Facebook Twitter

№010210015001182726

საქმე №ას-1217-1176-2016 10 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ--ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2015 წლის 26 მარტს, შპს „ტ--ს“ (შემდეგში: მოსარჩელე ან პრინციპალი) და აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს (შემდეგში: მოპასუხე ან ბენეფიციარი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N62 ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის საგანს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასაქონლო ბეტონის ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვა.

2. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტით, 2.2., 7.1. პუნქტებით განისაზღვრა, რომ მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს შემსყიდველს მზა ბეტონი (შემდეგში: საქონელი) ქობულეთის მუნიციპალიტეტში დეპარტამენტის ყოველი ცალკეული წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა საავტომობილო გზების და შესაბამისი მონაკვეთების დასახელება, მისაწოდებელი მზა ბეტონის მოცულობები და მიწოდების ვადები. მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს ბეტონი დეპარტამენტის მიერ მოთხოვნის შესაბამის ადგილზე მიტანით, წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში დაიწყოს მოთხოვნილი ბეტონის მიწოდება. სულ მისაწოდებელი მზა ბეტონის რაოდენობა შეადგენდა 2193 კუბ.მ-ს.

3. საქონელი ან მისი ნაწილი ჩაითვლებოდა მიღებულად, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება ჰქონდა ხელშეკრულების პირობების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განეხორციელებინა კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე. ხელშეკრულების პირობების საერთო კონტროლი ევალებოდა დაპარტამენტის უფროსის მოადგილეს.

4. 2015 წლის 26 მარტის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა 15912.40 ლარზე სს „ს-კ-ია ა-ის“ (შემდეგში: გარანტი) მიერ გაცემული გარანტია.

5. 2015 წლის 13 ნოემბერს ბენეფიციარმა წერილით მიმართა გარანტს პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, საგარანტიო თანხის ჩარიცხვის მოთხოვნით, რაც შესრულდა.

6. გარანტმა რეგრესული მოთხოვნის ინვოისით, პრინციპალისაგან მოითხოვა ბენეფიციარისათვის ანაზღაურებული 15912.40 ლარი, რაც პრინციპალმა აუნაზღაურა.

7. პრინციპალმა სარჩელი აღძრა ბენეფიციარის მიმართ 15912.40 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

8. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 385-ე, 976-ე და 991-ე მუხლები.

9. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ ხელშეკრულების N4 დანართით განისაზღვრა საქონლის მიწოდების ადგილები. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მოპასუხის მიერ ცალმხრივად ხდებოდა №4 დანართით განსაზღვრული მიწოდების ადგილების შეცვლა, სადაც მიმდინარეობდა სპეციალურ სამუშაოები ბეტონის დასაგებად. მიუხედავად იმისა, რომ პრინციპალის მიერ სრულად შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, ბენეფიციარმა მაინც მიმართა გარანტს გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესარულებლად, რაც დაკმაყოფილდა. გამომდინარე იქიდან, რომ პრინციპალს ვალდებულება არ დაურღვევია, ბენეფიციარი ვალდებულია აანაზღაუროს რეგრესის წესით პრინციპალის მიერ გარანტისათვის ანაზღაურებელი 15,912.40 ლარი.

10. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავ შედავებაში მიუთითა პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაზე, რაც N4 დანართში აღნიშნული საავტომობილო გზების მონაკვეთებზე საქონლის მიუწოდებლობაში გამოიხატა, პრაქტიკულად, შესრულებული სამუშაოები არ დაემთხვა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მიმართულებებსა და მოცულობებს, რაც ვალდებულების შეუსრულებლობას ადასტურებდა.

11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15,912.40 ლარი.

12. გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მოპასუხემ, რასაც უარი ეთქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით.

13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პპ: 1-7.

14. სააპელაციო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სრული მოცულობით (2193 კუბ. მეტრი მზა ბეტონი) მიწოდება.

15. მიწოდების ადგილთან მიმართებით წარმოდგენილი მოპასუხის შედავება სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ მიწოდების ადგილს პრინციპალი ატყობინებდა ბენეფიციარს მიერ დანიშნულ მოხელეს, რომელსაც ეკისრებოდა ვალდებულება შესრულებული სამუშაოს კონტროლისა და გააჩნდა უფლებამოსილება ამ სამუშაოს მიღებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის ვალდებულება. 16. ვალდებულების სრულად შესრულებაზე, ბენეფიციარის მხრიდან გაცემულია ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება - 318248,16 ლარი სრულად აუნაზღაურდა პრინციპალს.

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.

18. კასატორს უმართებულოდ მიაჩნია სამართლებრივი დასკვნა ბენეფიციარის უსაფუძვლო გამდიდრების თაობაზე, და აღნიშნავს, რომ ვინაიდან პრინციპალმა ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (სსკ-ის 361.3 მუხლი), ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომლის გამოყენების მთავარ პირობას წარმოადგენდა ხელშეკრულების არაჯეროვანი შეუსრულებლობა, ან/და საერთოდ შეუსრულებლობა, მართლზომიერად გაიცა, რაც გამორიცხავს ბენეციციარის უსაფუძვლო გამდიდრებას. ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების დასადასტურებლად კასატორი მიუთითებს ხელშეკრულების საგანსა და მისი შესრულების/საქონლის მიწოდების ადგილზე, რაც მიმწოდებელმა არ გაითვალისწინა, რის გამოც, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები (მზა ბეტონის მიწოდება) არ ემთხვევა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მიმართულებებსა და მოცულობებს. ამასთან, სამუშაოები საერთოდ არ არის შესრულებული სატენდერო დოკუმენტაციის 4 დანართით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებზე. კასატორი აღნიშნავს, რომ სოფელ ქობულეთის ტერიტორიაზე სატენდერო დოკმენტაციით გავალისწინებული იყო 216 კუბ. მეტრი ბეტონის დაგება, მიღება–ჩაბარების აქტების შესაბამისად დაგებულია 203 კუბ. მეტრი. არ არის დაგებული სოფ. ქობულეთი – მეგრელიძეების მიმართულებით 13მ.კუბი (ნაცვლად 72 მ.კუბისა, დაგებულია 59 მ. კუბ). სოფელ კვირიკეს ტერიტორიაზე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ 2 მიმართულებაზე არ არის შეტანილი არცერთი მ.კუბ. ბეტონი, კერძოდ კვირიკე ზედა კვირიკე (შაქარიშვილები) 36 მ.კუბ. და კვირიკე–ხარაზები 36მ.კუბ. სულ 72. აჭყვიტის ტერიტორიაზე სატენდეროო დოკუმენტაციით გათვალისწინებული კომახიძეების მიმართულებით ნაცვლად 36–სა, დაგებულია 12 მ.კუბ., ანუ 24 მ.კუბ.–ით ნაკლები.ჩაქვის ტერიტორიაზე სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ჩაისუბანი–ბასილაძეების მიმართულებით ნაცვლად 36–ისა დაგებულია 14მ.კუბ. – ანუ 22მ.კუბ–ით ნაკლები. ხალა–გვარიშვრლების მიმართულებით ნაცვლად 36–სა, დაგებულია 25, ანუ 11 მ.კუბ–ით ნაკლები.ქაქუთი–ქარცივაძეები–ცეცხლაძეების მიმართულებით სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული 36კუბ.მ. ნაცვლად დაგებულია 23კუბ.მ. სკოლა–ზ/ლეღვა–სურმანიძეების მიმართულებით 28.8კუბ.მ. ნაცვლად დაგებულია 26.5კუბ.მ. ბოყვათი–მანელიშვილების თემი ნაცვლად 54კუბ.მ. დაგებულია 37.5კუბ.მ. დაგვის მე–4 ბრიგადა ნაცვლად 36 კუბ.მ. დაგებულია 27კუბ.მ. ხუცუბანი–ბაუჟაძეები–მჟავანაძეები ნაცვლად 36 კუბმ. დაგებულია 10.5კუბ.მ. დაგვა–ლაზისტანი ნაცვლად 36 კუბ.მ. დაგებულია 27 კუბ.მ. მოცემულ ობიექტებზე ბეტონი დაგებულია 75.3 კუბმ. ნაკლები. არ დაგებულა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ქაქუთი–კვირკველიები – 18კუბ.მ. ბობოყვათი–კონცელიძეები (კვირიკაული) – 36კუბ.მ. ბობოყვათი–კონცელიძეები 18 კუბ.მ. ლეღვა–ცხრაფონა–ბაჟუნაიშვილები 72კუბმ. ჭახათი–ქათამაძეები 18კუბ.მ. შუაღელე მოსიძეები–ტაკიძეები 18კუბ.მ. საჩინო–ქვედა აჭყვა მე–4 ბრიგადის მიმართულებით 54 კუბ.მ. შუაღელე–დივითი 18 კუბ.მ. კვირიკე–ხარაზები 36კუბ.მ. ჩაქვი–საჩინო გორჯელაძეები მიმართულებით 16 კუბ.მ. კვირიკე–ზ.კვირიკე (შაქარიშვილები) 36 კუბ.მ. კოხი–ჯინჭარაძეები 18 კუბ.მ. ჩაისუბანი დავითურის მიმართულებით 54 მ.კუბ. ხალა–ლორთქიფანიძეების მიმართულებით 36 მ.კუბ. სულ: 448 კუბ.მ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებელმა დაარღვია პირობა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, ბენეფიციარმა გამოიყენა ხელშეკრულებით განსაზღვრული უზრუნველყოფის გარანტია და წერილობით მიმართა გარანტორს გარანტიის თანხის ანაზღაურების თაობაზე პრინციპალის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო. გარანტორის მოთხოვნის ინვოისით პრინციპალმა მოთხოვნილი თანხა გადარიცხა საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე. კასატორს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების დანართი 4-ში მითითებულ მონაკვეთებზე არ მოხდა პრინციპალის მიერ მიწოდებულილ მზა ბეტონის დაგება ეს ბენეფიციარის შესაბამისი მოხელეების მხრიდან დარღვევად უნდა ჩაითვალოს და არა პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობად. ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ საქონლის მოთხოვნა ბენეფიციარის მიერ ხდებოდა სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე და არა წერილობით. კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების შესრულება მხოლოდ საქონლის მიწოდებას კი არ ნიშნავდა, არამედ საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადგილას მიწოდებას.

შესაბამისად პრინციპალმა ან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის წერილობითი შეტყობინების გარეშე, არ განეხორციელებინა ბეტონის მოწოდება.

სამოტივაციო ნაწილი:

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 06 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

20. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

21. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების შესახებ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რაც ანიჭებდა მას საგარანტიო თანხის მიღების მართლზომიერ უფლებას.

22. სსკ-ის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ამავე კოდექსის 976–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; სსკ-ის 991-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული. მოხმობილ ნორმათა ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე კონდიქციური მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა დადგინდეს: არსებობდა თუ არა შესრულების მიღების საფუძველი. სწორედ ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენაა კონდიქსიის ამოსავალი დებულება. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელებული ყოველგვარი ქონებრივი მიმოქცევა არ წარმოშობს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების შესაბამისად მოთხოვნის უფლებას. ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენის უფლების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობის მონაწილეთა ქმედებების შეფასებაც ქონების მიმოქცევამდე.

23. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის წარმოშობილია ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 477-ე მუხლი), რაც მხარეებს ანიჭებდა საქონლის მიწოდებისა და საზღაურის ანაზღაურების უფლება-ვალდებულებას.

24. კასატორი სადავოდ ხდის ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებას, რაც მისი მითითებით დანართში აღნიშნული საავტომობილო გზების მონაკვეთებზე საქონლის მიუწოდებლობაში გამოიხატა, პრაქტიკულად, შესრულებული სამუშაოები არ დაემთხვა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მიმართულებებსა და მოცულობებს, რაც ვალდებულების შეუსრულებლობას ადასტურებდა.

25. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს წინამდებარე განჩინების პპ:15,16, რომლითაც დადგენილია კასატორის პრეტენზიის გამომრიცხავი ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ, მიწოდების ადგილთან მიმართებით დადგენილია, რომ საქონლის მიწოდების ადგილს პრინციპალი ატყობინებდა ბენეფიციარის მიერ დანიშნულ მოხელეს, რომელსაც ეკისრებოდა ვალდებულება შესრულებული სამუშაოს კონტროლისა და გააჩნდა უფლებამოსილება ამ სამუშაოს მიღებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენაზე. იმავდროულად, ვალდებულების სრულად შესრულებაზე, ბენეფიციარის მხრიდან გაცემულია ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება - 318248,16 ლარი სრულად აქვს ანაზღაურებული პრინციპალს.

26. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მიწოდების ადგილთან დაკავშირებული მოთხოვნა პრინციპალის მხრიდან დარღვეულად არ მიიჩნევა, ბენეფიციარის სამართლებრივი პრეტენზია გარანატიის ამოქმედებისათვის პრინციპალის მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე მითითებით უმართებულოა (სსკ-ის 361.3, 879-ე, 880-ე მუხლები).

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით _ არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება _ ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (იხ., სუსგ № ას-562-871-09 , 20 ოქტომბერი, 2009 წელი, რომელშიც განმარტებულია საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს). საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, ემსახურება საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდ ბრუნვას, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება (იხ., სუსგ №ას-1038-999-2016 , 01 თებერვალი , 2017 წელი).

28. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება პრინციპალის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების თაობაზე, აგრეთვე, გარანტორის მიერ საგარანტიო პირობების დაცულობით (ვადა, წარდგენის ფორმა, შესაგებლის გამოყენების შეუძლებლობა) საგარანტიო თანხის გადახდა და აღნიშნული თანხის რეგრესული წესით უკუმოთხოვნა (სსკ-ის 890-ე), ქმნის ვარგის სამართლებრივ საფუძველს ბენეფიციარის მხრიდან უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დასაბრუნებლად (385-ე, 976.1.„ა“, 991–ე მუხლები).

29. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრებისა და საბანკო გარანტიის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით არსებობს სასამართლო პრაქტიკა.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური