Facebook Twitter

3გ-ად-17-კს-03 20 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

საკასაციო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 22 ივნისს ახალქადაქის რაიონულ სასამართლოში სოფ. ...-ის მოსახლეობის სახელით სარჩელი აღძრეს ქ. კ.-მა, მ. მ.-მ და თ. ბ.-მ მოპასუხე ახალქალაქის აღმასრულებელ ს. ხ.-ის მიმართ, მესამე პირად სარჩელში მიუთითეს ს. მ.-ზე.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1985 წელს სოფ. ...-ში კოლმეურნეობამ თავისი სახსრებითა და სოფლის მოსახლეობის მონაწილეობით ააშენა ორსართულიანი შენობა, სადაც განთავსდა კლუბი და კანტორა.

მოსარჩელეთა განმარტებით, 2000წ. შემოდგომაზე სოფლის მოსახლეობისათვის ცნობილი გახდა, რომ 2000წ. ივნისში კლუბ-კანტორა გაყიდულა აუქციონის წესით. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ დაირღვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონისა და “სახელმწიფო ქონების აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ" სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების მოთხოვნები, კერძოდ, კლუბის შენობა წარმოადგენდა კულტურული დანიშნულების ობიექტს და მისი პრივატიზება არ შეიძლებოდა. გარდა ამისა, აუქციონი ჩატარდა დარღვევით, მისი ჩატარების თარიღი და პირობები არ გამოცხადებულა წინასწარ, რაიმე საინფორმაციო საშუალებით.

მოსარჩელეებმა სარჩელით ითხოვეს:

1. სოფ. ...-ის კლუბ-კანტორის აუქციონის შედეგის ბათილად ცნობა;

2. ახალი აუქციონის დანიშვნა.

მოპასუხე სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ს. ხ.-მა სარჩელი არ ცნო და ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2000წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო სოფ. ...-ის კოლმეურნეობის მთელ ქონებას. 2000წ. 18 მაისს აღმასრულებელმა ს. ხ.-მა წარმოებაში მიიღო ¹2/117 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, სოფ. ...-ის კოლმეურნეობას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 141460 ლარის გადახდა. კრედიტორმა, ახალქალაქის რაიონულმა საგადასახადო ინსპექციამ, მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონის დანიშვნის შესახებ. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა თხოვნა და 2000წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით აუქციონის ჩასატარებლად სპეციალისტად დანიშნა აღმასრულებელი ს. ხ.-ი.

შესაგებლის ავტორის განმარტებით, მოვალის ქონების დადგენის მიზნით, კანონით დადგენილი წესით მიმართა სოფ. ...-ის კოლმეურნეობის სალიკვიდაციო კომისიას, რომელმაც მიაწოდა კოლმეურნეობის ბალანსზე რიცხულ ძირითად საშუალებათა ნუსხა, რომელშიც მითითებული იყო კანცელარიისა და კლუბის შენობები. აღნიშნული ქონების აუდიტორული შეფასების შემდეგ, 2000წ. 28 ივლისს, აღმასრულებელმა ს. ხ.-მა დანიშნა აუქციონი, რომლის შესახებ გამოცხადება მოხდა საჯაროდ, კერძოდ, ადგილობრივი ტელევიზიითა და სასამართლოს დაფაზე გაკრული განცხადებით. განცხადებები გაიკრა სოფ. ...-შიც. მხარეებს კი _ ახალქალაქის რაიონის საგადასახადო ინსპექციასა და სოფ. ...-ის კოლმეურნეობის სალიკვიდაციო კომისიას _ პირადად ჩაბარდათ უწყება აუქციონის დანიშვნის შესახებ.

შესაგებლის ავტორი აღნიშნავდა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორს და მოვალეს უფლება ჰქონდათ სასამართლოში გაესაჩივრებინათ სასამართლოს აღმასრულებლის მოქმედება მისი განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა კი დაიწყებოდა იმ მომენტიდან, როდესაც მხარეთათვის ცნობილი გახდებოდა ან უნდა გამხდარიყო მათი უფლებების დარღვევის შესახებ. აუქციონი ჩატარდა 2000წ. 28 ივლისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის წარდგენის ვადა გაშვებული იყო და შესაგებლის ავტორმა ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სოფ. ...-ის ყოფილი კოლმეურნეობის კლუბ-კანტორის შენობაზე 2000წ. 28 ივნისს ჩატარებული იძულებითი აუქციონის შედეგები; სასამართლო აღმასრულებელს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის შესაბამისად დაევალა ახალი იძულებითი აუქციონის ჩატარება და დაინტერესებულ პირთათვის აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ს. ხ.-მა. აპელანტმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2002წ. 29 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამზადებელ სხდომაზე სასამართლო შემადგენლობამ დაადგინა, რომ სსკ-ს 84-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასათანადო მოსარჩელეები: ქ. კ.-ი, თ. ბ.-ე და მ. მ.-ი მათივე თანხმობით შეცვლილიყვნენ სათანადო მოსარჩელე ახალქალაქის რაიონის ალასტანის თემის საკრებულოთი.

ზემოთ აღნიშნულის შესახებ სასამართლომ წერილობით შეატყობინა ალასტანის თემის საკრებულოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 სექტემბრის მთავარ სხდომაზე წარდგენილ იქნა ალასტანის თემის საკრებულოს განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი არ იყო თანახმა, შეეცვალა არასათანადო მოსარჩელეები და ითხოვა საქმის განხილვა მისი დასწრების გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 25 სექტემბერს გამოიტანა განჩინება, რომლითაც სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელ ს. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება; სოფ. ...-ის მოსახლეობის სახელით ქ. კ.-ის, მ. მ.-ისა და თ. ბ.-ის სარჩელის გამო სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ს. ხ.-ის მიმართ საქმეზე შეწყდა წარმოება.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს სოფ. ...-ის მოსახლეობის სახელით ქ. კ.-მ, მ. მ.-მ, თ. ბ.-მ და სხვა ფიზიკურმა პირებმა, რომლებმაც ითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ვინაიდან სადავო ქონება არავის სახელზე ირიცხებოდა, ამიტომ მოსარჩელეები: მ. მ.-ი, ქ. კ.-ი და თ. ბ.-ე არ იყვნენ სათანადო მოსარჩელეები, რის გამოც ისინი მათივე თანხმობით შეიცვალნენ სათანადო მოსარჩელე ალასტანის თემის საკრებულოთი, ხოლო თვითონ საქმეში ჩაებნენ მესამე პირებად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოსარჩელეების: ქ. კ.-ის, მ. მ.-ისა და თ. ბ.-ის, სასარჩელო მოთხოვნა იყო აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და აღმასრულებლისათვის ახალი აუქციონის ჩატარების დსდავალება იმ საფუძვლით, რომ აუქციონი ჩატარდა დარღვევებით, კერძოდ, არ მოხდა მისი ჩატარების თარიღისა და პირობების გამოცხადება წინასწარ საინფორმაციო საშუალებებით, ამიტომ ისინი სწორედაც სათანადო მოსარჩელეები იყვნენ, რადგან დაირღვეოდა მოსარჩელეთა უფლებები, თუ აუქციონი ჩატარდებოდა დარღვევებით, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირის უფლება, რომელსაც შეიძლებოდა აუქციონში მონაწილეობის მიღების სურვილი ჰქონოდა, ვინაიდან აუქციონი არის საყოველთაო, საჯარო და მასში მონაწილეობის უფლება ყველა მსურველს უნდა გააჩნდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 84-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, არასწორად დაადგინა, რომ ქ. კ.-ი, მ. მ.-ი და თ. ბ.-ე მოცემულ საქმეში იყვნენ არასათანადო მოსარჩელეები. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. კ.-ის, მ. მ.-ისა და თ. ბ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 სექტემბრისა და 2003წ. 7 თებერვლის განჩინებები;

3. მოცემული საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.