საქმე №ას-1207-1167-2016 10 თებერვალი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ სს „ს-ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. ბ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ისა“ (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხე) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ მოპასუხეებისათვის 50 240 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა ქ.თბილისში, ს-ის ქ#84-ში (ყოფილი ს-ის ქუჩა) მდებარე ამიერკავკასიის რკინიგზის საუწყებო სახლში. 1991 წლის 30 აპრილიდან თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ცნობილ იქნა მითითებულ მისამართზე მდებარე ოროთახიან ბინაზე უფლებამოპოვებულად. საგარანტიო წერილით თავდაპირველმა თანამოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რომ აღნიშნულ მისამართზე ახლადაშენებულ მრავალბინიან სახლში მოსარჩელეს გადასცემდა ოთახნახევრიან ბინას #2 ბლოკის #1 ლ-ში, პირველ სართულზე, პირველ სადარბაზოში. მშენებლობის დაწყების შემდეგ აშენდა მხოლოდ ორი სართული, რის გამოც 2012 წლის სექტემბერში მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა თანამოპასუხეს და მოითხოვა კომპენსაცია გადასაცემი ოთახნახევრიანი ბინის სანაცვლოდ, რაზეც ადრესატმა უარი განაცხადა და მოსარჩელეს არ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის არ წარმოადგენდა უფლებამოსილს არც ბინის და არც თანხის ანაზღაურებაზე. 2013 წლის 6 მაისს მოსარჩელის სხვა წარმომადგენელმა, კვლავ მიმართა თანამოპასუხეს და მოითხოვა სრული ინფორმაცია მშენებლობაზე, რის პასუხადაც, 2013 წლის 26 ივნისის წერილით ეცნობა, რომ დირექტორთა საბჭოს 2007 წლის 29 ივნისის #4/20 დადგენილებითა და სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 18 აგვისტოს #1-3/572 გადაწყვეტილებით, ე-სა და ს-ის (იგივე ს-ის) ქუჩაზე მდებარე მშენებარე სახლი ამოღებულ იქნა ადრესატის საწესდებო კაპიტალიდან და გადაეცა სახელმწიფოს. მშენებლობაზე ვალდებული პირების თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით, მოსარჩელემ მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს, ასევე, გამოითხოვა ზემოთ მითითებული ორივე აქტი. სახელმწიფო ქონების სააგენტოს 2013 წლის 7 აგვისტოს #5/23080 წერილით მათ გადასცეს სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 16 აგვისტოს #-3/572 ბრძანება რომლის მე-5 პუნქტით განხორციელდა ს-ის ქუჩაზე მდებარე, დაუმთავრებელი მშენებარე მრავალბინიანი სახლის თანამოპასუხის კაპიტალიდან ამოღება. რაც შეეხება შეკითხვას, თუ ვის ვალდებულებას წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მშენებარე სახლზე არსებული ვალდებულების შესრულება და ხომ არ გადაეცა ეს ვალდებულება სხვა პირებს, მოსარჩელეს არ ეცნობა. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა. აუდიტორული დასკვნის თანახმად, მოსარჩელისათვის გადასაცემი ბინის საბაზრო ფასი 41 250 აშშ დოლარს შეადგენს. სხვა დოკუმენტების მოძიების დროს 2013 წლის ივლისში ს-ის ქ#84-ში დაანგრიეს აშენებული 2 სართულიც. მოსარჩელის განმარტებით, მშენებლობა აღარ გაგრძელდება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. თავდაპირველმა თანამოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1994 წლის 27 აპრილს გასცა საგარანტიო წერილი მოსარჩელის მიმართ ახალ აშენებულ სახლში ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით, ამასთან, საგარანტიო წერილის საფუძველზე მოსარჩელეს დაეკისრა საუწყებო საცხოვრებელი ბინის გამოთავისუფლება, რაც შეეხება საგარანტიო წერილებით სხვა პირებისათვის თანხების გადახდას, კომპენსირებული იყვნენ მხოლოდ ის პირები, ვისი ბინებიც დაინგრა. მოსარჩელის წერილებით მიმართვას მოპასუხემ არაერთხელ უპასუხა, გარკვეული არ იყო, როდის უნდა შესრულებულიყო ეს ვალდებულება, ვინაიდან ვალდებულების შესრულების დრო საგარანტო წერილში მითითებული არ ყოფილა და ვალდებულების შესრულება დამოკიდებული იყო სამომავლო პირობის დადგომაზე _ საუწყებო სახლის აშენებაზე, რომლის დამთავრების შემთხვევაში წარმოეშობოდა მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება საგარანტო წერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. წერილში ნათლად იყო აღნიშნული ისიც, რომ მოსარჩელის სახლის ადგილას აშენდებოდა საუწყებო სახლი, რის საფუძველზეც მას სარგებლობის უფლებით გამოეყოფოდა საცხოვრებელი ფართი. საწარმოს დირექტორთა საბჭოს 2007 წლის 29 ივნისის #4/20 დადგენილებისა და სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 16 აგვისტოს #1-3/572 ბრძანების შესაბამისად, სადავო დაუმთავრებელი მშენებლობა ამოღებულ იქნა საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან და მასთან დაკავშირებული საგარანტიო წერილობით ნაკისრ ვალდებულებებთან ერთად იგი გადაეცა სახელმწიფოს. მოპასუხე საწარმო სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2012 წლის 12 აპრილის ბრძანებით გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, რომლის საწესდებო კაპიტალიდან სადავო ფართი ამოღებულია.
2.2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნას. სააგენტოს მიმართვის საფუძველზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული #00487814 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2014 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით ქ.თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ს-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, თეთრ კარკასულ მდგომრეობაში მყოფი ბინების 1 კვ-მეტრის საბაზრო ღირებულება საორინეტაციოდ შეადგენს 660 აშშ დოლარს. სარჩელითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიენიჭა ქ.თბილისში, ს-ის ქ#84-ში მდებარე ოროთახიან ბინაზე უფლება და თავდაპირველმა თანამოპასუხემ იკისრა ვალდებულება, გამოთავისუფლებული ბინის სანაცვლოდ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე იმავე მისამართზე ახლადაშენებულ მრავალბინიან სახლში ოთახნახევრიანი ბინით, რაც მას არ შეუსრულებია _ საცხოვრებელი კორპუსი არ აშენებულა და შესაბამისად არ განხორციელდა მოსარჩელის შეპირებული ფართით დაკმაყოფილება. რაც შეეხება ამ ვალდებულების სახელმწიფოსათვის გადაცემას, ეს გარემოება რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება, საგარანტიო წერილში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი აღების ზონაში მოყვა საუწყებო სახლის ასაშენებლად.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 41 448 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, თავდაპირიველი თანამოპასუხის მიმართ კი, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1991 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ცნობილ იქნა უფლებამოპოვებულად ქ.თბილისში, ს-ის ქ#84-ში მდებარე 45 კვ.მ ოროთახიან ბინაზე, ამიერკავკასიის რკინიგზის საუწყებო სახლის ფართზე;
1.2.2. ს-ის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს სამოქალაქო ნაგებობათა განყოფილების 1994 წლის 27 აპრილის №ნოდგს-16 გას საგარანტიო წერილის თანახმად, ქ.თბილისში, ს-ის ქ#84-ში (ყოფილი ს-ის ქუჩა) უნდა აშენებულიყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც მოწინააღმდეგე მხარეს გამოეყოფოდა 29,1 კვ.მ ოთახნახევრიანი #2 ბინა, #1 ბლოკში. თავის მხრივ, მოსარჩელე ვალდებული იყო, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით, გადაეცა მის მფლობელობაში არსებული ბინა. ეს ვალდებულება მოსარჩელის მიერ შესრულებულია;
1.2.3. თანამოპასუხე საწარმოს დირექტორთა საბჭოს 2007 წლის 29 ივნისის #4/20 დადგენილებით საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა ქ.თბილისში, ე-ისა და ს-ის ქუჩებზე მდებარე დაუმთავრებელი შენობები და სახელმწიფოს გადაეცა საკუთრებაში. ამავე დადგენილებით, სახელმწიფოს გადაეცა ასევე მესამე პირებისათვის საგარანტიო წერილით ნაკისრი შესაძლო ვალდებულებები. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად, თანამოპასუხე საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა ქ. თბილისში, ე-ისა და ს-ის ქუჩებზე მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობა;
1.2.4. თავდაპირველმა თანამოპასუხემ მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებაზე იმ მოტივით განაცხადა უარი, რომ უძრავი ნივთი სადაც მიმდინარეობდა მშენებლობა, აღარ წარმოადგენდა მის საკუთრებას. მშენებლობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა საქართველოს მთვრობამაც;
1.2.5. შპს „ი-ის“ 2014 წლის 1 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, სადავო პერიოდში ოთახნახევრიანი ბინები შენდებოდა ეწ „ჩეხური“ პროექტით მშენებარე კორპუსებში. ოთახნახევრიან ბინებში 29.1 კვ.მ იყო ძირითადი (სასარგებლო) ფართი, ხოლო ბინის საერთო ფართი შეადგენდა 62.8 კვ. მეტრს, ამასთან, დასკვნის მიხედვით, დიდუბეში, „გამოფენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 1 კვ.მ ე.წ „ჩეხური“ პროექტით აშენებული ოთახნახევრიანი ბინის საბაზრო ფასი შეადგენს 800 აშშ დოლარს, ხოლო, მთლიანი ბინის საბაზრო ფასი, 2014 წლის 20 სექტემბრისთვის _ 50 240 აშშ დოლარს. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 11 სექტემბრის #... დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ს-ის (ყოფილი ს-ის) ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული „სტანდარტული ტიპის კორპუსებში“ განთავსებული თეთრ კარკასულ მდგომარეობაში მყოფი ბინების 1 კვ. მეტრის საბაზრო ღირებულება, 2014 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 660 აშშ დოლარს;
1.2.6. თანამოპასუხე საწარმოს დირექტორთა საბჭოს 2007 წლის 29 ივნისის #4/20 დადგენილებითა და სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით სახელმწიფოსათვის გადაცემული ქონება („დაუმთავრებელი მშენებლობა“) მოიცავდა მესამე პირების მიმართ არსებულ ვალდებულებებსაც, მათ შორის ქ.თბილისში, ს-ის #84-ში (ყოფილი ს-ის ქუჩა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას, სადაც მოსარჩელეს გამოეყოფოდა 29,1 კვ.მ ოთახნახევრიანი #2 ბინა #1 ბლოკში.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს მოპასუხე საწარმოს დირექტორთა საბჭოს 2007 წლის 29 ივნისის #4/20 დადგენილებით ქონების საწარმოს კაპიტალიდან ამოღებისა და სახელმწიფოსათვის გადაცემისას ვალდებულების გადაცემის ფაქტი, რადგანაც არც თავად ეს დადგენილება და არც სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 16 აგვისტოს #1-3/572 ბრძანება არ შეიცავს მითითებას ვალის აღიარების ან ვალდებულების სამომავლოდ შესრულების დაპირების თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების შესაბამისად კი, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელესა და სახელმწიფოს შორის ან სახელმწიფოსა და თავდაპირველ თანამოპასუხეს შორის შეთანხმება ვალის გადაკისრების თაობაზე. ნაკლებად სავარაუდოა ის გარემოება, რომ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო დათანხმებოდა მოვალეს საუწყებო სახლის მშენებლობის ვალდებულების გადაკისრებაზე, რაზეც მეტყველებს სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანების მე-5 პუნქტი;
1.4.2. იმ პირობებში, როდესაც მესამე პირს _ სახელმწიფოს არც ზეპირად და არც წერილობით არ გამოუხატავს ვალის გადაკისრების ნება, სასამართლოს მსჯელობა 1994 წლის 27 აპრილის საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებიდან გასვლისა და კრედიტორის ფულადი რესტიტუციით დაკმაყოფილებაზე ვალდებულ პირად კასატორის მიჩნევის თაობზე, ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლის პრინციპებს: ნების თავისუფლებასა და ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს;
1.4.3. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა ფულადი რესტიტუციის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე. ამ შემთხვევაში, მართალია, სასამართლო ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნით გამოანგარიშებული ბინის ფართის ოდენობასა და სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასს, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლზე დაყრდნობით მან სარჩელი დააკმაყოფილა ვალდებულების შესრულების ეკვივალენტური ღირებულების ფარგლებში და შეფასების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მოსარჩელე დიდუბის რაიონის სასამართლოს 1991 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა იმ ოროთახიან ბინაზე უფლებამოპოვებულად, რომელიც მისი სიძის სახელზე ირიცხებოდა, მასთან ერთად ბინაში ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა მოსარჩელის მეუღლე და ორი არასრულწლოვანი ბავშვი.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს მხრიდან არც მატერიალური და არც საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება (სსსკ-ის 393-ე-ე-394-ე მუხლები). პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 203-ე-204-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის საკითხის დადგენისას უპირველესად მნიშვნელობა ენიჭება უფლებამონაცვლეობის საფუძვლად არსებული ნების დადგენას. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად დაუშვეს პრეზუმფცია იმის თაობაზე, რომ თავდაპირველი მოვალის მიერ მესამე პირისათვის ქონების გადაცემით, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს 100%-იანი წილის მფლობელს მოვალე საწარმოში, განხორციელდა ვალის გადაკისრება. შესაბამისად, სწორედ ახალი მოვალეა ვალდებული პირი, საკუთრებაში ქონების მიღების სანაცვლოდ პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე, რომლითაც დატვირთული იყო ეს ქონება. ამ პრეზუმფციის გაქარწყლება, ბუნებრივია, ეკისრებოდა კასატორს, რომელსაც სასამართლოსათვის დამაჯერებელი მსჯელობა არ შემოუთავაზებია. ეს გარემოება, თავისთავად მის სათანადო მოპასუხეობის საკითხს ეჭვქვეშ არ აყენებს, თავის მხრივ, სააპელაციო პალატის დასკვნა ვალის გადაკისრების თაობაზე ემყარება საქმეში არსებული საწარმოს დირექტორთა საბჭოს 2007 წლის 29 ივნისის #4/20 დადგენილებისა და სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ გონივრულ განსჯას. რაც შეეხება კომპენსაციას, მოცემულ შემთხვევაში, კასატორი არა მის ოდენობას, არამედ, რესტიტუციის თვალსაზრისით ამ ოდენობით თანხის დაკისრებას ხდის სადავოდ და მიიჩნევს, რომ იგი ცდება ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგს. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონტექსტში ანაზღაურების ოდენობას კანონმდებელი უკავშირებს დაბრუნების შეუძლებლობით გამოწვეული სამართლიანი ბალანსის ფულად ანაზღაურებას. იმ დაშვების პირობებშიც კი, თუ გავიზიარებთ კასატორის პოზიციას, რომ სასამართლომ მოპასუხეს მოსარჩელის არა პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, არამედ, შესასრულებელი ვალდებულების ეკვივალენტური შესრულება დააკისრა, საკასაციო საჩივრის ამ პრეტენზიის დაუსაბუთებლობაზე მეტყველებს ის, რომ მას არ შემოუთავაზებია სასამართლოსათვის იმგვარი პოზიცია, თუ რას მიიჩნევს კონკრეტულ შემთხვევაში რესტიტუციად. ამ მსჯელობის საპირისპიროდ, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელემ, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოპოვებულ პირს წარმოადგენს, შეასრულა საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულება ფაქტობრივად დაკავებული სადგომის გამოთავისუფლების თაობაზე. საკასაციო საჩივრის წარმატებას არ განაპირობებს კასატორის ის არგუმენტიც, რომ მოსარჩელისათვის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გადაცემული ნივთი ირიცხებოდა მისი სიძის სახელზე და საუწყებო სახლში ჩაწერილი იყვნენ სხვა პირები. ამ პრეტენზიის გარზიარების შემთხვევაში, სახეზე იქნება სამოქალაქო კოდექსის 455-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული უფლებამოსილება და სოლიდარულ კრედიტორთაგან ერთ-ერთისათვის ვალდებულების მთლიანად შესრულება გაათავისუფლებს მოვალეს დანარჩენი კრედიტორების წინაშე ვალდებულებისაგან (სკ-ის 458-ე მუხლი).
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური