№ა-2714-შ-67-2016 20 მარტი, 2017 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი (მოსარჩელე) – შპს „ნ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ე. პ.“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის როვნოს ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1.1 უკრაინის როვნოს ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ნ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ე. პ-ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მოსაჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების - 9 567 აშშ დოლარის და 42 ცენტის, აგრეთვე, წლიური 3%-ის - 13 აშშ დოლარის და 37 ცენტის, რაც უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით სარჩელის შეტანის მდგომარეობით 210 649 გრივნის და 83 კაპიკის ეკვივალენტია და სასამართლო მოსაკრებლის - 4 212 გრივნისა და 99 კაპიკის გადახდა.
1.2 ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის ძირითადი დავალიანების - 75 აშშ დოლარის დაკისრებაზე, ხოლო საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის მოთხოვნაზე მოპასუხისათვის საჯარიმო სანქციის - 267.36 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.
2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
4. შუმდგომლობა, თანდართული მასალებით, გაეგზავნა და 2016 წლის 5 ოქტომბერს ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელმაც მოგვიანებით წერილობითი მოსაზრებით მომართა საკასაციო სასამართლოს. მოპასუხე მოსაზრებაში განმარტავს, რომ მისი საწყობები განლაგებულია ტერიტორიაზე, რომელსაც 2015 წლის 13 ივლისს თბილისში მომხდარი წყალდიდობა შეეხო, რა დროსაც ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები განადგურდა, რომელთა ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს სტიქიური მოვლენა ისეთ დაუძლეველ ძალას წარმოადგენდა, რომლის აღკვეთა ან აცილება, მოპასუხის შესაძლებლობებს აღემატებოდა, ამიტომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სტიქიის შედეგად მიწოდებისათვის უვარგის მდგომარეობაში მოსული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები უსასყიდლოდ ჩამოწერა. ამ და სხვა გარემოებების შესახებ მოპასუხემ შეატყობინა მოსარჩელეს და უკრაინის როვნის ოლქის სამეურნეო სასამართლოს, თუმცა მათ აღნიშნული გარემოება და წარდგენილი მტკიცებულებები არ გაიზიარეს და მოპასუხისგან მაინც მოითხოვენ დაუძლეველი სტიქიური მოვლენით განადგურებული პროდუქციის ღირებულების გადახდას. მოპასუხის მოსაზრებით, უკრაინის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას არ ექვემდებარება, რადგან ის ეწინააღმდეგება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის დანაწესს, კერძოდ, გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, მასა და მოსარჩელეს შორის დადებული ხელშეკრულების 6.3 პუნქტით განსაზღვრულია ვალდებულების შესრულების შეუძლებლობასთან დაკავშირებით ერთი მხარის მიერ მეორისათვის შეტყობინების 3-დღიანი ვადა, რაც არაგონივრულია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 779-ე მუხლს (მხარე თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან დაუძლეველი ძალის გამო). ამავე მოსაზრებით მოპასუხე შუამდგომლობს მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, რასაც იმით ასაბუთებს, რომ მხარეთა მოსაზრებების მოსმენა საქმეზე სწორი შედეგის დადგომისათვის აუცილებელია.
5. მოგვიანებით, მოპასუხემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც მიუთითა, რომ მოსარჩელემ მასთან დადებული შეთანხმება დაარღვია და ამით იგი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, გააკოტრა. 2015 წლის 13 ივნისს, ქ.თბილისში მომხდარი სტიქიის ეპიცენტრი მოპასუხის სასაწყობო მეურნეობის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა, სტიქიის ლიკვიდაციას ერთ თვეზე მეტი დრო დასჭირდა, ხოლო ზარალმა მთლიანობაში 100 000 აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად დატრიალებული ტრაგედიისა, მოპასუხემ ოპერატიულად აცნობა მოსარჩელეს, რომ ყველა ანგარიშ-ფაქტურას, ვადაგადაცილებული ჯარიმების გათვალისწინებით, უკლებლივ დაფარავდა, რაც განახორციელა კიდეც, კერძოდ, 18 749.60 აშშ დოლარი აანაზღაურა და 9 567.41 აშშ დოლარი დარჩა გადასახდელი, რომლის დაფარვის ვადა 1 კვირაში იწურებოდა. ამასობაში, მოპასუხემ მოსარჩელეს თხოვნა გაუგზავნა, მისთვის მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ დასახელების პროდუქცია, რომელიც იმ მომენტში საწყობში არ ჰქონდა, სხვაგვარად მუშაობის გაგრძელება მომგებიანი ვერ იქნებოდა. მითითებული თხოვნის საპასუხოდ მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ არაპარტნიორული ქმედებები განახორციელა, სახელდობრ, მან გაუფრთხილებლად და დამალულად თანამშრომლობა დაიწყო საქართველოში მოქმედ შპს „ს-თან“ და მოპასუხის ერთთვიანი პაუზის დროს (რაც ხსენებულმა სტიქიამ განაპირობა), მოპასუხისავე კლიენტები დაარიგა, რომ შპს „ს.“ მათ მოსარჩელე ორგანიზაციის პროდუქციას სთავაზობდა. მოპასუხემ, აღნიშნულ წერილობით მოსაზრებაში, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ მის მიერ მანამდე დაყენებულ მოთხოვნაზე უარი თქვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქმეზე დადგენილია, რომ უკრაინის როვნოს ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსაჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების - 9 567 აშშ დოლარის და 42 ცენტის, აგრეთვე, წლიური 3%-ის - 13 აშშ დოლარის და 37 ცენტის, რაც უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით სარჩელის შეტანის მდგომარეობით 210 649 გრივნის და 83 კაპიკის ეკვივალენტია და სასამართლო მოსაკრებლის - 4 212 გრივნისა და 99 კაპიკის გადახდა.
8. გარდა ამისა, შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დადგენილია, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 11 მაისს, მოთხოვნილ ნაწილში გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და იგი აღსრულებას ექვემდებარება. ამასთან, გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს ცნობით ირკვევა, რომ მოპასუხე დროულად და სათანადო წესით იყო გაფრთხილებული სასამართლო განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
10. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
11. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
12. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოპასუხის წერილობით მოსაზრებაში მოყვანილ არგუმენტებს (იხ. წინამდებარე განჩინების 4-5 პუნქტები), ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო კერძო სამართლის“ შესახებ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან შუამდგომლობის ფორმალურ შესაბამისობას. აღნიშნულ პროცესში უზენაესი სასამართლო არ არკვევს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ნ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის როვნოს ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ნ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ე. პ-ს“ შპს „ნ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების - 9 567 აშშ დოლარის და 42 ცენტის, აგრეთვე, წლიური 3%-ის - 13 აშშ დოლარის და 37 ცენტის, რაც უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით სარჩელის შეტანის მდგომარეობით 210 649 გრივნის და 83 კაპიკის ეკვივალენტია და სასამართლო მოსაკრებლის - 4 212 გრივნისა და 99 კაპიკის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მომხსენებელი: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი