17 იანვარი, 2017 წელი
№ას-1026-987-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ზ.კ–ძე, თ.ჩ.
მოწინააღმდეგე მხარე – ო.დ.
კასატორები - ს.ტ., გ.ლ.
მოწინააღმდეგე მხარე - ო.დ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება
ზ.კ–სა და თ.ჩ–ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ს.ტ–სა და გ.ლ–ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ.კ–ის სასარჩელო მოთხოვნა ო.დ–ს წინააღმდეგ თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით ო.დ–ის შეგებებული სარჩელი ს.ტ–სა და გ.ლ–ის წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო.დ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ერთი მხრივ ს.ტ–სა და მეორე მხრივ, ზ.კ–ეს, თ.ჩ–ს და გ.ლ–ს შორის 2011 წლის 4 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ..... შესახვევი #12, ფართი 450 კვ.მ., მიწის საკადასტრო კოდი ...... (შემდეგში სადავო უძრავი ქონება); ბათილად იქნა ცნობილი, ერთი მხრივ, თ. ჩ–სა და გ.ლ–ს და მეორე მხრივ, ზ.კ–ს შორის 2011 წლის 9 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო უძრავ ქონებაზე; ზ.კ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს ერთი მხრივ ზ.კ–მ და თ.ჩ–მა, მეორე მხრივ ს.ტ–მა და გ.ლ–მა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, ორივე საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ თითოეული კასაციისათვის სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრებს დაუდგინდათ ხარვეზი და საკასაციო საჩივრის ავტორებს დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში თითოეული საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
9. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2016 წლის 21 ნოემბერს, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ ს.ტ.ს წარმომადგენელს - რ.ა–ს, ზ.კ–ს და გ.ლ–ს, ხოლო თ.ჩ–ს ორჯერ გაეგზავნა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა აღნიშნული გზავნილები მას ვერ ჩაბარდა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ს.ტ–ის, გ.ლ–ის და ზ.კ–ის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 22 ნოემბერს და ამოიწურა იმავე წლის 28 ნოემბერს, ხოლო თ.ჩ–ის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მეორე უკუგზავნილის თარიღის მომდევნო დღიდან - 2016 წლის 15 დეკემბრიდან. ამდენად, გ.ლ., ს.ტ. და ზ.კ–ძე ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2016 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო თ.ჩ. ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ს.ტ–სა და გ.ლ–ს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის, ხოლო ზ.კ–მ ორჯერ წარმოადგინა განცხადება მისი და თ.ჩ–ს სახელით. მან პირველი განცხადებით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე, ხოლო მეორე განცხადებით ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელების შესახებ.
11. 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ხოლო ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა გაგრძელდა 5 დღით.
12. 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, შუამდგომლობა ხარვეზის შესავსები ვადის დამატებით 5 დღით გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2016 წლის 14 დეკემბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა მხარეს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 15 დეკემბრიდან და ამოიწურა იმავე წლის 19 დეკემბერს. ამდენად, კასატორები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 299-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.კ–სა და თ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. ს.ტ–სა და გ.ლ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა