№ას-266-254-2017 4 აპრილი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები : მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ.ბ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.კ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. მცხეთა, სოფ. ....., ს/კ ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო საცხოვრებელი სახლი) საჯარო რეესტრში ირიცხება ე.კ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებად {საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი}.
2. ზ.ბ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად ცხოვრობს მოსარჩელის კუთვნილ სადავო საცხოვრებელ სახლში.
3. 2016 წლის 10 ივნისს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
4. 2016 წლის 13 ოქტომბრისა და 21 ოქტომბრის მოსამზადებელ და მთავარ სხდომებზე, საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოპასუხის წარმომადგენელი რ.ჩ., რომელსაც რწმუნებულების უფლებამოსილების ვადა 2016 წლის 1 ოქტომბრისათვის ამოწურული ჰქონდა. 2016 წლის 21 ოქტომბრის მთავარ სხდომაზე მან სრულად ცნო სარჩელი.
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და დადგინდა მისი მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 162-ე, 170-ე, 172.1, 312.1 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-3.2 და 208.3 მუხლები.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, სსსკ-ის 2591-ე მუხლის მიხედვით, 2016 წლის 22 ოქტომბრიდან დაიწყო და ამოიწურა უქმე დღეს - 2016 წლის 4 დეკემბერს, ამდენად, აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო ვადად განესაზღვრა 2016 წლის 5 დეკემბერი. პალატის განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა დაგვიანებით - 2016 წლის 6 დეკემბერს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
8. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
8.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე განხილულ იქნა მოპასუხის დაუსწრებლად, ვინაიდან მას კანონით დადგენილი წესით არ მიუღია შეტყობინება სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ;
8.2. სააპელაციო პალატამ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოპასუხის წარმომადგენელს საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებისა და სარჩელის ცნობის უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან მისი რწმუნებულება ვადაგასული იყო;
8.3. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად, ვინაიდან, მოპასუხემ იგი გასაჩივრების ვადის დაცვით შეიტანა;
8.4. სასამართლოს დასკვნა, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 22 ოქტომბერს და ამოიწურა 2016 წლის 5 დეკემბერს, არასწორია ვინაიდან, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს არა მისი გამოცხადებიდან, არამედ, იმ დღიდან, როდესაც მან (მოპასუხემ) ჩაიბარა გადაწყვეტილება, ანუ 2016 წლის 25 ნოემბრიდან.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
10. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
10.1 სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
10.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს დასკვნის მართებულობა სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. სახელდობრ, ის რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით დადგენილი ვადის (14 დღე) დარღვევით და აღნიშნულის გამო იგი დაუშვებელი იყო.
10.3. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული წესის ამოქმედებისათვის აუცილებელია გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტი (მხარე ან მისი წარმომადგენელი) ესწრებოდეს გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილი იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (სასამართლო შეტყობინების გზით).
10.4. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს წარმოადგენდა პირი, რომელსაც არ გააჩნდა კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობა, რომელიც მას მიანიჭებდა სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილებას (სსსკ-ს 96-ე და 98-ე მუხლები). პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩატარებულ 2016 წლის 13 ოქტომბრისა და 21 ოქტომბრის სხდომებში კერძო საჩივრის ავტორს პირადად მონაწილეობა არ მიუღია და მისი სახელით საქმის განხილვაში მონაწილეობდა არაუფლებამოსილი წარმომადგენელი. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოაცხადა 2016 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე, სადაც სასამართლომ, ზემოთმითითებული ნორმების საფუძველზე, განმარტა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე მხარე არც პირადად და არც უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით არ ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას და ამასთან, კერძო საჩივრის ავტორისათვის უცნობი იყო გადაწყვეტილების მიღებისა და გამოცხადების თარიღიც (საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მას ეცნობა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესახებ).
10.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა, მოპასუხის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის უშუალოდ ჩაბარების მომდევნო დღიდან. როგორც თავად კერძო საჩივრის ავტორი ადასტურებს, მან დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2016 წლის 25 ნოემბერს. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში რაიმე სხვა მტკიცებულება მისთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაგზავნისა და ჩაბარების შესახებ არ მოიპოვება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო, დასაბუთებული გადაწყვეტილების მოპასუხისათვის ჩაბარების მომდევნო (სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილი) დღიდან 2016 წლის 26 ნოემბრიდან და იწურებოდა 2016 წლის 9 დეკემბერს 24 საათზე (სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი). საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2016 წლის 6 დეკემბერს, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ დაცული იყო კანონით დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა (სსსკ-ის 369-ე მუხლი).
11. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე, რადგანაც არ არსებობდა გასაჩივრების ვადის გასვლის მოტივით საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ზ.ბ–ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი