Facebook Twitter

საქმე №ას-80-76-2017 24 თებერვალი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სს „ს-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „გ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „გ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი ან მფლობელი) მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ი-სს“ გააჩნია მისი დავალიანება და იმ მიზნით, რომ დავალიანების ამოღება არ მოხდეს სადავო ქონების ხარჯზე შპს „ი-სმა“ თვალთმაქცური გარიგება დადო მოსარჩელესთან ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების/გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე სარჩელი დაკმაყოფილდა;

5.2. ამავე სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ დაკმაყოფილდა, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთები: თბომავალი TGM 40, #584; თბომავალი ტგმ-23 48-1893-1989წ; ამწე ჯოჯგინა _ K 305 სავალი გზით; პროგრამული უზრუნველყოფის სასწორი (დიდი); სასწორის პროგრამული უზრუნველყოფა, ოფის კონტეინერი და გადაეცა მესაკუთრეს.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეებს შორის მიმდინარეობდა სხვა დავა სასამართლოში, რომლითაც დადგინდა, რომ სადავო ნივთები წარმოადგენდა შპს „გ-ის“ საკუთრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 წლის 1 ივლისს კერძო საჩივრის ავტორმა წერილობით მიმართა მოსარჩელეს და რადგანაც სადავო ნივთები მოპასუხის კუთვნილ სატვირთო ეზოს ტერიტორიაზე იყო განთავსებული, მესაკუთრეს მიეცა ათი დღის ვადა ნივთების წასაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას წარმოეშობოდა ფინანსური ვალდებულება _ დაერიცხებოდა გადასახადი „სატვირთი გადაზიდვის ტარიფებისა და დამატებითი საფასურის“ თანახმად. მესაკუთრემ ამ მიმართვის პასუხად, 2016 წლის 4 ივლისს წერილობთ მიმართა მფლობელს და ვადის 2016 წლის ივლისის ბოლომდე გაზრდა მოითხოვა, რაც მფლობელის კეთილი ნების საფუძველზე დაკმაყოფილდა და იგი 2016 წლის 29 ივლისით განისაზღვრა, თუმცა 2016 წლის 27 ივლისს კერძო საჩივარის ავტორის მოწინააღმდეგე მხარემ კვლავ ვადის გაგრძელება მოითხოვა, რაც მოპასუხემ აღარ დააკმაყოფილა და წერილობით აცნობა, რომ საფასური 2016 წლის 27 ივლისიდან დაერიცხებოდა. ამ მიმოწერის შინაარსიდან დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის ინტერესს ქონების მის ტერიტორიაზე დაყოვნება არ წარმოადგენს, ხოლო მოსარჩელე თავად ცდილობდა ამ ვადის გახანგრძლივებას, რაც მისი მხრიდან არც შუამდგომლობის დაყენების და არც დაკმაყოფილების საფუძველს არ წარმოადგენდა. კერძო საჩივრის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე სავარაუდოა, რომ არ იყო ინფორმირებული არსებული მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, სადავო ნივთები მოსარჩელის მიერ უკვე წაღებულია და აღარაა განთავსებული მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე, რის გამოც, არც გასაჩივრებული განჩინების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება და მიიჩნევს, რომ სს „ს-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს იმ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის კანონიერება წარმოადგენს, რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული. საკითხის შეფასების მიზნით კი, პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. განსახილველი დავის საგანს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ვინდიკაციური სარჩელის ყველა ელემენტის არსებობა (სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები);

1.2.2. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ მოპასუხე, რომლის კუთვნილ ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო ნივთები, არიცხავს გარკვეულ თანხას, რის შედეგადაც იზრდება მოსარჩელის ხარჯები და ადგება მას ზიანი.

1.3. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციასა და მის მიერ წარმოდგენილ წერილობით მიმოწერას, რომლის თანახმადაც, მფლობელი მესაკუთრისაგან ნამდვილად მოითხოვს შენახვის ხარჯის ანაზღაურებას, თუკი მესაკუთრე განსაზღვრულ ვადაში არ დაიბრუნებს მოძრავ ნივთებს და მოხმობილი მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შემოწმების შედეგად, დადასტურებულად მიიჩნევს მესაკუთრის მიერ სააპელაციო სასამართლოში გამოთქმულ პოზიციას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის შემთხვევაში მისთვის ზიანის მიყენების თაობაზე, რაც ქონებრივ დანაკლისს წარმოადგენდა, თუმცა იმის შესამოწმებლად, ეს გარემოება წარმოადგენს თუ არა კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობას, სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილით კანონმდებელი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს მხარის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე და ნორმის „ზ“ ქვეპუნქტით ყველა სხვა საქმეზე, სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება (ძალადაკარგულია „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, როდესაც მის შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს).

1.4. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების წინაპირობები სადავო არაა, უფრო მეტიც, ქონებრივი სიკეთის შემცირების ფაქტს ადასტურებს თავად კერძო საჩივარში მფლობელის მიერ გამოთქმული პოზიცია, რაც ამართლებს სააპელაციო პალატის განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს შუამდგომლობის საფუძვლიანობის თაობაზე.

1.5. გასათვალისწინებელია, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ინსტიტუტის გამომრიცხავ დანაწესს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილი, კერძოდ, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. ამგვარი ზიანის მიყენების ფაქტი საქმის მასალებით არ ირკვევა და არც კერძო საჩივარი შეიცავს რამე მსჯელობას. ამ დაშვების საპირისპიროდ, პალატა მხედველობაში იღებს მფლობელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას, ერთი მხრივ, არ გააჩნია ქონების ფლობის ინტერესი, რის გამოც, მესაკუთრისაგან წერილობით მოითხოვდა მოძრავი ნივთების გატანას, ხოლო, მეორე მხრივ, აცხადებს, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანის დროისათვის ქონება უკვე დაბრუნებული ჰქონდა მოწინააღმდეგე მხარეს. ეს გარემოებები საკასაციო სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას იმისა, რომ მხარეს კერძო საჩივრის მიმართ იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, უფრო მეტიც, მისი პრეტენზია რეალური მიზნის მიღწევას არ ემსახურება.

1.6. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება, რაც ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური