საქმე №ას-964-929-2016 6 მარტი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს-ის“ უფლებამონაცვლე სს „ა-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ _ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, დეპარტამენტი ან ბენეფიციარი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის (უფლებამონაცვლე სს „ა-ა“, იხ. სააპელაციო სასამართლოს 10.03.2016წ. საოქმო განჩინება, შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, კომპანია ან გარანტი) მიმართ, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის _ 821 500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 2 აგვისტოს მოსარჩელესა და სს „ე-ს“ (შემდგომში - პრინციპალი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ.#102-12 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ.14-კმ.22 (ორპირი-ხრესილი) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების (CPV45233142) შესრულება. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1. პუნქტის თანახმად, ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, პრინციპალმა წარადგინა უპირობო საბანკო გარანტია. მოსარჩელე სამინისტროს 2013 წლის 22 ივლისის #3433/გ წერილით, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად დეპარტამენტში შევიდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ #0022367213 დასკვნა, რომლის თანახმადაც, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ.14-კმ.22 (ორპირი - ხრესილი) მონაკვეთზე დაგებული ა/ბეტონის ზედა და ქვედა ფენის ხარისხის პარამეტრები ვერ აკმაყოფილებდა სახელმწიფო სტანდარტებითა და ხელშეკრულების ტექნიკური პირობების ნორმატიული დოკუმენტებით ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობისათვის გათვალისწინებულ სამშენებლო ნორმებსა და წესებს, კერძოდ, „გოსტ“ 9128-97 და „სნიპ“ 3.06.03-85-ის მოთხოვნებს, ამავე ბიუროს მიერ ჩატარებული #004318313 ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა დეფექტებისა და ნაკლის აღმოსაფხვრელად ჩასატარებელი შესაბამისი ღონისძიებები, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 821 479.73 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელესა და პრინციპალს შორის 2013 წლის 10 ოქტომბერსა და 30 დეკემბერს გაფორმდა #4 და #6 დანართები (რაც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია), შესაბამისად, პრინციპალმა აიღო ვალდებულება, #004318313 დასკვნით გათვალისწინებული ყველა დეფექტისა და ნაკლის აღმოფხვრაზე, ამასტან, წარადგინა საბანკო გარანტია. პრინციპალისათვის სამუშაოების წარმოების ვადის ორჯერ გაგრძელებისა და არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მან ვერ შეძლო ე.ტ.#102-12 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში, ასევე, 2014 წლის 3 ივნისს გაფორმებული დანართი #7-ის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იგი ვალდებული იყო, წარედგინა განახლებული უპირობო საბანკო გარანტია, რაც სარჩელის სასამართლოში წარდგენის დღემდე არ შესრულებულა. ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელემ მიიღო გადაწყვეტილება, 2012 წლის 2 აგვისტოს ე.ტ.#102-12 ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, რის შესახებაც 2014 წლის 29 აგვისტოს #2-07/5767 წერილით აცნობა ბენეფიციარმა გარანტს და ითხოვა 2014 წლის 29 მაისს გაცემული #FRI/14-047677 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის _ 821 500 ლარის 10 სამუშაო დღის განმავლობაში გადახდა, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2014 წლის 12 დეკემბერს, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და გარანტს ბენეფიციარის სასარგებლოდ დაეკისრა 821 500 ლარის გადახდა;
2.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის საოქმო განჩინებით გარანტის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
3. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
5. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დადგენილ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერება. სააპელაციო პალატა, გასაჩივრებული განჩინებით დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს იმის თაობაზე, რომ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებელი არასაპატიო მიზეზით არ იქნა წარდგენილი, რის გამოც არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ხოლო საჩივარში/სააპელაციო საჩივარში მოპასუხეს არ მიუთითებია იმგვარ ფაქტებსა და გარემოებებზე, რაც მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
1.2. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების ზემოხსენებულ შეფასებებსა და დასკვნებს იმ მოტივით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელი წესები, ამ თვალსაზრისით, სასამართლოს მსჯელობა არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას და საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის, ასევე, შპს „ბ-ის“ წერილის არასწორი შეფასების გამო, მცდარად არ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის (სსსკ-ის 393.3 მუხლი).
1.3. საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე:
1.3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.
1.3.2. მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ასევე ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი:
ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;
ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ-ის 233-ე და 241-ე მუხლები).
1.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ:
1.4.1. სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი გზავნილი, სარჩელის ასლთან და თანდართულ მასალებთან ერთად გადაეცა მოსარჩელეს მოპასუხისათვის ჩაბარების მიზნით. გზავნილში შესაგებლის წარდგენის ვადა განსაზღვრულია 10 (ათი) დღით და ზედმიწევნითაა განმარტებული მისი არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის თაობაზე;
1.4.2. სასამართლოს გზავნილი და თანდართული მასალები მოპასუხის სახელით ჩაიბარა დ. კ-ემ 2014 წლის 16 ოქტომბერს, საფოსტო შეტყობინება, მიმღების ხელმოწერასთან ერთად დამოწმებულია გარანტის კანცელარიის ბეჭდით;
1.4.3. უდავოა, რომ არც გზავნილით განსაზღვრულ ვადაში და არც ვადის დარღვევით მოპასუხეს სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ინფორმირება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით იყო განხორციელებული, შესაბამისად, შესაგებლის წარუდგენლობის გამო არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობები. რაც შეეხება საკითხს, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებები ამართლებდა თუ არა სასაჩელო მოთხოვნას, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ მხრივ, ასევე არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე დაყრდნობით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 885-ე და 888-ე მუხლებით გათვალისწინებულ ფაქტებზე ბენეფიციარი მიუთითებდა სარჩელში (იხ. აღწერილობითი ნაწილის 1.2. პუნქტი), ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა სასამართლოს მხრიდან ყოველგვარი კვლევის გარეშე. აღნიშნულის საპირისპიროდ, დასაბუთებული შედავება სასამართლოსათვის კასატორს არ შემოუთავაზებია.
1.7. საკასაციო პალატა მიუბრუნდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ პროცედურებს (იხ. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.3.2. პუქნტი) და ამ თვალსაზრისით მხედველობაში იღებს კასატორის შედავებას: საკასაციო საჩივრის თანახმად, გარანტის სახელით სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამორიცხავდა მისი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვან შესრულებას _ მიღებული კორესპოდენციის დამუშავება-შესწავლას, კანცელარიის შესაბამის პროგრამაში აღრიცხვასა და უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. კასატორის განმარტებით, მართალია, კომპანიას შესაგებლის წარსადგენად 10 დღე ჰქონდა განსაზღვრული, მაგრამ სასამართლო მასალები შეერია შპს „ბ-ის“ დოკუმენტებში და ამან განაპირობა მოპასუხის მხრიდან საპროცესო მოვალეობათა დარღვევა. თავის მხრივ, კასატორი საკუთარ პოზიციას აფუძნებს სამედიცინო ცნობასა და შპს „ბ-ის“ წერილზე, რომელთაგან პირველი მტკიცებულების თანახმად, კორესპოდენციის მიმღები პირი ამ შეტყობინების ჩაბარების დღეს იმყოფებოდა კლინიკაში და დაუდგინდა დიაგნოზი _ მოსალოდნელი თვითნებური აბორტი, შესაბამისად, დაენიშნა წოლითი რეჟიმი, ხოლო, მეორე დოკუმენტი ადასტურებს კორესპოდენციის არევას სხვა დოკუმენტებთან. თავის მხრივ, კასატორი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უშუალოდ ადასტურებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.7.1. პალატა არ იზიარებს მხარის ამ მოსაზრებას და განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების გამოხატულებას და ამ გზით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მტკიცების გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ დასტურდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა, რამდენადაც მოპასუხე მხარე წარმოადგენს ორგანიზაციას _ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სტრუქტურა და შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, უფლებამოსილი პირების მეშვეობით ახორციელებს საკუთარ მოვალეობებს. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც კანცელარიის თანამშრომლის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად მხარის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას შეეხებოდა, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ორგანიზაციის საქმიანობის შიდა სტრუქტურული ხარვეზები სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საპროცესო უფლების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს და მსგავსი არგუმენტები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევა (იხ. სუსგ №ას-959-1238-09, 28 დეკემბერი, 2009 წელი). საკასაციო პალატა საკუთარ შინაგან რწმენას ამყარებს ასევე ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ და საკასაციო საჩივრით შეუდავებელ იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 12 იანვარს დ. კ-ემ ჩაიბარა სასამართლოს მიერ გაგზავნილი სხვა შეტყობინებაც და გარდა საკუთარი ხელმოწერისა, ესეც დაადასტურა კანცელარიის შტამპით, რაც უდავოდ მოწმობს იმ ფაქტს, რომ ეს უკანასკნელი სწორედ ორგანიზაციის უფლებამოსილ მოხელეს წარმოადგენდა, რომელმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ჩაიბარა კორესპოდენცია, ანუ გარანტი, როგორც მოპასუხე ჯეროვნად იყო ინფორმირებული სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის წარმოების თაობაზე და მას, დისპოზიციური ნების ფარგლბეში, სრული შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალებით.
1.7.2. დაუსაბუთებლობის გამო ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პოზიცია იმის თაობაზეც, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სუსგ-ებები: #ას-640-601-2011; #ას-1082-1032-2014), ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს არა მხოლოდ ე.წ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც არასაპატიოდ არ ახორციელებს საკუთარ საპროცესო უფლება-მოვალეობებს, არამედ _ ამავდროულად დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოხატულებაა, რამეთუ საპროცესო თავდაცვის საშუალებით სარგებლობაზე მხარის მიერ უარის კონკლუდენტურად გაცხადება სასამართლოს წარმოუშობს მოვალეობას, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას მიიღოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს სარჩელი მოპასუხის პოზიციის გაუთვალისწინებლად, ამავდროულად საკასაციო საჩივარში მოხმობილი გარემოებები, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, არ შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას დაედოს საფუძვლად.
1.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
2. სასამართლო ხარჯები:
ვინაიდან წინამდენარე განჩინებით არ დაკმაყოფილდა კასატორის მითხოვნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელწმიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 284-ე, 285-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს-ის“ უფლებამონაცვლე სს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ნ. ბაქაქური