Facebook Twitter

საქმე №ას-671-642-2016 20 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ს-ამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ამ მყიდველი) მიმართ მოპასუხისათვის 1 980 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 2 ოქტომბერს მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეისყიდა საწვავი. ნასყიდობის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება ფორმდება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით _ ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (შემდგომში _ „ნსაფ“), რომელშიც აღინიშნება შეძენილი საქონლის რაოდენობა, ღირებულება და დოკუმენტი დასტურდება ელექტრონული ხელმოწერით. 2014 წლის 2 ოქტომბერს გამოწერილი „ნსაფ-ით“ დგინდება (სერია „ეა“, ინდივიდუალური #...) მოპასუხის მიერ 1 980 ლარის ღირებულების საავტომობილო საწვავის შეძენა, რომლის ღირებულება მას არ აუნაზღაურებია.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას ავტომობილის საწვავი არა თუ მოსარჩელისგან, საერთოდ არ შეუძენია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შემძენს გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრა 1 980 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გამყიდველმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, დაიდო თუ არა მხარეთა შორის ნავთობპროდუქტების ნასყიდობის ხელშეკრულება და ეკისრება თუ არა მოპასუხეს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება. კასატორი სადავოდ ხდის მოპასუხის ვალდებულების წარმოშობის თაობაზე სააპელაციო პალატის დასკვნას და პრეტენზიას აცხადებს სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა არასწორი შეფასების თაობაზე (სსსკ-ის 105-ე მუხლი). თავის მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქვემდგომმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არსებობა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას ადასტურებდა, თუმცა, გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნასყიდობის საგნის გადაცემა ამ მტკიცებულებით არ შეიძლებოდა დადგენილიყო, რაც შემძენის პასუხისმგებლობას გამორიცხავდა.

1.2. საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს წინამდენარე დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:

1.2.1. ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ ძირითად ნორმას სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმადაც, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე _ მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე _ ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე _ მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.

1.2.2. როგორც უკვე აღინიშნა, სასარჩელო მოთხოვნას შემძენის მიერ ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება წარმოადგენს და სარჩელით გამყიდველი მიუთითებს, როგორც ხელშეკრულების დადების, ისე _ ამ ხელშეკრულების ობიექტის შემძენისათვის გადაცემის ფაქტზე. სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლის შესწავლით დასტურდება, რომ მოპასუხემ სადავო გახადა, როგორც ხელშეკრულების დადების, ისე _ საქონლის მიღების ფაქტი (მოთხოვნის გამომრიცხავი შედავება). ამ გარემოებათა შეფასებით შეიძლება განვსაზღვროთ მტკიცების საგანი და მასში შემავალი სადავო გარემოებათა წრე:

1.2.3. პალატა მიუბრუნდება წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.1. პუნქტში განვითარებულ მსჯელობას, რომლის თანახმადაც შემძენის მიმართ საპასუხო შესრულების მოთხოვნის უფლებას გამყიდველის მხრიდან ნივთის/ნივთზე ნამდვილი უფლების გადაცემის ფაქტი განაპირობებს, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში შედავებულია, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით, გამყიდველის მხრიდან მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ნასყიდობის საგანი არ წარმოადგენს უძრავ ნივთს და სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხილსაგან განსხვავებით, მის თაობაზე დადებული გარიგება ფორმათავისუფალია, ამასთან, არც საქმის მასალებითაა დადასტურებული მხარეთა შეთანხმება გარიგების წერილობითი ფორმის დაცვაზე (სკ-ის 68-ე მუხლი), რაც იმ დასკვნის საფუძველს იძლევა, რომ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის მტკიცება დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულებით.

1.2.4. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისა და საკუთარ მოვალეობათა შესრულების დამტკიცების მიზნით წარმოადგინა მოპასუხის მიერ დადასტურებული #ეს/... ელექტრონული „ნსაფ-ი“, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე თვლის, რომ ნასყიდობის საგნის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი უტყუარად ადასტურებს მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს. საკასაციო პალატა ამ მტკიცებულების განკუთვნადობის შემოწმების მიზნით, უპირველესად განმარტავს იმას, რომ „ნსაფ-ი“ საჯარო სამართლის სფეროს მიკუთვნებულ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სპეციალური დანიშნულების მქონე დოკუმენტს წარმოადგენს და ემსახურება საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებულ მიზანს _ გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივი მდგომარეობის, ასევე, საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრას, თუმცა, მიუხედავად ამისა, პალატა ამ მტკიცებულების ღირებულებით ძალას სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის არ უარყოფს, რადგანაც მისი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებეთან ერთობლიობაში შეფასებით (სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით) შესაძლებელია დადასტურებულ იქნას სადავო სამართლებრივი ურთერთობის არსებობის ფაქტი. უშუალოდ „ნსაფ-ის“ თაობაზე კასატორის პოზიციის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლით, რომლის პირველი და 11 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. ამავე კოდექსის 1751 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია შემოიღოს ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც შეიცავს როგორც სასაქონლო ზედნადებით, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით) გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, და განსაზღვროს მისი გამოწერისა და წარდგენის წესი. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანების 57-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის, რეალიზაცია) ხორციელდება დანართი №III-09 ფორმის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (შემდგომში – „ნსაფ“), რომელიც არის მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტი (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა) და იმ პირებს, რომლებიც ნავთობპროდუქტების მიწოდებას ახორციელებენ ტალონების გამოყენებით (58-ე მუხლის მე-15 და 151 პუნქტები), ევალებათ ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ჟურნალის მე-11 სვეტის (დღის განმავლობაში ტალონის სანაცვლოდ ან ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით გაცემული ნავთობპროდუქტების რაოდენობა ლიტრებში) შევსება (62-ე მუხლის მე-7 პუნქტი). ამგვარი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება, უფრო მეტიც, როგორც პირველი ინსტანციის, ისე _ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, მოსარჩელის მხრიდან აღიარებულ იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ საწვავის ჩაბარების შესახებ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის არსებობა სავალდებულოა, თუმცა არც ამგვარი დოკუმენტი არ იქნა წარმოდგენილი მის მიერ.

1.3. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომლის მიხედვითაც ელექტრონული „ნსაფ-ის“ წარდგენით მოსარჩელემ, როგორც გამყიდველმა, საკუთარი ვალდებულების შესრულების ფაქტი ვერ დაადასტურა. ქვემდგომი სასამართლოს ამ მსჯელობის საპირისპიროდ გამყიდველს დასაშვები საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ შემძენს არ გადასცემია ნასყიდობის საგანი, რაც მისი მხრიდან საპასუხო ვალდებულების შესრულებას გამორიცხავს, საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ სავალდებულო ძალა გააჩნია.

1.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. სასამართლო ხარჯები:

2.1. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის 1 980 ლარის დაკისრება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სწორედ ამ თანხით განისაზღვრება დავის საგნის ღირებულება. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად დავათა კატეგორიას განეკუთვნება, რაც სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრებას ითვალისწინებს (სსსკ-ის 39.2 მუხლი).

2.2. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა საკუთარი ინიციატივით საკასაციო საჩივრის გამო სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 300 ლარი ნაცვლად 150 ლარისა, რის გამოც, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 და 42-ე მუხლების შესაბამისად, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ხოლო რადგანაც წინამდებარე განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი _ 150 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 39-ე, 42-ე, 55-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს-ას“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

3. შპს „ს-ას“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 11.07.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი დარჩეს ბიუჯეტში.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე