საქმე №ას-793-760-2016 20 იანვარი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ინდ.მეწარმე ი. ც-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ს-ამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ.მეწარმე ი. ც-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ამ მყიდველი) მიმართ მოპასუხისათვის 2 010 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 24 სექტემბერს მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეისყიდა საავტომობილო საწვავი. საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება ფორმდება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით _ ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (შემდგომში _ „ნსაფ“), რომელშიც სავალდებულო წესით მიეთითება შეძენილი საქონლის რაოდენობა, ღირებულება და დოკუმენტი დასტურდება ელექტრონული ხელმოწერით. 2014 წლის 24 სექტემბერს გამოწერილი „ნსაფ-ით“ დგინდება (სერია „ეა“, ინდივიდუალური #...) მოპასუხის მიერ 2 010 ლარის ღირებულების საავტომობილო საწვავის შეძენა, რომლის ღირებულება მას არ აუნაზღაურებია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ უარყო სარჩელში მითითებული გარემოებები. მისი განმარტებით, სარჩელში მითითებული „ნსაფ-ით“ გათვალისწინებული საწვავი მას მოსარჩელისაგან არ შეუძენია, ამასთანავე, სადავო საგანზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა არაა მის მიერ დადასტურებული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გამყიდველმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის არგუმენტები და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, დაიდო თუ არა მხარეთა შორის ნავთობპროდუქტების ნასყიდობის ხელშეკრულება და ეკისრება თუ არა მოპასუხეს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება. კასატორი სადავოდ ხდის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის თაობაზე სააპელაციო პალატის დასკვნას და პრეტენზიას აცხადებს სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა არასწორად შეფასების თაობაზე (სსსკ-ის 105-ე მუხლი).
1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად დასაშვები შედავება იქნა წარმოდგენილი კასატორის მხრიდან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დასტურად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2014 წლის 24 სექტემბერს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სერიით „ეა“, რომელიც შეიცავს შემდეგ რეკვიზიტებს: გამყიდველი - შპს „ს-ა“; მყიდველი - ი. ც-ე; საქონლის დასახელება - ნავთობის მძიმე დისტილატები, გაზოილი სხვა მიზნებისთვის; საქონლის რაოდენობა - 1000 ლიტრი; საქონლის ღირებულება - 2 010 ლარი; ტრანსპორტირების სახე - ტალონებით;
1.2.2. 2014 წლის 24 სექტემბერს მოპასუხის საგადასახადო რეკვიზიტებითა და მისი პირადი მონაცემებით დადასტურებულია გამყიდველის ანგარიშ-ფაქტურა 1000 ლიტრი საწვავის ტალონებით ნასყიდობის შესახებ, კერძოდ, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მითითებული დოკუმენტის დადასტურება განხორციელდა მისი საგადასახადო რეკვიზიტების, მისი პირადი ინფორმაციის გამოყენების შედეგად;
1.2.3. შემძენის სახელით ნასყიდობის საგნის მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერს დ. მ-ი, თუმცა, საქმეში არ მოიპოვება წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შემძენსა და დ.მ-ს შორის დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
1.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა კვლევის სტანდარტის დარღვევის, ასევე, ნასყიდობის საგნის შემძენისათვის გადაცემის ფაქტის არასწორად დადგენის თაობაზე და განმარტავს, რომ ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ ძირითად ნორმას სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმადაც, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე _ მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე _ ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე _ მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება.
1.5. განსახილველ სასარჩელო მოთხოვნას შემძენის მიერ ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება წარმოადგენს და სარჩელით გამყიდველი მიუთითებს, როგორც ხელშეკრულების დადების, ისე _ ამ ხელშეკრულების ობიექტის შემძენისათვის გადაცემის ფაქტზე. სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლის შესწავლით დასტურდება, რომ მოპასუხემ სადავო გახადა, როგორც ხელშეკრულების დადების, ისე _ საქონლის მიღების ფაქტი (მოთხოვნის გამომრიცხავი შედავება). ამ გარემოებათა შეფასებით შეიძლება განვსაზღვროთ მტკიცების საგანი და მასში შემავალი სადავო გარემოებათა წრე:
1.5.1. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის კონტექსტში, შემძენის საპასუხო შესრულების (ვალდებულების) წარმოშობის წინაპირობა ხელშეკრულების საგნის/მასზე ნამდვილი უფლების გადაცემაა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, შედავებულია, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით, გამყიდველის მხრიდან მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ნასყიდობის საგანი არ წარმოადგენს უძრავ ნივთს და სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნებისაგან განსხვავებით, მის თაობაზე დადებული გარიგება ფორმათავისუფალია, ამასთან, არც საქმის მასალებითაა დადასტურებული მხარეთა შეთანხმება გარიგების წერილობითი ფორმის თაობაზე (სკ-ის 68-ე მუხლი), რაც იმ დასკვნის საფუძველს იძლევა, რომ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის მტკიცება დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულებით.
1.5.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისა და საკუთარ მოვალეობათა შესრულების დამტკიცების მიზნით წარმოადგინა მოპასუხის მიერ დადასტურებული ელექტრონული „ნსაფ-ი“, ასევე, შემძენის სახელით დ. მ-ის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული აქტის თანახმად, შემძენმა მიიღო 1000 ლიტრი დიზელის ტიპის საავტომობილო საწვავი, რომლის კონსიგნაციის ვადა 2014 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლითაა განსაზღვრული. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით კანონმდებელი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს და ნორმა არც ერთ მტკიცებულებას უპირატეს მნიშვნელობას არ ანიჭებს, არამედ, სასამართლოს ავალდებულებს, ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეაფასოს ისინი ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, სწორედ ამ გზით განისაზღვრება მათი განკუთვნადობის, იურიდიული დამაჯერებლობის საკითხი და მათი ერთობლივი ანალიზით დგინდება მტკიცების საგანში შემავალი სადავო გარემოებების არსებობა-არარსებობა (ფაქტები).
1.5.3. ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ინდივიდუალურ მტკიცებულებად შეფასების პირობებში საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნებს და განმარტავს, რომ „ნსაფ-ი“ საჯარო სამართლის სფეროს მიკუთვნებულ, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სპეციალური დანიშნულების მქონე დოკუმენტს წარმოადგენს და ემსახურება საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებულ მიზანს _ გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივი მდგომარეობის, ასევე, საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრას. მიუხედავად ამისა, პალატა ამ მტკიცებულების ღირებულებით ძალას სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის არ უარყოფს, რადგანაც მისი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებით შესაძლებელია დადასტურებულ იქნას სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი. უშუალოდ „ნსაფ-ის“ თაობაზე კასატორის პოზიციის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლით, რომლის პირველი და 11 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. ამავე კოდექსის 1751 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია შემოიღოს ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც შეიცავს როგორც სასაქონლო ზედნადებით, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით) გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, და განსაზღვროს მისი გამოწერისა და წარდგენის წესი. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანების 57-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის, რეალიზაცია) ხორციელდება დანართი №III-09 ფორმის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (შემდგომში – „ნსაფ“), რომელიც არის მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტი (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა) და იმ პირებს, რომლებიც ნავთობპროდუქტების მიწოდებას ახორციელებენ ტალონების გამოყენებით (58-ე მუხლის მე-15 და 151 პუნქტები), ევალებათ ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ჟურნალის მე-11 სვეტის (დღის განმავლობაში ტალონის სანაცვლოდ ან ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით გაცემული ნავთობპროდუქტების რაოდენობა ლიტრებში) შევსება (62-ე მუხლის მე-7 პუნქტი). ამგვარი მტკიცებულება, მართალია, საქმის მასალებში არ მოიპოვება, თუმცა, უდავოდაა გასათვალისწინებელი ის ფაქტი, რომ „ნსაფ-ი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში ავტორიზებული მომხმარებლის მიერ (ამ შემთხვევაში მოპასუხე) მისი პირადი საგადასახადო რეკვიზიტების გამოყენებით იქნა დადასტურებული, რაც სწორად შეაფასა სასამართლომ მოპასუხის თანხმობითა და შესაბამისი ნების გამოვლენით განხორციელებულ ქმედებად.
1.5.4. ამ მტკიცებულების პარალელურად მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც შემძენის ნაცვლად ხელს აწერს წარმომადგენელი. მართალია, საქმეში არ არის ი.ც-ის მიერ დ.მ-ისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი, თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის კონკრეტული თავისებურების გათვალისწინებით, ეს გარემოება ვერ გახდება ნასყიდობის საგნის მიწოდების ფაქტის დადასტურებულად მიჩნევაზე უარის თქმის საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის 107-ე და 709-ე მუხლების დისპოზიციებიდან გამომდინარე, დავალების ხელშეკრულება შეიძლება როგორც ზეპირი, ისე _ წერილობითი ფორმით დაიდოს და მისი არსებობის მტკიცება, მოცემულ შემთხვევაში, ევალებოდა გამყიდველს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). წერილობითი ფორმა, ბუნებრივია, ამარტივებს მტკიცების ტვირთს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები შემდეგი უდავო გარემოებათა ერთობლიობა: შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის გამოყენებით ავტორიზებულმა მომხმარებელმა დაადასტურა „ნსაფ-ი“ (რაც, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, უდავოდ უქმნიდა გამყიდველს რწმენას, რომ შემძენი დაეთანხმა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებს); „ნსაფ-ში“ მითითებული პირობების შესაბამისად, ნასყიდობის საგნის მიღებაზე ხელი მოაწერა პირმა, რომელმაც განაცხადა, რომ მოქმედებს შემძენის დავალების ფარგლებში. ამ გარემოებათა ერთობლივი ანალიზი იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების წინაპირობას, რომ დ.მ-ი შემძენის დავალების ფარგლებში მოქმედებდა, რომლის მიმართაც განხორციელებული შესრულებით გამყიდველის ვალდებულება შეწყდა, ხოლო 2014 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საპასუხო შესრულების ვალდებულება წარმოეშვა შემძენს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც მტკიცებულებათა შეფასების, ასევე, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამატებით დადგენისა თუ საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების სხვა წინაპირობები არ იკვეთება, პალატა მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ არსებობს შემძენისათვის ნასყიდობის საფასურის _ 2 010 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
2. სასამართლო ხარჯები:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
2.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 100 ლარი, სააპელაციო საჩივრის გამო _ 150 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივრის გამო _ 300 ლარი. ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა კასატორის სასარჩელო მოთხოვნა, პალატა თვლის, რომ მოწინააღმდეგე მხარეს გამყიდველის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 550 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ს-ას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „ს-ას“ სარჩელი ინდ.მეწარმე ი. ც-ის მიმართ ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
4. ინდ.მეწარმე ი. ც-ეს (პ/#...) შპს „ს-ას“ (ს/კ #...) სასარგებლოდ დაეკისროს 2 010 ლარის ანაზღაურება.
5. ინდ.მეწარმე ი. ც-ეს (პ/#...) შპს „ს-ას“ (ს/კ #...) სასარგებლოდ ასევე დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის ანაზღაურება 550 ლარის ოდენობით.
6. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე