№ ას-999-960-2016 26 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ნ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ. ნ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-მა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 18 მაისის №1429/კ ბრძანება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტის - ნ. ნ-ისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ნ. ნ-ი აღდგენილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მთავარ სპეციალისტად; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელფასის სახით 2015 წლის 18 მაისიდან; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის სახით 200 ლარის გადახდა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების, ასევე 2016 წლის 18 მარტის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
7. 2016 წლის 22 ივლისს ნ. ნ-მა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ნ. ნ-ის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მითითების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდებოდა იმის გამო, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის #134 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის #835 ბრძანება, რომელიც ითვალისწინებდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოწყობის სისტემაში სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს ამგვარი დასახელებით, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის #134 ბრძანებით დამტკიცებული (ე.წ. ახალი) დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ25“ პუნქტით სიღნაღის მუნიციპალიტეტში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურად შენარჩუნებული იქნა იგივე ტერიტორიული სამსახური ახალი დასახელებით - წნორის ფილიალი, რომელიც ექვემდებარებოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ამავე (ე.წ. ახალი) დებულების 31-ე მუხლით ასრულებდა იმავე ფუნქციებს, რასაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოწყობის სისტემაში სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახური, არ დადგენილა განსხვავებული კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ამ ტერიტორიულ ორგანოში პირის შტატით გათვალისწინებულ სამსახურში მიღებისათვის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში - წნორის ფილიალში კვლავაც გათვალისწინებული იქნა მთავარი სპეციალისტის საშტატო თანამდებობა.
10. განმცხადებელი ითხოვდა მოსარჩელის აღდგენას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის წნორის ფილიალში, სააპელაციო სასამართლოს მიერ კი ნ. ნ-ი აღდგენილია ამჟამად გაუქმებულ სტრუქტურულ ერთეულში - სიღნაღის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მთავარ სპეციალისტად. განმცხადებლის მითითებით, ორივე სტრუქტურული ერთეული ასრულებდა ერთსა და იმავე ფუნქციას და ფაქტიურად ისინი იდენტური სამსახურები იყო. ასევე ახალ სტრუქტურულ ქვედანაყოფსაც გააჩნდა იგივე თანამდებობა, რომელზეც დასაქმებული იყო ნ. ნ-ი.
11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებები დადგენილი უნდა იქნას დამოუკიდებელი სარჩელის ფარგლებში. ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, ასრულებს თუ არა ორივე (ძველი და ახალი) სამსახური ერთსა და იმავე ფუნქციას, არსებობს თუ არა განმცხადებლის მიერ მითითებული თანამდებობა, იდენტურია თუ არა გაუქმებული და ახალი სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტის ფუნქციები უნდა შეფასდეს სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გზით. აღნიშნული კი წარმოადგენს სასამართლოს მსჯელობის საგანს ახალი სარჩელის ფარგლებში. პალატის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ. ნ-ი აღდგენილია კონკრეტულ თანამდებობაზე და არა მის ტოლფას სამსახურში. ასეთ დროს აღსრულების წესის სახით მოსარჩელის აღდგენა ახალი სტრუქტურულ ერთეულში სცილდება სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს. ამ შემთხვევაში იცვლება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც არღვევს კანონით დადგენილ წესს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ნ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
14. სასამართლომ მოუწესრიგებელი დატოვა და არ გადაწყვიტა აპელანტის სამსახურში აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები იმ მოტივით, რომ საკითხი იმის, შესახებ ასრულებს თუ არა სააგენტოს ძველი და ახალი ტერიტორიული სამსახური ერთსა და იმავე ფუნქციებს ახალი სარჩელით უნდა დადგენილიყო. კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სასამართლოს ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ის გარემოებები, რომ მოსარჩელისთვის დაკისრებული უფლებამოსილებების შინაარსი, ფუნქცია-მოვალეობები და მოსარჩელის თანამდებობაზე დაკისრებული სამუშაოს სპეციფიკა აღარ არსებობს სააგენტოს სისტემასა და მისსავე წნორის ფილიალში, პროცესის მთელ პერიოდში არც კი მიუთითებია მოპასუხეს, ასეთი გარემოება მას სადავოდ არ გაუხდია საქმეზე, საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების პერიოდშიც კი. ეს ბუნებრივია, რადგან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოწყობის სისტემაში სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტისათვის გათვალისწინებული ფუნქციები კვლავ არსებობს სააგენტოს წნორის ფილიალში. ამდენად, მოპასუხეს არც უარუყვია და არც დაუდასტურებია, რომ ის სამუშაო, რომელსაც ასრულებდა მოსარჩელე, აღარ არსებობს.
15. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, შრომით-სამართლებრივი უფლებამოსილებების შინაარსი, რომელთა შესრულებაც ევალება თანამდებობის პირს თავისი შრომითი საქმიანობის პროცესში მნიშვნელოვანია „დაპირისპირებული თანამდებობების“ შედარებისა და იდენტიფიცირებისთვის. ამ მიმართებით საყურადღებოა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (საქმე #ბს-718-704 (კ-7კს-14), სადაც საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმასთან მიმართებაში, რომ ძველი და ახალი თანამდებობის იდენტიფიცირების დროს ძირითადი განმსაზღვრელია ის, თუ რა ადგილი უჭირავს მას ორგანოს სისტემაში, თუ ვინ ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობაზე პირს. მნიშვნელოვანია ასევე სუბორდინაციული პირის მმართველობის პირობებში ვის წინაშეა ანგარიშვალდებული იგი და ასევე იმ ფუნქციების შინაარსი, რომელთა შესრულებაც ევალება თანამდებობის პირს.
16. საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლდა, თუმცა საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისთვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, რომ ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, რომ ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნას დაკმაყოფილებული პირის მიერ, ხოლო ის გარემოება, რომ პირის მიერ დაკავებული თანამდებობა ამგვარი სახელწოდებით აღარ არსებობს, არ წარმოადგენს საფუძვლს ვარაუდისთვის, რომ ფუნქციურად სხვა საშტატო ერთეული, რომელიც რეორგანიზაციის შემდგომ ჩამოყალიბდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურაში, იმავე სახის უფლება-მოვალეობებით არ არის აღჭურვილი.
17. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, მიუხედავად სახელწოდების გადარქმევისა, ე.წ. ძველი თანამდებობა და დღეს არსებული თანამდებობა წარმოადგენს ერთსა და იმავე თანამდებობას, ერთი და იგივე შინაარსის საშტატო ერთეულს, რაც ეფუძნება ძველი და ახალი დებულებების საფუძვლიან შედარებას. რაც შეეხება იმ ფუნქციებს, რომლებიც ეკისრება ფილიალის მთავარ სპეციალისტს, მოწესრიგების ძირითადი ტვირთი მოდის სააგენტოზე.
18. შუამდგომლობის გადაწყვეტისას, ასევე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების განსაკუთრებული და გადაუდებელი მიზნებისთვის მეორეხარისხოვანია შესადარებელი საშტატო ერთეულებისათვის სახელწოდების შეცვლა, ახალი ფუნქციების დამატება ან შეკვეცა, თანამდებობრივი სარგოს გაზრდა ან შემცირება, რადგან ისინი ვერ შეცვლიან თანამდებობის ფუნქციურ მიზნობრივ არსს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინება საქმეზე #3ბ/764-14).
19. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ხსენებული ყველა საკითხი დადებითად სცემს პასუხს ამ ორი დაპირისპირებული თანამდებობის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შედარებისას და მათ შორის განსხვავება არ მოიძებნება. ამასთან, ვინაიდან მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისას სადავო არ გამხდარა მოსარჩელის უფლებამოსილებების შინაარსი, მათი ფუნქცია-მოვალეობები და მასზე დაკისრებული სამუშაოს სპეციფიკა. ხსენებული სპეციფიკის გათვალისწინებით მოსარჩელის აღდგენა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოაზრებული უნდა იქნას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის - წნორის ფილიალის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
20. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე (საქმე #ბს-476-465 (კ-13), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღსრულების პროცესი მოქნილობით უნდა ხასიათდებოდეს და უსაფუძვლო დაბრკოლებებს არ უნდა უქმნიდეს გადაწყვეტილებას აღსრულების პროცესში, რა დროსაც ყველა საპროცესო მოქმედება უნდა ემსახურებოდეს სწრაფი და ეფექტური აღსრულების განხორციელების მიზანს და არა აღსრულების გაჭიანურებას. სააღსრულებო სამართლის უმთავრეს პრინციპებს კი სწრაფი, ეფექტური და რაც მთავარია, კანონშესაბამისი აღსრულების განხორციელება წარმოადგენს. სააღსრულებო სისტემას წაეყენება ეფექტური აღსრულების მოთხოვნა იმდენად, რამდენადაც კრედიტორმა ისედაც დიდი დრო დაკარგა უფლების აღსადგენად და მოთხოვნის აღსასრულებლად. ამასთან, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
22. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება.
25. საქმის მასალებით დადგენილია, რომ განმცხადებლის სასარგებლოდ გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების (რომლის შესაბამისად, ნ. ნ-ი აღდგენილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მთავარ სპეციალისტად) აღსრულება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის - წნორის ფილიალის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განმცხადებლის აღდგენაზე სააგენტოს მოწყობის სისტემაში სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის არარსებობის გამო. შესაბამისად, განმცხადებელმა მიმართა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მოთხოვნით. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა და განმარტა, რომ ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ ასრულებს თუ არა ორივე (ძველი და ახალი) სამსახური ერთსა და იმავე ფუნქციას, არსებობს თუ არა და იდენტურია თუ არა განმცხადებლის მიერ მითითებული თანამდებობა, გაუქმებული და ახალი სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტის ფუნქციები, უნდა შეფასდეს ახალი სარჩელის ფარგლებში. ასეთ დროს აღსრულების წესის სახით მოსარჩელის აღდგენა ახალ სტრუქტურულ ერთეულში სცილდება სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს.
26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და აღნიშნავს შემდეგს:
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.
28. მითითებული ნორმა, ემსახურება რა გადაწყვეტილების აღსრულებას, გულისხმობს სასამართლოს კომპეტენციას, გამოტანილი გადაწყვეტილების ფარგლებში იმსჯელოს მისი აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე. ნორმის შინაარსიდან ნათლად იკვეთება კანონის დათქმა, რომ სასამართლოს შეუძლია შეცვალოს უკვე დადგენილი აღსრულების საშუალება და წესი.
29. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, თავად სააღსრულებო სისტემის არსებობის მიზანი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული, აღსრულებას დაქვემდებრებული აქტების სისრულეში მოყვანაა. სააღსრულებო სამართლის უმთავრეს პრინციპს კი სწრაფი, ეფექტიანი და რაც უმთავრესია, კანონშესაბამისი აღსრულების განხორციელება წარმოადგენს. სააღსრულებო სისტემას წაეყენება ეფექტიანი აღსრულების მოთხოვნა იმდენად, რამდენადაც კრედიტორმა ისედაც დიდი დრო დაკარგა უფლების აღსადგენად და მოთხოვნის აღსასრულებლად... აღსრულების პროცესი მოქნილობით უნდა ხასიათდებოდეს და უსაფუძვლო დაბრკოლებებს არ უნდა ქმნიდეს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში (იხ. სუსგ №ბს-476-464(კ-13), 24 აპრილი, 2014 წელი).
30. ეროვნული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების სახელმწიფოს მიერ აღუსრულებლობის ან აღსრულების გაჭიანურების გამო არაერთი საჩივარია განხილული სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. გადაწყვეტილებებში ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, რომელიც კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებული იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 (§1) მუხლის გაგებით (იხ. Hornsby c. Grèce, 19 mars 1997, §40, Recueil 1997-II; აპოსტილი საქართველოს წინააღმდეგ, №40765/02, §37, 28 ნოემბერი, 2006 წელი). სასამართლოს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა იმას, რომ სასამართლოს საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩენილიყო ერთი მხარის საზიანოდ. გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება შეიძლება გამართლებულ იქნას მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით, მაგრამ ზიანს არ უნდა აყენებდეს მე-6 მუხლით დაცული უფლების არსს (იხ. დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ, №8252/08, §43, 12 ივნისი, 2012 წელი; შპს „ამატ.ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, №2507/03, §47, 27 სექტემბერი, 2005 წელი; შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, №28537/02, §42, 27 დეკემბერი, 2005 წელი). მოსარჩელე მხარის ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას აღასრულონ შიდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება (იხ. Mutishev and Others v. Bulgaria, №18967/03, §129, 3 December 2009). თუ ადმინისტრაციული ორგანოები უარს აცხადებენ ან ვერ ახერხებენ ან კიდევ აჭიანურებენ ამ ვალდებულების შესრულებას, მოსარჩელე მხარისთვის სამართალწარმოების პროცესში მე–6 მუხლით მინიჭებულ გარანტიას აზრი ეკარგება (იხ. Antonetto v. Italy, №15918/89, §28, 20 July 2000). ვინაიდან აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია (იხ. Bourdov c. Russie, №59498/00, §34, CEDH 2002-III), პირის უფლება სასამართლო განხილვაზე, „სამოქალაქო უფლებათა და ვალდებულებათა“ განსაზღვრისთვის პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების ხელმისაწვდობოსთან ერთად (იხ. Kreuz c. Pologne (no 1), №28249/95, §§ 53 et 54, CEDH, 2001-VI), თანაბრად იცავს ამ პირის უფლებას სააღსრულებო წარმოებათა ხელმისაწვდომობაზეც (იხ.mutatis mutandis, Manoilescu et Dobrescu c. Roumanie et Russie (déc.), №60861/00, CEDH 2005-VI), ანუ უფლებას ამგვარი პროცედურის დაწყებაზე.
31. ზემოაღნიშნულ მსჯელობაზე დაყრდნობით სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის გამო ადგილი აქვს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას.
32. ამრიგად, ეფექტური აღსრულების განხორციელების აუცილებლობა დადგენილია როგორც ეროვნული, ასევე ევროპული სასამართლო პრაქტიკით და იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში.
33. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას განმცხადებლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მისი მოსაზრებით, განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ ასრულებს თუ არა ორივე (ძველი და ახალი) სამსახური ერთსა და იმავე ფუნქციას, არსებობს თუ არა და იდენტურია თუ არა განმცხადებლის მიერ მითითებული თანამდებობა, გაუქმებული და ახალი სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტის ფუნქციები, უნდა შეფასდეს ახალი სარჩელის ფარგლებში.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხების დამოუკიდებელი სარჩელის პირობებში განხილვა-გადაწყვეტის შემთხვევაში საგრძნობლად იზღუდება ეფექტიანი სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება, ვინაიდან მხარეს ისედაც დიდი დრო აქვს დახარჯული საკუთარი დარღვეული უფლების აღსადგენად (კერძოდ, სარჩელი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 24 ივნისს, სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 29 ივნისს და იგი დღემდე არ აღსრულებულა, ამასთან, საქმე ეხება ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას - შრომის თავისუფლებას, რომლის დარღვევის გამოც მიმართა მან სასამართლოს) და დამატებითი სარჩელის აღძვრა აზრს დაუკარგავს სამართალწარმოების პროცესში მე–6 მუხლით მინიჭებულ გარანტიას.
35. გარდა ამისა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ დაწესებული შეზღუდვებით (კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების საშუალების წესის შეცვლაზე უარის თქმით) არ დაირღვევა ან შემცირდება პირის უფლება სასამართლო ხელმისაწვდომობაზე იმგვარად ან ისეთი მასშტაბით, რომ უფლების არსი დაირღვეს. შეზღუდვა ვერ მოვა შესაბამისობაში მე-6 მუხლთან, თუ ის არ მოემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და თუ არ იარსებებს პროპორციულობის გონივრული კავშირი დასახულ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის (იხ.Waite et Kennedy c. Allemagne [GC], №26083/94, §59, CEDH 1999-I).
36. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის (გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა) მიზანია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, რა დროსაც თანაბრად უნდა იქნას დაცული სამართალწარმოების მონაწილე ორივე მხარის ინტერესი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა სასამართლომ უნდა განახორციელოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულების შესაძლებლობის შეფასების შედეგად.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის შესახებ ნ. ნ-ის განცხადების ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება და საქმე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის შესახებ ნ. ნ-ის განცხადების ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე