Facebook Twitter

საქმე №ას-1213-1172-2016 10 თებერვალი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „მ-ია“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხისათვის 8 219 ლარის დაკისრების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „მ-იამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი ან მენარდე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან შემკეთი) მიმართ სამედიცინო მომსახურების ღირებულების _ 11 362 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 19 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება ლ. მ-ისათვის (შემდგომში _ პაციენტი) სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების შესაბამისად, მენარდემ სრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ხოლო შემკვეთს არ აუნაზღაურებია გაწეული მომსახურების ღირებულება _ 11 362 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი/გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება მას არ უკისრია, ის გარიგებაში მონაწილეობდა როგორც პაციენტის წარმომადგენელი. გარდა ამისა, მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, უხარისხოდ ჩატარდა მკურნალობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა პაციენტი. მოსარჩელე ახორციელებდა მომსახურების არასწორ კალკულაციას, ამასთანავე, მოპასუხის განმარტებით, სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 219 ლარის გადახდა, ხოლო 3 143 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით მენარდის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მენარდემ, მოითხოვა მისი გაუქმება და მოპასუხისათვის 8 219 ლარის დაკისრების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2012 წლის 19 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო #759/პ ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების თაობაზე. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, მენარდე ვალდებულებას იღებდა, პაციენტისათვის გაეწია სამედიცინო მომსახურება, რომელიც პასუხობდა პროფილაქტიკის, დიაგნისტოკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პალიატიურ მოქმედ სტანდარტებს, ხოლო, პაციენტი ვალდებულებას იღებდა, დროულად გადაეხადა გაწეული (კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში) სამედიცინო მომსახურების საფასური, ასევე, შეესრულებინა კომპანიის მოთხოვნები (შინაგანაწესი), რაც უზრუნველყოფდა ხარისხიან და კანონიერ სამედიცინო მომსახურებას;

1.2.2. მენარდე სარჩელით მოითხოვდა მოპასუხისათვის უშედეგო სამედიცინო მკურნალობის შემდეგ გარდაცვლილი დედის სამედიცინო მომსახურების ღირებულების _ 11 362 ლარის გადახდის დაკისრებას;

1.2.3. მენარდემ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების დადასტურების მიზნით წარადგინა 2012 წლის 31 დეკემბრის #SP-12-12-11-21 ანგარიშფაქტურა, რომელშიც მითითებული მომსახურება საპროგნოზო ხასიათის იყო და რომლის თანახმად, მენარდეს პაციენტისათვის უნდა გაეწია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 11 362 ლარს. მოპასუხე არ დაეთანხმა ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სამედიცინო მომსახურების გაწევასა და მის ოდენობას, გარდა ანგარიშ-ფაქტურის პირველ პუნქტში მითითებული მომსახურებისა (სტაციონალური მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში) და მისი ოდენობისა, რამაც 2 899.00 ლარი შეადგინა. ამასთან, შესაბამის მტკიცებულებებზე (გადახდის ქვითრებზე) მითითებით, დაადასტურა ამ ოდენობით თანხის გადახდის ფაქტი, რაც არ უარყო მოსარჩელის წარმომადგენელმაც და სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 12 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე დაადასტურა აპელანტის (მოპასუხის) მიერ ამ ოდენობით მომსახურების საფასურის გადახდა, აღნიშნული კი, იმას ადასტურებდა, რომ მენარდემ პაციენტს გაუწია სტაციონალური მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რომლის ღირებულებამ შეადგინა 2 899 ლარი და ეს თანხა მოპასუხის მხრიდან ანაზღაურებულია, რაც შეეხება (11 362-2 899) 8 463 ლარის მომსახურებას, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა ამ ოდენობით მომსახურების გაწევის ფაქტი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, თუმცა, გადაწყვეტილებაში თავად არ დაუსაბუთებია, რომელ ნორმაზე დაყრდნობით არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი;

1.4.2. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა მტკიცების ტვირთის განაწილების, ასევე, მტკიცებულებათა დასაშვებობის საპროცესო ნორმებით და სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე მითითებით განმარტა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანაზღაურების წესი, თუმცა, სასამართლოს არც კი უმსჯელია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 1.2. და 3.1. პუნქტებზე, რომლითაც დგინდება გაწეული მომსახურების გამოანგარიშების წესი იმგვარად, რომ ეს წესი გაწეული მომსახურების ოდენობის დამატებით დადასტურებას არ ითვალისწინებს.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს მხრიდან არც მატერიალური და არც საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება (სსსკ-ის 393-ე-ე-394-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე მხარეთა შეთანხმებისა, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით შედავებულია სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით მომსახურების გაწევის ფაქტი, შესაბამისად, ამ ღირებულების მომსახურების რეალურად გაწევა მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ განკუთვნადი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენის გზით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე დაყრდნობით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ მოთხოვნილი ოდენობით მომსახურების გაწევის ფაქტი ვერ დაადასტურა, არ ქარწყლდება საკასაციო საჩივარში გამოთქმული ზოგადი არგუმენტაციით.

1.5.1. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობა მართებულად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარდობის ხელშეკრულებად, სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლი და იმ პირობებში, როდესაც მენარდემ ვერ დაამტკიცა მოთხოვნილი ოდენობით სამედიციო მომსახურების გაწევის ფაქტი, სავსებით სამართლიანად არ დააკმაყოფილა მენარდის მოთხოვნა.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 22.12.2016წ. #1482404228 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 411 ლარის 70% _ 287,7 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ-იას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „მ-იას“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 22.12.2016წ. #1482404228 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 411 ლარის 70% _ 287,7 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური