ასეთ დასკვნამდე.
კასატორის ზემაღნიშნული პრეტენზიის საწინააღმდეგოდ სააპელაციო სასამართლოს დადგენილი აქვს ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე საზოგადოების ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების ფილიალის“ დეპარტამენტის საშტატო განრიგის მიხედვით, სადგურ ს--იაში, 2014 წლის 17 ოქტომბრის რეორგანიზაციამდე ვაკანტური იყო, მხოლოდ ღამის ცვლის მებუნიკეს ორი საშტატო ერთეული თვეში 590 ლარის ხელფასით, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ, იმავე ტერიტორიულ ერთეულში ვაკანტური საშტატო ერთეული აღარ არსებობდა. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა მიერ დადასტურებული იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის, როგორც სადგურის უფროსის თანაშემწის შრომით ვალდებულებას წარმოადგენდა სადგურის მორიგეთა საქმიანობის ზედამხედველობა. რეორგანიზაციის შემდეგ, აღნიშნული ფუნქცია აღარავის დაკისრებია.
21. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო მეგობრის მოსაზრებას (Amicus curie), რომლის მნიშვნელობა დავის გადაწყვეტაში განუზომლად დიდია, თუმცა, მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სადავო გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით, რომლის დანაწესი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად ითვალისწინებს ეკონომიკური გარემოებებს, ტექნოლოგიურს ან ორგანიზაციულს ცვლილებებს, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე საზოგადოებაში კერძოდ ფილიალ „სატვირთო გადაზიდვების ფილიალში მართვის სისტემების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე დაინერგა ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები, დოკუმენტბრუნვის ახალი სისტემების სამატარებლო და კომერციული მუშაობის კომპიუტერული პროგრამები, რომელმაც შესაძლებელი გახადა სტრუქტურულ ერთეულებში კადრების შემცირება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო პალატისათვის თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო შედავება (პრეტენზია).
22. იმავდროულად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ერთ-ერთ მოთხოვნად კასატორი უთითებს მოპასუხე საზოგადოების სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მშ-ს დ. გ-ის 2014 წლის 23 ოქტომბრის ბრძანების ბათილად ცნობას (იხ., საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ტ.2. ს.ფ. 190. ამ ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის პრეტენზიის წარდგენისა და შესაბამისად მისი დაკმაყოფილების იურდიული საფუძველი გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის სამუშაოზე მიღების შესახებ მოპასუხე საზოგადოების სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დ- გე.-ის 2014 წლის 23 ოქტომბრის N2490 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა ს--იის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 მაისის გადაწყვეტილებით (სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტი).
23. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტასათან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომელიც მითითებულია წინამდებარე განჩინებაში.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-- ვ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ დ- ვ-ეს უკან დაუბრუნდეს 2016 წლის 19 დეკემბერს საგადახდო დავალებით N2 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე