15 მარტი, 2017 წელი
№ას-1125-1081-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ. ე-ე
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ბ-ე
მესამე პირი - ბმა „ძ-3“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა რ. ბ-ემ (შემდეგში მოსარჩელემ) ზ. ე-ის (შემდეგში პირველი მოპასუხის) და ბმა „ა-3-ის“ (შემდეგში მეორე მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა:
- ბმა „ა-3-ის“ 2012 წლის 6 აგვისტოს კრების ოქმის ბათილად ცნობა, მიშენებული ფართის ამხანაგობის წევრებზე განაწილების შესახებ, მოსარჩელისა და ი. ს-ის (ი. ს-ისათის მიკუთვნებული ფართის მესაკუთრეს საქმის განხილვის დროისათვის წარმოადგენს პირველი მოპასუხე 2013 წლის 19 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე) ნაწილში;
- ბმა „ა-3-ის“ 2012 წლის 15 სექტემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობა, მიშენებული ფართის განშლის ცხრილში ცვლილების შეტანის და ამხანაგობის წევრებზე განაწილების შესახებ, ი. ს-ის და მოსარჩელის ნაწილში;
- ბმა „ა-3-ის“ 2013 წლის 21 ივლისის #6 კრების ოქმის (დამოწმების თარიღი 15.10.2013) ბათილად ცნობა (აღნიშნული კრების ოქმით პირველ მოპასუხეს მიეცა ქ. თბილისში, ვ-ას მე-… კვარტ, კორპ. …, ბ. …-ში მდებარე 83,40 მ2 ფართის მესაკუთრედ დარეგისტრირების უფლება);
- პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 3000 ლარის დაკისრება.
2. 2013 წლის 19 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ი. ს-მა ქ. თბილისში, ვ-ას გამზ. მე-… კვარტ. კორპ. #...-ში, პირველ სართულზე მდებარე 29.37 მ2 საკუთრებაში გადასცა ზ. ე-ეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
- ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-3”-ის 2012 წლის 06 აგვისტოს კრების ოქმი მიშენებული ფართის ამხანაგობის წევრებზე განაწილების შესახებ ი. ს-ის და მოსარჩელის ნაწილში.
- ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-3-ის“ 2012 წლის 15 სექტემბრის კრების ოქმი მიშენებული ფართის განშლის ცხრილში ცვლილების შეტანის და ამხანაგობის წევრებზე მიშენებული ფართის განაწილების შესახებ ი. ს-ის და მოსარჩელის ნაწილში;
- ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-3-ის“ 2013 წლის 21 ივლისის #6 კრების ოქმი (დამოწმების თარიღი 15.10.2013);
- სარჩელი მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით:
- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ.
7. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ქ. თბილისში, ვ-ას მე-… კვარტ. კორპ. …, ბ. …-ში მდებარე სადავო ფართის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
8. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, წარმოადგინა დასკვნა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ, სადაც სადავო ქონების ღირებულებად მითითებულია 85 000 ლარი და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება 300 ლარამდე.
9. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით და დაევალა აღნიშნულ ვადაში 4 250 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
10. 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
13. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინება კასატორს ჩაბარდა პირადად 2017 წლის 27 თებერვალს.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 28 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 6 მარტს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 6 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
15. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
16. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ე-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე