20 იანვარი, 2017 წელი
№ას-36-32-2017 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია თოდუა
სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ.ხ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ლ.ხ–ის სარჩელის გამო, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჭ–ის“ მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ.ხ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელი რ.გ–ძე (იხ.რწმუნებულება ტ.2, ს.ფ.171) ინფორმირებული იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ (სხდომის ოქმი, ტ.II, ს.ფ.290). ამასთან, დადგენილია, რომ მას მინდობილობით მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება გაესაჩივრებინა ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2016 წლის 25 ოქტომბერი, ხოლო 30-ე დღე – 2016 წლის 4 ნოემბერი, გამომდინარე აქედან, მხარეს ან მის წარმომადგენელს შეეძლო გასაჩივრებული განჩინება ჩაებარებინა 2016 წლის 25 ოქტომბრიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე. საქმის მასალებით დგინდება რომ, კასატორის წარმომადგენელს სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე სსსკ-ით დადგენილ საპროცესო ვადაში არ მიუმართავს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია რომ, მხარე სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ საპროცესო წესის დარღვევაზე, რამეთუ სსსკ-ის 2591 მუხლის მიზნებისათვის, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი პირის მიერ საპროცესო წესის დაცვად განიხილება დადგენილ ვადაში მისი უშუალოდ გამოცხადება სასამართლოში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 5 ნოემბრიდან – სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს.
სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 5 ნოემრბიდან და დასრულდა 2016 წლის 25 ნოემბერს. საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივრით დასტურდება, რომ ის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2016 წლის 6 დეკემბერს, ხოლო საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია 2016 წლის 5 დეკემბერი, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო კოდექსით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას. აღნიშნული კი, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო საჩივარზე თანდართულ დოკუმენტზე - საფოსტო კონვერტის ასლზე, რომელზეც მითითებულია გაგზავნის თარიღად 2016 წლის 5 ნოემბერი. პალატა, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ საფოსტო კონვერტზე მითითებული თარიღი ვერ იქნება მიჩნეული საკასაციო საჩივრის შეტანის თარიღად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დასტურდება, რომ იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გატარდა 2016 წლის 6 დეკემბერს, ხოლო მისი შედგენის თარიღად კასატორის მიერ მითითებულია 2016 წლის 5 დეკემბერი. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ საფოსტო გზავნილის ასლზე მითითებული საიდენტიფიკაციო კოდის საფუძველზე, საქართველოს ფოსტის ვებ გვერდზე (www.posta.ge) გადამოწმებულ იქნა აღნიშნული გზავნილის მონაცემები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საფოსტო გზავნილი (საიდენტიფიკაციო კოდით ..... ) მიღებულ იქნა საფოსტო სერვის ცენტრში 2016 წლის 5 დეკემბერს, ხოლო 2016 წლის 6 დეკემბერს ჩაბარებულ იქნა ადრესატზე (ქუთაისის სააპელაციო სასამართლო). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ხ–ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;
2. ლ.ხ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი (საგადასახადო დავალება # 11865747, გადახდის თარიღი: 5.12.16. სს "ლიბერთი ბანკი") შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა