№330210014649532
საქმე №ას-1158-1113-2016 10 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ- ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ--ია“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 02 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება (თავდაპირველ სარჩელში), ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მ---იას” (შემდეგში: მოსარჩელე) და მ-ჯ-ს (შემდეგში: მოპასუხე) შორის 2012 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება ა- ს-ის (შემდეგში: პაციენტი) სამედიცინო მომსახურებაზე.
2. მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხემ არ აანაზღაურა გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება - 6614 ლარი.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ 6614 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოპასუხემ კი, პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად წარმოადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა ზიანის - 3250 ლარის ანაზღაურება.
4. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებული, რომ 2012 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება პაციენტის სამედიცინო მომსახურებაზე. მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხემ არ აანაზღაურა გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება, რომლის ოდენობაც 6614 ლარს შეადგენს.
5. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: პაციენტზე ვრცელდებოდა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა. იგი დაზღვეული იყო სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში”. პაციენტის სტაციონარში მოთავსების პირობად დაუთქვა წინასწარ, პაციენტის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ თანხის გადახდა, ან სადაზღვევო კომპანიის საგარანტიო წერილის წინასწარ წარდგენა; მოსარჩელე იძულებული გახდა წინასწარ დაეფარა 3250 ლარი, რაც შეადგენს ზიანს.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6614 ლარი. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. დადგენილია, რომ 2015 წლის 13 მაისს 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე), რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, 2015 წლის 20 აპრილს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) წარმომადგენელი. სხდომა გადაიდო 2015 წლის 13 მაისს 11:00 საათზე. სხდომის გადადების თაობაზე მხარეებს ეცნობათ შესაბამისი ხელწერილით (ს.ფ. 182). მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) წარმომადგენელმა აღნიშნულ ხელწერილზე ხელის მოწერით დაადასტურა, რომ მას კანონით დადგენილი წესით ეცნობა მომდევნო სასამართლო სხდომის დღის, ადგილისა და სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. ამასთან, მხარეს არც საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობით მოუმართავს და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები უცნობებია სასამართლოსთვის. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებლი გადაწყვეტილების გამოტანის სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები.
8. სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები პპ: 1, 2 და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგში: სსკ-ის) 316-ე, 317-ე, 361-ე და 629-ე მუხლები. შესაბამისად, მიიჩნია, რომ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოპასუხის მხრიდან მომსახურების ღირებულების აუნაზღაურებლობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას.
9. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის იურიდიულ ბედს, სასამართლომ იხელმძღავენელა სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველ ნაწილის საკანონმდებლო დანაწესით, რომელიც მოპასუხის არასაპატიო მიზეზით, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს ანიჭებს უფლებას გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და იმ მოცემულობის საფუძველზე, რომ 2015 წლის 13 მაისს 11:00სთ.-ზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა შეგებებული სარჩელის ავტორი, რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
10. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის ავტორმა), რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
11. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა მხარისათვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, მხარეს კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა სასამართლოს სხდომის დღის შესახებ. კერძოდ, ხელწერილზე, როგორც სასამართლო უთითებს, რომ მხარეს ეცნობა სხდომის დღის თაობაზე, არ იყო აღნიშნული დავის საგანი, მხარეები და ა.შ. ამასთან, საჩივრის ავტორის წარმომადგენელებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხეს სხდომაზე გამოცხადება. საჩივრის ავტორი უთითებდა იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და მ- ჯ---ს დავის მიმართ გააჩნია ინტერესი, რაც გამოიხატა მის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრაში.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საჩივრი ამავე კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
13. განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 02 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
14. სააპელაციო სასამართლომ იხლმძღვანელა 241-ე და 233-ე მუხლებით და განმარტა, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის მიხედვით, ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ იგი 2015 წლის 13 მაისის სასამართლო სხდომის შესახებ არ იყო ინფორმირებული სსსკ-ის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აპელანტის განმარტებით, ხელწერილი, რომელზე ხელმოწერითაც მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო მომდევნო სასამართლოს სხდომის გამართვის დროისა და ადგილის თაობაზე, არ წარმოადგენს სასამართლო უწყებას, რადგან იგი არ შეიცავდა სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მონაცემებს.
15. დადგენილია, რომ 2015 წლის 20 აპრილს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) წარმომადგენელი (იხ. რწმუნებულება ს.ფ. 40). აღნიშნული სხდომა გადაიდო 2015 წლის 13 მაისს 11:00 საათზე. სხდომის გადადების თაობაზე მხარეებს ეცნობათ შესაბამისი ხელწერილით (ს.ფ. 182). მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) წარმომადგენელმა აღნიშნულ ხელწერილზე ხელისმოწერით დაადასტურა, რომ მას კანონით დადგენილი წესით ეცნობა მომდევნო სასამართლო სხდომის დღის, ადგილისა და სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. პალატა განმარტავს, რომ, მართალია, აღნიშნული ხელწერილი არ შეიცავს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მონაცემებს, კერძოდ, დავის საგანს და საქმის მონაწილე მხარეებს, რაზედაც აპელირებს მოპასუხე, თუმცა, ამ მონაცემების მითითება სავალდებულოს არ წარმოადგენს, როდესაც მხარეს პირველად არ იბარებენ სასამართლოს სხდომაზე და მისთვის ცნობილია, რომელ საქმესთან დაკავშირებით ტარდება სხდომა, მითუმეტეს, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს ორი მოსამზადებელი სხდომა უკვე ჩატარებული ჰქონდა.
16. აპელანტმა ვერც წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოობა - ავადმყოფობა დაადასტურა, კერძოდ, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ საქმეში წარმოდგენილ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ც------ის N1677/165 ბარათზე, საიდანაც დგინდება, რომ 2015 წლის 13 მაისს მოპასუხის წარმომადგენლის საცხოვრებელ მისამართზე გამოძახებული იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ბარათით ირკვევა, რომ პაციენტი უჩიოდა თავბრუსხვევას, გულის ფრიალს, ნევროზს.. სასწრაფო დახმარების ექიმმა დიაგნოზად მიუთითა „ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია“ და პაციენტს დაენიშნა მედიკამენტური მკურნალობა. წარმოდგენილ ბარათში არ არის მითითება იმის თაობაზე, რომ აპელანტის წარმომადგენელს გაეწია რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის აუცილებლობის შესახებ, ასევე, ბარათი არ შეიცავს მითითებას სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
17. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ც------ის იმ ცნობაში, რომელიც ასახავს მეორე წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასახულია მხოლოდ პაციენტის ჩივილები და არ არის მითითება მისი გადაადგილების შეუძლებლობის შესახებ. ამასთან, პირველ შემთხვევაში სასწრაფო დახმარება გამოძახებულია 2015 წლის 13 მაისის 12:09 საათზე, ხოლო მეორე შემთხვევაში – იმავე დღეს 15:19 საათზე, სასამართლოს სხდომა კი, რომელიც დანიშნული იყო 2015 წლის 13 მაისს 11:00 საათზე, გაიხსნა 11:04:36 საათზე და დამთავრდა 11:12:53 საათზე (იხ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 183–184).
18. კიდევ ერთ სააპელაციო პრეტენზიაზე იმის შესახებ, რომ იგი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, რადგან პაციენტის გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრებოდა მზღვეველს - სადაზღვევო კომპანია ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას’’, პალატამ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლო არ ადგენს სარჩელში მითითებული ფაქტების სისწორესა და დასაბუთებულობას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე, არამედ დამტკიცებულად მიიჩნევს სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. ამდენად, სარჩელში მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ მოპასუხეს და მოსარჩელეს შორის 2012 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება პაციენტის სამედიცინო მომსახურებაზე. ასევე, მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ მან სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხემ არ აანაზღაურა გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება, რომლის ოდენობაც შეადგენდა 6614 ლარს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმში, წარმოადგენდა საკმარის წინაპირობას ამ საქმეზე სათანადო მოპასუხედ მისაჩნევად.
რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველ ნაწილის დანაწესით მის დაკმაყოფილებაზე სწორად ეტქვა უარი შეგებებული სარჩელის ავტორს არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობის საპროცესო საფუძვლით.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 02 ნოემბრის განჩინების გაუქმების, სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა კასატორმა.
20. საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ მოსაზრებებზე დაყრდნობით: სასამართლო შემადგენლობამ არ შეისწავლა წინამდებარე საქმე და არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სწორად, აქედან გამომდინარე, არასწორად დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სსსკ–ის 393–ე და 394–ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ–სამართლებრივ საფუძვლებს, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე და მისი წარმომადგენელი საქმის განხილვისას ორივე ინსტანციის სასამართლოში მიუთითებდნენ აღნიშნული გარემოებების შესახებ.
21. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა – სსსკ-ის 233–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ამკრძალავი წინაპირობები, კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესით; საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილით (ს.ფ.182) არ დასტურდება წარმომადგენლისათვის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის სსკ–ის 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესის სრულად დაცვით შეტყობინების ფაქტი. კერძოდ: სსკ–ის 70–ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით უნდა ეცნობოს სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დროისა და ადგილის შესახებ. ამავე კოდექსის 72–ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, თუ რას უნდა შეიცავდეს სასამართლო უწყება. ამ ნორმით დადგენილი მოთხოვნების დაცვით სასამართლო უწყების შედგენა და მხარისათვის გაგზავნა/ჩაბარება სასამართლოს მკაცრად განსაზღვრული ვალდებულებაა. ს.ფ.182–ე წარმოდგენილ „ხელწერილზე“ მხარის ხელმოწერით არ შეიძლება დადასტურებული იქნას, რომ მხარეს ჩაჰბარდა სსსკ–ის 72–ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით შედგენილი სასამართლო უწყება და მისთვის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ცნობილია კანონით დადგენილი წესის დაცვით, ვინაიდან აღნიშნულ ხელწერილში მითითებული არ არის და სასამართლოც ადასტურებს, რომ ხელწერილი არ შეიცავს სსსკ–ის 72–ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მონაცემებს, თუმცა სასამართლოს განმარტებით ამ მონაცემების მითითება სავალდებულო არ არის, როდესაც მხარეს პირველად არ იბარებენ სასამართლოს სხდომაზე და მისთვის ცნობილია რომელ საქმესთან დაკავშირებით ტარდება სასამართლო პროცესი. საგულისხმოა, რომ მსგავსი საგამონაკლისო ნორმა, რომელსაც შეიძლება დაეფუძნოს მოცემული განმარტება სამოქალაქო საპროცესო კოდექსში გათვალისწინებული არ არის, შესაბამისად სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტება ეწინააღმდეგება მოქმედ სამოქალაქო საპროცესო კამნონმდებლობას და უხეშად არღვევს მხარის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილია საფუძვლიანი პრეტენზიებმი საჩივარში, სააპელაციო საჩივარში, ახსნა–განმარტებაში, რომელთა შესახებ სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ან/და იმსჯელა არასწორად.
22. სსსკ-ის 233–ე მუხლით იმპერატიულად არის განსაზღვრული ის გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ხოლო რაც შეეხება სხვა საპატიო მიზეზებს, რომელთა არსებობასთან არის დაკავშირებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, არ არის იმპერატიული და მისი შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დამოკიდებულია სასამართლოზე საქმის გარემოებების მიხედვით. გარდა ამისა, საპატიო გარემოებების დადგენისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სსსკ-ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის დეფინიცია, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენას. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გაცემული ცნობებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ სახეზეა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებები (მწვავე ავადმყოფობა – ესენციური ჰიპერტენზია), რაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენას. საქმეზე წარმოდგენილი სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ც------ის მიერ გაცემული ცნობებით, ასევე სააპელალციო ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი ცნობით უტყუარად არის დადასტურებული, რომ მოპასუხის წარმომადგენლების ჩივილები/სიმპტომები, რაც აღნიშნულია დასახელებულ სამედიცინო ცნობებში საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისათვის, რის გამოც, მათ სხდომაზე გამოუცხადებლობა სასამართლოს უნდა შეეფასებინა საპატიოდ. მაშასადამე, განსახილველ შემთხვვაში არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ამკრძალვი წინაპირობა.
23. კასატორი სადავოდ ხდის მოპასუხის სათანადოობის საკითხსაც და განმარტავს, სარჩელს არ ერთვის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ რომ სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე ვალდებული პირია მოპასუხე. აღნიშნულის საპირისპირო, საფუძვლიანი მოსაზრებები/პრეტენზიები მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმე გვქონდა სახელმწიფო სადაზღვევო შემთხვევასთან წარმოდგენილია შესაგებელში, შეგებებულ სარჩელში და დადასტურებულია მასზე თანდართული მტკიცებულებებით, ასევე საჩივარში, სააპელაციო საჩივარში, ახსნა–განმარტებაში, რომელთა შესახებ სასამართლომ საერთოდ არ იქონია მსჯელობა.
სამოტივაციო ნაწილი:
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
26. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეიცავს სააპელაციო საჩივრის იდენტურ მსჯელობას.
27. მოცემულ შემთხვევაში, არ არის წარმოდგენილი დასაშვები საკასაციო პრეტენზია, სახელდობრ, მითითება იმაზე თითქოს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები უმართებულოა. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს წინამდებარე განჩინების პპ:14-18, სადაც სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად იქონია მსჯელობა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოსაზრებებზე, რის გამოც, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.
28. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობაზე მიუთითებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოპასუხე მოწვეული იყო სხდომაზე სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და აპელანტის მითითება იმაზე, რომ სხდომის გადადების ხელწერილი არ შეიცავდა დეტალურ მითითებას სხდომის ადგილის, დავის საგნის და ა.შ, ვერ დაედება საფუძვლად მხარის დადგენილი წესით სხდომაზე მოუწვევლობას, რამდენადაც აღნიშნული შესაძლოა სადავო გახდეს მხარის პირველად მოწვევის შემთხვევაში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონდა; ბ) არ იქნა გაზიარებული სსსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენელთა გამოუცხადებლობის საპატიოობაც, ვინაიდან მათ მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებით არ დასტურდებოდა სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობა გ) სახეზე იყო მოთხოვნის იურდიული მართებულობა და დ) უარყოფილი იქნა მოპასუხის პოზიცია მის არასათანადოობასთან და მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების არარსებობასთან დაკავშირებით დაუსაწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის ფარგლებში, მხედეველობაშია ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის საკითხი, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა: დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელიგადაწყვეტილება იხ., №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი; №ას-68-62-2015 , 29 აპრილი, 2015 წელი.
29. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
30. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თავისებურებებთან დაკავსირებით არსებობს სტაბილური სასამართლო პრაქტიკა, რომელიც მოხმობილია წინამდებრე განჩინებაში.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი თანხის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--ჯ--ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. კასატორ მ-- ჯ-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა(ა)იპ ც-ი ე-იას მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს საგადახდო დავალებით N990 გადახდილი 493 ლარის 70% – 345.1 ლარი (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური