Facebook Twitter

18 აპრილი, 2017 წელი,

№ას-223-212-2017 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა:

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა "გ."

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ამხანაგობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ამხანაგობიდან გასვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, ნ.ს–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც, მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობა "გ–ის" (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან ამხანაგობა) დამფუძნებელ წევრთა 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელის ამხანაგობიდან გარიცხვის თაობაზე; მოსარჩელე აღიარებულ იქნა ამხანაგობიდან ნებაყოფლობით გასულად და მისი წილის კომპენსაციის სახით ამხანაგობას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 93 200 აშშ დოლარის ანაზღაურება.

2. საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, მას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 6 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

6. 2017 წლის 16 მარტის განჩინებით, კასატორს ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 7 დღით გაუგრძელდა.

7. 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით, კასატორს ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა კვლავ გაუგრძელდა 5 დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით, კასატორს უკანასკნელად გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

11. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ამხანაგობის თავმჯდომარეს - დ.ზ–ეს ეცნობა 2017 წლის 7 აპრილს.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 8 აპრილიდან და ამოიწურა ამავე წლის 12 აპრილს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 12 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

13. 2017 წლის 12 აპრილს კასატორის წარმომადგენელმა - ლ.პ–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის დამატებით 5 დღით გაგრძელებაზე იშუამდგომლა, იმ საფუძვლით, რომ კასატორს კონკრეტული მომენტისათვის მხოლოდ 5000 ლარის გადახდა შეეძლო, ხოლო დარჩენილი 1000 ლარის გადასახდელად ესაჭიროებოდა გარკვეული დრო.

14. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

15. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 299-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა "გ–ის" საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა