№ას-114-110-2016 21 აპრილი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – შპს „მ-ი …“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – ბმა „ფ-ის…“; ლ. მ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის ბათილად ცნობა; უნებართვო სათავსოს დემონტაჟი; საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,მ-ი …’’ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კომპანია ან კასატორი) და ლ. მ-ე (შემდეგში: პირველი მოპასუხე) წარმოადგენენ ბინით მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ფ-ის …’’-ის (შემდეგში: ბმა, მეორე მოპასუხე, ამხანაგობა) წევრებს. ისინი ქ. ბათუმში, ფ-ის ქ. №…-ში მდებარე მრავალბინიან კორპუსში მდებარე ბინების ინდივიდუალური მესაკუთრეები არიან („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 11.2 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 311.1-ე მუხლი).
2. ამხანაგობის კრებამ, 2013 წლის 10 მაისს წევრთა 2/3-ის თანხმობით, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც პირველ და მეორე სართულებს შორის არსებულ თავისუფალ, 17 კვ.მ. ფართზე, ამხანაგობისათვის საჭირო ინვენტარის და სხვა ნივთების შესანახად, სათავსოს მოწყობა დაევალა პირველ მოპასუხეს, რომელიც მომავალში აღნიშნული სათავსოს საკუთარი სამეურნეო მიზნებისათვის გამოყენებასაც შეძლებდა (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 6 .5 მუხლი).
3. მოსარჩელემ (კომპანიამ) სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ ამხანაგობის 2013 წლის 10 მაისის კრების ოქმის ბათილად ცნობის, უნებართვო სათავსოს დემონტაჟისა და საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ სათავსოს არსებობა მას ხელს უშლის საკუთრების სარგებლობაში, კერძოდ, ის ვერ შეძლებს მეორე სართულიდან შესასვლელი კარის მოწყობას (სსკ-ის 170.1-ე და 172.2-ე მუხლები).
4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში მიუთითეს, რომ ფ-ის ქ. №…-ში მდებარე კორპუსის პირველი და მეორე სართულის სამშენებლო პროექტი არ ითვალისწინებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართში მეორე სართულიდან შესასვლელი კარის მოწყობის შესაძლებლობას, შესაბამისად, მათი აზრით, დაუსაბუთებელია მოსარჩელის პრეტენზია, რომ მას ეზღუდება საკუთრებით სარგებლობის უფლება.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ს 170-ე და 172-ე მუხლები, აგრეთვე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 მუხლები და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ ეზღუდებოდა საკუთრებით სარგებლობის უფლება, ხოლო სათავსოს მონტაჟის უფლება მეორე მოპასუხეს კანონიერად, ამხანაგობის კრების გადაწყვეტლების საფუძველზე ჰქონდა მინიჭებული.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. სასამართლომ გადაწყვეტილებაში გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები საქართველოს სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებზე დაამყარა, მაგრამ არასწორად განმარტა ისინი.
6.2. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კანონის ,,ბინისმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” მე-5-ე, მე-6-ე, მე-7-ე, მე-10-ე, მე-10-ე პრიმა, მე-15-ეს მე-2-ე ნაწილი, მე-19-ე, 21-ეს 1-ელი ნაწილის ,,ვ” და ,,ზ” ქვეპუნქტები, 22-ე, 27-ე, 28-ე მუხლები; საქართველოს კანონი ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის №449-ე ბრძანება.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასაართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა შემდეგი:
7.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის იურიდიული ინტერესია მეორე სართულზე სადარბაზოს მხრიდან შესასვლელი კარის მოწყობა, რისი შესაძლებლობაც პროექტით გათვალისწინებული არაა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის ინტერესის დაკმაყოფილება მთლიანად დამოკიდებულია ამხანაგობის გადაწყვეტილებაზე. კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი ახალი კრების მოწვევა არ წარმოადგენს გარანტიას მოსარჩელისათვის, რომ კრებაზე მისთვის სასურველი შედეგი მიიღწევა და მას მეორე სართულიდან შესასვლელი კარის მოწყობაზე კრება დათანხმდება. ამდენად, აპელანტის ქონებრივი (იურიდიული) ინტერესის უპირობო დაკმაყოფილება, ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, შესაძლებელი არაა. აპელანტს არ გააჩნია განსახილველი დავის მიმართ დასაბუთებული და საფუძვლიანი იურიდიული ინტერესი.
7.2. რაც შეეხება სათავსოს დემონტაჟს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომ სადავო სათავსო წარმოადგენს უკანონო ნაგებობას და აღნიშნული ნაგებობით იზღუდება მისი საკუთრების უფლება ან ხელი ეშლება მას საკუთრებით სარგებლობაში. მოსარჩელის კუთვნილი კომერციული ფართის ზედა ნაწილს - ანტრესოლს, რომელიც ლიფტის გასწვრივაა, ნახაზების მიხედვით, ღიობი არ გააჩნია. ნახაზზე დაფიქსირებული კარის ღიობები წარმოადგენენ ამ სართულზე ლიფტის შახტის მიმდებარედ განთავსებულ საცხოვრებელ ბინებში შესასვლელ კარებს. მეორე სართულის ნახაზი შეესაბამება ამ სართულის ფაქტობრივ მდგომარეობას, სადაც დღეისათვის საცხოვრებელი ბინებია განთავსებული, ხოლო მოსარჩელეს, ნახაზის მიხედვით, ამ სართულთან შემხებლობა არა აქვს.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ იმ საფუძვლით, რომ:
8.1. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 170-ე და 172-ე მუხლები, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 393-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები;
8.2. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კანონის ,,ბინისმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” მე-5-ე, მე-6-ე, მე-7-ე, მე-10-ე, მე-10-ე პრიმა, მე-15-ეს მე-2-ე ნაწილი, მე-19-ე, 21-ეს 1-ელი ნაწილის ,,ვ” და ,,ზ” ქვეპუნქტები, 22-ე, 27-ე, 28-ე მუხლები; სახანძრო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის №449-ე ბრძანება;
8.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ უკანონოდ მიშენებული სათავსო მას ართმევს საკუთრებით სარგებლობის უფლებას. კერძოდ, მას ერთმევა უფლება, მოაწყოს შესასვლელი კარი სადარბაზოს მხრიდან.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10.საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიები არც დასაშვები და არც დასაბუთებული არ არის.
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამ ტიპის დავებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა შემდეგი: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ამ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის კანონით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობის არსებობა: კერძოდ, საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა უნდა აღიკვეთოს მაშინ, თუ ეს ქმედება მართლსაწინააღმდეგოა“ (იხილეთ სუსგ №ას- 1185-1205-2011) .
16. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია საკასაციო საჩივრის დაუშვებლობასთან მიმართებით დამატებით განმარტოს შემდეგი:
პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სსსკ-ის მეორე მუხლი უზრუნველყოფს პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს დარღვეული ან სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად. ამასთან, პირს ევალება სწორად ჩამოაყალიბოს მოთხოვნა და ის მიზანი, რომლის მიღწევაც გადაწყვეტილებით სურს. გარდა ამისა, სარჩელი გამართული უნდა იყოს მატერიალურ- სამართლებრივი თვალსაზრითაც, რაც იმას გულისხმობს, რომ სამართლებრივი შედეგი და ამ შედეგის ფაქტობრივი წინაპირობები უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან. მოცემულ შემთხვევაში, ამხანაგობის 2013 წლის 10 მაისის კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნა თავისი ბუნებით აღიარებითი სარჩელია. სსსკ-ს 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნის არსებითი დამახასიათებელი ნიშანია იურიდიული ინტერესი, ანუ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს დაინტერესებულ პირს. იმ შემთხვევაში, თუ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი ვერ დადგება, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებაც გაუმართლებელია.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით. ასეთი სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად, თუ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობა იკვეთება.
18. განსახილველ შემთხვევაში მხარის იურიდიული ინტერესი სადარბაზოს მხრიდან შესასვლელი კარების მოწყობაა, რაც საჯარო რეესტრში დაცული საპროექტო ნახაზებით გათვალისწინებული არაა. საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ვრცელდება რა უტყუარობის პრეზუმფცია, მისი საწინააღმდეგოს დადასტურება მოსარჩელეს ევალებოდა, რაც მან ვერ შეძლო. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის ინტერესის დაკმაყოფილება, რეალურად, დამოკიდებულია ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებაზე. უკვე ჩატარებული კრების ოქმის ბათილად ცნობა ან/და ახალი კრების მოწვევა კი არ წარმოადგენს უპირობო გარანტიას მოსარჩელისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. ე.ი. კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი, კასატორისთვის სასურველი მიზანი დადასტურებულად ვერ მიიღწევა;
19. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად კასატორის, როგორც ამხანაგობის წევრის უფლება საერთო საკუთრების ფართზე უცვლელი დარჩა: ფართი არ გასულა ამხანაგობის საკუთრებიდან, მასზე უცვლელი დარჩა ადრე რეგისტრირებული მესაკუთრის (ამხანაგობის) საკუთრების უფლება. კრებამ განსაზღვრა მხოლოდ ფართის დანიშნულება - მოხმარდეს იგი ამხანაგობის საერთო ინტერესებს (მასში განთავსდება ამხანაგობის ინვენტარი), ხოლო პირველ მოპასუხეს, რომელმაც იკისრა საკუთარი ხარჯების გაღება სათავსოს მოწყობისთვის, ამის სანაცვლოდ ამხანაგობის ინვენტართან ერთად საკუთარი ნივთების შენახვის უფლებაც მიეცა. მაშასადამე, კრებას ცვლილება არ შეუტანია კასატორის, როგორც საერთო ან ინდივიდუალური ქონების მესაკუთრის სამართლებრივ სტატუსში და შესაბამისად, არ შელახულა მისი ინტერესები.
20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 7.2, 257.1, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ ...-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს – შპს „მ ...-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის, გადახდის თარიღი – 16 თებერვალი, 2016 წელი, საგადახდო დავალება № 839) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი