საქმე №ას-906-872-2016 24 თებერვალი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს-ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მოთხოვნის რიგის განსაზღვრა სს „ს-იას“ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „დ-ის“ უფლებამონაცვლე შპს „მ-იმ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან მენარდე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-იას“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი კასატორი, მოვალე ან მზღვეველი) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის დავალიანების _ 19 530 ლარის გადახდა მოპასუხის მე-5 რიგის მოთხოვნათა შესაბამისად.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: „სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილების (შემდგომში _ #177 დადგენილება) თანახმად, მოპასუხე წარმოადგენდა მზღვეველს, ხოლო მოსარჩელე დაზღვეულ ბენეფიციარებს უწევდა მომსახურებას, რის შედეგადაც მზღვეველს წარმოეშვა დავალიანება, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მზღვეველის მიმართ გაკოტრების საქმის გახსნის შემდგომ, 2014 წლის 27 მაისს, მან მიიღო #161 განკარგულება, რომლის თანახმადაც მოვალე კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანების გასტუმრებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 11 ოქტომბრის #126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ (შემდგომში _ წესი) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გეგმავს მე-7 რიგში, რაც არასწორია, რადგანაც „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 334 მუხლის მე-9 პუნქტისა და ზემოხსენებული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე, როგორც „ყველა სხვა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე“ მოთხოვნის მქონე პირი, წარმოადგენს მე-5 რიგის კრედიტორს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, კერძოდ, მას სადავოდ არ გაუხდია სარჩელში მითითებული გარემოებები, თუმცა განმარტა, რომ მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულება არ დადებულა, არამედ, მოსარჩელე ეწეოდა ბენეფიციართა მომსახურებას, იმგვარად, რომ თავად დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე არ იყო, შესაბამისად, მისი მოთხოვნა, როგორც „ნებისმიერი სხვა მოთხოვნა“, არა მე-5, არამედ _ მე-7 რიგს განეკუთვნება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა მოვალის მიერ კრედიტორის მოთხოვნის _ 19 530 ლარის ანაზღაურება მე-5 რიგის მოთხოვნათა შესაბამისად.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში კრედიტორის მოთხოვნის რიგის განსაზღვრის კანონიერება, ამ მხრივ, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებობდა მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება და სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს წარმოეშვა ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება „მზღვეველისაგან“, რადგან ამ უკანასკნელთან მესამე პირთა სასარგებლოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მან „დამზღვევების“ მიმართ კანონით გათვალისწინებული „მზღვეველის“ ვალდებულება უკვე შეასრულა. სასამართლოს დასკვნით, მომსახურების გამწევის მოთხოვნა უთანაბრდებოდა დამზღვევის მოთხოვნის უფლებას, რის გამოც, იგი მზღვეველის გაკოტრების პროცესში მე-5 რიგით უნდა განსაზღვრულიყო.
1.2. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების ფარგლებში პრეტენზიას გამოთქვამს სასამართლოს მხრიდან კანონის დარღვევის _ სამართლის ნორმათა არასწორი გამოყენება-განმარტების თაობაზე, რის შედეგადაც კრედიტორის მოთხოვნები, რომელიც დაზღვეულ ბენეფიციართა მიმართ კასატორის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას შეეხებოდა, არასწორად განისაზღვრა მე-5 რიგის მოთხოვნად, ნაცვლად მე-7 რიგისა.
1.3. იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად დასაშვები/დასაბუთებული შედავება იქნა წარმოდგენილი კასატორის მხრიდან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.3.1. „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილების (შემდგომში _ #177 დადგენილება) შესაბამისად, მოპასუხე წარმოადგენდა მზღვეველს, ხოლო მოსარჩელე _ მიმწოდებელს;
1.3.2. მოსარჩელე მომსახურებას უწევდა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში მოპასუხის მიერ დაზღვეულ ბენეფიციარებს. 2013 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, #177 დადგენილების საფუძველზე, მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია მზღვეველის ბენეფიციარებს, სანაცვლოდ სადაზღვევო კომპანიას გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის უნდა გადაეხადა 19 530 ლარი;
1.3.3. მზღვეველის გაკოტრების მმართველმა 2014 წლის 27 მაისის #161 განკარგულებით, კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანება განსაზღვრა მეშვიდე რიგის მოთხოვნად.
1.4. კასატორი გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ ზემოხსენებულ ფაქტებს არ შედავებია, არამედ, როგორც აღინიშნა, მან სადავოდ გახადა ამ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის ძალით, წინამდებარე გადაწყვეტილებისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ.
1.5. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პოზიციას ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების, ასევე, მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების დებულებათა არასწორი განმარტების თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს იმ უდავო გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე კასატორს გაუუქმდა დაზღვევის საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი გაკოტრების საქმის წარმოება. მოსარჩელე წარმოადგენს მოპასუხის კრედიტორს, რომლის მოთხოვნაც, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებითაა დადგენილი. სწორედ ამან განაპირობა მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში კრედიტორის მოთხოვნის რიგის განსაზღვრის აუცილებლობა. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებს გვთავაზობს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონი (იხ. მუხლი 1), რომლის 334 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დროს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) პირველი რიგი – გაკოტრების მმართველის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც წარმოეშვა მზღვეველს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;
ბ) მეორე რიგი – უზრუნველყოფილი კრედიტორები, გარდა საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნისა;
გ) მესამე რიგი – კრედიტორთა მოთხოვნები, რომელთა საფუძველია სიცოცხლისა და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა. სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულებათა ოდენობა განისაზღვრება მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებისათვის – სიცოცხლის დაზღვევის რეზერვის ოდენობით;
დ) მეოთხე რიგი – კრედიტორთა მოთხოვნები, რომელთა საფუძველია უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება;
ე) მეხუთე რიგი – ყველა სხვა კრედიტორის მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს ყველა სხვა დაზღვევის ხელშეკრულებიდან;
ვ) მეექვსე რიგი – საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;
ზ) მეშვიდე რიგი – დანარჩენი მოთხოვნები მზღვეველის მიმართ და დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.
1.5.1. საკასაციო პრეტენზიების საფუძვლიანობას თუ მივუბრუნდებით (იხ. სამოტიცავიო ნაწილის 1.2. პუნქტი), უნდა აღინიშნოს, რომ გამიჯვნას ექვემდებარება მე-5 და მე-7 რიგის კრედიტორთა მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლები. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა, როგორც სიტყვასიტყვითი, ისე _ თელეოლოგიური განმარტების შედეგად, პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ კანონმდებლის ნება კრედიტორთა მოთხოვნების რიგის განსაზღვრის თაობაზე გამომდინარეობს მოთხოვნის მქონე სუბიექტთა ინტერესების მნიშვნელობიდან და პრინციპი იმგვარია, რომ ჯერ კმაყოფილდება ის მოთხოვნები, რომლებიც შედარებით უფრო არსებითია და ერთი რიგის კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდგომ, დღის წესრიგში დგება შემდგომი რიგის კრედიტორთა დავალიანების გასტუმრების საკითხი. კანონი მე-5 რიგის კრედიტორად მოიაზრებს იმ მოთხოვნის უფლების მქონე პირს, რომლის მიმართ არსებული ვალდებულება, ყველა წინა რიგის დაზღვევის ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ მე-5 რიგის კრედიტორებად გვევლინებიან პირები, რომლებიც მზღვეველთან დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმყოფებოდნენ სამართლებრივ ურთიერთობაში, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი მოთხოვნა (როგორც ვალდებულებითი, ისე _ კანონისმიერი, გარდა მე-6 რიგის მოთხოვნებისა, რომელიც მხარეთა შორის სადავო არაა), კანონით დადგენილი წესის თანახმად, ანაზღაურდება მე-7 რიგში.
1.5.2. ამდენად, საკითხი იმის თაობაზე, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე მე-5 რიგის კრედიტორს, უნდა გადაწყდეს მზღვეველთან მისი სამართლებრივი კავშირის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მზღვეველსა და მოსარჩელეს შორის ურთიერთობა სრულად ექცევა საქართველოს მთავრობის #177 დადგენილებით განსაზღვრულ ურთიერთობაში, კერძოდ, ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე წარმოადგენდა „მიმწოდებელს“ და სამედიცინო მომსახურებას უწევდა მზღვეველის ბენეფიციარებს, რომლის ღირებულებასაც ანაზღაურებდა მზღვეველი. #177 დადგენილების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მზღვეველი“ არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას და სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ მოსახლეობას უწევს მომსახურებას. მხარეთა შორის უშუალოდ დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტზე არც მოსარჩელეს მიუთითებია და არც ქვემდგომ სასამართლოებს დაუდგენიათ იგი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, #177 დადგენილებით განსაზღვრული „მიმწოდებლისა“ და მზღვეველის სამართლებრივი კავშირი მომსახურების ტიპის სახელშეკრულებო ურთიერთობის ელემენტებზე მიანიშნებს და ყველაზე ახლოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარდობის ურთიერთობასთან დგას, რომლის ფარგლებშიც, სამედიცინო დაწესებულება (#177 დადგენილების მიზნებისთვის _ „მიმწოდებელი“) გვევლინება მენარდედ, ხოლო მზღვეველი _ შემკვეთად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ანაზღაურების სანაცვლოდ სამუშაოს შესრულება (სამედიცინო მომსახურების გაწევა). რაც შეეხება უშუალოდ დაზღვევის სამართლებრივ ურთიერთობას, მას სამოქალაქო კოდექსის 799-ე და შემდგომი ნორმები არეგულირებს და ურთიერთობის ელემენტებიც განსხვავებულია: ხელშეკრულების სუბიექტებს წარმოადგენენ მზღვეველი, დამზღვევი და/ან დაზღვეული (იხ. ასევე, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტები და 8.1; 9.1; 10.1 მუხლები). ურთიერთობის საგანი სადაზღვევო რისკით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაა დამზღვევის და/ან დაზღვეულის (ეს უკანასკნელი სუბიექტი შეიძლება იყოს როგორც ერთი და იგივე, ისე _ სხვა პირი და ამ უკანასკნელი შემთხვევიდან გამომდინარე მოთხოვნას არეგულირებს სკ-ის 349-ე მუხლი) მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ. ის საკითხი, თუ რა გზით ასრულებს მზღვეველი საკუთარ ვალდებულებას დამზღვევის/დაზღვეული წინაშე, სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებს სცდება და დამოკიდებულია მზღვეველსა და მესამე პირს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის კონტექსტში ჯამრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების განხილვის შემთხვევაში, შესაძლოა ვიმსჯელოთ დამზღვევის ინტერესზე, რომელიც მიმართულია სამედიცინო მომსახურებისკენ, თუმცა, ამ ურთიერთობის ფარგლებში სამართალსუბიექტებს კვლავ მზღვეველი და დამზღვევი წარმოადგენენ.
1.6. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორი შეფასება მისცეს მენარდესა და მზღვეველს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 334 მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული „წესის“ მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც დღეისათვის ძალადაკარგულია) ფარგლებში არასწორად განსაზღვრეს კრედიტორის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რის თოაბაზეც კასატორმა დასაბუთებული შედავება წარმოადგინა.
1.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც მტკიცებულებათა შეფასება, ასევე, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამატებით დადგენა თუ საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების სხვა წინაპირობები არ იკვეთება, პალატა მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მხარეები არ იმყოფებოდნენ დაზღვევის სამართლებრივ ურთიერთობაში, არამედ, მოსარჩელე, როგორც მენარდე, #177 დადგენილების ფარგლებში მომსახურებას უწევდა მზღვევლის, როგორც შემკვეთის ბენეფიციარებს, მისი მოთხოვნა მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 334 მუხლის მე-9 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მე-7 რიგის მოთხოვნად უნდა იქნას მიჩნეული, რამდენადაც იგი, როგორც ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან ნაწარმოები, მიეკუთვნება კანონით განსაზღვრულ „დანარჩენ მოთხოვნებს მზღვეველის მიმართ“.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
2.1. საკასაციო საჩივარს მზღვეველმა დაურთო სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ სარეკომენდაციო წერილი კრედიტორთა რიგის განსაზღვრის თაობაზე.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულების (რომელიც სსსკ-ის 134-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულებაა) გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორს უნდა დაუბრუნდეს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წერილი 2 (ორი) ფურცლად.
3. სასამართლო ხარჯები:
3.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
3.3. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრების გამო გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 450 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 104-ე, 407-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს-იას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „მ-ის“ სარჩელი სს „ს-იას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მოთხოვნის რიგის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. სს „ს-იას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 25.05.2016წ. #275 წერილი 2 (ორი) ფურცლად (ს.ფ. 211-212).
5. შპს „მ-ს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრების გამო გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 450 ლარის გადახდა.
6. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური