№აs-934-899-2016 14 თებერვალი, 2017 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – შპს "გ.", გ.გ., უ.ა. (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ბ.რ." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
1. სს „ბ.რ–სა“ (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, ბანკი ან კრედიტორი) და შპს „გ–ს“ (შემდეგში მოპასუხე, კასატორი, მსესხებელი ან მოვალე) შორის 2008 წლის 17 სექტემბერს, 10 წლის ვადით (2018 წლის 17 სექტემბრამდე) დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №... გენერალური ხელშეკრულება (შემდეგში გენერალური ხელშეკრულება), რომლის თანახმად, საკრედიტო ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით (ან მისი ექვივალენტი კონვერტირებადი ვალუტით), შემადგენელი ხელშეკრულების შესაბამისად, წლიურ საპროცენტო განაკვეთად დადგინდა მაქსიმუმ 48 %.
2. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2008 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა №... საკრედიტო, №... და №.... რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულებები.
3. გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2008 წლის 22 სექტემბერს, იპოთეკით დაიტვირთა შპს „გ–ს“ საკუთრებაში არსებული ქ. რუსთავში მდებარე უძრავი ქონებები და გ.გ–ს (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, იპოთეკის საგნის მესაკუთრე ან პირველი თავდები პირი) საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ:
3.1. უძრავი ქონება მდებარე ქ. რუსთავში, ქალაქის შემოსასვლელი, ნაკვეთი №.. (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...;
3.2. უძრავი ქონება მდებარე ქ. რუსთავში, ქალაქის შემოსასვლელი, ნაკვეთი №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №....;
3.3. უძრავი ქონება, მდებარე ქ. რუსთავი, ქალაქის შემოსასვლელი, ნაკვეთის №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.....
3.4. უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, .... ნაკვეთის წინა ნომერი ......, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №......
4. 2008 წლის 19 სექტემბერს, მოსარჩელემ პირველ თავდებ პირთან და უ.ა–სთან (შემდეგში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მეორე თავდები პირი) გააფორმა სოლიდარული პასუხისმგებლობით თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარი {2008 წლის 19 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულება, ტ.1. ს.ფ. 24-29}.
5. მხარეები გენერალური ხელშეკრულების 11.2. პუნქტით, 2008 წლის 19 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულების 10.2. პუნქტითა და იპოთეკის ხელშეკრულებების 9.4. და 9.6. პუნქტებით, შეთანხმდნენ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით {სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილი}.
6. ბანკმა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა. მან მსესხებელზე გასცა 2008 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები {იხ. ტ.1, ს.ფ. 32, 43-45, 52-54}, ხოლო მსესხებელმა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების პირობები დაარღვია.
7. 2016 წლის 15 მარტის ცნობის მიხედვით, მოპასუხის დავალიანებამ ბანკის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებაზე, როგორც სარჩელის აღძვრის პერიოდისათვის, ასევე 2010 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, 248 573,81 აშშ დოლარი შეადგინა (ძირითადი თანხა - 234749,18 აშშ დოლარი, პროცენტი - 13341,34 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 483,29 აშშ დოლარი).
8. პირველი რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში უშუალოდ მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულება ბოლოს განხორციელდა 2009 წლის 21 სექტემბერს; საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში უშუალოდ მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულება უკანასკნელად განხორციელდა 2009 წლის 21 დეკემბერს; მეორე რევოლვერული ხელშეკრულების საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მსესხებელს თანხა არ გადაუხდია {მოპასუხის საბანკო ანგარიშების ამონაწერი, ტ.1. ს.ფ. 260-261; 262-265; 266-267}.
9. 2013 წლის 7 ნოემბერს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვა:
9.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2008 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება;
9.2. მოპასუხეთათვის ბანკის სასარგებელოდ პირველი რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 147 178.44 აშშ დოლარის, მეორე რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 254 330.15 აშშ დოლარისა და საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 339.845.29 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება;
9.3. დავალიანების დაფარვის მიზნით, მსესხებლისა და თავდები პირების საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა, მათ შორის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების სარეალიზაციოდ მიქცევა;
9.4. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
10. მოპასუხეებმა ბანკის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გახადეს, თუმცა წარმოადგინეს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რის საფუძველზეც არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით, ბანკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 128-130-ე, 137-138-ე, 144-ე, 153-ე, 286-ე, 291-ე, 316-317-ე, 867-868-ე, 891-892-ე და 895-ე მუხლები.
12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, ბანკის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეწყვეტილად იქნა აღიარებული მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული გენერალური ხელშეკრულება; მოპასუხეებს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 248573,81 აშშ დოლარის გადახდა; დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინდა იპოთეკის საგნების რეალიზაცია (უძრავი ქონება მდებარე ქ. რუსთავში, ქალაქის შემოსასვლელი, ნაკვეთი ... (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.....; უძრავი ქონება მდებარე ქ. რუსთავში, ქალაქის შემოსასვლელი, ნაკვეთი ...., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №......; უძრავი ქონება, მდებარე ქ. რუსთავი, ქალაქის შემოსასვლელი, ნაკვეთის №...., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №....; უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ..... ნაკვეთის წინა ნომერი ....., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.....; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
13.1. პალატამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით დასაბუთებული იყო, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, შესაბამისად, შუამდგომლობა ამ ნაწილში ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
14. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, შემდეგი არგუმენტებით:
14.1. საქმის წარმოების დროს, მოსარჩელეს პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა არ მოუთხოვია, შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიუთითებს მის მიკერძოებულობაზე;
14.2. სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი :
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უარყოფილ უნდა იქნეს დაუსაბუთებლობის გამო.
17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგ; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
18. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობა მოსარჩელეს პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში არ დაუყენებია, ამდენად, მათთვის გაუგებარია, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება.
19. სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
20. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხეთათვის თანხის დაკისრება და იპოთეკის საგნების რეალიზაცია. ზემოთმითითებული ნორმის (სსსკ-ის 268.11 მუხლი) საფუძველზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ ხელშეკრულებით შეთანხება პირდაპირ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, რაც შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს.
21. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ მხარემ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსულებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში (იხ. სარჩელი, ტ.1. ს.ფ. 9; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ.1. ს.ფ. 422) იშუამდგომლა გენერალური ხელშეკრულების 11.2. პუნქტის, ასევე 2008 წლის 19 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულების 10.2. პუნქტისა და იპოთეკის ხელშეკრულებების 9.4. და 9.6. პუნქტების საფუძველზე. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება, სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმ ნაწილში, რომ მოცემული შუამდგომლობა დასაბუთებული იყო, ვინაიდან, ხელშეკრულებებით დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, შესაბამისად, რადგანაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით, კანონმდებელმა გაითვალისწინა ასეთი შესაძლებლობა, სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილება მართებულად მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩვრებული განჩინება კანონის სწორ გამოყენება-განმარტებას ეფუძნება, ხოლო კერძო საჩვრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "გ–ს", გ.გ–სა და უ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება;
3. კერძო საჩივრის ავტორებს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვთ;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი