Facebook Twitter

საქმე №ას-1202-1162-2016 10 თებერვალი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „G.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „G.-ის“ მიმართ, მხარეთა შორის 2014 წლის 1 ივლისის ხელშეკრულების მე-2 მუხლის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს _ 4 000 ლარის, ხოლო, „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის გამო _ 73 640 აშშ დოლარის (01.09.2014 წლიდან 09.02.2016 წლამდე ყოველდღიურად საინვესტიციო თანხის _ 140 000 აშშ დოლარის 0,1%) დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „G.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 1 ივლისის ხელშეკრულების „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 9 თებერვლის ჩათვლით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 28 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო _ 4 000 ლარის ოდენობით.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის უზრუნველყოფის მიზნით შპს „G.-ის“ საბანკო ანგარიშებზე ნებისმიერ ვალუტაში ყადაღის დადება, ასევე მოსარჩელე სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში _ სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს კუთვნილ და მოწინააღმდეგისათვის უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემულ უძრავი ქონების საწარმოო ფართში განთავსებულ, მოწინააღმდეგის კუთვნილ მოძრავ ქონებაზე (პურ-ფუნთუშეულის საცხობი საწარმოო ხაზის ყველა შემადგენელი დანადგარი და ნაწილი, ასევე, იქვე მდებარე მაკარონის საწარმოო ხაზს ყველა შემადგენელი დანადგარები და ნაწილები) ყადაღის დადება.

5.1. განმცხადებლის განმარტებით, მისი სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს - 73 640 აშშ დოლარი (პირგასამტეხლოს სახით), 4 000 ლარი (ერთჯერადი, ფიქსირებული პირგასამტეხლოს სახით), პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟი _ 4 279,18 ლარი, სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 5 140,03 ლარი. ამ თანხების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების სამომავლოდ აღსრულების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ვინაიდან, განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა მოწინააღმდეგე მხარის ფინანსური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და მისი შემოსავლების შემცირების, ასევე, სხვა ვადამოსული ფინანასური ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ, მოსარჩელეს აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დავის დასრულების დროისათვის გაჭირდება ან საერთოდ შეუძლებელი გახდება საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „G.-ს“ აეკრძალა სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში _ სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე (მისამართი, ქ. თბილისი, ო-ის ქ#260) პრობაციის ეროვნული სააგენტოს კუთვნილ და მოწინააღმდეგისათვის უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემულ უძრავ ქონებაში _ საწარმოო ფართში განთავსებულ, მოწინააღმდეგის კუთვნილი მოძრავი ქონების, კერძოდ, პურ-ფუნთშეულის საცხობ საწარმოო ხაზის ყველა შემადგენელი დანადგარისა და ნაწილის და იქვე მდებარე მაკარონის საწარმოო ხაზის ყველა შემადგენელი დანადგარებისა და ნაწილის გასხვისება და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა შპს „G.-მა“, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

7.1. საჩივრის თანახმად, დავის საგანს წარმოადგენს არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პირგასამტეხლოს დაკისრება. სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესაძლო დარღვევით გამოწვეული პირგასამტეხლოს გადახდა უზრუნველყოფილია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიით. აღნიშნული საბანკო გარანატია უზრუნველყოფს განსახილველი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდას, რაც იმას ნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა თეორიული თვალსაზრისით უზრუნველყოფილია შესაბამისი საგარანტიო ვალდებულებით და არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით შპს „G.-ის“ საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება,შპს „G.-ის“ საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი დაუსაბუთებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:

2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

3. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერების შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს თავად ამ ინსტიტუტის არსსა და წინამდებარე საქმეზე დადგენილ რამდენიმე უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე:

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

5. მითითებული ნორმა ითვალისწინებს იმ წინაპირობათა ჩამონათვალს, როდესაც საჭიროა სასამართლოს მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის დაცვის ქმედითი ღონისძიების გატარება, რათა მართლმსაჯულების განხორციელებამ არ დაკარგოს ის სამართლებრივი ეფექტი, რაც პირის დარღვეული უფლების აღდგენაში ვლინდება. უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება განპირობებულია მისაღები/მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის რეალური პერსპექტივის შექმნით.

6. განსახილველ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დავის საგანს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით გამოწვეული მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივი საშუალების _ პირგასამტეხლოს დაკისრება წარმოადგენს, ანუ პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასარჩელო მთხოვნას წარმოადგენს თანხის დაკისრება. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების ფარგლებში შეძლებისდაგვარად დაიცვა ის სამმხრივი ბალანსი, რომელიც ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანს ემსახურება, კერძოდ: სასამართლომ უზრუნველყო მოსარჩელის ინტერესების დაცვა, რომლის პროპორციულადაც მოპასუხეს შეუზღუდა მოძრავ ნივთებზე სანივთო უფლებები (გასხვისება და გირავნობით დატვირთვა) იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას მესაკუთრის სამეწარმეო ინტერესებს და ამით სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილება რეალურად აღსრულებადი გახადა, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინება სრულად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს.

7. საჩივრის ავტორი მიღებული განჩინების გაუქმებას ძირითადად იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო ასანაზღაურებელი პირგასამტეხლო უზრუნველყოფილია საბანკო გარანტიით და აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პროცესუალური საფუძველი. თეორიული თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო იზიარებს საჩივრის ავტორის ამ პოზიციას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ამავე კოდექსის 885-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარანტია შეზღუდულია ვადით და ამ ვადის გასვლის შემდგომ ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის ფარგლებში აღუსრულებელი ხდება (გარანტიის მოქმედების ვადა წყდება). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საჩივარზე დართულ საბანკო გარანტიის ასლებში მითითებულ ვადებს (ერთ შემთხვევაში იგი განსაზღვრულია 2017 წლის 13 ოქტომბრის, ხოლო, მეორე შემთხვევაში _ 2017 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით) და აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემაში ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის _ საქმეთა დიდი ნაკადის გათვალისწინებით, შესაძლებელია, წარდგენილი საბანკო გარანტია უზრუნველყოფის საკმარისი სახე არ აღმოჩნდეს, ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც დაცულია საჩივრის ავტორის სამეწარმეო ინტერესი, ხოლო უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით მხარეს საჩივარში არ მიუთითებია, პალატა თვლის, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც დაცული მიზნის პროპორციულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „G.-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრისა და 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური