№აs-934-899-2016 14 თებერვალი, 2017 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.მ.
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ბ.რ." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში მესამე პირად ჩაბმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით, გ.მ. (შემდეგში მოხსენიებული ასევე შუამდგომლობის ავტორად) შუამდგომლობა საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეზე მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შუამდგომლობის ავტორმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, გ.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.მ–მ, მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მისი, საქმეში მესამე პირად ჩართვა. ასევე, ყველა იმ განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობები მტკიცებულებათა წარმოდგენის, საქმის მასალების გამოთხოვისა და ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
5. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, გ.მ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 89-ე მუხლის მიხედვით, ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო. დასახელებული კოდექსის 364-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, გ.მ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გ.მ., რომელიც, შუამდგომლობდა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში მესამე პირად ჩართვას, მოცემულ დავაში არ წარმოადგენს კასაციის სუბიექტს, ანუ იმ პირს რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს საკასაციო საჩივარი განსახილველ დავასთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო პალატა მსგავს საკითხებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით (იხ. სუსგ-ებები: №ას-705-1078-06, 22 ნოემბერი, 2006 წელი; №ას-253-578-09, 28 მარტი, 2009 წელი; №ას-364-715-07, 16 ივლისი, 2007 წელი) მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი სსსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილისა და ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების საფუძველზე განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 391.1, მე-7.2, 187.2, 88.2-ე, 89-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;
2. გ.მ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი (საგადასახადო დავალება # 1, გადახდის თარიღი: 14.11.2016, სს "თიბისი ბანკი") შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი