№ას-316-301-2016 14 ივლისი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – თ. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2010 წლის აპრილში, ნ. გ-ემ (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან გამსხესხებელი) თ. პ-ს (შემდეგში: მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი) ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ასესხა 13 000 აშშ დოლარი {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემდეგში სსკ-ის 623-ე მუხლი}.
2. მსესხებელმა 2011 წლის 13 მაისის ხელწერილით დაადასტურა მოსარჩელესთან და მოსარჩელის შვილთან - მ. თ-თან (შემდეგში: მოსარჩელის შვილი) სასესხო ურთიერთობის არსებობა და იკისრა ვალდებულება, რომ მაისის ბოლომდე დააბრუნებდა ვალს - 19 000 აშშ დოლარს.
3. მოსარჩელის შვილმა, 2014 წლის 11 ივნისს შედგენილი წერილით დაადასტურა, რომ თანხა, რომელიც მოსარჩელემ მისი და მოპასუხის მეუღლის - ნ. დ-ის (შემდეგში: მოპასუხის მეუღლე) თანდასწრებით მოპასუხეზე გაასესხა, წარმოადგენდა მოსარჩელის დანაზოგს და მას აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით, რაიმე პრეტენზია არ გააჩნდა.
4. მოპასუხე წარმოადგენს ა(ა)იპ საქართველოს კათოლიკეთა კავშირის „გულმოწყალე იესოს“ (შემდეგში მეორე მოპასუხე ან კავშირი) ერთ-ერთ დამფუძნებელს.
5. მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, მან მოსარჩელეს სესხი არ დაუბრუნა.
6. 2014 წლის 28 ივლისს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვა, მათთვის სესხის ძირითადი თანხის - 22 000 აშშ დოლარისა და 2012 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 22 000 აშშ დოლარის ყოველთვიური 4 %-ის სოლიდარულად დაკისრება.
7. მოპასუხემ წარდგენილ შესაგებელში სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მოსარჩელის მიმართ არსებული ვალი არ უარყო და მიუთითა, რომ მან და მისმა მეუღლემ მოსარჩელისაგან ნამდვილად მიიღეს 13 000 აშშ დოლარი, რისთვისაც იგი მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდიდა 1000 და არა 750 აშშ დოლარს, როგორც ეს სარჩელში იყო აღნიშნული. მსესხებელმა, სარჩელის მოთხოვნა მოთხოვნილი თანხის კავშირზე (მეორე მოპასუხე) სოლიდარულად დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი წარმოადგენდა კავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელს, აღნიშნული გარემოება არ წარმოშობდა საკუთრების უფლებას მეორე მოპასუხის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მისი მოსაზრებით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ მას კავშირის მიერ წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭებული არ ჰქონია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა ის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა სესხად აღებული თანხის მეორე მოპასუხის სასარგებლოდ მოხმარებას. მოგვიანებით, სასამართლოს მთავარი სხდომის პაექრობის ეტაპზე (იხ. სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის მთავარი სხდომის ოქმი, 13:44 წუთი), მსესხებელმა მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა განხორციელებადი არ იყო, ანუ ხანდაზმული იყო.
8. მეორე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილი შესაგებლით გამორიცხა მოთხოვნა იმ დასაბუთებით, რომ სარჩელი მის მიმართ უსაფუძვლო იყო და იგი მოცემულ სადავო ურთიერთობაში წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, გამომდინარე იქიდან, რომ სესხის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ მხოლოდ მოსარჩელე და პირველი მოპასუხე, შესაბამისად, მის მიმართ მოთხოვნას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი.
9. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19 000 აშშ დოლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 25-ე, 131-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 873-ე მუხლები.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პირველმა აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, რომლის საფუძველზეც ორივე მოპასუხეს სოლიდარულად დაეკისრებოდა 22 000 აშშ დოლარი და 2012 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 22 000 აშს დოლარის 4 %. მეორე აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10.1. პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
10.1.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ პირველმა მოპასუხემ ვალის - 22 000 აშშ დოლარის არსებობა აღიარა მხოლოდ მოსარჩელის შვილის მიმართ, ვინაიდან საქმისწარმოება მიმდინარეობდა მოსარჩელისა და მისი შვილის ერთობლივი განცხადების საფუძველზე და ვალის აღიარება შეეხებოდა მოსარჩელის დანაზოგის საფუძველზე წარმოქმნილ ვალს;
10.1.2. წარმოდგენილი შესაგებელის მორიგების გრაფაში აღიარებული იყო, რომ პირველ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 22 000 აშშ დოლარი მართებდა, რომელსაც იგი გადაიხდიდა, თუ მოსარჩელის შვილი იპოთეკისაგან გაათავისუფლებდა მ. პ-ის (შემდეგში მოპასუხის და) ბინას;
10.1.3. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მხრიდან მეორე მოპასუხეზე სესხის აღების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც საქმის წარმოების განვითარებისათვის იყო საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულს მსესხებელი აღიარებდა გამომძიებელთან გასაუბრების ოქმში, ხოლო მისი და - სასამართლოს მთავარ სხდომაზე. ამასთან, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა სსკ-ის 35-ე და 37-ე მუხლებზე, ვინაიდან დასახელებული მუხლების თანახმად, მსესხებელი არის მეორე მოპასუხის დამფუძნებელი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი, ამას გარდა, მას აღნიშნული კავშირის უძრავ-მოძრავი ქონება იჯარით აქვს აღებული მას ფაქტობრივად ფლობს.
10.2. მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
10.2.1. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხის და საქმეში ჩართული იყო მესამე პირად, ამასთან 2013 წლის 12 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ, სწორედ, მოსარჩელის შვილი და მოპასუხის და;
10.2.2. მოსარჩელის შვილის საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა შუამდგომლობა წარდგენილი, თუმცა მოსარჩელის შვილმა აღნიშნულზე უარი განაცხადა;
10.2.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თავის დროზე სამმართველოს სისხლის სამართლის საქმის საწარმოებლად მიმართა მოსარჩელის შვილმა, ამასთან, მსესხებელთან გასაუბრების ოქმის თანახმად, მოპასუხემ აღიარა, რომ მას სესხად აქვს აღებული თანხა მოსარჩელის შვილისაგან, შესაბამისად, სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმისწარმოება;
10.2.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთგამომრიცხავია. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 129-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც მოთხოვნა ხანდაზმული იყო და აქედან გამომდინარე, სარჩელი უნდა უარეყო.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით, აპელანტების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.1. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით, რომლის ფარგლებშიც მსესხებლის ვალდებულება 19 000 აშშ დოლარი იყო, შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ პირველმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი 19 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში;
11.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსესხებელი არ წარმოადგენდა მეორე მოპასუხის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, ამასთან, პალატის განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის სასესხო ვალდებულების არსებობის ფაქტი, შესაბამისად, კავშირის მოპასუხესთან ერთად სოლიდარულად ვალდებულ პირად მიჩნევის რაიმე საფუძველი არ არსებობდა.
11.3. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დგინდებოდა ვალდებული პირის მიერ ვალდებულების აღიარების ფაქტი (2011 წლის 13 მაისის ხელწერილი), რაც სსკ-ის 137-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს.
12. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
12.1. სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დასაბრუნებელი თანხის ოდენობა, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 19 000 აშშ დოლარის ნაცვლად, 13 000 აშშ დოლარი უნდა დაჰკისრებოდა;
12.2. სასამართლოს მოთხოვნა 2011 წლის 13 მაისის ხელწერილის საფუძველზე არ უნდა დაეკმაყოფილებინა, მას სსკ-ის 129-ე მუხლით უნდა ეხელმძღვანელა, რომლის თანახმადაც, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან (იხ. სუსგები: ას-839-890-2011, 2011 წლის 8 ნოემბრის განჩინება; ას-183-170-2015, 2015 წლის 30 აპრილის განჩინება; ას-854-820-2016, 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინება; ას-829-795-2016, 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინება).
19. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია, რომ მას გამსესხებლისათვის დასაბრუნებელი ჰქონდა არა 19 000, არამედ 13 000 აშშ დოლარი, დაუსაბუთებელია.
19.1. სსკ-ის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებელის მიერ სესხის ხელშეკრულების დადებისათვის არ არის გათვალისწინებული სავალდებულო ფორმა, თუმცა კანონით განსაზღვრულია მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები. ასეთ მტკიცებულებად შეიძლება განხილულ იქნეს ხელწერილი ვალის არსებობის თაობაზე ან ნებისმიერი სხვა წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს მოდავე მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ 2011 წლის 13 მაისს შედგენილი ხელწერილი წარმოადგენს სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობის დამადასტურებელ წერილობით მტკიცებულებას {სსსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილი}, რომლის თანახმადაც, მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან აღებული სესხის ოდენობა შეადგენდა 19 000 აშშ დოლარს, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკისრეს მოპასუხეს 19 000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურების ვალდებულება.
19.2. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას ვერ მიიღებს მხედველობაში, რომელიც მოთხოვნის ხანდაზმულობას უკავშირდება. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ქვეშ იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე უფლებამოსილი იყო, მიეთითებინა სასარჩელო ხანდაზმულობაზე. თავის მხრივ, ხანდაზმულობაზე მითითება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა). სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდულნი არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში, ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს, სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ მიუთითებია მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. მან მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა სასამართლოს მთავარ სხდომაზე პაექრობის დროს (იხ. სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის მთავარი სხდომის ოქმი, 13:44 წუთი). კასატორს ამ ნაწილში არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია, რაც გულისხმობს იმ საპატიო მიზეზებზე მითითებას, რომლის გამოც მან დროულად ვერ წარადგინა ხანდაზმულობის შესაგებელი.
20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, ასევე სწორია სამართლებრივი შეფასება და რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ თ. პ-ს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ე. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2107.00 ლარის, მათ შორის: 1962.00 ლარის, გადახდის ქვითარი #...0, გადახდის თარიღი 06.05.2016 და 145.00 ლარის, გადახდის ქვითარი #..., გადახდის თარიღი 18.05.2016) 70% – 1474.90 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი