30 ივნისი, 2016 წელი
№ას-326-311-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – მ. ო-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. ო-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ. ო-ეს (შემდგომში: მოსარჩელე) და მ. ო-ეს (შემდგომში: მოპასუხე, კასატორი) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2012 წლიდან. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემდეგში სსკ-ის 1106 და 1151-ე მუხლები).
2.მეუღლეებს ერთად ცხოვრების პერიოდში, 2012 წლის 18 ნოემბერს, შეეძინათ შვილი - მ-ი. (შემდგომში: არასრულწოვანი) .
2. არასრულწლოვანი დაბადებიდან დედასთან იზრდება.
3. მამა არ ასრულებს შვილის რჩენის მოვალეობას (სსკ-ის 1211-ე მუხლი). მისი ყოველთვიური შემოსავალი (ხელფასი) შეადგენს 1137.60 ლარს.
4. დედამ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის, ყოველთვიურად 600 (ექვსასი) ლარის დაკისრების მოთხოვნით (სსკ-ის 1214-ე მუხლი). (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომი -სსკ) 1214-ე მუხლი).
5. მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. მან მიუთითა რომ მას აქვს ბანკის წინაშე ფინანსური ვალდებულებები და მის კმაყოფაზე არიან შრომისუუნარო მშობლები, იგი ვერ შეძლებს მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას. ის თანახმაა გადახადოს შვილის სარჩოდ ალიმენტი 100 ლარის ფარგლებში.
6. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი, სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, 1198-ე მუხლებით.
7. სასამართლომ დაასკვნა, რომ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მშობელთა უფლება-მოვალეობას წარმოადგენს. ისინი თანაბარწილად არიან ვალდებულნი არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამავე დროს, ბავშვის ინტერესი უპირატესია, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ალიმენტის ოდენობა (600 ლარი) არ იყო მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის შესატყვისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად და გონივრულად ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მშობლების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხეს ყოველთვიურად გადასახდელად 300 ლარი უნდა დაჰკისრებოდა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.
8.1. მოსარჩელემ საჩივრის საფუძვლად მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასაკმარისადაა დაასაბუთული. მას მხარეთა მოსაზრებების მოსმენის და საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სარჩელი სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა.
8.2. მოპასუხის ძირითადი პრეტენზია კი იმაში მდგომარეობდა, რომ მისი მოსაზრებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა სსკ-ის 1214-ე მუხლის მოთხოვნას, ვინაიდან, გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული მისი რეალური მატერიალური მდგომარეობა, ის შემოსავალი, რაც მას გააჩნია, არაა საკმარისი ალიმენტის იმ ოდენობით დაკისრებისათვის, რომელიც გადაწყვეტილებამ განსაზღვრა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა: „საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ასევე, ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა – 300 ლარი, ექცევა გონივრული და სამართლიანი შეფასების ფარგლებში და არ არსებობს მისი არც შემცირებისა და არც გაზრდის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, აპელანტებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მათი სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებს“.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მიუთითა შემდეგზე:
11.1. ის ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას 300 ლარის ფარგლებში. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კასატორის ყოველთვიური ხელფასი (ხელზე ასაღები) შეადგენს 1137 ლარს. ამ თანხიდან იგი იხდის ქირას, საბანკო კრედიტს და თუ ამას ალიმენტის თანხაც დაემატება, ხელფასიდან პირადი განკარგვის მიზნით დარჩება მხოლოდ 170 ლარი.
11.2. სასამართლომ არც ის გაითვალიწინა, რომ ის არის მაღალჩინოსანი სამხედრო, აქვს კარგი სადაზღვევო პაკეტი, რომლის ფარგლებშიც დაზღვეული ჰყავს შვილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას შვილის ჯანმრთელობის ხარჯების გადახდა გარანტირებული აქვს, რაც სასამართლოს შეეძლო აესახა დადგენილი ალიმენტის ოდენობაში .
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ არსებითად სწორია.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან.
18. საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით საკასაციო პალატა განმარტავს: ალიმენტის გადახდევინება, უპირველესად, მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და მისთვის ღირსეული საარსებო პირობების შექმნას. ამავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს ალიმენტვალდებული პირის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, მის კმაყოფაზე მყოფ პირთა წრეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასაკს და ა.შ. მხოლოდ მოცემული გარემოებების შესწავლის შემდეგ, სსკ-ს 2014-ე მუხლის თანახმად, სასამართლო, ყოველ ინდივიუალურ შემთხვევაში, იღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, რომელიც გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში ექვემდებარება გადაანგარიშებას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი სასამართლო ინსტანციების მიერ ალიმენტის ოდენობა განსაზღვრულია გონივრულობის ფარგლებში იმგვარად, რომ არ ილახება არც ერთი მხარის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები, შესაბამისად, არ არსებობს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ამ ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. (იხილეთ სუსგ ას-1356-1194-2010; №ას-1610-1511-2012, ას-220-210-2016).
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. სსსკ-ის 104-ე და 407-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაზე დართული მტკიცებულებები. ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებების მიღების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 7.2, 257.1, 264.3, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ო-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ მ. ო-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საკრედიტო საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 11.04.2016) 70% – 210.00 ლარი;
3. კასატორ მ. ო-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებების მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. კასატორ მ. ო-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები (საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის ბრძანება - 3 ფურცელი, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება - 2 ფურცელი, ინფორმაცია სს „ს. ბ-ში“ საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთის შესახებ - 1 ფურცელი, მ. ო-ის დაზღვევის პოლისის ასლი - 1 ფურცელი);
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი