Facebook Twitter

9 მარტი, 2017 წელი,

№ას-990-953-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ს. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ს. ს-მა (შემდეგში მოსარჩელემ) ს. ა-ის (შემდეგში მოპასუხის) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 41 529 აშშ დოლარის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა:

- პირგასამტეხლოს - 4000 აშშ დოლარის;

- სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 238.90 ლარის;

- სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის;

- ადვოკატის ხარჯის - 310 ლარის გადახდა.

3. მითითებული გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

7. 2016 წლის 8 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა, წარმოადგინა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული 20.10.2016 წლის მორიგების აქტი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხსენებული მორიგების აქტის დასამტკიცებლად. 23.02.2017 წელს საკასაციო სასამართლოს კვლავ მომართა განცხადებით მოპასუხის წარმომადგენელმა და ამჯერად მოითხოვა საქმეში წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცება საკასაციო სასამართლოს მიერ.

8. წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით:

8.1. მხარეები ადასტურებენ, რომ, 2013 წლის 7 თებერვალს, მათ დადეს გადახდის განვადებით უძრავი ქონების (მდებარე - ქ.თბილისი, ნ-ის ქ.#121, საკადასტრო კოდი #...) ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმებული 07.02.2013 წელს ნოტარიუს ა.მ-ას მიერ, რეგ. #.....), რომელშიც 2013 წლის 7 მარტს და 2013 წლის 17 დეკემბერს შევიდა ცვლილებები და დამატებები;

8.2. მხარეები ადასტურებენ, რომ, 2015 წელს, მოსარჩელემ (პირადი ნომერი #...) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, 41529 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;

8.3. მხარეები ადასტურებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, კერძოდ, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დააკისრა: ა) პირგასამტეხლოს - 4000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში; ბ) სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 238.90 ლარის; გ) სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და დ) ადვოკატის ხარჯის - 310 ლარის გადახდა;

8.4. მხარეები ადასტურებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა მოპასუხემ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სარჩელი დაკმაყოფილდა;

8.5. დღეისათვის მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით წარმოშობილ ვალდებულებებს თვლიან შესრულებულად და ერთმანეთის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ, კერძოდ:

8.5.1. მოპასუხეს დღეისათვის მიღებული აქვს აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული უძრავი ქონების ღირებულება და მოსარჩელისგან აღარ მოითხოვს რაიმე ფულადი ვალდებულების შესრულებას და მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია;

8.5.2. მოსარჩელე უძრავ ქონებას იღებს იმ სახით, როგორც მას ჩაბარდა ამ შეთანხმებით და არ მოითხოვს მოპასუხისგან რაიმე დამატებითი ფულადი ვალდებულების შესრულებას და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია;

8.6. მოპასუხე უარს ამბობს მის სააპელაციო საჩივარზე, მოითხოვს წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებას და საქმის წარმოების შეწყვეტას;

8.7. მოსარჩელე უარს ამბობს მის მიერ შეტანილ სარჩელზე, მოითხოვს წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებას და სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტას;

8.8. მხარეები თანხმდებიან, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას მოპასუხის (პირადი ნომერი #...) კუთვნილ წილს უძრავ ქონებაში, მდებარე - ქ.ბათუმი, ო-ის ქუჩა #..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #....

8.9. მხარეები ადასტურებენ თავიანთი ნების ნამდვილობას და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ერთმანეთის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნიათ და არც მომავალში ექნებათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

12. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

13. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ სასამართლო სხდომის გამართვის გარეშე, საქმის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50.00 ლარი. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ გაღებულ სახელმწიფო ბაჟს, სსსკ-ის 49.4 მუხლის მიხედვით, იგი მხარეს არ დაუბრუნდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 49.(2)(4), 272.(დ), 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1.1. მხარეები - ს. ს-ი (მოსარჩელე, მყიდველი, პირადი ნომერი #...) და ს. ა-ი (მოპასუხე, აპელანტი, გამყიდველი, პირადი ნომერი #...) შეთანხმდნენ, რომ 07.02.2013 წლის გადახდის განვადებით უძრავი ქონების (მდებარე - ქ.თბილისი, ნ-ის ქ.#..., საკადასტრო კოდი #...) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (დამოწმებული 07.02.2013 წელს ნოტარიუს ა.მ-ას მიერ, რეგ. #...) წარმოშობილ ვალდებულებებს თვლიან შესრულებულად და ერთმანეთის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნიათ და არც მომავალში ექნებათ, კერძოდ:

1.1.1. ს. ა-ის დღეისათვის მიღებული აქვს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონების ღირებულება და ს. ს-ისგან აღარ მოითხოვს რაიმე ფულადი ვალდებულების შესრულებას და მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია;

1.1.2. ს. ს-ი უძრავ ქონებას იღებს იმ სახით, როგორც მას ჩაბარდა ზემოხსენებული შეთანხმებით და არ მოითხოვს ს. ა-ისგან რაიმე დამატებითი ფულადი ვალდებულების შესრულებას და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.

3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება.

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას ს. ა-ის (პირადი ნომერი #...) კუთვნილ წილს უძრავ ქონებაში, მდებარე - ქ.ბათუმი, ო-ის ქუჩა #..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #....

5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

6. ს. ა-ის (პირადი ნომერი #...) დაუბრუნდეს მის კერძო საჩივარზე ე. პ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (საკრედიტო საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი - 09.11.2016) – 50.00 ლარი.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი