№330210015001188552
საქმე №ას-1104-1061-2016 01 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „N2--ის ცენტრი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის
დავის საგანი – დივიდენდის დაკისრება, საფინანსო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „N---ის ცენტრი“ (შემდეგში: მოპასუხე საზოგადოება) სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულია 23/10/1999, ს/კ: 209472792, რომლის 100% წილის მესაკუთრეს წარმოადეგნს შპს „მედკაპიტალი“;
2. ქ.თბილისის მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების 2011 წლის საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2012 წლის 02 ივლისის #17.07.636 დადგენილებით და ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 23 ოქტომბრის #28.16.1029 დადგენილებით და მასზე დართული დანართის შესაბამისად (რომლითაც ცვლილება შევიდა 02.07.2012 წ. #17.07.636 დადგენილებაში) მოპასუხეს 2011 წლის მოგებიდან დივიდენდის ოდენობა განესაზღვრა 18 570 ლარით, ხოლო 2013 წლის 14 ივნისის #18.72.759 დადგენილებით მოპასუხეს დაევალა აუდიტორული დასკვნის წარმოადგენა 2012 წლის ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებით, რაც მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა.
3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ დივიდენდის - 2011 წლის მოგებიდან 18570 ლარის დაკისრებისა და 2012 წლის ფინანსური შედეგების ამსახველი დოკუმენტაციის და აუდიტის დასკვნის წარმოდგენის მოთხოვნით.
4. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია წინამდებარე განჩინების პ: 2.2.).
5. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შედავება და განმარტა, რომ ქ.თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2011 წლის 31 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგად მოპასუხე საზოგადოების 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა შპს „მედკაპიტალი“. შესაბამისად დივიდენდის მიღების უფლებაც სწორედ მას გააჩნია.
6.. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პპ:2.1; 2.2.
10. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 2011 წლის 31 აგვისტოს, მისი კუთვნილი - მოპასუხე საზოგადოების 100%-იანი წილი, ელექტრონული აუქციონის საფუძველზე, შპს „მედკაპიტალზე“ გაასხვისა, რის საფუძველზეც საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი შპს „მედკაპიტალი“ გახდა. აღნიშნული აუქციონის პირობები არ ითვალისწინებდა აუქციონის წესით შეძენილ ქონებაზე შემძენის მიერ დივიდენდის გადახდისა და საზოგადოების ყოველწლიური ეკონომიკური აქტივობის ამსახველი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას; ასეთი დათქმა არ არსებობდა არც ქ. თბილისის მერიის მიერ 2011 წლის 31 აგვიტოს გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში -აქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში #46-23-508.
11. სააპელაციო პალატამ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება.
12. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის თანახმად, „პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით“. საქმეში წარმოდგენილი მოპასუხე საზოგადოების წესდების თანახმად (ტ.1. ს.ფ. 31, 9.1 და 9.2 პუნქტები), წლიური შედეგები უნდა ასახულიყო საწარმოს ბალანსში და საბუღალტრო ანგარიშში, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინებოდა დამფუძნებელს საფინანსო პერიოდის შედეგების მიხედვით. მოგების განაწილების კონკრეტული წესი უნდა განსაზღვრულიყო დამფუძნებლის მიერ.
13. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე საზოგადოების წესდების თანახმად, საზოგადოებაში სამეურნეო წლის ბოლოს საზოგადოების დივიდენდის მოთხოვნის უფლების წარმოშობა საჭიროებდა დამფუძნებლის შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, არ გახორციელებულა.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყო. აქედან გამომდინარე, უფლების დათმობის, გასხვისების შემდეგ შემძენზე გადადის ამ უფლებიდან მისაღები ყველა ქონებრივ-სამართლებრივი სარგებელი, მათ შორის ისეთიც, რომელიც გასხვისებამდეა წარმოშობილი და უფლების თავდაპირველ მესაკუთრეს დროულად არ მოუთხოვია.
15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2011 წლის 31 აგვისტოს აუქციონზე წილის გასხვისებით ქ.თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2011 წელს არარეალიზებული დივიდენდის მოთხოვნის უფლება ავტომატურად გადავიდა წილის შემძენზე - შპს „მედკაპიტალზე“. შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 2 ივლისის და 2012 წლის 23 ოქტომბრის დადგენილებები შპს „მედკაპიტალისათვის“ შესრულების ვალდებულებას ვერ წარმოშობს, ვინაიდან აღნიშნული დადგენილებების გამოცემისას ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორს აღარ წარმოადგენდა, ხოლო 2011 წლის 31 აგვისტოს აუქციონის პირობებით შემძენის მიერ დივიდენდის გადახდისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება გათვალისწინებული არ ყოფილა.
16. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარდგინა მოსარჩელემ/აპელანტი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
17. კასტორს მიაჩნია, რომ განსახილველი დავა მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ პუნქტი).
18. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო სამართლებრივი საფუძველია სსსკ-ის 393- ე მუხლი.
19. კასატორი მიუთითებს, რომ სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დივიდენდის - 2011 წლის მოგებიდან 18570 ლარის დაკისრება და 2012 წლის ფინანსური შედეგების ამსახველი დოკუმენტაციის და აუდიტის დასკვნის წარმოდგენა და ციტირებს „საქართველოს დედაქალაქი-თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 „ზ“ მუხლის დანაწესზე. კასატორი განმარტავს, რომ 2011 წლის 30 აგვისტოს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მოპასუხე საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენდა თბილისის მერია. ქ. თბილისის მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების „2011 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 2 ივლისის #17.07.636 დადგენილების მიხედვით, დამტკიცდა ქ. თბილისის მთავრობის წილობრივი მონაწილეობით არსებული კომპანიების 2011 წლის მოგებიდან ქ. თბილისის მთავრობის კუთვნილი დივიდენდის ოდენობა დანართი 6-ის შესაბამისად. ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 23 ოქტომბრის #28.16.1029 დადგენილებით შევიდა ცვლილება „ქ. თბილისის მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების 2011 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 2 ივლისის #17.07.636 დადგენილების 1,5,6 დანართებში და ჩამოყალიბდა ამ დადგენილების დანართების შესაბამისად. 2012 წლის 23 ოქტომბრის #28.16.1029 დადგენილების დანართი 6-ის თანახმად, მოპასუხე საზოგადოებას 2011 წლის მოგებიდან განესაზღვრა დივიდენდის ოდენობა 18 570 ლარით. ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 02 ივლისის #17.07.636 და 2012 წლის 23 ოქტომბრის #28.16.1029 დადგენილებებით მოპასუხე საზოგადოებას დაევალა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო ადგილობრივ ბიუჯეტში დივიდენდის ჩარიცხვა დადგენილებაში მითითებულ რეკვიზიტებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე საზოგადოებას ევალება 2011 წლის მოგებიდან ქ. თბილისისი მთავრობისათვის დივიდენდის გადახდის ვალდებულება, რომელიც გამოხატულია კონკრეტულ თანხაში და იგი გაფრთხილებულია აღნიშნული თანხის ჩარიცხვის შესახებ, დივიდენდის ჩარიცხვა მის მიერ დღემდე არ გახორციელებულა. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილეს და მოპასუხე საზოგადოებას უნდა დაეკისროს როგორც თანხის ჩარიცხვა ისე, დაევალოს ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა.
სამოტივაციო ნაწილი:
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
21. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
22. კასატორი სადავოდ ხდის დივიდენდის მოთხოვნის უფლებას. მოთხოვნის მართლზომიერების შემოწმებისათვის, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ დივიდენდის მიღების უფლება განუყრელადაა დაკავშირებული პარტნიორად ყოფნის ფაქტთან და მისი სხვა პირისათვის გადაცემა წილისაგან დამოუკიდებლად დაუშვებელია. ამ უფლების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ წილთან ერთად, ამიტომ წილის დათმობით ამ უფლების დათმობაც ხდება. სხვა საკითხია დივიდენდის მოთხოვნის უფლების გადაცემა, ვინაიდან, იგი დამოუკიდებელი უფლებაა და წილის გადაცემის შემთხვევაში ავტომატურად არ გადადის წილის მიმღებზე. ამდენად, წილის დათმობის (გასხვისების) დროს ხელშეკრულებაში სპეციალურად უნდა აღინიშნოს დივიდენდის მოთხოვნის უფლების გადაცემის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
23. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 2011 წლის 31 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგად მოპასუხე საზოგადოების 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა შპს „მედკაპიტალი“. აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ წილის გასხვისების მომენტიდან კასატორმა დაკარგა დივიდენდის მიღების ზოგადი უფლება, ხოლო საკითხი იმის შესახებ ყოფილი პარტნიორი - ქ. თბილისის მერია შეინარჩუნებდა თუ არა დივიდენდის მოთხოვნის უფლებას, დამოკიდებული იყო აღნიშნულის თაობაზე სპეციალური შეთანხმების (დათქმის) არსებობაზე ან პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამგვარი შეთანხმება მხარეთა შორის არ გაფორმებულა. ამგვარ დათქმას არც აუქციონის პირობები შეიცავდა. აღნიშნული კი უსაფუძვლოდ ხდის კასატორის პრეტენზიას დივიდენდის მიღებისა და ფინანსური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
24. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ.,საქმე №ას-747-707-2015, 28 სექტემბერი, 2015 წელი).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27 კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური