№ას-461-443-2016 28 ივლისი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ფ-ი-...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 12 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში: კრედიტორი) სასარგებლოდ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო სააღსრულებო საქმისწარმოება შპს ,,ს-ის” (შემდეგში: პირველი მოპასუხე) საგადასახადო დავალიანების ამოღების მიზნით. ყადაღა დაედო ქ.თბილისში, ა.წ-ის ქუჩა #...-ში მდებარე მოძრავ ნივთებს. ესენია: 1) ვერტიკალური საფრეზი ჩარხი 6ბ67, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 აპრილის აქტში მითითებულ მე-5 პოზიციაზე: საფრეზი დაზგა 615; 2) ვერტიკალური საბურღი ჩარხი 2ნ135 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 აპრილის აქტში მითითებული მე-7 პოზიციაზე: საბურღი დაზგა 2 A 135 1 ცალი; 3) ვერტიკალური საბურღი ჩარხი 2ნ125, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 აპრილის აქტში მითითებული მე-8 პოზიციაზე: საბურღი დაზგა 2 A 125; 4) გადასაჭრელ-სახერხი დაზგა 8728, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 აპრილის აქტში მითითებული მე-11 პოზიციაზე 1 ცალი; 5) ასალესი ჩარხი, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 აპრილის აქტში მითითებული მე-12 პოზიციაზე ე.წ ”ტაჩილა ელექტრო” 1 ცალი; 6) ხრახნმჭრელი სახარატო ჩარხი 1 k 62, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 აპრილის აქტში მითითებული მე-16 პოზიციაზე: სახარატე დაზგა 1 k 62 1 ცალი; 7) ხრახნმჭრელი სახარატო ჩარხი 1M63 - 1 კომპლექტი, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 აპრილის აქტში მითითებული მე-17 პოზიციაზე: სახარატე დაზგა 1M62; 8) „ტელფერი“ 0,5 ტ (წარმოადგენს ხრახნმჭრელი სახარატო ჩარხი 1M63-ის კომპლექტს) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 აპრილის აქტში მითითებული მე-18 პოზიციაზე; 9) განივსარანდი 7303, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლებისსამსახურის 2014 წლის 2 აპრილის აქტში მითითებული 32-ე პოზიციაზე: სარანდი დაზგა 1 ცალი (ს.ფ. 16-20) (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლი).
2. ქ.თბილისში, მ.ლ-ის ქუჩა (ა..წ-ის ქუჩა) #...-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #....., სადაც ნივთები აღწერეს და დააყადაღეს, რეგისტრირებულია სს ,,ფ-ი-…”-ის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე) საკუთრებად.
3. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1995 წლის 4 ივლისს გასცა საკუთრების მოწმობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, მ.ლ-ის ქუჩა (წ-ის ქუჩა) #...-ში და ვ-ის დასახლება მე-… ქუჩაზე მდებარე 27230 კვ.მ. არასასაოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ ნაგებობასა და მოძრავ ნივთებთან ერთად. 1996 წლის აპრილის მონაცემებით, მოსარჩელის კუთვნილ ძირითად საშუალებათა შეფასების აქტში, სხვა ქონებასთან ერთად მითითებულია: ვერტიკალური საბურღი დაზგა, სახერხი დაზგა, ხრახნსაჭრელი დაზგა, ვერტიკალური საბურღი ჩარხი, განივსარანდი დაზგა, ხრახნსაჭრელი სახარატო და სალესი დაზგები.
4. 2013 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მეორე მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა ქ. თბილისში, მ.ლ-ის ქუჩა (ა.წ-ის ქუჩა) #...-ში მდებარე 150 კვ.მ. ფართი და შემდეგი დასახელების დანადგარები: 1) ვერტიკალური საფრეზი ჩარხი 6ბ67; 2) ვერტიკალური საბურღი ჩარხი 2ნ135; 3) ვერტიკალური საბურღი ჩარხი 2ნ125; 4) გადასაჭრელ-სახერხი დაზგა 8728; 5) ასალესი ჩარხი; 6) ხრახნმჭრელი სახარატო ჩარხი 1k62; 7) ხრახნმჭრელი სახარატო ჩარხი 1M63; 8) ცვლადი დენის შესადუღი აპარატი; 9) განივსარანდი 7303.
5. აღწერილი მოძრავი ნივთების მესაკუთრემ სარჩელი აღძრა მოვალისა (პირველი მოპასუხე) და კრედიტორის (სსიპ შემოსავლების სამსახური) წინააღმდეგ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით. სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი იყო ის, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და მოპასუხის დავალიანების გამო დაყადაღებული ნივთები არა მოვალის, არამედ მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა. (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი).
6. პირველმა მოპასუხემ სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ ქონების აღწერისა და დაყადაღებისას მან განაცხადა ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილების თაობაზე, მაგრამ უფლებამოსილმა პირებმა დაყადაღების აქტში ეს ქონება მაინც შეიტანეს და განუმარტეს, რომ მოგვიანებით, სასამართლოსადმი მიმართვის გზით, შესაძლებელი იყო ნივთების აღწერილობის სიიდან ამორიცხვა.
7. კრედიტორმა სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში მიუთითა, რომ ქონებას ყადაღა დაედო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღწერილ ნივთებზე მისი საკუთრების დამადასტურებელი დასაშვები მტკიცებულებები.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ.თბილისში, მ.ლ-ის ქუჩა #...-ში 2014 წლის 2 აპრილს კრედიტორის სასარგებლოდ დაყადაღებული მოძრავი ნივთები ყადაღისაგან გათავისუფლდა.
8.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საწარმოს კუთვნილი ქონების ჩამონათვალითა და დაყადაღებული ნივთების ფოტოსურათებით დგინდებოდა სადავო ქონების დაყადაღების აქტში ნივთების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (ნივთების დასახელება და ნომერი) არასწორად მითითების ფაქტი. კერძოდ: აქტში მე-5 პოზიციაზე მითითებული იყო საფრეზი დაზგა 615ნ - სინამდვილეში, ამ სახის ნივთი არცერთი მხარის საკუთრებას არ წარმოადგენდა, საფრეზი ჩარხი 6ბ67, რომელზეც შემოსავლების სამსახურის ოფიცრის მიერ მითითებული იქნა 615ნ, ნაცვლად ,,საფრეზი ჩარხი 6ბ67-სა“, ვერტიკალური საბურღი ჩარხი 2ნ135, დაყადაღების აქტში მითითებულია მე-7 პოზიციაზე ,,საბურღი დაზგა 2ა135”; ვერტიკალური საბურღი ჩარხი 2ნ125, აქტში მითითებულია საბურღი დაზგა 2ა125; ხრახნმჭრელი სახარატო ჩარხი 1მ63, აქტში მითითებულია სახარატე დაზგა 1მ62, განივსარანდი 7303, რომელიც აქტში მითითებულია, როგორც სარანდი დაზგა.
8.2. სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო მოძრავი ნივთები მოსარჩელის საკუთრება იყო და არ არსებობდა მათი დაყადაღების სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, მ.ლაღიძის ქუჩა #21-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #01.17.10.006.002, სადაც განხორციელდა სადავო ნივთების აღწერა და დაყადაღება, რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2013 წლის 1 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელს იჯარით გადაეცა უძრავი ქონება სადავო მოძრავ ნივთებთან ერთად. მოსარჩელის საკუთრების უფლება დაყადაღებულ ნივთებზე დადგენილია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1995 წლის 4 ივლისს გაცემული საკუთრების მოწმობითა და ქონების პრივატიზაციის დროს მოსარჩელის კუთვნილი ძირითად საშუალებათა შეფასების აქტით, რომელშიც დაფიქსირებულია სადავო ნივთები.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კრედიტორმა (სსიპ შემოსავლების სამსახური), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
9.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტში სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ქონება, რომელიც შეტანილია ყადაღის აქტში, სწორედ ის ქონებაა, რომლის ამორიცხვასაც ითხოვს მოსარჩელე ყადაღის აქტიდან. სასამართლომ არ დაასაბუთა, რის საფუძველზე მოახდინა ქონების იდენტიფიცირება. მაგალითად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ყადაღის აქტში მე-5 პოზიციაზე მითითებული “საფრეზი დაზგა 615” წარმოადგენს ვერტიკალურ საფრეზ ჩარხს 6ბ67-ს, რაც მოსარჩელეს მითითებული აქვს თავის სასარჩელო მოთხოვნაში.
9.2. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს იჯარით გადასცა ქონება. აპელანტის მითითებით, აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება კონკრეტული მიზნის მისაღწევად, კერძოდ, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, შესაძლებელია, შეიქმნას ნებისმიერ დროს, რაც ვერ გახდება უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ქონების მესაკუთრე ხელშეკრულებაში მითითებული გამქირავებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ წარმოადგენს ამ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს.
9.3. აპელანტის მითითებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანების 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს ივარაუდება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსიც ითვალისწინებს მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას, 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, მოძრავი ქონება, რომელიც დაყადაღების აქტში იქნა შეტანილი, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიერ, მართლზომიერად იქნა მიჩნეული გადასახადის გადამხდელის საკუთრებად, აღნიშნულის გამაბათილებელი დასაშვები მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.1. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
10.2. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე შეძლო სასამართლომ ქონების იდენტიფიცირება. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ, მართალია, დაყადაღების აქტში მითითებული ქონების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ემთხვევა მოსარჩელის მიერ მითითებულ მონაცემებს, მაგრამ მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით სარწმუნოდ დაასაბუთა სადავო ქონების იდენტურობა დაყადაღების აქტში მითითებულ ქონებასთან და მასზე საკუთრების უფლება. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სადავო ნივთების სხვადასხვა წლების ინვენტარიზაციის აქტები (იხ. ტ.1. ს.ფ. 192-211), ასევე, დაზგების ფოტომასალა და რიგ შემთხვევაში, მათი ტექნიკური პასპორტებიც. ყურადსაღებია შემდეგი ფაქტი: დაზგების უმეტესობა ამ საწარმოში ჩაბეტონებულია მრავალი წლის მანძილზე და მათი გადატანა სხვა ადგილზე შეუძლებელია ბეტონის დაზიანების გარეშე, თავად დანადგარები გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გამოშვებული და იძლევა იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ შემოსავლების სამსახურის ინსპექტორმა დანადგარების ნომრები სწორად ვერ ასახა დაყადაღების აქტში, ვინაიდან ეს ნომრები დაბინძურების, ან ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო მკაფიო, არაა და არ იკითხება.
10.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 2 აპრილის აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში: სსსკ-ის) 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი დამაჯერებლად და სარწმუნოდ დაამტკიცა მოსარჩელემ, ხოლო კრედიტორმა დადგენილ გარემოებათა საპირისპირო მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ კრედიტორმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
12.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს N994 ბრძანების 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადებისას, ივარაუდება (პრეზუმირებულია), რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, ეკუთვნის მას, ხოლო, თუ მესამე პირი განაცხადებს ქონებაზე საკუთრების უფლებას, იგი მაინც შეიტანება აქტში და კეთდება აღნიშვნა. ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული და საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემების შესწავლის საფუძველზე ახორციელებს ქონებაზე ყადაღის დადებას, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი კი, ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს შესაბამის აქტში. მითითებული ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის მიერ, შედგა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, რომელსაც ესწრებოდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი ნ. ღ-ი. ამ უკანასკნელმა ყადაღის აქტში არ გაუკეთებია აღნიშვნა, რომ აღწერილი მოძრავი ქონების ნაწილი არ წარმოადგენს საწარმოს საკუთრებას. გარდა ამისა, სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. კასატორმა მართლზომიერად მიიჩნია ისინი გადასახადის გადამხდელის საკუთრებად, ვინაიდან ქონებაზე ყადაღის აქტის შედგენისას მოძრავ ქონებას, რომელიც აქტში იქნა შეტანილი, ფლობდა პირველი მოპასუხე.
12.2. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით ერთ წელზე მეტი ვადით დადებული გარიგებების საფუძველზე, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“-„ი“ და “ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისთვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენს უძრავი ქონების იჯარით გადაცემა (იმ შემთხვევაშიც, როცა უძრავ ქონებასთან ერთად გადაცემულია მოძრავი ქონებაც) აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. კასატორის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ მოსარჩელეს იჯარის ხელშეკრულება არ დაურეგისტრირებია. ამით დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელემ აღნიშნული ხელშეკრულება დადო კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის, კერძოდ კი, საგადასახადო დავალიანების თავის არიდების მიზნით.
12.3. გაურკვეველია, სასამართლომ რის საფუძველზე მოახდინა „საფრეზი დაზგა 615ნ-ის“ იდენტიფიცირება „საფრეზი დაზგა 615-თან“ და დაადგინა, რომ ქონება განსხვავებული მახასიათებლებით ერთი და იგივე ქონებაა. კასატორი არ ეთანხმება აღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ მსგავს მსჯელობას სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს ცხრა ქონებიდან შვიდის შემთხვევაში.
12.4. გადაწყვეტილება უკანონოა ბაჟის დაკისრების ნაწილშიც. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები თავისუფლდებიან ბაჟის გადახდისგან – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები – სარჩელებზე მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე, განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე;
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი, სსსკ-ს 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა. შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიას, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერით დაცულ მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის გაქარწყლება შესაძლებელია ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანებით. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას ამახვილებს ამ ბრძანების 42-ე მუხლის შინაარსზე, რომელიც ადგენს ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების წესს და არ უკარგავს მესამე პირს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით გარანტირებული მოთხოვნის გამოყენების უფლებას, რომლის მიხედვითაც: თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ); სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. მაშასადამე, მესაკუთრეთა კანონიერი ინტერესების დასაცავად, კანონი ითვალისწინებს საპროცესო-სამართლებრივ მექანიზმს, სასამართლოში მიმართვის გზით მოითხოვოს დარღვეული უფლების აღდგენა. ის გარემოება, რომ დაყადაღების აქტში არ ყოფილა მითითებული ნივთების ნამდვილი მესაკუთრის ვინაობა, ამ უკანასკნელს არ ართმევს უფლებას, იდავოს ნივთების დაყადაღების მართლზომიერების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მართლზომიერად მიუთითა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 32-ე მუხლზე და ნივთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე მიიღო სწორი გადაწყვეტილება სადავო ნივთების ყადაღისაგან განთავისუფლების თაობაზე. კასატორის მითითება სსკ-ის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე სამართლებრივ სურათს ვერ შეცვლის, რადგანაც მოსარჩელემ შეძლო მითითებული ნორმით გათვალისწინებული პრეზუმფციის გაქარწყლება დასაშვები და დამაჯერებელი მტკიცებულებებით: ყადაღადადებული ნივთები განთავსებული იყო არა მოვალის, არამედ მოსარჩელის კუთვნილ ფართში; მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2013-2014 წლებში არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც პირველ მოპასუხეს იჯარით გადაეცა უძრავი ქონება მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებითა და მასში არსებული იმ სადავო მოძრავი ნივთებით, რომლებიც ხელშეკრულებაში დეტალურადაა აღწერილი. შესაბამისად, არ არსებობდა პირველი მოპასუხის მესაკუთრედ მიჩნევისათვის სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე პრეზუმფციის დაშვების საფუძველი (იხ.სუსგ N658-625-2014; ას-940-898-2013; ას-104-99-2013; ას-107-102-2013).
20. ასევე, დაუსაბუთებულია კასატორის პრეტენზია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთების კუთვნილებას მოსარჩელე ვერ ადასტურებდა, რადგან იჯარის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში კანონით დადგენილი წესით არ იყო რეგისტრირებული. კასატორის მითითება საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით ერთ წელზე მეტი ვადით დადებული გარიგებების საფუძველზე, აგრეთვე, ის რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“-„ი“ და “ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისთვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, პრეტენზიიის დასასაბუთებლად ვერ გამოდგება, რადგანაც იჯარის ხელშეკრულება 11 თვით (2014 წლის 1 ივნისიდან 2015 წლის 1 მაისამდე) იყო დადებული და, აქედან გამომდინარე, მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება არც პირველ მოპასუხეს და არც მოსარჩელეს არ წარმოეშობოდა.
21. კასატორი ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს მიერ გარკვეული ქონების იდენტიფიცირების საკითხსაც. სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად: თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მოსარჩელემ, ფაქტობრივი გარემოება, რომლითაც დადგინდა რომ ერთი და იგივე ნივთი დაყადაღების აქტში შეტანილი იყო ორი სხვადასხვა მახასიათებლით, სარწმუნოდ დაადასტურა მტკიცების ფარგლებში, რისი გაქარწყლებაც კასატორმა ვერ შეძლო.
22. საკასაციო პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა სსიპ შემოსავლების სამსახურზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი, ასევე დაუსაბუთებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახური, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელის სასარგებლოდ ხდება გადაწყვეტილების გამოტანა, მის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა ეკისრება მოპასუხეს(იხ. სუსგ ას-892-854-2014; ას-231-218-2015).
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300.00 ლარის (გადახდის თარიღი – 11 აპრილი, 2016 წელი, საგადახდო დავალება №0;) 70% – 210.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი