Facebook Twitter

საქმე №ას-376-360-2016 17 თებერვალი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს „ს-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ე-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ე-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან შემძენი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან გამყიდველი) მიმართ მოპასუხისათვის 152 531,43 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 101 867,6 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 26 მარტს მოპასუხის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელემ და გაიმარჯვა ცხრა ლოტში. აუქციონის პირობები მითითებული იყო ვებგვერდზე განთავსებულ ხელშეკრულებაში, რომლის მე-4 მუხლის მიხედვით (მონაწილე ვალდებული იყო, თითოეულ ლოტზე ბეს სახით გადაეხადა საგარანტიო თანხა), შემძენმა საერთო ჯამში ბეს სახით გადაიხადა 152 531,43 ლარი. ვებგვერდზე განთავსებული ხელშეკრულებით მხარეებს შორის ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თარიღად განსაზღვრული იყო 2015 წლის 20 მაისი, თუმცა გამყიდველმა უარი განაცხადა ხელშეკრულების დადებაზე და მყიდველს დაუბრუნა არა მის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობა, არამედ _ 152 531,43 ლარი. შემძენის განმარტებით, ხელშეკრულების საგანზე საკუთრების უფლების მოპოვების შემთხვევაში, იგი კვლავ შეძლებდა ნივთის რეალიზაციას და მიიღებდა შემოსავალს, სულ მცირე 101 867,6 ლარს, შესაბამისად, გამყიდველის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მას მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.

2. მოპასუხის პოზიცია:

სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხემ სამართლებრივი შესაგებელი წარადგინა, კერძოდ, მას სადავოდ არ გაუხდია 2015 წლის 26 მარტს ელექტრონული აუქციონის გამოცხადებისა და მასში საერთო ჯამში ცხრა ლოტზე გამარჯვებულად მოსარჩელის გამოცხადების ფაქტი, რომელმაც, თავის მხრივ, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადაიხადა 152 531,43 ლარი. გამყიდველის განმარტებით, ხელშეკრულების დადებაზე უარი განპირობებული იყო ორმხრივი ინტერესით, ვინაიდან საჯარო აქუციონზე გატანილი ნივთების თვისებები იყო არაზუსტი. შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა შემძენის მიერ ბეს გადახდის ფაქტს, რადგანაც ელექტრონულ საჯარო ხელშეკრულებაში ბე ნახსენებია საბანკო გარანტიასთან ერთად, შესაბამისად, ისინი განიხილება როგორც ალტერნატიული ვარიანტები. ხელშეკრულებაში მითითებული ბე და საბანკო გარანტია წარმოადგენენ არა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს, არამედ, აუქციონში მონაწილეობის პირობაა, რომლის გარეშე ქონების შეძენის მსურველი არ დაიშვება ვაჭრობაში. მითითებულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნებით, მოპასუხემ შეასრულა ვალდებულება. რაც შეეხება სარჩელით მოთხოვნილ მიუღებელ შემოსავალს, შესაგებლის თანახმად, შემძენს არ წარუდგენია ზიანის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გამყიდველს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 152 531,43 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირის მიერ ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად გადახდილი თანხის ბედ კვალიფიკაციისა და შესაბამისად, ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის (ბეს მიმღებისათვის) მისი ორმაგად დაბრუნების დავალდებულების კანონიერება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული ხელშეკრულების თანახმად, აუქციონში მონაწილე პირის მიერ გადახდილი თანხა წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებას, რომლითაც წინარე ხელშეკრულების დადება დადასტურდა, ხოლო ბეს მიმღების მხრიდან ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულების დარღვევის გამო, არსებობდა მისთვის ბეს ორმაგად დაკისრების წინაპირობა. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და პრეტენზიას აცხადებს სასამართლოს მხრიდან მატერიალური სამართლის ნორმათა დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).

1.2. საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. 2015 წლის 26 მარტს მოპასუხემ გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი და გასაყიდად გაიტანა გამოუსადეგარი სამგზავრო ვაგონები, ელმატარებლის ვაგონები და ელმავლები. გამყიდველის მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ იქნა საჯარო ხელშეკრულება, რომელშიც აისახა ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი და პირობები, მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი (შემდგომში _ საჯარო ხელშეკრულება);

1.2.2. საჯარო ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებს წარმოადგენდნენ მოპასუხე და ნებისმიერი პირი, რომელიც დაეთანხმებოდა ვებგვერდზე საწარმოს მიერ გამოქვეყნებულ ხელშეკრულებას. ამასთან, მონაწილეობის სურვილი და ხელშეკრულების პირობების მოწონება დასტურდებოდა ვებგვერდზე განთავსებული რეგისტრაციის ღილაკზე ხელის დაჭერით;

1.2.3. რეგისტრაციის (ავტორიზაციის) შემდგომ, მონაწილეს ეძლეოდა შესაძლებლობა, ინტერნეტაუქციონის გზით შეეძინა, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიეღო საწარმოს ქონება კონკრეტული ლოტის შესაბამისად. სავალდებულო პირობად განისაზღვრა საწარმოს მიერ დადგენილი საგარანტიო თანხის გადახდა, რომლის წარმოდგენაც შესაძლებელი იყო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან/და ბეს გადახდის გზით;

1.2.4. მომხმარებელს, რომელსაც სურდა მონაწილეობა მიეღო ინტერნეტაუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარედგინა ან/და ბე უნდა გადაეხადა თითოეულ ლოტზე. ინტერნეტაუქციონის დასრულების შემდეგ დამარცხებულს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე დაუბრუნდებოდა ინტერნეტაუქციონის დასრულებიდან არა უგვიანეს 7 კალენდარულ დღეში;

1.2.5. ხელშეკრულების 4.13. მუხლის თანახმად, თუ ინტერნეტაუქციონი არ შედგებოდა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირი არ მიიღებდა მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, მის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ჩაირიცხებოდა საწარმოს ანგარიშზე, ხოლო, 4.14. მუხლის მიხედვით, ინტერნეტაუქციონის შედეგები უქმდებოდა და გამარჯვებული მონაწილის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხებოდა საწარმოს ანგარიშზე თუ:

ა) ინტერნეტაუქციონში მონაწილე გამარჯვებული ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარს განაცხადებდა;

ბ) საწარმოს მიერ განსაზღვრულ ვადაში იგი სრულად არ გადაიხდიდა საფასურს;

გ) დაარღვევდა ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

1.2.6. მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დადებულიყო ინტერნეტაუქციონის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში;

1.2.7. მოპასუხემ მონაწილეობა მიიღო გამყიდველის მიერ 2015 წლის 26 მარტს გამოცხადებულ ინტერნეტაუქციონში და გამარჯვებულად გამოცხადდა ცხრა ლოტზე. აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით კი, საჯარო ხელშეკრულების პირობების მიხედვით, საერთო ჯამში გადაიხადა 152 531,43 ლარი;

1.2.8. იმ საფუძვლით, რომ აუქციონში გაყიდული ქონების (ელმატარებლის ვაგონები და ელმავლები) ტექნიკური მდგომარეობის აღწერის აქტებში წონის განსაზღვრისას დაშვებულ იქნა ხარვეზები, რაც ზეგავლენას ახდენდა ნასყიდობის საგნის თვითღირებულებაზე, გამყიდველმა უარი განაცხადა ხელშეკრულების დადებაზე, ამასთან, მყიდველს დაუბრუნა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი 152 531,43 ლარი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.4. საკასაციო საჩივრით შეუდავებელი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უპირველესად, უნდა გაირკვეს ინტერნეტაუქციონში მონაწილეობით რა უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ მხარეებს, რისი წინაპირობაც მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლის ნორმების მოძიებაა, რამდენადაც საკითხის სწორი გადაჭრა ხელს შეუწყობს მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის სამართლებრივი დატვირთვისა და სარჩელის საფუძვლიანობის განსაზღვრას.

1.4.1. ერთადერთი ნორმატიული აქტი, რომელიც ინტერნეტაუქციონს შეეხება, „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის #141 დადგენილებაა, თუმცა ამ დადგენილებით მოწესრიგებულია არა ინტერნეტაუქციონის გზით დადებული გარიგების სამართლებრივი შედეგები, არამედ, ინტერნეტაუქციონის წარმოების წესი და პირობები. იმ ვითარებაში კი, როდესაც არც სამოქალაქო კოდექსი და არც სხვა სპეციალური ნორმატიული აქტი საკითხის პირდაპირ რეგულირებას არ ადგენს, დღის წესრიგში დგება სასამართლოს მხრიდან კანონის განმარტების აუცილებლობა, რაც კანონის ბუნდოვანი ტექსტის დაზუსტებას და ნორმის მნიშვნელობის დადგენას გულისხმობს, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, განმარტოს კანონი მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არსებობს და საკანონმდებლო დანაწესებით პრობლემის ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტა ვერ ხდება. კანონის ინტერპრეტაციის არსი, კანონის ტექსტის საფუძველზე მისი აზრისა და მიზნის დადგენაა, რაც სამართლის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. კანონის ინტერპრეტაციის აუცილებლობას კანონში არსებული ხარვეზი განაპირობებს. ასეთი ვითარება მაშინაა, როდესაც კანონი პირდაპირ არ იძლევა პასუხს ამა თუ იმ საკითხზე და სასამართლო კანონის ტექსტისა და სამართლის ძირითადი პრინციპების შეჯერებით ადგენს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დადგენაც კანონმდებელს სურდა. ამასთან, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნის მიღწევა. იმპერატიული ნორმები ასახავენ კანონმდებლის მიდგომას კონკრეტული ქცევის მიზანსა და მიზანშეწონილობაზე. მართლმსაჯულება კანონმდებლის განზრახვას ვერ გასცდება მაშინაც კი, როდესაც კანონმდებლის მიერ სამართლის ნორმის შინაარსის დაკონკრეტებისა და ლეგიტიმური ცვლილებებისათვის კანონში ღია სივრცეა დატოვებული. იმპერატიული ნორმების დადგენის შემთხვევაში, კანონმდებელი ქცევის მხოლოდ ამ სახით განხორციელების სავალდებულოობას ადგენს და მათ არსებობას, როგორც წესი, სხვა ზოგადსამართლებრივ პრინციპებთან ერთად საფუძვლად უდევს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და კერძო სფეროში ნდობის დაცვის პრინციპი (იხ. სუსგ №ას-221-213-2012, 24 ივლისი, 2012 წელი).

1.4.2. მხარეთა შორის უდავოა, რომ მათი ნება ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ ძირითად ნორმას სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნასყიდობა ორმხრივი გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე _ მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე _ ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით, ხოლო, მყიდველი მოვალეა გადაიხადოს საფასური. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებებს, როგორიცაა: ნასყიდობა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა, სესხი, გაცვლა. ეს ხელშეკრულებები განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად მხარისათვის (შემძენისათვის) საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს. განკარგვითი ხელშეკრულებები თავის თავში მოიცავს, როგორც აბსოლუტურ (სანივთო) ისე _ ფარდობით (ვალდებულებით) ელემენტებს, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის დანაწესი საკითხის ამომწურავი მოწესრიგებით არ შემოიფარგლება და ურთიერთობის რეგულაციისათვის მხედველობაშია მისაღები, როგორც ვალდებულებითი, ისე _ სანივთო სამართლისათვის დამახასიათებელი დანაწესები.

1.4.3. ინტერნეტაუქციონის მეშვეობით ქონების გასხვისების თაობაზე გამყიდველის ქცევის სამართლებრივი შეფასების შედეგად საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ ეს ქმედება წარმოადგენდა მოწვევას ოფერტზე (სკ-ის 329.2 მუხლი). ამ მხრივ სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილი საჯარო ხელშეკრულების შესავალ ნაწილს, სადაც ოფერენტი ხელშეკრულების არსებით პირობებზე იწვევს ნებისმიერ პირს, რომელიც დაეთანხმება ვებგვერდზე, www.eauction.ge-ზე საწარმოს მიერ გამოქვეყნებულ ხელშეკრულებას. ოფერენტი საჯარო ხელშეკრულების შემდეგი დებულებით აზუსტებს პირთა წრეს, რომელთა მიმართაც ახორციელებს შეთავაზებას _ ესენი არიან პირები, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას და გახდებიან ავტორიზებული მომხმარებლები (იხ. ხელშეკრულების მე-2 მუხლი _ რეგისტრაციის პირობები, ასევე, მე-3 მუხლი _ ავტორიზაცია), რაც თავის მხრივ, ადასტურებს აქცეპტანტის მიერ საჯარო ხელშეკრულების გაცნობის ფაქტს (ვებგვერდზე განთავსებული რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერით დაეთანხმებიან ხელშეკრულების პირობებს). თავის მხრივ, უდავოა ისიც, რომ საჯარო ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას ხელშეკრულების არსებით პირობებზე: ნასყიდობის საგანი; საწყისი ფასი, ასევე, შეძენილზე უფლების გადაცემის დრო _ სასყიდლის გადახდა და ხელშეკრულების გაფორმება.

1.4.4. სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ოფერტისა და აქცეპტის მეშვეობით გარიგების დადების ფაქტი დგინდება ნების გამომვლენისა და ამ ნების ადრესატის/ადრესატების ქმედების განმარტების ობიექტური შესაძლებლობით, კერძოდ, შეთავაზების ნამდვილობა განისაზღვრება მისი შინაარსით, ოფერტში უნდა იყოს იურიდიული ბოჭვისკენ მიმართული ოფერენტის ნება, რომლის გამოთქმული პირობით აქცეპტირების შემთხვევაში წარმოიშობა ვალდებულება. სწორედ იურიდიულად განსაზღვრული, კონკრეტული პირის/პირთა ჯგუფის მიმართ გამოვლენილი ოფერენტის თვითმბოჭავი ნება განასხვავებს ოფერტს (სკ-ის 329.1 მუხლი) ოფერტზე მოწვევისაგან (სკ-ის 329.2 მუხლი). ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ინტერნეტაუქციონის შემთხვევაში, გამყიდველის მიერ საქონლის სარეალიზაციოდ გამოყენებული ვებსაიტის აქტივაცია, განიხილება ნამდვილი ნების გამოვლენად და არა მოწვევად ოფერტზე. თავის მხრივ, ოფერტის იურიდიულ ბუნებას არ ეწინააღმდეგება სპეციალური დათქმები, როგორიცაა, მაგალითად: ფასები საბოლოო არ არის, მიწოდება ექვემდებარება დამატებით შეთანხმებას და ა.შ. ამდენად, კასატორის პოზიცია, რომ საჯარო ხელშეკრულება წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე, რაც ასევე დასტურდება ხელშეკრულების 6.1. მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოფერენტის უფლება, შეცვალოს ინტერნეტაუქციონის წესი და პირობები, ასევე, შეწყვიტოს იგი ტექნიკური თუ სხვა პრობლემის გამო), არასწორია, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 329-ე და 330-ე მუხლების კონტექსტში, ოფერტი ხელშეკრულებად განიხილება აქცეპტირების ეტაპიდან, წინადადების დადასტურებამდე ოფერენტს ნებისმიერ დროს შეუძლია გამორიცხოს სახელშეკრულებო თვითბოჭვა.

1.4.5. განსახილველ საკითხს თუ მივუბრუნდებით, უნდა აღინიშნოს,რომ გამყიდველის საჯარო ხელშეკრულება წარმოადგენს სწორედ ოფერტს _ მოპასუხის მზაობას, შეთავაზებაში გამოთქმული პირობით შევიდეს ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობაში აუქციონში გამარჯვებულ პირთან, თუმცა, უნდა შეფასდეს თვითონ საჯარო ხელშეკრულება რა სამართლებრივი დატვირთვის მატარებელია. ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ ეს ხელშეკრულება არასწორად მიიჩნია წინარე ხელშეკრულებად, რომელთან მიმართებაშიც, იურიდიულად არათავსებადია ბეზე შეთანხმების დაშვება, რამეთუ წინარე ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წარმოშობს ძირითადი ხელშეკრულების დადების და არა ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვალდებულებას, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის შესაბამისად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლომ საჯარო ხელშეკრულების წინარედ მიჩნევას საფუძვლად დაუდო თავად ამ ხელშეკრულების 5.2. მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, აუქციონის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში გამყიდველსა და მყიდველს შორის ფორმდებოდა ხელშეკრულება ვებგვერდზე გამოქვეყნებული შესაბამისი ლოტის საინფორმაციო ველში მითითებული პირობებით, რაც შემძენს საფასურის სრულად გადახდის ვალდებულებას წარმოუშობდა და სწორედ საფასურის სრულად გადახდას უკავშირებდა გამყიდველი ხელშეკრულების საგანზე მყიდველის საკუთრების უფლების წარმოშობას. საკასაციო პალატა კვლავ მიუბრუნდება ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.4.1. პუნქტში განვითარებულ მსჯელობას „განკარგვითი ხელშეკრულებების“ სანივთო და ვალდებულებითი ბუნების თაობაზე და განმარტავს, რომ მოძრავი ნივთების მიმართ საკუთრების უფლების წარმომშობის თვალსაზრისით კანონი რაიმე სპეციალურ წესს არ ითვალისწინებს, იგი ფორმათავისუფალ გარიგებას წარმოადგენს და კლასიკურ შემთხვევაში, ნივთის შემძენის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემით, ან მისთვის მესამე პირისაგან გამოთხოვის უფლების მინიჭებაში ვლინდება (სკ-ის 186-ე მუხლი), ამ ზოგადი წესისაგან გამონაკლისს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 188-ე (1) მუხლით რეგულირებული პირობადებული საკუთრების ინსტიტუტი, რომელიც გამყიდველის უფლებადამზღვევი ნორმაა და ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ. მოხმობილი ნორმის აღწერილობითი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს გადადების სუსპენზიური პირობა _ სამართლებრივი შედეგის დადგომა უკავშირდება სამომავლო მოვლენას _ ფასის სრულად გადახდას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირობადებული საკუთრების ვალდებულებით-სამართლებრივ მხარეს წარმოადგენს ოფერენტის მიერ პირობის ცალმხრივად დათქმა, რომელსაც ეთანხმება აქცეპტანტი და შესაბამისი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, შემძენს საკუთრების უფლების გადაცემამდე (ფასის სრულად გადახდამდე) შენარჩუნებული აქვს მფლობელის ობლიგატორული უფლებები, ხოლო გამყიდველს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, შეუძლია გავიდეს ხელშეკრულებიდან. რაც შეეხება ამ ტიპის ხელშეკრულების სანივთო-სამართლებრივ ხასიათს, იგი ძირითადად მესაკუთრის უფლებრივი კავშირია ნივთთან, კერძოდ, პირობის დადგომამდე გამყიდველი საკუთრებას არ კარგავს ქონებაზე, ნივთის შემძენის მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში კი, ხელშეკრულების შეწყვეტისას ინარჩუნებს ვინდიკაციური სარჩელის უფლებას და სხვა.

1.4.6. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საჯარო ხელშეკრულება წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან ოფერტის გაკეთებას ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე რეგისტრირებული/ავტორიზებული მომხმარებლებისათვის და ამ ურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება იდებოდა იმ მომხმარებელთან, რომელიც აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდებოდა, ანუ უმაღლესი ფასის წარდგენით ახორციელებდა გამსხვისებლის შეთავაზების აქცეპტირებას გადადების პირობით ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების წარმოშობის თაობაზე, თავის მხრივ, გადადების პირობა ითვალისწინებდა ფასის გადახდის ვადას, რაც წერილობით უნდა გაფორმებულიყო და აქცეპტანტს ამ მომენტიდან წარმოეშობოდა ქონებაზე საკუთრების უფლება.

1.5. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ საჯარო ხელშეკრულების ის დებულებები, რომლებიც საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულებას ადგენენ (4.2.; 4.11.; 4.12. პუნქტები), ერთად მოიხსენიებიან აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელ ბედ და საბანკო გარანტიად, რაც, სამართლებრივად გადახდილი თანხის არა ბედ, არამედ, აუქციონში მონაწილების მიღების უფლების მოსაპოვებელ საგარანტიო თანხად მიიჩნევა. პალატის მოსაზრებით, პირობადებული საკუთრების შემთხვევაში (განსხვავებით წინარე ხელშეკრულებისაგან), როდესაც სახეზეა ნამდვილი სახელშეკრულებო ურთიერთობა, სავსებით დასაშვებია გამოყენებულ იქნას მხარეთა მიერ მოთხოვნის უზრუნველყოფის, როგორც სანივთო, ისე _ ვალდებულებითი საშუალება. ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებათაგან ერთ-ერთს კი, წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლით გათვალისწინებული ბე, რომელსაც ორმაგი ბუნება აქვს: ერთი მხრივ, ადასტურებს ხელშეკრულების დადებას, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნას.

1.6. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს ბეს სამართლებრივი ბუნების თაობაზე და წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.4.-1.2.5. პუნქტების გათვალისწინებით, თვლის, რომ აუქციონში მონაწილე პირის მხრიდან ვებგვერდზე ავტორიზაციით/რეგისტრაციით, ბეს გადახდით, აუქციონში მონაწილეობითა და ცხრა ლოტზე უმაღლესი ფასის შეთავაზებით მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც გამყიდველის ბრალით იქნა დარღვეული (ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი ეს გარემოება საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის), ეს გარემოება კი, გამყიდველს, როგორც ბეს მიმღებს წარმოუშობს მის ორმაგად დაბრუნების ვალდებულებას, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს გამყიდველის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი ბეს სრულად დაბრუნების ფაქტი, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხისათვის დამატებით 152 531,43 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი მართებულად იქნა მიჩნეული საფუძვლიანად. რაც შეეხება ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) ანაზღაურების მოთხოვნას, ამ ნაწილში საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, რის თაობაზეც მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (სსსკ-ის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი) და იგი საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს აღარ წარმოადგენს.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს ბეს მიმღების მიერ მისი ორმაგად დაბრუნების ვალდებულების თაობაზე და თვლის, რომ კასატორს არ მიუთითებია იმგვარ ფაქტებსა და გარემოებებზე, რაც ამ განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან წინამდებარე განჩინებით არ დაკმაყოფილდა კასატორის მოთხოვნა, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური