საქმე №ას-1197-1158-2016 10 თებერვალი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. დ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ჯ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ს. ჯ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამსესხებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. დ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი) მიმართ მოპასუხისათვის 5 500 აშშ დოლარის დაკისრებისა და ამ თანხის ამოღების მიზნით, იპოთეკით დატვირთული ქ.ქ-ში, ა-ის გამზირის #...-ში მდებარე უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 18 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს სარგებლის გადახდის გარეშე, სესხად გადასცა 4 500 აშშ დოლარი. 2014 წლის 29 აპრილს გამსესხებელმა მოპასუხეს დამატებით ასესხა 1 000 აშშ დოლარი. მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა 2015 წლის 18 ოქტომბრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ #...). მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მოპასუხე ვერ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და დათქმულ დროში არ დააბრუნებს სესხის თანხას, მოსარჩელე უფლებამოსილი იქნებოდა, საკუთარი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა იპოთეკის საგნის რეალიზაციით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ნასესხები თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნებამდე იპოთეკით დატვირთულ ქონებაში იცხოვრებდა გამსესხებელი. მიუხედავად ვალდებულების შესრულების დროის დადგომისა, მოპასუხე ვალდებულებას არ ასრულებს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, კერძოდ, მას სადავოდ არ გაუხდია მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების, ვალდებულების შესრულების ვადის დადგომისა და მისი მხრიდან თანხის დაუბრუნებლობის ფაქტი, შესაგებლის თანახმად, სესხის ვადაში დაუბრუნებლობა, არ წარმოადგენდა სარჩელის აღძვრისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის საფუძველს, რადგანაც, მხარეთა შეთანხმებით, თუ დათქმულ ვადაში მსესხებელი ვალდებულებას ვერ შეასრულებდა, მოსარჩელეს უფლება ექნებოდა ვალის დაბრუნებამდე ეცხოვრა იპოთეკით დატვირთულ ქონებაში. ვინაიდან მოპასუხეს ამ ეტაპზე თანხის დაბრუნების შესაძლებლობა არ გააჩნია, მას ამ ვალდებულების შესრულება არ უნდა დაეკისროს, შესაბამისად, არც იპოთეკის საგანი უნდა მიექცეს სარეალიზაციოდ.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მსესხებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 500 აშშ დოლარის გადახდა, დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ქ.ქ-ში, ა-ის გამზირის #...-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2013 წლის 18 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს სარგებელის გადახდის გარეშე, სესხად გადასცა 4 500 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.ქ-ში, ა-ის გამზირის #...-ში მდებარე მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება;
1.2.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ,,როდესაც მესაკუთრე მ. დ-ე 2015 წლის 18 ოქტომბერს დაუბრუნებს ს. ჯ-ეს 5 500 (ხუთი ათას ხუთასი) აშშ დოლარს, ს. ჯ-ე ვალდებულია, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მ. დ-ის უძრავი ქონება, მდებარე ქ-ში, ა-ის გამზირის #.... თუკი მესაკუთრე, მ. დ-ე იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული პირობებით ვერ გადაუხდის ს. ჯ-ეს 5 500 აშშ დოლარს, ს. ჯ-ე იტოვებს უფლებას, იცხოვროს მ. დ-ის საკუთრებაში, მისამართზე: ქ.ქ-ი, ა-ის გამზირი #..., მანამ, სანამ მ. დ-ე სრულად არ გადაუხდის ს. ჯ-ეს მითითებულ 5 500 (ხუთი ათას ხუთასი) აშშ დოლარს.
1.2.3. 2014 წლის 29 აპრილს გამსესხებელმა მსესხებელს დამატებით ასესხა 1 000 აშშ დოლარი და ნასესხებმა თანხამ ჯამში 5 500 აშშ დოლარი შეადგინა;
1.2.4. მსესხებელს თანხა მოსარჩელისათვის დაბრუნებული არ აქვს;
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი, რამდენადაც სესხის ხელშეკრულების 4.1 პუნქტში მხარეებმა სწორედ ზემოხსენებული ნორმით იხელმძღვანელეს და კასატორის მიერ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, შეთანხმდნენ მსესხებლის მიერ იპოთეკის საგნით სარგებლობაზე, ეს გარემოება არასწორად შეაფასა სასამართლომ, რადგანაც სხვა შემთხვევაში, კასატორი არ გააფორმებდა ხელშეკრულებას ამ პირობით. სასამართლომ დაუსაბუთებლად განმარტა, რომ ასეთ რამეზე მხარეები არ შეთანხმებულან.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა მიიჩნევს, რომ გარიგების სადავო პირობა (სესხისა და იპოთეკის ხელსეკრულების 4.1 პუნქტი) უნდა განიმარტოს ვალდებულების შესრულების კანონისმიერ მექანიზმებთან მჭიდრო კავშირში, კერძოდ: უდავოა ის გარემოება, რომ სასესხო ურთიერთობა იყო უსასყიდლო და მხარეებმა მისი შესრულების ვადა განსაზღვრეს, ამ შემთხვევაში, მოქმედებს უფლების იძულებით განხორციელების 3-წლიანი ვადა (სკ-ის 129.1 მუხლი), გარდა ამისა, თუკი მივიჩნევთ, რომ მხარეთა ნამდვილი ნება მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იყო სწორედ განუსაზღვრელი ვადით კრედიტორის მიერ იპოთეკის საგნით სარგებლობა, მაშინ გასათვალისწინებელია, ამავე კოდექსის 626-ე მუხლის დისპოზიცია, რომლის თანახმადაც, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასესხო ურთიერთობის უმთავრესი სპეციფიკა ფულის (ან სხვა გვაროვნული ნივთის) მსესხებლისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემაა და ეს კანონის იმპერატიული დანაწესია, რომელსაც მხარის ნება არ შეიძლება შეეწინააღმდეგოს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე დაყრდნობით, სწორად განმარტა მხარეთა ნება. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მოიძია მოთხოვის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი და ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაფუძნებით, სწორად დაადგინა ვალდებულების შესრულება მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალების რეალიზაციის გზით.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური