საქმე №ას-1122-1078-2016 1 მარტი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორი – ნ. ე-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ კ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ფ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (არასრულწლოვან ნ. ფ-ის წარმომადგენელი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. რ.ფ-მ (შემდგომში _ მოსარჩელე, მეორე აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან არასრულწლოვნის მამა) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ე-ის (შემდგომში _ მოპასუხე, პირველი აპელანტი, კასატორი ან არასრულწლოვნის დედა) მიმართ 2012 წლის 22 ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის ნახვის დღეების განსაზღვრის მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა, ნება დაერთოს ყოველ შაბათ-კვირას, დღის 10:00 საათიდან ღამის 20:00 საათამდე, წაიყვანოს ბავშვი ღამით დარჩენის უფლებით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 13 იანვრიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რომელიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა განქორწინებით. თანაცხოვრების პერიოდში, 2012 წლის 22 ნოემბერს, მათ შეეძინათ შვილი. მხარეთა ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის მომენტიდან მოპასუხემ დატოვა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და წაიყვანა შვილი. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დააკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, რომელიც მამის მოთხოვნის საფუძველზე შეიცვალა და საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განისაზღვრა 90 ლარით. მიუხედავად მამის მცდელობისა, მოპასუხე არ აძლევს შესაძლებლობას, ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში და იზრუნოს მასზე.
2. მოპასუხისა და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: მოსარჩელეს ორი წელია არ უნახავს საკუთარი შვილი, მან ბავშვთან ურთიერთობის სურვილი მხოლოდ 2015 წლის სექტემბერში გამოთქვა და ითხოვდა, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის ღამის საათებში მოენახულებინა ბავშვი, რასაც არ ეთანხმება არასრულწლოვნის დედა იმ საფუძვლით, რომ მუშაობს და არ აქვს თავისუფალი გრაფიკი. მოპასუხემ მოსარჩელეს აჩვენა კიდეც შვილი, ხოლო მამა შეეცადა არასრულწლოვანი უარყოფითად განეწყო დედის მიმართ. სარჩელში არ არის მითითებული იმ მიზეზების თაობაზე, რამაც განაპირობა მოპასუხისა და შვილის წამოსვლა მამის ოჯახიდან, მამა არის გაუწონასწორებელი ფსიქიკის მქონე, იღებს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ჯანმრთელობაზე, გარდა ამისა, მოპასუხე გამოთქვამს ვარაუდს, რომ მამასთან ბავშვის ხანგრძლივად დატოვებით, ის შვილს დედის მიმართ ცუდად განაწყობს. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ არის სოციალურად დაუცველი და არ გააჩნია შემოსავალი, თუმცა, როგორ უნდა მოუაროს შვილს, ან ვინ იზრუნებს მასზე სარჩელში არ არის მითითებული.
2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ისე _ მამასთან. ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობა დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ, კოგნიტურ და ფიზიკურ განვითარებაზე. ვინაიდან ამ ეტაპზე მოსარჩელესა და ბავშვს შორის არის გაუცხოვება, მიზანშეწონილია, მიჩვევის მიზნით, მამასა და შვილს შორის ურთიერთობას ხელი შეეწყოს ეტაპობრივად და თანდათან გაიზარდოს მოსარჩელის არასრულწლოვანთან ურთიერთობისათვის დადგენილი დრო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს 2012 წლის 22 ნოემბერს დაბადებულ არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგნაირად:
ა) თავდაპირველად, მიჩვევის მიზნით, ორი თვის განმავლობაში მოსარჩელემ ურთიერთობა უნდა იქონიოს შვილთან ყოველი კვირის შაბათ დღეს, დღის 12 საათიდან იმავე დღის 13:30 საათამდე, ხოლო სამშაბათს ან ოთხშაბათს დღის 18:30 საათიდან იმავე დღის 19:30 საათამდე წაყვანის და უკან დედასთან დაბრუნების უფლებით. ურთიერთობისათვის სამშაბათი ან ოთხშაბათი დღის პრიორიტეტის შერჩევა მოხდება დედის მიერ, რის შესახებაც არა ნაკლებ 10-12 საათით ადრე ტელეფონით ან სხვა საშუალებით მხარეთა შეთანხმებით აცნობებს მამას. შეტყობინება განხორციელდება სატელეფონო სმს-ის საშუალებით. მიჩვევის მიზნით, ბავშვთან თავდაპირველი ურთიერთობა განხორციელდება დედის ან ამ უკანასკნელის მიერ ნდობით აღჭურვილი პირის თანდასწრებით. მიჩვევის მიზნით, მამა-შვილს შორის შეხვედრა შედგება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის /ეზო, პარკი, ქუჩა/ მიმდებარე ტერიტორიაზე ან საბავშვო გასართობ ან სავაჭრო ცენტრში დედის მითითებისამებრ. შეხვედრის ადგილის შესახებ არა ნაკლებ 7-6 საათით ადრე დედა აცნობებს მოსარჩელეს ტელეფონის ან სმს-ის საშუალებით. მიჩვევის პერიოდი გაგრძელდება მანამ ვიდრე არასრულწლოვნის სრული მიჩვევა არ განხორციელდება მამასთან;
ბ) ორი თვის /ანუ მიჩვევის/ შემდგომ მამა-შვილის ურთიერთობა 3 თვის ვადით განისაზღვრა შემდეგნაირად:
ბ.ა) ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 15:00 საათამდე, ხოლო ოთხშაბათი დღის 17-18 საათიდან ან სწავლის შემთხვევაში, სასწავლებელში სასწავლო პროცესის დასრულებიდან დღის 20:00 საათამდე ბავშვის წაყვანისა და უკან დედასთან დაბრუნების უფლებით. იმ შემთხვევაში, თუ მამა ვერ შეძლებს განსაზღვრულ დროს შვილთან ურთიერთობას ამის შესახებ ეს უკანასკნელი წინასწარ, არანაკლებ 5-6 საათით ადრე, აცნობებს /ტელეფონით ან სატელეფონო სმს-ის საშუალებით/ დედას;
გ) სამი თვის შემდგომ მამა-შვილის ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგნაირად:
გ.ა) ოთხშაბათი დღის 17-18 საათიდან ან სასწავლებელში სასწავლო პროცესის დასრულებიდან დღის 20 საათამდე ბავშვის წაყვანისა და უკან დედასთან დაბრუნების უფლებით. შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 18-19 საათამდე ბავშვის წაყვანისა და უკან დედასთან დაბრუნების უფლებით;
დ) არასრულწლოვნის მიერ 6 წლის ასაკის მიღწევიდან მამა-შვილის ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგნაირად:
დ.ა) ოთხშაბათი დღის 17-18 საათიდან ან სასწავლებელში სასწავლო პროცესის დასრულებიდან იმავე დღის 19-20 საათამდე ბავშვის წაყვანისა და უკან დედასთან დაბრუნების უფლებით, ხოლო პარასკევ დღის 17-18 საათიდან ან სასწავლო პროცესის დასრულებიდან შაბათი დღის 19-20 საათამდე ბავშვის წაყვანისა და უკან დედასთან დაბრუნების უფლებით. იმ შემთხვევაში, თუ მამა ვერ მოახერხებს შვილთან დადგენილი წესით განსაზღვრულ პერიოდში ურთიერთობას, ამის შესახებ იგი შეატყობინებს მოპასუხეს ტელეფონის, სატელეფონო სმს-ის საშუალებით არანაკლებ 5-6 საათით ადრე;
ე) მამა-შვილის ურთიერთობის პერიოდში მოსარჩელეს მუდმივმოქმედ რეჟიმში ჩართული უნდა ჰქონდეს სატელეფონო საშუალება ან სხვა რამ მხარეთა შეთანხმებით მოსარჩელისათვის შვილზე ინფორმაციის მიღების მიზნით;
ვ) ერთ-ერთი მშობლის მიერ შვილის ქალაქგარეთ გაყვანის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია ეცნობება მეორე მშობელს სატელეფონო საშუალებით ან სატელეფონო სმს-ით;
ზ) მამა-შვილის ურთიერთობა უნდა განხორციელდეს არაალკოჰოლურ - ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას;
თ) მამა-შვილს შორის ურთიერთობის წესის განხორციელება შედგება ბავშვის სურვილის გათვალისწინებით.
4. აპელანტების მოთხოვნა:
4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (პირველი აპელანტი), მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
4.2. ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემაც (მეორე აპელანტი), მისი გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პირველი აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მეორე აპელანტის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობის წესი განესაზღვრა შემდეგნაირად: მას მიეცა 2012 წლის 22 ნოემბერს დაბადებული შვილის წაყვანის უფლება ყოველ შაბათ დღეს 12:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა აპელანტმა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს არასრულწლოვნის მშობელთან ურთიერთობის საკითხი წარმოადგენს. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
1.2. საკასაციო შედავებათა დასაბუთებულობის შემოწმებამდე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოსათვის სახელმძღვანელო რამდენიმე პრინციპზე:
1.2.1. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
1.2.2. მოხმობილი კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, როდესაც იგი არასრულწლოვნის უფლებებს შეეხება, მიუხედავად კანონით რეგლამენტირებული ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპისა, ამოსავალი დებულება ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომლის უზრუნველყოფის მიზნით დაიშვება, როგორც ერთ-ერთი, ისე _ ორივე მშობლის უფლების შეზღუდვა, თუკი მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა.
1.2.3. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესზეც. სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული და საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლით კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. მითითებული საპროცესო წესის გამოყენება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მით უფრო გამართლებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლო, როგორც სამართალწარმოების მეორე ინსტანცია, დავის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა და ამავე კოდექსის 380-ე მუხლით მას ახალ მტკიცებულებათა მიღების შესაძლებლობაც გააჩნია. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ:
1.3.1. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2012 წლის 22 ნოემბერს მხარეებს შეეძინათ შვილი _ ნ. ფ-ე;
1.3.2. მეუღლეებს შეწყვეტილი აქვთ თანაცხოვრება 2013 წლის აპრილის თვიდან და ცხოვრობენ ცალკე ოჯახებად. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად;
1.3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ე-ის სარჩელი მოპასუხე რ.ფ-ის მიმართ და ამ უკანასკნელს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2013 წლის 20 ნოემბრიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ.ფ-ის სარჩელი ნ. ე-ის მიმართ და შეწყდა 2012 წლის 13 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება;
1.3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ.ფ-ის სარჩელი ნ. ე-ის მიმართ: რ.ფ-ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი 100 ლარი შეუმცირდა 10 ლარით და მისი ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 90 ლარით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2014 წლის 23 სექტემბრიდან) შვილის სრულწლოვანებამდე;
1.3.5. მოსარჩელე ცხოვრობს დედასთან, ე. ფ-სთან ერთად, რომელსაც დანიშნული აქვს ასაკობრივი პენსია. ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინა მოწყობილია საჭირო ავეჯითა და ელექტროტექნიკით. საცხოვრებლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში;
1.3.6. მოპასუხე არის ფარმაცევტი, მუშაობს აფთიაქ „ფ-ში“ დილის 09:00 საათიდან 16:00 საათამდე. მოპასუხე ისვენებს ყოველ მესამე დღეს;
1.3.7. მოპასუხე შვილსა და დედასთან - ნ. ნ-თან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. სახლში სუფევს წესრიგი და სისუფთავე, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, იკვეთება ბავშვის კუთხე აღჭურვილი ინდივიდუალური განვითარების ნივთებითა და ასაკობრივი სათამაშოებით. ოჯახში არის შექმნილი კეთილსაიმედო გარემო ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. არასრულწლოვანსა და დედას შორის ჩამოყალიბებულია პოზიტიური მიჯაჭვულობა. ბავშვი დადის საბავშვო ბაღ „ც-ში“.
1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
1.5. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის პოზიციას სასამართლოს მხრიდან არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გამორკვევის მიზნით ყველა საპროცესო საშუალების გამოუყენებლობის თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის პოზიციაზე, რომლითაც იგი ეჭვქვეშ აყენებს ბავშვის ბიოლოგიურ წარმომავლობას. საკასაციო პასუხში რ.ფ-ე საკუთარ ამ პოზიციას ასაბუთებს იმით, რომ იგი, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში მცხოვრები თავისუფალი მოქალაქე, იცავს საკუთარ უფლებებს და გამოთქვამს ეჭვს ბავშვთან ბიოლოგიური კავშირის თაობაზე. ამ ეჭვს კი, უკავშირებს იმას, რომ ბავშვის დედა აპროტესტებს მამა-შვილის ურთიერთობას, ასევე, მიუთითებს ღალატის შედეგად ოჯახის დანგრევის ფაქტზე, გარდა ამისა, მან საკასაციო სასამართლოს ახსნა-განმარტების ეტაპზე დაუდასტურა ფაქტი იმის თაობაზე, რომ ეჭვქვეშ აყენებდა ბავშვის ბიოლოგიურ წარმომავლობას და გენეტიკურ კვლევას (ექსპერტიზას) არ მიმართავს მატერიალური სახსრების არარსებობის გამო (იხ. საკასაციო სასამართლოს სხდომის ოქმები: 10.01.2017წ. 12:39:52სთ; 12:40:09 სთ; 23.02.207წ. 12:53:53სთ;). მართალია, 2017 წლის 1 მარტის სხდომაზე კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ უარყო მის მიერ გამოთქმული ზემოხსენებული ეჭვი და ეს გარემოება დაასაბუთა იმით, რომ ვინაიდან მოსარჩელის ადვოკატი სადავოდ ხდიდა მამის ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ბავშვის წარმომავლობაში ეჭვის შეტანა მამის მხრიდან საპასუხო სტრატეგიული სვლა იყო, რომლის მიზანსაც მოპასუხისათვის ფსიქოლოგიური დარტყმის მიყენება წარმოადგენდა (იხ: სხდომის ოქმი, 16:46:06სთ-16:55:00სთ), თუმცა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარის ეს განმარტებები, მათ შორის ოჯახის დანგრევის ფაქტობრივ საფუძველსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაში ასახულ გარემოებებზე აპელირება საჭიროებს სათანადო ფსიქოლოგიურ კვლევას, რათა მამის მხრიდან ბავშვისა და დედის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებით ზიანი არ მიადგენს ბავშვის ინტერესებს. საკასაციო პალატა ასევე სრულად იზიარებს კასატორის პოზიციას სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ საკითხის შეუსწავლელობის თაობაზე, არის თუ არა მოსარჩელე ფსოქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელი და ეს გარემოება ხომ არ ახდენს გავლენას მშობლისა და შვილის პოზიტიურ ურთიერთობაზე. ამ მხრივ მოპასუხე პრეტენზიას აცხადებს მამის ფსიქიკურ არამდგრადობაზე. ის გარემოება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსარჩელე გარკვეული პერიოდის მანძილზე მართლაც მოიხმარდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, მან თავად დაუდასტურა საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის სხდომაზე. კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ ამ ნივთიერებათა მოხმარების საფუძვლად დაასახელა, როგორც ფიზიკური, ისე _ სულიერი მდგომარეობა, კერძოდ, განმარტა, რომ აქვს ე.წ „გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი“, ასევე, ოჯახის დანგრევის გამო იყო განერვიულებული, რამაც განაპირობა 3-4 თვის განმავლობაში პრეპარატის მოხმარება (იხ: სხდომის ოქმი 12:40:51სთ). რაც შეეხება ქვემდგომი სასამართლოს პოზიციას, მან პირველი აპელანტის მტკიცება მოსარჩელის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებისა და არასრულწლოვანზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის თაობაზე იმ დასაბუთებით არ გაიზიარა, რომ მოპასუხე, როგორც ფაქტის მიმთითებელი მხარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებული იყო, ეს გარემოება სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დაედასტურებინა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებშიც კი, თუ ამ ფაქტის მტკიცების ვალდებულებას დავაკისრებდით მოპასუხეს, მაინც არ იარსებებდა სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნების გაზიარების წინაპირობა, რადგანაც მოპასუხეს დაუწესდებოდა მტკიცების იმგვარად მაღალი სტანდარტი, რომლის დაძლევასაც იგი ვერ შეძლებდა. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო მოიშველიებს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და 27-ე მუხლს და განმარტავს, რომ ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოადგენს კონფიდენციალურს და მისი მოპოვება მოპასუხისათვის არ არის ხელმისაწვდომი. ამ მსჯელობის პარალელურად, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საოჯახო დავათა განხილვისას კანონმდებლის მიერ დაშვებულ ინკვიზიციას (იხ. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.3. პუნქტი) და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან ამ წესის უგულებელყოფა არ გამომდინარეობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენის მიზნებიდან. მხედველობაშია მისაღები გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარისხის შეფასებისათვის ევროსასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომელიც მოითხოვს იმის დადგენას, ჰქონდა თუ არა შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებას საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი (რაც მოიცავს, მოწმეთა ჩვენებებს, კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოთა დასკვნებს, ფსიქოლოგისა და სხვა ექსპერტის შეფასებებს და სამედიცინო ცნობებს); აგრეთვე, დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის ბავშვებს, მიეცათ თუ არა საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა (Havelka and Others v. the Czech Republic, საჩ. ნომ. 23499/06, § 62, 2007 წლის 21 ივნისი; Haase v. Germany, საჩ. ნომ. 11057/02, § 97, ECHR 2004-III (extracts)).
1.6. გარდა ზემოხსენებულისა, პალატა ასევე ეთანხმება კასატორის მოსაზრებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების თაობაზე. მხარეთა შორის სადავო არაა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის ოჯახის წევრთა დაძაბული დამოკიდებულება, სასამართლოს კი, სათანადოდ არ დაუსაბუთებია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოცემული სახით ძალაში შესვლის შემთხვევაში, როგორ და რა ვითარებაში უნდა განხორციელდეს მამა-შვილის შეხვედრა იმგვარად, რომ ამან არ მიიღოს კონფლიქტური სახე და უარყოფითად არ იმოქმედოს არასრულწლოვანზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათი (სსსკ-ის 266-ე მუხლი) ვლინდება არა მხოლოდ სასამართლო პროცედურების დასრულებაში, არამედ, მიღებული გადაწყვეტილება დარღვეული/სადავო უფლების ეფექტიანი დაცვის საშუალებას უნდა წარმოადგენდეს, რათა გადაწყვეტილებით საბოლოოდ აღმოიფხვრას სამართლებრივი ურთიერთობის ხარვეზი და მიღებული სიკეთე ეფექტური და ხელმისაწვდომი იყოს მისი სუბიექტებისათვის. სხვაგვარად სამართალწარმოების მიზანი ვერ იქნება განხორციელებული, ხოლო დარღვეული უფლება _ აღდგენილი.
1.7. საკასაციო სასამართლო, ბუნებრივია, წინამდებარე განჩინებით არ ცდილობს რაიმე ფორმით შეზღუდოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლით აღიარებული რომელიმე მშობლის ინტერესი, უფრო მეტიც, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჯახური ცხოვრების პატივისცემის მრავლისმომცველ უფლებაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ ყოველგვარი რისკი, რომელიც არასრულწლოვნის ნორმალურ განვითარებას შეიძლება შეეხოს, უნდა იქნას გამორიცხული. ამ მხრივ სასამართლოს მხედველობაში აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა: ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც _ ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებით, მშობლებსა და ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებს შორის კავშირი, კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პარაგრაფის ფარგლებში წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას. მსგავსი ბუნებრივი ოჯახური ურთიერთობები არ წყდება იმ საფუძვლით, რომ მშობლები დაშორდნენ ან განქორწინდნენ, როდესაც ამ მიზეზით ბავშვი ან ერთ მშობელთან ცხოვრობს ან მეორესთან (Cılız v. the Netherlands). ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ოჯახური ცხოვრება სახეზე იყო იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც მშობლების განქორწინებამდე ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდნენ (inter alia, Olsson v. Sweden (no. 1), 24 March 1988, § 81, Series A no. 130). კოვნენციის მე-8 მუხლის ძირითადი მიზანია, ინდივიდების დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების თვითნებური ქმედებებისგან. ოჯახური ცხოვრების „პატივისცემის“ უფლება, აგრეთვე, მოიცავს დამატებით პოზიტიურ ვალდებულებებს, თუმცა, სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის არსებული ზღვარი ზუსტ განსაზღვრებას არ ექვემდებარება. მათ მიმართ გამოყენებადი პრინციპები იდენტურია: ორივე კონტექსტში ყურადღება უნდა გამახვილდეს სამართლიან ბალანსზე, რაც დაცული უნდა იქნას შეპირისპირებულ ინტერესებს შორის. გარდა ამისა, ორივე კონტექსტში სახელმწიფო სარგებლობს შეფასების ფართო ზღვარით (Tuquabo-Tekle and Others v. the Netherlands, 2005 წლის პირველი დეკემბერი). კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს. ამ კონტექსტში, მე-8 მუხლის არსებითი მიზანია პირის დაცვა საჯარო ხელისუფლების მხრიდან დისკრეციული ქმედებისაგან. გარდა ამისა, ოჯახური ცხოვრების ეფექტურ „პატივისცემას“ ახასიათებს პოზიტიური ხასიათის ვალდებულებები. მე-8 მუხლი მოიცავს მშობელთა უფლებას, მიიღონ ზომები, რაც საშუალებას მისცემს მათ, ხელახლა გაერთიანდნენ თავიანთ შვილებთან, და ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას, განახორციელონ შესაბამისი ქმედებები. ეს ასევე ეხება იმ შემთხვევებს, სადაც ბავშვებთან კონტაქტთან და საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული დავები წარმოიშობა მშობლებსა და/ან ბავშვების ოჯახის სხვა წევრებს შორის. თუმცა, ეროვნული ხელისუფლების ვალდებულება, განახორციელოს ღონისძიებები ოჯახის გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით, არ არის აბსოლუტური ხასიათის. მშობლის იმ ბავშვთან ხელახალი გაერთიანება, რომელიც გარკვეული პერიოდი ცხოვრობს სხვა პირებთან ერთად, შეიძლება ვერ მოხდეს დაუყოვნებლივ და ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს მოსამზადებელი ღონისძიებების გატარება. ამგვარი მომზადების ხასიათი და მასშტაბი დამოკიდებულია თითოეული შემთხვევის გარემოებებზე, თუმცა, ყველა დაინტერესებული მხარის გაგება და თანამშრომლობა ყოველთვის იქნება ამ პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი. ეროვნულმა ხელისუფლებამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს ამგვარი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ამ სფეროში ძალდატანების გამოყენების ნებისმიერი ვალდებულება უნდა შეიზღუდოს, რადგან მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები. თუკი მშობელთან კონტაქტი საფრთხეს უქმნის ამ ინტერესებს ან აბრკოლებს ამ უფლებების განხორციელებას, ეროვნული ხელისუფლება პასუხისმგებელია შექმნას სამართლიანი ბალანსი. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხ. „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“). ამ უკანასკნელ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასრულწლოვანთა მიმართ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია მათი მამისათვის გადაცემა იმ პირობებში, როდესაც დედის გარდაცვალების შემდეგ არასრულწლოვნები ცხოვრობდნენ დეიდასთან და მათ, მტრული დამოკიდებულების გამო, არ ჰქონდათ სურვილი მამასთან საცხოვრებლად გადასვლის, რომელმაც მოიხადა სასჯელი (პირობითი მსჯავრი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა), ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისაგან თავის დასაღწევად ჩართული იყო ე.წ „მეტადონის პროგრამაში“, ასევე აღარ აღენიშნებოდა პიროვნული აშლილობის ნიშნები.
1.8. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის დისპოზიციაზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმადაც, ბავშვის აღზრდის საკითხზე მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლის საკანონმდებლო აღიარების სწორი აღქმა ამ ორგანოს მხრიდან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ მას ეკისრება ვალდებულება, აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს სასამართლოს იმის დადგენაში, თუ რა წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამ პროცესში წარმომადგენლობა პასიური ქმედებებით არ შემოიფარგლება და არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩასატარებელი სამუშაოს ფორმალურ შესრულებაზე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უნდა გააცნობიეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ დაკისრებული მოვალეობანი. მან ეფექტური გზით უნდა გაწიოს სათანადო მუშაობა დასახული მიზნის მიღწევისათვის. ამგვარად კი, ვერ იქნება განხილული წინამდებარე საქმეზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები, კერძოდ: საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვის ეტაპზე წარმოდგენილია ორი დასკვნა, რომელთაგან ერთი შეეხება დედის, ხოლო მეორე _ მამის საცხოვრებელი გარემოს შემოწმებას, დასკვნაში ასახულია მხოლოდ ფაქტობრივად არსებული სიტუაცია და გადმოცემულია უზოგადესი ხასიათის რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვნის ჰარმონიული განვითარებისათვის სასურველია მისი ორივე მშობელთან ურთიერთობა. საქმის განხილვის ხანგრძლივობის მიუხედავად, მხოლოდ საკასაციო სასამართლოს დროებითი განკარგულების საფუძველზე იქნა წარმოდგენილი დამატებითი დასკვნა, რომელიც მამა-შვილის შეხვედრის დეტალებს აღწერს, საკასაციო სასამართლოს მომდევნო სხდომაზე სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა ითხოვა დროებითი განკარგულებით დაკისრებული მოვალეობისაგან გათავისუფლება, რაც არ დაკმაყოფილდა, ხოლო მესამე სხდომაზე წარმომადგენელი საერთოდ არ გამოცხადდა, წერილობით აცნობა სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების თაობაზე, თუმცა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა (იხ. 01.03.2017წ. სხდომის ოქმი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სოციალურმა სამსახურმა, როგორც არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა არ გაატარა ეფექტური ღონისძიებები სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის ხელშესაწყობად, საქმეში არ მოიპოვება ფსიქოლოგის დასკვნა, რომელიც დინამიკაში დააკვირდებოდა მამა-შვილის ურთიერთობას და სრულყოფილ სურათს მისცემდა სასამართლოს იმისა, თუ რამდენად პოზიტიურად აისახება ბავშვის განვითარებაზე მამასთან ურთიერთობა, თავის მხრივ, ეს საკითხი არ გამხდარა ქვემდგომი სასამართლოების კვლევის საგანიც, რაც გადაწყვეტილების არასაკმარის დასაბუთებაზე მეტყველებს. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ მამა-შვილის ურთიერთობის ფსიქოლოგიურ მახასიათებლად ვერ გამოდგება და კომპეტენტური ფსიქოლოგის დასკვნას ვერ ჩაანაცვლებს ვერც მათი ერთ-ერთი შეხვედრის ამსახველი ფორმალური ხასიათის დასკვნა და ვერც ამ შეხვედრისას ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ფარული დაკვირვება ან მეორე მხარის მიერ განხორციელებული ფოტოგადაღება. საქმეზე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ამგვარი წარმომადგენლობა შეაფასა უარყოფითად, ევროსასამართლოს განმარტებით, სამსახური ფორმალურად ჩაერთო სამართალწარმოებაში მხოლოდ სააპელაციო ეტაპიდან, გამოტოვა რა – გაურკვეველი მიზეზების გამო – პირველ ინსტანციაში საქმის მთლიანი განხილვა. სააპელაციო სამართალწარმოებაში მისი ჩართვის შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტომ და მისმა შესაბამისმა რაიონულმა განყოფილებამ მიიღო „დაინტერესებული მხარის“ სტატუსი, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს რაიმე დებულებას „დაინტერესებული მხარის“ სტატუსთან და/ან მის შემდგომ საპროცესო უფლებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გაურკვეველი რჩება, თუ როგორ შეძლო სოციალური მომსახურების სააგენტომ ეფექტურად წარმოედგინა ბავშვების ინტერესები, როცა მას არ გააჩნდა ფორმალური პროცედურული როლი ამ საქმეში. ბავშვების ინტერესების წარდგენის მიზნით მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მისი შესაბამისი რაიონული განყოფილების დანიშვნა, სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1200-ის § 2–ის შესაბამისად. მაგრამ ისევ გაურკვეველი რჩება, თუ ზუსტად რას გულისხმობს წარმომადგენლობის ეს ტიპი. პრაქტიკულად, სამართალწარმოების ორ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა წარმომადგენელი ბიჭებს მხოლოდ რამდენიმეჯერ შეხვდა ერთადერთი მიზნით, მოემზადებინათ რამდენიმე ანგარიში ბიჭების საცხოვრებელ პირობებთან და მათ ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბიჭების მონიტორინგისა და მათთან სანდო ურთიერთობის დამყარების მიზნით ადგილი არ ჰქონია რეგულარულ და ხშირ კონტაქტს ბიჭებთან. ამ კონტექსტში გათვალისწინებულ უნდა იქნას ევროპული კონვენცია ბავშვთა უფლებების განხორციელების შესახებ, რომელიც არ არის რატიფიცირებული საქართველოს მიერ, მაგრამ წარმოადგენს შესაბამისი პრინციპების ინტერპრეტაციის სასარგებლო ინსტრუმენტს. ზემოთხსენებული კონვენციის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ წარმომადგენლის მოვალეობაა, იმოქმედოს სათანადო წესით ბავშვის სახელით, რაც გულისხმობს ბავშვისთვის ინფორმაციისა და განმარტებების მიწოდებას, ბავშვის შეხედულებების დადგენას და სასამართლო ხელისუფლების წინაშე მათ წარდგენას.
1.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე ობიექტურად არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
2. საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულება:
2.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის დროებითი განკარგულებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და რ.ფ-ს მიეცა შესაძლებლობა, მოცემული საქმის არსებითად გადაწყვეტამდე იქონიოს შვილთან _ 2012 წლის 24 ნოემბერს დაბადებულ ნ. ფ-სთან ურთიერთობა შემდეგი წესით:
ა) ბავშვისა და მამის შეხვედრა განხორციელდეს დედის საცხოვრებელ ადგილას _ ქ.თბილისში, ი-ა №39ა-ში;
ბ) შეხვედრის დრო განისაზღვროს ყოველი კვირის შაბათ დღეს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე;
გ) შეხვედრა განხორციელდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით;
დ) სააგენტოს წარმომადგენელმა უზრუნველყოს საკონტაქტო მონაცემების გადაცემა მხარეებისათვის;
ე) ბავშვის მამისათვის გადაცემას განახორციელებს დედა _ ნ. ე-ე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო მის დაბრუნებას დედის საცხოვრებელ ადგილას _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის წარმომადგენელი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა დროებითი განკარგულების მოქმედების პერიოდში წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა.
2.2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დროებითი ღონისძიების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კონტექსტში, დავის განხილვის პროცესში არ უნდა შეიზღუდოს მამის უფლება შვილის მიმართ, ამასთან, სახელმწიფოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობისა და დაკვირვების შედეგად წარმოდგენილი შესაბამისი დასკვნების საფუძველზე, ქვემდგომი სასამართლო შეძლებს სწორად განსაზღვროს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ე-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის დროებითი განკარგულება დარჩეს უცვლელად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური