Facebook Twitter

№ას-926-891-2016 20 თებერვალი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „დ-ო“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ. ქ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ქ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) მოთხოვნა ნ. კ-ის (შემდეგში: მოპასუხე/ან მშენებელი, თავდაპირველი მესაკუთრე, საჩივრის ავტორი) მიმართ და ამ უკანასკნელს დაევალა ქ.თბილისში, ვ-ის ქ.#...-ში (საკადასტრო კოდი #...) მდებარე სახლის დარჩენილი კედლისა და საძირკვლის დემონტაჟის არა მექანიკური, არამედ ხელით შესრულება და ასაშენებელი სახლის ქვაბულის ამოღებამდე ქ.თბილისში, ლ-ის ქ.#...-ში მდებარე სახლის (საკადასტრო კოდი …) იმ კედლისა და ფუნდამენტის გამაგრება, რომელიც ასაშენებელი სახლის საძირკვლებს ებჯინებოდა შპს „ვ-ის“ 2014 წლის 23 ოქტომბრის დასკვნისა და შპს „ლ-ოს“ მიერ შედგენილი პროექტის შესაბამისად;

2. გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოქმედების შესასრულებლად მოპასუხეს დაუდგინდა ვადა და განემარტა, რომ, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში არ ჩაატარებდა ქ. თბილისში, ლ-ის ქ.#...-ში მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის კედლისა და ფუნდამენტის გასამაგრებელ სამუშაოებს, შპს „ვ-ის“ 2014 წლის 23 ოქტომბრის დასკვნისა და შპს „ლ-ოს“ მიერ შედგენილი პროექტის შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ეს მოქმედება შეესრულებინა მოპასუხისგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 254-ე მუხლის პირველი ნაწილი).

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

4. სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა მოპასუხისათვის ქ.თბილისში, ვ-ის #...-ში მდებარე სახლთან დაწყებული მშენებლობის აკრძალვა და მის მიერ მოსარჩელის სახლის საძირკვლის გამაგრება სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი წესის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (სსსკ-ის 191-ე, 194-ე მუხლები).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა ქ.თბილისში, ვ-ის #...-ში მდებარე სახლთან დაწყებული მშენებლობა და მოსარჩელის სახლის საძირკვლის გამაგრება სასამართლო გადაწყვეტილების საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენებით.

6. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

7. 2016 წლის 31 აგვისტოს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რა დროსაც მოითხოვა მოცემულ საქმეზე მოპასუხის უფლებამონაცვლედ შპს „დ-ოს“ (შემდეგში: განმცხადებელი, უფლებამონაცვლე ან მესაკუთრე) ცნობა და სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის განჩინებაზე ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

8. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმაც და განსახილველ დავაზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე იშუამდგომლა.

9. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე განმცხადებელი ცნობილ იქნა თავდაპირველი მესაკუთრის უფლებამონაცვლედ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის განჩინებაზე გაიცა ახალი სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მოვალედ მიეთითა უფლებამონაცვლე; მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის განჩინების (რომლითაც მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა ქ. თბილისში, ვ-ის #...-ში მდებარე სახლთან დაწყებული მშენებლობა და მოსარჩელის სახლის საძირკვლის გამაგრება სასამართლო გადაწყვეტილების საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენებით) აღსრულება ვერ მოხერხდა, რადგან მოსარჩელის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი თავდაპირველი მოპასუხისგან 2015 წლის 3 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამონაცვლემ შეიძინა, რომელიც საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ხსენებული უძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენდა.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც: სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოცემული დავა სანივთოსამართლებრივი ხასიათის იყო და მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ხელყოფას შეეხებოდა, ამასთან, აღნიშნულ ნაკვეთს შეეცვალა მესაკუთრე, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით, მისი საკუთრების ხელყოფას აგრძელებდა, არსებობდა იმის მატერიალურსამართლებრივი საფუძველი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 176-ე მუხლი), რომ მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილიყო მოსარჩელის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრე. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის განჩინებაზე ახალი სააღსრულებო ფურცელი უნდა გაცემულიყო მოპასუხის უფლებამონაცვლის წინააღმდეგ.

12. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობას, დავის არარსებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ეს შუამდგომლობა უძრავი ნივთის მესაკუთრის შეცვლასთან ერთად იმ გარემოებას ეფუძნებოდა, რომ უფლებამონაცვლეს მშენებლობის ახალი ნებართვა მიღებული ჰქონდა და მან უკვე შეასრულა ის სამუშაოები, რომელთა თაობაზეც დავა მიმდინარეობდა. დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შეცვლა საპროცესო უფლებამონაცვლეობის და არა საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობას წარმოადგენდა, ხოლო შუამდგომლობის ავტორის სხვა არგუმენტები. საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე, მხარეთა მონაწილეობით უნდა გამოკვლეულიყო.

13. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

14. კერძო საჩივრის საფუძვლები:

14.1 სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, მართალია, უფლებამონაცვლეობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დავის საგანი მესაკუთრეობის ფაქტს არ უკავშირდება, ე.ი. მოპასუხის მიერ უძრავი ქონების უფლებამონაცვლეზე გასხვისება არ წარმოქმნის ავტომატურ რეჟიმში უფლებამონაცვლეობას, ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვდა გარკვეული ქმედების შესრულებას და ეს ქმედება თეორიულად დასაშვებია, იმის მიუხედავად, თუ ვინ არის მესაკუთრე. მოსარჩელის მოთხოვნაა, თავისი სახლის საძირკვლისათვის (რომელიც მოპასუხის საკუთრებას ემიჯნება) გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით (შპს „ლ-ოს“ დასკვნა). სამუშაოების წარმოება, თავის მხრივ, იმ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარეობს, რომ უფლებამონაცვლე მოსარჩელის სახლის მომიჯნავე ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ატარებს. ამდენად, მოსარჩელისთვის განმსაზღვრელია არა მესაკუთრეობა, არამედ ის, თუ ასრულებს მითითებულ სამუშაოებს და ვის აქვს შესაბამისი მშენებლობის ნებართვა მშენებლობის საწარმოებლად. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ასეთი ნებართვა უფლებამონაცვლეს გააჩნდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ მესაკუთრის ცვლილების გამო დაადგინა უფლებამონაცვლეობა.

14.2 სააპელაციო სასამართლოში მხარეს არ წარუდგენია რაიმე ტიპის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უფლებამონაცვლის მიერ სამუშაოების წარმოების ფარგლებში მოსარჩელის სახლის საძირკვლის გამაგრებას. აქ მნიშვნელოვანია არა ის, უფლებამონაცვლემ ნამდვილად ჩაატარა თუ არა სამშენებლო სამუშაოები, არამედ, თუ რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იმსჯელა სასამართლომ.

14.3 მნიშვნელოვანია, რომ დავის განმავლობაში ფაქტობრივი გარემოებები შეიცვალა, კერძოდ: ა. მოპასუხე არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; ბ. მოპასუხე არ ახორციელებს მშენებლობას ქ.თბილისში, ვ-ის ქ.#...-ში; გ. უფლებამონაცვლეს მიღებული აქვს ახალი მშენებლობის ნებართვა; დ. უფლებამონაცვლემ უფლებამონაცვლეობის საკითხის სასამართლოს მიერ გადაწყვეტამდე ჩაატარა ის სამუშაოები, რომელთა განხორციელების თაობაზეც სასამართლო დავა მიმდინარეობს, ე.ი. მან უკვე ჩაატარა მოსარჩელის სახლის საძირკვლის იმ ნაწილის გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება; ე. აკრძალვა არ მოიცავს და არ გულისხმობს უფლებამონაცვლის მიერ განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების იმ ნაწილს, რომელიც არ უკავშირდება მოსარჩელის სახლის საძირკვლის გამაგრებას (რაც უკვე შესრულებული მოქმედებაა).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

16. წარმოდგენილი კერძო საჩივრით უფლებამონაცვლე სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებას, რომლითაც სასამართლომ იგი მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნო.

17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მისი უფლებამონაცვლედ ცნობის საფუძვლის არარსებობის შესახებ და განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები მოწესრიგებულია სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით. საპროცესო უფლებამონაცვლეობას მატერიალური სამართლის ნორმები განაპირობებენ, რომელთა მიხედვითაც, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს, შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, მაშინ დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის მიხედვით, კერძოდ, სსკ-ის 176-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს, მოპასუხის უფლებამონაცვლეს (რომელიც მეზობელი მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მესაკუთრეა) მოსთხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლოატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა. ამდენად, მოსარჩელის უფლება სსკ-ის 176-ე მუხლით გათვალისწინებული დაუშვებელი ხელყოფის აკრძალვის თაობაზე, არ უკავშირდება მხოლოდ წინამორბედ მესაკუთრეს და მას ამ ნაკვეთის ახალი მესაკუთრისთვისაც შეუძლია იმავე მოთხოვნის წაყენება.

19. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სრულიად მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შეცვლა საქმის წარმოების შეწყვეტას ვერ განაპირობებს და იგი საპროცესო უფლებამონაცვლეობის წარმოშობის საფუძველია.

20. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის სახლის საძირკვლის იმ ნაწილის გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც მოსარჩელის მიწის ნაკვეთს ემიჯნება, უკვე შესრულებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამონაცვლეს არ ევალება მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული სახლის მთლიანი საძირკვლის გამაგრება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სახლის ნაწილის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების ფაქტი (თუკი ასეთს რეალურად ადგილი აქვს) უფლებამონაცვლედ ცნობის საკითხის გადაწყვეტაზე რაიმე ზეგავლენას ვერ მოახდენს, რამდენადაც იგი დავის არსებითად განხილვის ეტაპზე უნდა დადგინდეს და შეფასდეს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამონაცვლეს არ ევალება მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული სახლის მთლიანი საძირკვლის გამაგრება, უფლებამონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტაზე ვერც ეს ვერ გარემოება მოახდენს რაიმე გავლენას, რამდენადაც უფლებამონაცვლეობის არსი სწორედ ისაა, რომ თავდაპირველი მესაკუთრის შეცვლის პირობებში, ამ უკანასკნელისათვის დაკისრებული ყველა ვალდებულების მატარებელი სუბიექტი უფლებამონაცვლე ხდება.

21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დ-ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „დ-ოს“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი